უნდა უქადაგონ ქრისტიანებმა სხვებს?
ბიბლიის თვალსაზრისი
უნდა უქადაგონ ქრისტიანებმა სხვებს?
შესაძლოა, თქვენს კულტურაში არ არის მიღებული რელიგიის შესახებ ოჯახის ან ეკლესიის გარეთ საუბარი და თქვენც ისე აღიზარდეთ, რომ ამ აზრს უჭერთ მხარს. ამიტომაც, შეიძლება გაგაღიზიანოთ იმ ადამიანის დანახვამ, რომელიც თქვენს კარს ბიბლიით ხელში დაუპატიჟებლად მოადგება. ზოგს ასეთი შეხედულება რელიგიის ისტორიაში სისხლით ჩაწერილმა იმ გვერდებმა ჩამოუყალიბა, როდესაც სულის გადარჩენის მიზანს ნიღაბამოფარებული რელიგიური მოღვაწეები ხალხს ძალისმიერი გზით ახვევდნენ თავს თავიანთ სარწმუნოებას.
მრავალი ერის ისტორია მოგვითხრობს ხალხის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მასობრივი მოქცევის შესახებ, რომელსაც საფუძვლად ედო არა ქრისტესადმი სიყვარული, არამედ მახვილის ბასრი პირი. ბევრი იძულებული იყო, გაქცევით ეშველა თავისთვის, სხვებმა სახლები და თავიანთი ქვეყანა მიატოვეს, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს — ზოგი მათგანი ცოცხლად დაწვეს — თავიანთი მდევნელების სარწმუნოებაზე მოქცევას მათ ეს ხვედრი ერჩივნათ.
ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნი, ბიბლია, არანაირად არ უჭერს მხარს ქრისტიანობაზე მოქცევის ასეთ ძალმომრეობით საშუალებებს. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ სხვებს ჩვენი მრწამსი არ უნდა გავუზიაროთ? თავად ბიბლია პასუხობს ამ კითხვას.
სწავლება უფლებამოსილებით
უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მაგალითი. ის იყო დახელოვნებული მასწავლებელი, რომელმაც თავისი მსმენელების ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია (იოანე 13:13, 15). მთაზე წარმოთქმული მისი ქადაგება უბრალო იყო, მაგრამ, ამავე დროს, გულში ჩამწვდომიც. მისმა სიტყვებმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე, რომ „ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ როგორც ხელმწიფების მქონე“ (მათე 7:28, 29). და დღეს, თითქმის 2000 წლის შემდეგ, მისი სწავლებები კვლავაც დიდად მოქმედებს ადამიანებზე, თუკი ისინი მათ მთელი გულისყურით ეკიდებიან და ცხოვრებაში იყენებენ. ამ აზრს ეთანხმება პროფესორი ჰანს დიტერ ბეცი. ის ამბობს, რომ „გავლენა, რომელსაც მთაზე ქადაგება ახდენს, სცდება იუდაიზმისა და ქრისტიანობის საზღვრებს, თვით დასავლეთის კულტურის საზღვრებსაც კი“.
უშუალოდ ზეცაში ამაღლების წინ იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის მიცემული მითითება იმის პირობა იყო, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მის მიერ წამოწყებული სამქადაგებლო საქმიანობა გაგრძელდებოდა და გაცილებით ფართო ხასიათს შეიძენდა (იოანე 14:12). მან დაავალა თავის მოწაფეებს, რომ წასულიყვნენ ყველა ერის ხალხთან, რათა ‘ესწავლებინათ მათთვის ყოველივეს დაცვა’, რაც მან ამცნო. ამ დავალების უპირველესი მიზანი ცხადი გახდა, როდესაც იესომ იქვე თქვა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ. . . ხალხი“ (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8).
მოდით ახლა მოციქულ პავლეს მაგალითსაც გადავავლოთ თვალი. მას შემდეგ, რაც ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცა, მას არ მორიდებია თავის ახლად შეძენილ რწმენაზე საუბარი (საქმეები 9:17—19, 22). პავლეს ჩვეულებად ჰქონდა ქცეული ლაპარაკი და მტკიცება იმისა, რომ „ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო“. ის დამაჯერებლად „ელაპარაკებოდა მათ [ხალხს] წერილებიდან“ და „არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს“. ერთი ავტორიტეტული წყაროს თანახმად, ბერძნული სიტყვა, რომელიც „დარწმუნებად“ ანუ დაჯერებად, ითარგმნა, „მსჯელობის ან ზნეობრივი მოსაზრებების გამო აზროვნების შეცვლას“ ნიშნავს. პავლეს ასეთი დამაჯერებელი მსჯელობის შედეგი ის იყო, რომ მან „დაარწმუნა და აზრი შეაცვლევინა დიდძალ ხალხს“ (საქმეები 15:3; 17:1—4, 17; 18:4; 19:26, აქ).
დაძალება თუ დარწმუნება — რომელი?
თანამედროვე დროში სიტყვა „პროზელიტიზმი“ სხვა სარწმუნოებაზე ამა თუ იმ სახის ძალმომრეობითი მოქცევის მნიშვნელობით გამოიყენება. ბიბლია არ ამართლებს ასეთ ქმედებას. ამის საპირისპიროდ, ის გვასწავლის, რომ ადამიანი ნების თავისუფლებით შეიქმნა და აქვს საშუალება, აირჩიოს, თუ როგორ იცხოვროს და ამ არჩევანზეც პასუხისმგებელი თავად იყოს. ამაში ის გადაწყვეტილებაც შედის, თუ როგორ სცეს ღმერთს თაყვანი (მეორე რჯული 30:19, 20; იესო ნავეს ძე 24:15).
იესო პატივისცემით ეკიდებოდა ღვთის მიერ ადამიანთათვის ბოძებულ ამ უფლებას და თავის შთამბეჭდავ ძალასა და უფლებამოსილებას არასოდეს იყენებდა იმისათვის, რომ ვინმე იძულებით მოემოწაფებინა (იოანე 6:66—69). მსმენელთა გულებს რომ შეხებოდა, ის მათთვის გასაგებ საკითხებზე მსჯელობდა, თვალსაჩინო მაგალითებს იყენებდა და ისეთ კითხვებს სვამდა, რომელთა მეშვეობითაც მათ თვალსაზრისს იგებდა (მათე 13:34; 22:41—46; ლუკა 10:36). იესომ თავისი მოწაფეებიც დაარიგა, რომ სხვებს მსგავსი პატივისცემით მოპყრობოდნენ (მათე 10:14).
ცხადია, რომ პავლე იესოს ჰბაძავდა მსახურებაში. მაშინ როცა მსმენელებს საღვთო წერილის საფუძველზე ლოგიკური მსჯელობით არწმუნებდა, ის მათ გრძნობებსაც ითვალისწინებდა და მათ თვალსაზრისსაც პატივისცემით ეკიდებოდა (საქმეები 17:22, 23, 32). მას ესმოდა, რომ შემოქმედისთვის გულმოდგინე მსახურების აღმძვრელი ძალა ღვთისა და ქრისტესადმი სიყვარულია (იოანე 3:16; 21:15—17). ამიტომაც, ჩვენივე გადასაწყვეტია, თუ რა პოზიციას დავიკავებთ ამ მხრივ.
პირადი გადაწყვეტილება
როდესაც გონიერ ადამიანს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, მაგალითად, თუკი ის წყვეტს, როგორი სახლი იყიდოს, სად იმუშაოს და როგორ აღზარდოს შვილები, ამას ის ქარაფშუტულად არ გადაწყვეტს. ის აწონ-დაწონის საკუთარ შესაძლებლობებს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. მან შეიძლება რჩევაც კი იკითხოს. გადაწყვეტილებას კი მხოლოდ ამ ყოველივეს გათვალისწინების შემდეგ მიიღებს.
ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებასთან შედარებით, ღვთის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გაცილებით მეტი დროის გამოყოფასა და ძალისხმევას საჭიროებს. ის გავლენას მოახდენს არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებთ ამჟამად, არამედ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, იმაზეც, გვექნება თუ არა მომავალში მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა. ეს კარგად ესმოდათ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ბერეელ ქრისტიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სასიხარულო ცნობა მათ უშუალოდ პავლე მოციქულისგან მოისმინეს, ისინი ყოველდღიურად ყურადღებით ამოწმებდნენ წმინდა წერილებს, რათა ნასწავლის უტყუარობაში დარწმუნებულიყვნენ. შედეგად, „ბევრმა ირწმუნა მათგან“ (საქმეები 17:11, 12).
დღეს იეჰოვას მოწმეები განაგრძობენ დასწავლებისა და მოწაფეების მომზადების საქმეს, რომელსაც საფუძველი იესომ ჩაუყარა (მათე 24:14). ისინი პატივისცემით ეკიდებიან სხვების უფლებას, მისდიონ მათთვის სასურველ რელიგიას. მაგრამ როდესაც საქმე სხვებისთვის თავიანთი რელიგიური მრწამსის გაზიარებას ეხება, ისინი ბიბლიაში მოცემულ ნიმუშს მიჰყვებიან. დიახ, ისინი გულწრფელი აღძვრებიდან გამომდინარე ესაუბრებიან ხალხს საღვთო წერილის საფუძველზე, რითაც სიცოცხლის გადამრჩენ საქმიანობაში მონაწილეობენ (იოანე 17:3; 1 ტიმოთე 4:16).