არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ჰელოუინი. მინდა რამდენადმე ნათელი მოვფინო თქვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „პოპულარული დღესასწაულები — უწყინარი გართობაა?“ (8 ოქტომბერი, 2001), სადაც ახსენეთ, რომ გაი ფოკსის ღამე დიდ ბრიტანეთში კოცონის ღამედაც არის ცნობილიო. უდავოა, რომ გაი ფოკსის ღამეს გამართულ ზეიმს ქრისტიანები უნდა ერიდონ. ეს პოლიტიკური დღესასწაულია, რომელიც ადამიანის სიკვდილით დასჯას განადიდებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს დღესასწაული (5 ნოემბერი) ახლოსაა ჰელოუინთან და ნაწილობრივ ემთხვევა კიდეც მის აღნიშვნას, კოცონის ღამე ჰელოუინის სატანისტური დღესასწაულის ნაწილი არ არის.

პ. ბ. (დიდი ბრიტანეთი)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ჰელოუინი იმ ცნობილი დღესასწაულების ნიმუშად ავარჩიეთ, რომელთაც საეჭვო დასაწყისი აქვთ. ფარნების დღესასწაული, რომელსაც ტაივანში ზეიმობენ და გაი ფოკსის ღამე ჰელოუინის მსგავს დღესასწაულებად მოვიხსენიეთ. მაგრამ ჩვენ არ გვიგულისხმია, რომ რომელიმე მათგანი ჰელოუინის ნაწილია ან ნაწილობრივ მაინც ანალოგიური წარმოშობისაა. მიუხედავად ამისა, თუ მხედველობაში მივიღებთ მათ მსგავსებას ჰელოუინთან — დღესასწაულთან, რომელსაც აშკარად სატანისტური ელფერი დაჰკრავს — გონივრული იქნება, თუ მკითხველი გაითვალისწინებს ამ დღესასწაულების წარმოშობას ან მათ არსს, როდესაც წყვეტს, მიიღოს თუ არა მათში მონაწილეობა.

გმადლობთ იმის დანახვებისთვის, თუ რამდენად უკავშირდება ჰელოუინი ოკულტიზმს. ადამიანებს სწამთ, რომ ის უწყინარი და მხიარული გართობაა, მაგრამ ზოგიერთებს მან სერიოზული საზრუნავი გაუჩინა. ბავშვებმა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ხეტიალობენ, შეიძლება თავიანთ თავს ზიანი მიაყენონ ან მათთვის მიცემული გაფუჭებული ტკბილეულით მოიწამლონ. ამ მიზეზის გამო ჩემს სამეზობლოში იძულებული გახდნენ ერთი გოგონა საავადმყოფოში წაეყვანათ. ზოგიერთი მოზარდი კი ჰელოუინს ქუჩებში ხეტიალისა და ადამიანთა სახლებში ვანდალიზმის შესაძლებლობად მიიჩნევს. ერთი ბინის კეთილგანწყობილი მეპატრონის ხელგაშლილობამ, რომელმაც სიამოვნებით მისცა მათ ტკბილეული, ცუდი შედეგი გამოიღო; ერთ-ერთმა ბავშვმა ცილი დასწამა ამ ქალბატონს, ვითომდა გაფუჭებული კანფეტები მისცა. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჰელოუინი მაინც დიდი დღესასწაულია ჩემს სამეზობლოში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მეზობლებიც წაიკითხავენ თქვენს ჩინებულ სტატიას.

გ. ჰ. (შეერთებული შტატები)

სათამაშოები გმადლობთ სტატიისთვის „მეტისმეტად ბევრი სათამაშო“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკაში „რა ხდება მსოფლიოში“ (8 ოქტომბერი, 2001). მყავს წლისა და სამი თვის გოგონა, რომელსაც ოთახში სათამაშოებით სავსე ოთხი ყუთი ედგა. ეს სათამაშოები ისე ჰქონდა ოთახში მიმოფანტული, რომ ვერ გაეგო, რომლით ეთამაშა. როდესაც მამაჩემმა „გამოიღვიძეთ!“-ში ეს სტატია მიჩვენა, მაშინათვე წავიკითხე და ბავშვის სათამაშოების რიცხვი იქამდე შევამცირე, რომ ყუთის ნახევარიღა გაევსო. ჩემი გოგონა ახლა სიამოვნებით ერთობა თავისი სათამაშოებით.

პ. გ. (გერმანია).

ლეიფ ერიკსონი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტატიისთვის „ლეიფ ერიკსონმა აღმოაჩინა ამერიკა?“ (8 ოქტომბერი, 2001). ისტორიის გაკვეთილი კოლუმბზე გვქონდა. როდესაც მასწავლებელმა გვითხრა, რომ კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, მე ხელი ავწიე და ვუთხარი, რომ წაკითხული მქონდა ლეიფ ერიკსონზე, რომელმაც შესაძლოა 500 წლით ადრე აღმოაჩინა ამერიკა. შემდგომში კომპიუტერულ ბიბლიოთეკაში მოვძებნე სტატიები კოლუმბის შესახებ „გამოიღვიძეთ!“-ში და ამოვუბეჭდე. მასწავლებელმა ბოლომდე წაიკითხა ჩემი გამოკვლევა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

მ. დ. (გერმანია)

ბიბლიის კითხვა. გმადლობთ სტატიისთვის „რის გაკეთება შემიძლია, ბიბლიის კითხვა უფრო სასიამოვნო რომ იყოს ჩემთვის?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 სექტემბერი, 2001). ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბიბლიის კითხვა მოსაწყენი იყო და ვერასდროს ვაბამდი თავს, რომ ბოლომდე წამეკითხა ეს მოზრდილი წიგნი. მაგრამ, როდესაც ამ სტატიაში მოცემული რჩევების მიხედვით ვცადე ბიბლიის კითხვა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან საინტერესო ყოფილა. ამჟამად, რეგულარულად ვკითხულობ ბიბლიას.

მ. ს. (გერმანია)