არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პოლიტიკური აქტივისტიდან ნეიტრალიტეტის დამცველ ქრისტიანამდე

პოლიტიკური აქტივისტიდან ნეიტრალიტეტის დამცველ ქრისტიანამდე

პოლიტიკური აქტივისტიდან ნეიტრალიტეტის დამცველ ქრისტიანამდე

მოგვითხრო ლადისლავ შმეიკალმა

სასჯელის გამოტანის შემდეგ საკანში დამაბრუნეს. ორი სართულით დაბლა მყოფი მეგობრისთვის ამბავი რომ გამეგებინებინა, საკნის კედელზე მაშინვე დავიწყე კაკუნი მორზეს ანბანის მიხედვით. მას აინტერესებდა, რამდენს მომისჯიდნენ.

„თოთხმეტი წელი“, — კაკუნით შევატყობინე.

მას არ შეეძლო ამის დაჯერება და მკითხა: „თოთხმეტი თვე?“.

„არა, — ვუპასუხე, — თოთხმეტი წელი“.

იდგა 1953 წელი. ეს ხდებოდა ქალაქ ლიბერეცში, ჩეხოსლოვაკიაში (ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკა). მაშინ პოლიტიკური გადატრიალების მომხრე 19 წლის აქტივისტი გახლდით. ჩვენ, აქტივისტები, პროპაგანდას ვუწევდით ჩვენს შეხედულებებს და ვავრცელებდით პროკლამაციებს, რომლებშიც მმართველ კომუნისტურ პარტიას კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებდით. ჩვენი საქმიანობა სამშობლოს ღალატად შერაცხეს და მეც დიდი ხნით პატიმრობა მომისაჯეს.

სასჯელის გამოცხადებამდე თითქმის ერთი წლის მანძილზე უკვე დაპატიმრებული ვიყავი. სასამართლო განაჩენის გამოტანამდე ერთ საკანში ორ-ორ პატიმარს ამყოფებდნენ; დროდადრო მათ თვალებს აუხვევდნენ ხოლმე და დასაკითხად გაჰყავდათ. საკანში ერთმანეთთან დალაპარაკების უფლებას არ გვაძლევდნენ, ამიტომ ჩურჩულით ვსაუბრობდით ან მორზეს ანბანის მიხედვით კაკუნით შევეხმიანებოდით ხოლმე ერთმანეთს.

მალე შევიტყვე, რომ დაპატიმრებულებიდან ბევრნი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ციხეში ერთი ჩვეულება არსებობდა: ყოველ ერთ-ორ თვეში საკანში ერთად მყოფი ორი პატიმრიდან ერთი მიჰყავდათ და სხვას ასახლებდნენ. ერთხელაც იეჰოვას მოწმესთან მომახვედრეს, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან ბიბლია მაინტერესებდა. დროთა განმავლობაში მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

მართალია, არც ბიბლია გვქონდა და არც ბიბლიური ლიტერატურა, მაგრამ ჩვენი საუბრები ბიბლიის შესწავლად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. სინამდვილეში, ბიბლია თვალით არ მენახა, მაგრამ საუბარი მაინც გამოგვდიოდა — მოწმე ზეპირად მიხსნიდა ბიბლიურ საკითხებს, მე კი ჩანაწერებს ვაკეთებდი. ყოველივე ამას მხოლოდ მაშინ ვახერხებდით, როცა ერთმანეთს ახლოს მივუჯდებოდით ხოლმე და ვჩურჩულებდით.

ერთადერთი საშუალება ჩანაწერების გასაკეთებლად ტუალეტის ქაღალდი და სავარცხელი იყო. ტუალეტის ქაღალდზე სავარცხლით გამომყავდა ასოები და ასე ვაკეთებდი ჩანაწერებს. ბევრი ბიბლიური მუხლი, რომლის ირგვლივაც ვმსჯელობდით, ზეპირად ვისწავლე. მოწმეებმა საგალობლებიც მასწავლეს. ერთხელ, ერთ-ერთმა მოწმემ მითხრა: „ახლა პოლიტიკური დანაშაულისთვის ხარ დაპატიმრებული, მაგრამ მომავალში შეიძლება იეჰოვას მოწმეობის გამო დაგიჭირონ“.

ბოლოს, გაუთავებელი დაკითხვების შემდეგ, განაჩენი გამომიტანეს და ქალაქ იახიმოვის მახლობლად მდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში გადამიყვანეს. იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ერთხელაც იეჰოვას მოწმე გავხდებოდი.

პატიმრობის წლები

როდესაც ჩამიყვანეს კოლონიაში, სადაც ტუსაღებს ურანის მოპოვებაზე ამუშავებდნენ, მაშინვე მოწმეების ძებნა დავიწყე; მაგრამ მალე შევიტყვე, რომ ისინი სადღაც სხვაგან გადაუყვანიათ. თუმცა ერთი მოწმე დაეტოვებინათ იმის გამო, რომ ის მზარეული იყო. სწორედ მან მათხოვა მრავალჯერ გადამალული და საკმაოდ გაცვეთილი ბიბლია. როგორც იქნა, მომეცა ჩემთვის ნაცნობი ბიბლიური მუხლების წაკითხვის საშუალება. კითხვისას ჩემს თავს ვეუბნებოდი — „ეს ზუსტად ის არის, რაც ძმებმა მასწავლეს“.

დაახლოებით ერთ თვეში გადამიყვანეს ქალაქ პრშიბრამის მახლობლად მდებარე კოლონიაში — ბიტიზში. აქ უკვე სხვა მოწმეებს შევხვდი. ბიტიზში რეგულარულად ვიღებდით ბიბლიურ ლიტერატურას, რომელიც საიდუმლოდ შემოჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ კოლონიის ადმინისტრაცია ცდილობდა იმის გარკვევას, თუ როგორ აღწევდა ჩვენამდე ლიტერატურა, მათ ეს ვერა და ვერ მოახერხეს. 14 პატიმარი მთელი გულმოდგინებით უზიარებდა სხვებს ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. აქედან ნახევარი მონათლული მოწმეები იყვნენ, მეორე ნახევარი კი — ჩემნაირები, რომელთაც ციხეში ყოფნისას იპოვეს ჭეშმარიტება.

ბევრ ჩვენგანს სურდა, ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მონათლულიყო. მაგრამ, რადგანაც არ გვქონდა საკმარისი ოდენობის წყალი — ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკმაო ტევადობის წყლის კონტეინერი — წყალში სრულად ჩაძირვას ვერ მოვახერხებდით; ამიტომაც, ბევრს მოუწია ლოდინი იმ დრომდე, სანამ არ გაათავისუფლეს და მხოლოდ მერე მოინათლა. ბიტიზის კოლონიაში იყო დიდი შხეფსაცივრები, რომლებითაც მაღაროს კომპრესორებს აცივებდნენ. 1950-იანი წლების შუა პერიოდში ზოგი ჩვენგანი ერთ-ერთი ასეთი დანადგარის რეზერვუარში მოინათლა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 1960 წლის მარტში, გამომიძახა პოლიციელმა, რომელიც პოლიტპატიმრებს ზედამხედველობდა. მან მითხრა, რომ, თუკი შევატყობინებდი, რით იყვნენ დაკავებული სხვა პატიმრები, ჩემი სასჯელის ვადის შემცირებაზე იზრუნებდა. უარი ვუთხარი, რაზეც მან ყვირილი და ლანძღვა დამიწყო: „ასეთი შანსი გაუშვი ხელიდან, — ყვიროდა ის. — როგორც გატყობ, ვერასოდეს დაბრუნდები სახლში! შენ აქ მოკვდები“. მაგრამ ორი თვის შემდეგ ამნისტიით გამათავისუფლეს და პატიმრობაში გატარებული რვა წლის შემდეგ სახლში დავბრუნდი.

თავისუფლების ხანმოკლე პერიოდი

იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ჩეხოსლოვაკიაში 1949 წლის აპრილიდან აკრძალული იყო. ასე რომ, მალევე ვიგრძენი, რომ ღვთისთვის მსახურება პატიმრობაში თუ ეგრეთწოდებულ თავისუფლებაში ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ახლა კი, გათავისუფლების შემდეგ, სხვა პრობლემას წავაწყდი. მაშინ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა მამაკაცს ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაევლო.

სახელმწიფო საწარმოებში მომუშავე ზოგ მამაკაცს ჯარიდან ათავისუფლებდნენ. ქვანახშირის მაღაროებში მომუშავეებსაც არ ავალდებულებდნენ ჯარში წასვლას. რაკი ადრეც ვმუშაობდი მაღაროში, ახლაც ასეთ ადგილას ვიშოვე სამსახური. იქ თბილად მიმიღეს. ჯარის გამო არ იდარდოო, — მითხრეს, — ჩვენ გავათავისუფლებინებთო შენს თავს.

ორი თვის შემდეგ ჯარში მოწვევა მომივიდა, მაგრამ მაღაროს ადმინისტრაციამ დამამშვიდა. „ნუ ნერვიულობ, ალბათ, რაღაც შეცდომა იქნებოდა. კომისარიატში წერილს გავაგზავნით და ყველაფერი მოგვარდება“. მაგრამ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ერთ დღესაც მაღაროს უფროსი მოვიდა ჩემთან და მომიბოდიშა: „ასეთი რამ პირველად მოხდა — მოგიწევს კომისარიატში მისვლა“. რაკი სინდისი არ მაძლევდა ომში მონაწილეობის უფლებას და ჯარში წასვლაზე უარი განვაცხადე, დამაპატიმრეს და პოლიციის უახლოეს განყოფილებაში წამიყვანეს (ესაია 2:4).

ტრიბუნალის წინაშე

მას შემდეგ, რაც 1961 წლის იანვარში დამაპატიმრეს და ქალაქ კლადნოს ციხეში ჩამსვეს, განუწყვეტლივ ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ ხელში იარაღი ამეღო და ჯარში წავსულიყავი. ერთ-ერთმა სამხედრო პირმა, რომელიც მმეთვალყურეობდა, შეხვედრა მომიწყო. შემიყვანეს საკონფერენციო დარბაზში, სადაც დიდი მრგვალი მაგიდა იდგა, მის გარშემო კი — ტყავის სავარძლები. ცოტა ხანში ოფიცრები მოვიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. იმ სამხედრო პირმა, რომელმაც შეხვედრა მომიწყო, ერთიმეორის მიყოლებით გამაცნო ყველა, შემდეგ დაჯდა და მითხრა: „ახლა, მოგვიყევი შენი რწმენის შესახებ“.

გულში მოკლედ ვილოცე და დავიწყე ლაპარაკი; შევატყვე, რომ ყურადღებით მისმენდნენ. საუბარში ევოლუციის საკითხსაც შევეხეთ და ვიღაცამ წამოიძახა, რომ ევოლუცია მეცნიერულად არის დასაბუთებული. შრომა-გასწორების კოლონიაში, სადაც მანამდე ვიყავი, შევისწავლე ბროშურა „ევოლუცია უპირისპირდება ახალ ქვეყნიერებას“ * და, ამ სამხედრო პირთა გასაოცრად, შევძელი იმის დამტკიცება, რომ ევოლუცია დაუსაბუთებელი თეორია იყო.

შემდეგ, მაიორი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ კათოლიკურ რელიგიასთან რაღაც კავშირი ჰქონდა, საუბარში ჩაერთო. „რას ფიქრობ ქალწულ მარიამზე? — მკითხა. — და რა აზრის ხარ წმინდა მესაზე?“. ვუპასუხე მის კითხვებს და შემდეგ ვთქვი: „მგონი, მორწმუნე უნდა ბრძანდებოდეთ — თქვენი კითხვები სხვებისას არ ჰგავს“.

„არა! არა! არა! არა ვარ მორწმუნე!“— ხმამაღლა განაცხადა მან. კომუნისტურ სახელმწიფოში ის, ვინც თავს ქრისტიანად აღიარებდა, ვერც პატივისცემით ისარგებლებდა და ვერც ხელმძღვანელი მუშაკის თანამდებობას მიიღებდა. ამ სიტყვების შემდეგ მაიორს კამათში აღარ მიუღია მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ამ ხალხისთვის იეჰოვას მოწმეების შეხედულებების ახსნის საშუალება მომეცა.

ქადაგების სხვა საშუალებები

რამდენიმე დღეში პრაღის ერთ-ერთ სამხედრო დაწესებულებაში მიმიყვანეს და მეთვალყურეებად ჯარისკაცები მომიჩინეს. პირველი ჯარისკაცი, რომელიც მდარაჯობდა, ჩემთან მიმართებაში მიღებული უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით გაოცებული იყო. „პირველად ხდება, რომ ერთ ადამიანს ასე ვდარაჯობთ“, — მითხრა მან. მეც ავდექი და ავუხსენი, რისთვისაც დამიჭირეს. ის იმდენად დაინტერესდა ამით, რომ დაჯდა, შაშხანა ფეხებშუა მოიქცია და მისმენდა. ორი საათის შემდეგ ის სხვამ შეცვალა. მანაც მსგავსი გამოკითხვა დამიწყო, რასაც ბიბლიურ თემაზე მსჯელობა მოჰყვა.

მომდევნო დღეებში სხვა მცველებთან დალაპარაკების საშუალებაც მომეცა, და არა მარტო მათთან — სხვა პატიმრებთანაც, როდესაც მცველები ამის უფლებას მომცემდნენ. ისინი საკნების კარებსაც კი აღებდნენ და პატიმრებს იმის ნებას რთავდნენ, რომ ბიბლიურ თემებზე მსჯელობისთვის შეკრებილიყვნენ! დროთა განმავლობაში შიში გამიჩნდა, რომ ცნობილი არ გამხდარიყო, მცველები სხვა პატიმრებთან თავისუფლად დალაპარაკების საშუალებას რომ მაძლევდნენ და ამას რაღაც სირთულეები არ მოჰყოლოდა. საბედნიეროდ, ეს ამბავი არ გახმაურებულა.

ბოლოს, როდესაც განაჩენის გამოსატანად სასამართლოში წამიყვანეს, დიდი გამხნევება ვიგრძენი მათი მხრიდან, ვისაც ჩემი რწმენის შესახებ ვესაუბრებოდი. ორი წელი მომისაჯეს, მაგრამ ამ ვადას ის თავდაპირველი ექვსი წელიც მიუმატეს, რომლებიც ამნისტიის გამო მოუხდელი დამრჩა. გამოვიდა, რომ წინ პატიმრობის კიდევ რვა წელი მელოდა.

ვგრძნობ ღვთის დახმარებას

ხშირად, როდესაც ჩეხოსლოვაკიის ერთი კოლონიიდან მეორეში და ციხიდან ციხეში გადავყავდი ხოლმე, ღვთის დახმარება მიგრძვნია. როდესაც ვალდიცეს ციხეში აღმოვჩნდი, ციხის ზედამხედველმა მკითხა, თუ რისთვის ვიხდიდი სასჯელს. სამხედრო სამსახურზე უარი ვთქვი, რადგანაც საომარ ღონისძიებებში მონაწილეობა ჩემი რწმენისთვის მიუღებელია-მეთქი.

„კარგი იქნება, ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს“, — მიპასუხა თანაგრძნობით. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კი მითხრა: „მაგრამ რაკი ხალხის უმრავლესობა დღეს ასე არ ფიქრობს, შენ უნდა დაისაჯო — და თანაც ძალიან მკაცრად!“.

მიმიყვანეს საამქროში, სადაც ყველაზე საშიში ბოროტმოქმედები ბროლის დაჭრაზე მუშაობდნენ. მართალია, ციხეში იმიტომ მოვხვდი, რომ იეჰოვას მოწმეობის გამო სამხედრო სამსახურზე უარი განვაცხადე, მაგრამ აქ ჯერაც პოლიტპატიმრად მთვლიდნენ და ამიტომაც ყველაზე მძიმე სამუშაოს მასრულებინებდნენ. ბროლის დაჭრა ჭაღებისა და სხვა საუცხოო ნივთების გასაკეთებლად განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ნაწარმი წუნდაუდებელი უნდა ყოფილიყო. ჩვეულებრივ, ასეთი რამ ხდებოდა: პატიმრებს წინა დღის ნამუშევრიდან ნახევარი უკან უბრუნდებოდათ შესაკეთებლად. ამიტომაც ძალიან ძნელი იყო იმ რაოდენობის პროდუქციის დამზადება, რასაც ჩვენგან მოითხოვდნენ.

იმ დღეს, როდესაც საამქროში მივედი, თავიდან საამქროს უფროსის მოსვლას დაველოდე. მოსვლისთანავე მან იმ პატიმრების ლანძღვა დაიწყო, რომლებიც, მისი აზრით, საკმაოდ მძიმედ არ ირჯებოდნენ. მერე ჩამოუარა პატიმრებს, მომიახლოვდა და მითხრა: „შენ რას შვრები? რატომ არ მუშაობ?“.

ავუხსენი, რომ ახალი ვიყავი. მან თავის ოთახში წამიყვანა და ჩვეული კითხვები დამისვა, თუ რატომ დამაპატიმრეს. ჩემი მდგომარეობა რომ ავუხსენი, მითხრა: „მაშ, შენ იეჰოვას მოწმე ხარ?“.

„დიახ“, — ვუპასუხე.

მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეიცვალა. „არ ინერვიულო, — მითხრა, — აქ ბევრი იეჰოვას მოწმე გვყავს. ჩვენ მათ ყველას დიდ პატივს ვცემთ იმიტომ, რომ მძიმედ შრომობენ და კეთილსინდისიერები არიან. თვალყურს მივადევნებ, რომ იმდენი სამუშაო მოგცენ, რამდენის შესრულებასაც შეძლებ“.

ამ ზედამხედველის ქცევამ სრულიად გამაოგნა. იეჰოვასი და იმ უცნობი თანამორწმუნეების მადლობელი ვიყავი, რომელთა გამოც მოწმეებს ამ ციხეში კარგი სახელი ჰქონდათ. სინამდვილეში, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, იეჰოვას სიყვარულით აღსავსე დახმარებას ვგრძნობდი.

მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ხელახალი პატიმრობის გამო აღმოვჩნდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ, საბოლოო ჯამში, მაინც დავუკავშირდებოდი ჩემს ქრისტიან ძმებს, მათ თბილსა და მომღიმარ სახეებს ვიხილავდი და მათგან გავმხნევდებოდი. მათ გარეშე გაცილებით რთული იქნებოდა პატიმრობის ატანა.

როგორც შევატყვე, ბევრი პატიმარი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ეძია შური ცუდი მოპყრობის გამო; მაგრამ მე აზრადაც არ გამივლია ასეთი რამ. მესმოდა, რომ ღვთის სამართლიანი პრინციპების დაცვის გამო ვიტანჯებოდი. ვიცოდი, რომ ციხეში გატარებული ყოველი დღისთვის იეჰოვა დამასაჩუქრებდა უთვალავი შესანიშნავი დღით სამოთხედ ქცეულ, განახლებულ დედამიწაზე (ფსალმუნი 36:29; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3, 4).

მადლობელი ვარ დღევანდელი კურთხევებისთვის

1968 წლის მაისში, პატიმრობაში გატარებულ 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საბოლოოდ, გამათავისუფლეს. თავიდან მიჭირდა ხალხთან დალაპარაკება — ეს არ არის უჩვეულო მოვლენა მათთვის, ვინც სიცოცხლის უმეტესობა პატიმრებსა და მცველებს შორის გაატარა. მაგრამ ქრისტიანმა ძმებმა მაშინვე აღმომიჩინეს დახმარება, რომ სამქადაგებლო საქმეში ჩავრთულიყავი, საქმეში, რომელიც ჯერაც აკრძალული იყო.

გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გავიცანი ევა. ოჯახის მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მანამდე დაახლოებით სამი წლით ადრე, მან და მისმა ძმამ თამამად დაიცვეს ბიბლიური ჭეშმარიტება. ჩვენ მალევე დავიწყეთ თანამშრომლობა სამქადაგებლო საქმიანობაში, ერთად ვმუშაობდით ბიბლიური ლიტერატურის გამოცემაზეც, რომელიც საიდუმლოდ იბეჭდებოდა იატაკქვეშა სტამბაში. 1969 წლის ნოემბერში კი დავქორწინდით.

1970 წელს შეგვეძინა პირველი შვილი, იანა. გარკვეული დროის შემდეგ ჩემთვის ახლებური მსახურება დავიწყე — გავხდი იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელი მსახური; შაბათ-კვირა ვეწვეოდი ხოლმე კრებებს და სულიერად ვამხნევებდი. ამ საქმიანობით ვიყავი დაკავებული, როდესაც 1975 წელს დამაპატიმრეს და ისევ ციხეში ჩამსვეს. მაგრამ ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე თვე დავყავი. 1977 წელს ვაჟი, შტეფანი, შეგვეძინა.

ბოლოს, 1993 წლის 1 სექტემბერს ჩეხეთის რესპუბლიკამ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა კანონიერად ცნო. მომდევნო წელს ჩვენი ქალიშვილი, იანა, ცოლად გაჰყვა დალიბორ დრაჟანს, რომელიც უხუცესად მსახურობს. 1999 წელს კი ჩვენი ვაჟი, შტეფანი (მსახურობს თანაშემწედ), დაქორწინდა ბლანკაზე, რომელიც სრული დროით მსახურია. ჩვენ ყველანი ახლა პრაღის სხვადასხვა კრების წევრები ვართ და სულმოუთქმელად ველით იმ დროს, როდესაც ახალი ქვეყნიერება დადგება — მაგრამ მე განსაკუთრებით ვნატრობ იმ დროის მოსვლას, როდესაც ციხის კედლები აღარსად იქნება აღმართული.

[სქოლიო]

^ აბზ. 24 გამოიცა იეჰოვას მოწმეების მიერ 1950 წელს.

[სურათი 14 გვერდზე]

ბიბლიური მუხლების ჩასაწერად სავარცხელს ვიყენებდი.

[სურათი 15 გვერდზე]

ბიტიზის კოლონია, სადაც სასჯელს ვიხდიდი და მოგვიანებით მოვინათლე.

[სურათი 17 გვერდზე]

ჩვენი ქორწინების დღე.

[სურათი 17 გვერდზე]

მე და ევა, ჩვენ მარცხნივ არიან შტეფანი და ბლანკა, ხოლო მარჯვნივ — იანა და დალიბორი.