როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე?
როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე?
„მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმაა“ (ალბერტ აინშტაინი).
ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო განსაცვიფრებელი მიღწევების ეპოქაში. კოსმოსურ სივრცესთან დაკავშირებული ახალი აღმოჩენების გამო ასტრონომები იძულებული ხდებიან, შესწორებები შეიტანონ სამყაროს წარმოშობის შესახებ თავიანთ წარმოდგენებში. კოსმოსზე დაკვირვებას მრავალი ადამიანი მოჰყავს აღტაცებაში და იმის გაცნობიერება, რომ ჩვენც ამ სივრცეში ვცხოვრობთ, მათ გონებაში ჰბადებს იმ კითხვებს, ძველთაგანვე რომ ცნობის წადილს უღვივებდა ხალხს: როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე და, საერთოდ, რატომ წარმოიშვა ისინი?
შორს რომ არ წავიდეთ, განა ჩვენივე ორგანიზმი საოცრება არ არის? ახლახან ადამიანის გენეტიკური კოდის გაშიფვრამაც წამოჭრა კითხვები: როგორ შეიქმნა სიცოცხლის ეს აურაცხელი ფორმა? და თუ ყველა ეს ფორმა შემოქმედების ნაყოფია, ვინ არის მათი ავტორი? ჩვენი გენეტიკური კოდის განსაცვიფრებელმა სირთულემ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ათქმევინა: „ჩვენ ვსწავლობთ ენას, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა სიცოცხლე შექმნა“. ერთ-ერთმა წამყვანმა მეცნიერმა, რომელიც გენომის გაშიფვრაში მონაწილეობდა, მოკრძალებით შენიშნა: „ჩვენ მხოლოდ თვალი შევავლეთ ინსტრუქციების ამ წიგნს, რომელიც უწინ მხოლოდ ღვთისთვის იყო ცნობილი“. მაგრამ კითხვები მაინც კითხვებად რჩება — როგორ და რატომ?
„ორი ფანჯარა“
ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სამყაროს, როგორც მთლიანის, ფუნქციონირება გონივრული დაკვირვების წყალობით შეიძლება ლოგიკურად აიხსნას და ღვთიური სიბრძნე აქ არაფერ შუაშია. მაგრამ ბევრი ადამიანი, მათ შორის მეცნიერებიც, არ იზიარებენ მსგავს თვალსაზრისს და ცდილობენ, როგორც მეცნიერებას, ისე რელიგიას მიმართონ სინამდვილის გასაგებად. მათი აზრით, მეცნიერება იმის გარკვევას ცდილობს, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე და სამყარო, ხოლო რელიგია ძირითადად იმის გაგებაში გვეხმარება, რატომ წარმოიშვა ეს ყველაფერი.
აი, როგორ განმარტა ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ეს ორმხრივი მიდგომა: „მეცნიერება და რელიგია ის ორი ფანჯარაა, საიდანაც ხალხი უკიდეგანო სამყაროს უყურებს და მასში ჩაწვდომას ცდილობს“.
„მეცნიერებას საზღვრულ სიდიდეებსა და მოვლენებთან აქვს შეხება, რელიგიის ასეთ საზღვრებში მოქცევა კი შეუძლებელია“, — ასეთ აზრს გამოთქვამს უილიამ რის-მოგი. იგი დასძენს: „მეცნიერებას არ ძალუძს ღვთის არსებობის დადასტურება ან უარყოფა, ისევე როგორც არ შეუძლია დაასაბუთოს ან უკუაგდოს ზნეობრიობასა და ესთეტიკაზე რაიმე წარმოდგენის მართებულობა. თუ მხოლოდ მეცნიერული თვალით შევხედავთ ყველაფერს, მაშინ გაუგებარია, რისთვის არის საჭირო მოყვასის სიყვარული და ადამიანის სიცოცხლის დაფასება. . . რაიმეს ან ვინმეს არსებობის საკამათოდ ქცევა მხოლოდ იმის გამო, რომ შეუძლებელია მისი არსებობის მეცნიერულად დასაბუთება, უდიდესი შეცდომაა. გამოდის, რომ ასეთი მიდგომა ჩვენი ცხოვრებიდან გამორიცხავდა ყველაფერს, რასაც უზომოდ ვაფასებთ და ეს იქნებოდა არა მარტო ღმერთი და ადამიანის ფაქიზი შინაგანი სამყარო, არამედ სიყვარული, პოეზია და მუსიკაც“.
მეცნიერული „მრწამსი“
მეცნიერულ თეორიებს ხშირად ისეთი წინაპირობა უდევს საფუძვლად, რისთვისაც თავისებური რწმენის ქონაა საჭირო. მაგალითად, ევოლუციის თეორიის მრავალ მიმდევარს მყარი შეხედულებები აქვს სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, გარკვეული „დოგმებისადმი“ რწმენას მოითხოვს. ფაქტები და თეორიები ერთმანეთშია ათქვეფილი. ხოლო როცა მეცნიერები ცდილობენ, თავიანთი ავტორიტეტისა და გავლენის ძალით ადამიანს ევოლუციის თეორიის ბრმა მრწამსი მოახვიონ თავს, სინამდვილეში ასეთ რამეს ეუბნებიან მას: „პასუხს არ აგებ შენს საქციელზე — შენ ხომ უბრალოდ ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის ერთობლივი პროდუქტი ხარ“. ბიოლოგ რიჩარდ დოკინსის აზრით, სამყარო „არც არავის შეუქმნია და არც რაიმე აზრია მასში ჩადებული; მასში არ არის არც ბოროტება და არც სიკეთე — არაფერი, გარდა უაზრო ინდიფერენტულობისა“.
ზოგი მეცნიერი ყველანაირად ცდილობს ასეთი მრწამსის მხარდაჭერას და შეგნებულად უგულებელყოფს იმ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ საფუძვლიან გამოკვლევას, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მათეული თეორიების სისწორეში. მათემატიკური თვალსაზრისით უბრალოდ შეუძლებელია, რომ ურთულესი მოლეკულები ალალბედზე წარმოქმნილიყვნენ, რათა ცხოველმოქმედი უჯრედისთვის მიეცათ დასაბამი — თუნდაც ამ პროცესისთვის მილიარდობით წლები ყოფილიყო გათვალისწინებული *. მაშასადამე, დოგმატური თეორიები სიცოცხლის წარმოშობის შესახებ, რომლებიც მრავალ სახელმძღვანელო წიგნში გვხვდება, დაუსაბუთებლად უნდა მივიჩნიოთ.
თუკი ადამიანის მრწამსი იმაში მდგომარეობს, რომ სიცოცხლე ბრმა შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა, მაშინ მას უფრო დიდი რწმენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც შემოქმედების სწამს. ასტრონომმა დეივიდ ბლოკმა შენიშნა: „მას, ვისაც შემოქმედის არსებობა არ სწამს, უფრო ძლიერი რწმენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე იმ ადამიანს, ვისაც ეს სწამს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, მას ერთობ ზოგადი და დაუსაბუთებელი, თავისებურ რწმენაზე დაფუძნებული პოსტულატი მოჰყავს“.
მეცნიერული აღმოჩენები მოწიწებასა და მოკრძალებას უნერგავს ზოგ მეცნიერს. ალბერტ აინშტაინმა გულწრფელად თქვა: „უფრო ღრმად მოაზროვნე მეცნიერთა შორის ძნელად თუ შეხვდებით ისეთს, რაღაც თავისებური რელიგიური განცდა რომ არ ეუფლებოდეს. . . ეს რელიგიური განცდა გამოიხატება მეცნიერის აღტაცებასა და უზომო განცვიფრებაში, როდესაც ის ბუნებაში მოქმედი კანონების ჰარმონიულობას აკვირდება; ეს დაკვირვება კი, თავის მხრივ, იმდენად მაღალი დონის ინტელექტზე მიანიშნებს,
რომლის გვერდითაც ადამიანთა ნებისმიერი მიზანდასახული აზროვნება და მოქმედება უმნიშვნელო აჩრდილად გამოიყურება“. მაგრამ ასეთი მოწიწების გრძნობა იმის გარანტია არ არის, რომ მეცნიერები აუცილებლად იწამებენ შემოქმედს — ღმერთს, რომელიც კონკრეტული პიროვნებაა.მეცნიერების შესაძლებლობები შეზღუდულია
სამეცნიერო ცოდნა-განათლებისა და მიღწევებისადმი პატივისცემით მოპყრობა სავსებით მართებულია. მაგრამ მრავალი დაგვეთანხმება ერთ რამეში — თუმცა მეცნიერება ცოდნის მიღების კარგი გზაა, იგი მაინც არ არის შემეცნების მიღების ერთადერთი წყარო. მეცნიერების მიზანი ბუნებაში არსებული მოვლენების აღწერა და ამ მოვლენების რაობის გარკვევაა.
მეცნიერება ცდილობს, უფრო ღრმად გაგვარკვიოს ფიზიკურ, ჩვენს ირგვლივ არსებულ ხილვად, სამყაროში. მაგრამ რაც უნდა ყოვლისმომცველი იყოს სამეცნიერო გამოკვლევები, ისინი ვერასოდეს გვიპასუხებენ იმ კითხვაზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოითხოვს პასუხს — რატომ, რა მიზნით არსებობს სამყარო?
„არის ისეთი კითხვები, რომლებსაც მეცნიერები ვერასოდეს უპასუხებენ, — ამბობს ტომ ეთლი, — დავუშვათ, რომ 12 მილიარდი წლის წინათ მართლაც მოხდა დიდი აფეთქება. მაგრამ რატომ მოხდა?. . . ან საერთოდ, იქ საიდან გაჩნდნენ აფეთქებისთვის საჭირო ნაწილაკები? რა იყო იქ მანამდე?“. ეთლი ასკვნის: „დღეს უფრო ნათლად, ვიდრე ოდესმე, . . ვხედავთ, რომ მეცნიერება ადამიანებს ვერასოდეს მოუკლავს კითხვებზე პასუხის მიღების წყურვილს“.
ცოდნის წყურვილით დროთა განმავლობაში დაგროვილმა ამ მეცნიერულმა ინფორმაციამ სულაც არ უარყო სამყაროს შექმნაში ღვთის ხელის ჩარევის აუცილებლობა, და კიდევ უფრო ნათელყო, რა უაღრესად რთული და მოწიწების მომგვრელია ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მრავალ მოაზროვნე ადამიანს სჯერა, რომ ფიზიკური კანონები და ქიმიური რეაქციები, ისევე როგორც დნმ და, საერთოდ, სიცოცხლის გასაოცარი მრავალფეროვნება — ყოველივე ეს შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს. არ არსებობს იმის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება.
‘რწმენას სინამდვილე უდევს საფუძვლად’
თუ სამყაროს მართლაც ჰყავს შემოქმედი, მაშინ შეუძლებელია, ტელესკოპების, მიკროსკოპების ან სხვა სამეცნიერო ხელსაწყოების მეშვეობით ჩავწვდეთ მის პიროვნებასა და მის განზრახვებს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მექოთნემ ქოთანი გააკეთა. მისხალ-მისხალ რომც შეგვესწავლა ეს ქოთანი, მაინც ვერ გავიგებდით, რატომ დაამზადა ის მექოთნემ. ამის შესახებ თავად მისთვის უნდა გვეკითხა.
მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი ფრანსის კოლინზი განმარტავს, თუ როგორ ავსებს რწმენა და სულიერი ფასეულობები მეცნიერების მიერ დატოვებულ ვაკუუმს: „რა თქმა უნდა, არ მოველი, რომ რელიგიის მეშვეობით ადამიანის გენომს გავშიფრავთ და არც იმას ვიმედოვნებ, რომ მეცნიერება ზებუნებრივ ძალებთან დაგვაახლოებს. და საერთოდ, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე — მაგალითად: რატომ ვარსებობთ, ანდა რატომ მიილტვიან ადამიანები სულიერი ღირებულებებისკენ — მეცნიერება ვერ გვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხებს. ცრუმორწმუნეობის მრავალი ფორმა აღმოცენებულა და კვლავ დავიწყებას მისცემია. მაგრამ ნამდვილი რწმენა არასოდეს დაკარგულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას სინამდვილე უდევს საფუძვლად“.
პასუხი კითხვაზე — რატომ?
როდესაც ჭეშმარიტი რელიგია კითხვაზე — „რატომ“ — პასუხის გაცემას ცდილობს და სიცოცხლის აზრის გაგებაში გვეხმარება, ადამიანური ფასეულობებისა და ზნეობრიობის ნორმებსაც გვთავაზობს, ამასთან ერთად კი ხელმძღვანელობითაც უზრუნველგვყოფს. მეცნიერმა ალან სენდეიჯმა ეს იდეა ასე გადმოგვცა: „ცხოვრება რომ ვისწავლო, ამისათვის ბიოლოგიის წიგნს ნამდვილად არ გადავშლი“.
დედამიწის ზურგზე მცხოვრები მილიონობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ მათ იპოვეს წყარო, რომელიც გონივრულ ცხოვრებას ასწავლით. მათ დამაკმაყოფილებელი პასუხებიც მიიღეს შემდეგ კითხვებზე: რატომ ვარსებობთ? რას გვიქადის მომავალი? დიახ, ამ კითხვებს ნამდვილად აქვთ პასუხი. მაგრამ, სად შეგვიძლია მათი პოვნა? უძველეს და ყველაზე გავრცელებულ წმინდა წიგნში, ბიბლიაში.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა უშუალოდ ადამიანთა საცხოვრებლად მოამზადა დედამიწა. აი, რა არის ნათქვამი ესაიას 45:18-ში დედამიწასთან დაკავშირებით: ‘ღმერთს საუკაცრიელოდ არ შეუქმნია იგი, არამედ დასასახლებლად გამოსახა’. მან ყველაფრით უზრუნველყო დედამიწა, რაც ადამიანებისთვის აუცილებელი იქნებოდა — არა ისე, რომ მათ უბრალოდ ეარსებათ, არამედ სიცოცხლით გაეხარათ.
ღმერთმა ადამიანებს დედამიწის მოვლა-პატრონობა დაავალა, რათა ‘დაემუშავებინათ და დაეცვათ ის’ (დაბადება 2:15). ბიბლია იმასაც გვაგებინებს, რომ ცოდნა და სიბრძნე ღვთის ძღვენია, ხოლო ჩვენ, ადამიანებს, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და სამართლიანები ვიყოთ (იობი 28:20, 25, 27; დანიელი 2:20—23). ასე რომ, ადამიანები მხოლოდ მაშინ იპოვიან სიცოცხლის აზრს, როცა გაიგებენ და ჩასწვდებიან, თუ რა აქვს ღმერთს მათდა სასიკეთოდ განზრახული *.
როგორ შეუძლია თანამედროვე მოაზროვნე ადამიანს მეცნიერებასა და რელიგიურ შეხედულებებს შორის არსებული მოჩვენებითი უფსკრულის გადალახვა? რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს მან, ეს რომ შეძლოს?
[სქოლიოები]
^ აბზ. 11 იხილეთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, თავი 3, „როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
^ აბზ. 26 უფრო დაწვრილებით განხილვისთვის, იხილეთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
რას ამბობს ზოგი მეცნიერი?
ზოგი ფიქრობს, რომ მეცნიერთა უმრავლესობა თავს განზრახ არიდებს სულიერ და თეოლოგიურ საკითხებს, რომ მათ არ აინტერესებთ რელიგია ანდა არ სურთ მეცნიერებასა და რელიგიას შორის გამართულ დებატებში მონაწილეობა. ზოგი მეცნიერი მართლაც ასეა განწყობილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში — ყველა. აი, რას ამბობს ზოგიერთი მათგანი:
„სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან — რატომ. ამ ყველაფრის ავტორი ღმერთია“. „ბიბლია ღვთის მიერ შთაგონებულ ჭეშმარიტების წიგნად მიმაჩნია. სიცოცხლის მრავალფეროვნებისა და კომპლექსურობის უკან უმაღლესი ინტელექტი უნდა იდგეს“ (კენ ტანაკა, პლანეტების გეოლოგიის სპეციალისტი, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელი).
„სხვადასხვა სახის (სამეცნიერო და რელიგიურ) ცოდნა-განათლებას შორის არსებული უფსკრული საკმაოდ ხელოვნურია. . . შემოქმედისა და შემოქმედების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული“ (ენრიკე ჰერნანდესი, მექსიკის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფიზიკისა და თეორიული ქიმიის კათედრის პროფესორი და მკვლევარი).
„რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ [ადამიანის გენომის შესახებ], მით უფრო დავინახავთ, რამდენად რთული და ურთიერთშეწყობილია ეს ყველაფერი. დავინახავთ, რომ გონიერ შემოქმედს, რაღაც ინტელექტს, უნდა მიეცა ამ ყველაფრისთვის დასაბამი“ (დუენ გიში, ბიოქიმიკოსი).
„მეცნიერებასა და რელიგიას შორის არანაირი შეუთავსებლობა არ არსებობს. ორივე ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ეძიებს. მეცნიერება ღვთის არსებობას ცხადყოფს“ (დერეკ ბარტონი, პროფესორ-ქიმიკოსი, ტეხასი).
[საავტორო უფლებები]
NASA/U.S. Geological Survey
Photo: www.comstock.com
NASA and The Hubble Heritage Team (STScI/AURA)
[სურათები 5 გვერდზე]
შეუძლია სამეცნიერო კვლევა-ძიებას პასუხის გაცემა კითხვაზე: რატომ ვარსებობთ?
[საავტორო უფლება]
Courtesy Arecibo Observatory/David Parker/Science Photo Library
[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]
Stars on pages 2, 3, 5, and top of page 7: National Optical Astronomy Observatories