არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

როგორ შევუნარჩუნოთ ახალშობილებს სიცოცხლე

დაბადებიდან ერთი თვის განმავლობაში ყოველწლიურად ოთხი მილიონი ჩვილი იღუპება. როგორც გერმანიაში გამომავალი ჟურნალი „ბილდ დერ ვისენშაფტი“ იუწყება, „ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 40 პროცენტზე მეტი“ ახალშობილთა სიკვდილიანობაზე მოდის. რის გაკეთება შეიძლება ახალშობილთათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად? ნაშრომი „ახალშობილთა მდგომარეობა მსოფლიო მასშტაბით“ რამდენიმე ეფექტურ და მარტივ მეთოდს გვთავაზობს, რომლებიც დიდ ხარჯებთანაც არ არის დაკავშირებული. მაგალითად: თოთო ბავშვებს სითბო სჭირდებათ და საჭიროა დაბადებისთანავე მათი ძუძუთი კვებაზე გადაყვანა, რაც დაავადებებისადმი იმუნიტეტს უძლიერებთ. ბავშვთა სიკვდილიანობის თავიდან არიდება შესაძლებელია ფეხმძიმე ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებითაც — ბევრი მათგანი ხომ გადაღლილია და მაღალხარისხოვან საკვებსაც ვერ ღებულობს; თანაც ამასწინდელი მშობიარობის შემდეგ ჯერაც ვერ აღუდგენიათ ძალები. „განვითარებად ქვეყნებში, რომლებზეც ახალშობილთა სიკვდილიანობის 98 პროცენტი მოდის“, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მეანობა უნდა ისწავლონ. „მათი მთავარი ამოცანა ბავშვის მომლოდინე ქალებისთვის მითითებების მიცემა, ჰიგიენაზე სათანადოდ ზრუნვა და აცრების ჩატარება უნდა იყოს“, — ნათქვამია ზემოხსენებულ პუბლიკაციაში.

ბავშვების ტიტინი

„როგორც ყურთასმენის მქონე მშობლების ბავშვები იწყებენ ტიტინს დაახლოებით შვიდი თვის ასაკში, . . ასევე სმენადაკარგული მშობლების შვილებიც თავიანთი დედიკოსა და მამიკოს ძირითადი სასაუბრო საშუალების მიბაძვით ხელებით ჩუმად ტიტინს იწყებენ“, თუნდაც მათ კარგი სმენა ჰქონდეთ, — ნათქვამია გაზეთ „ტაიმზში“. მაკ-გილის უნივერსიტეტის (მონრეალი, კანადა) პროფესორის, ლაურა პეტიტოს მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოააშკარავა, რომ ახალშობილი ბავშვები მგრძნობიარენი არიან ნებისმიერი ენის, მათ შორის ჟესტების ენის, რიტმულობისა და თავისებურებებისადმი. იგი ამბობს, რომ ის ახალშობილები, რომელთაც კარგი სმენა აქვთ, მაგრამ „ჟესტების ენაზე მოლაპარაკე სმენადაკარგული მშობლები ჰყავთ, ხელებით რაღაც თავისებურ, განსაკუთრებული რიტმულობის მქონე მოძრაობებს აკეთებენ, რაც აშკარად განსხვავდება ხელის ჩვეულებრივი მოძრაობისგან. . . ეს ბავშვური ტიტინია, მაგრამ ხელებით ტიტინი“. იმ პატარებს, რომლებსაც ჟესტების ენაზე საუბრის ყურება უწევდათ, ორი სახის ხელის მოძრაობის მანერა გამოუმუშავდათ, ხოლო ვისი მშობლებიც ჩვეულებრივი მეტყველებით ამყარებდნენ ურთიერთობას — მხოლოდ ერთი. მკვლევართა ჯგუფი სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით აფიქსირებდა პატარების ხელის მოძრაობას 6, 10 და 12 თვის ასაკში.

გამოქვეყნდა მკვდარი ზღვის ხელნაწერები

„იუდეის უდაბნოს გამოქვაბულებში მკვდარი ზღვის ხელნაწერების პოვნიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, სწავლულები 2 000 წლიანი რელიგიური შინაარსის ხელნაწერების უკანასკნელი ტექსტის გამოცემას აღნიშნავენ“, — იუწყება ჟურნალი „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტი“. 37 ტომიანი ნაშრომის გამოცემის შესახებ განცხადება პროფესორმა ემანუელ ტოვმა, გრაგნილების შემსწავლელ სწავლულთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, გააკეთა. ნაშრომის დასრულებას თანამედროვე ტექნიკას, მათ შორის ციფრული ფოტოგრაფიისა და მრავალსპექტრული სკანერის გამოყენებას, უმადლიან. მათი მეშვეობით სწავლულებმა გახუნებული ხელნაწერების გაშიფვრა მოახერხეს. ებრაული, არამეული, ბერძნული და ლათინური ენებიდან თარგმნილი ხელნაწერები ძვ. წ. 250—ახ. წ. 70 წლებით თარიღდება.

გაურკვევლობასთან ბრძოლა

როგორც კანადაში გამომავალი გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“ იტყობინება, შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ქრისტიანული წიგნების გამყიდველთა კანადური საზოგადოების წევრები 30 პროცენტით მეტ ბიბლიას ყიდიან. „ხალხს კითხვებზე პასუხის მიღება სურს, — ამბობს საზოგადოების ხელმძღვანელი მარლინ ლოკლენი, — ადამიანებს მომავლის შიში არ ასვენებთ. მათ გულსა და გონებას უპასუხოდ დატოვებულ უამრავ კითხვაზე პასუხის მიღება სწყურია“. გაზეთი დასძენს, რომ თვით წიგნის პატარა მაღაზიებშიც კი შეინიშნება „მოთხოვნილების გაზრდა ნებისმიერი სახის ისეთ რელიგიურ ლიტერატურაზე, რომელსაც ამ ტრაგიკული მოვლენების გააზრებაში ხალხის დახმარება შეუძლია“. როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის თეოლოგიის ერთი პროფესორი ამბობს, ეს ჩვეულებრივი რეაქციაა. „როდესაც ყველაფერი გაურკვევლობის ბურუსით იფარება, ხალხს მაშინვე კითხვები უჩნდება ძირითად რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით“ და „პასუხების ბიბლიაში ძიება შეიძლება მართლაც დამხმარე იყოს“, — თქვა მან.