არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მომავალი აქვს პოლიციას?

რა მომავალი აქვს პოლიციას?

რა მომავალი აქვს პოლიციას?

პოლიცია რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ყველგან ანარქია დაისადგურებდა. მაგრამ მიუხედავად პოლიციის არსებობისა, განა უსაფრთხოა დღევანდელი მსოფლიო? თანამედროვე ქალაქების უმრავლესობაში, მათ შორის მრავალ სოფელშიც, უსაფრთხოების კრიზისი შეინიშნება. შეგვიძლია იმის იმედი ვიქონიოთ, რომ პოლიცია ორგანიზებული დამნაშავეობისა და ბოროტმოქმედებისგან დაგვიცავს? უნდა ვიმედოვნებდეთ, რომ პოლიციის წყალობით ქუჩებში თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ? შეძლებენ პოლიციელები დამნაშავეობის აღმოფხვრას?

აი, როგორ აზრს გამოთქვამს დეივიდ ბეილი თავის წიგნში „მომავლის პოლიცია“: „პოლიცია ვერ ახერხებს დანაშაულის თავიდან არიდებას. . . იგი სიმსივნეზე დადებულ უბრალო ბინტს შეგვიძლია შევადაროთ. . . შეუძლებელია პოლიციის იმედი ვიქონიოთ, მაშინაც კი, თუ ის მთელი ძალებით ცდილობს დანაშაულის თავიდან არიდებასა და დამნაშავეობისგან საზოგადოების დაცვას“. გამოკვლევები უჩვენებს, რომ პოლიციის საქმიანობის სამი უმთავრესი მიმართულება — ქუჩებში პატრულირება, საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირება და დანაშაულის გამოძიება — ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან არიდებას. რატომ ხდება ასე?

დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით პოლიციის კონტინგენტის მაქსიმალურად გაზრდა წარმოუდგენლად ძვირი დაჯდება. ეს შესაძლებელი რომც იყოს, როგორც ჩანს, ბოროტმოქმედებზე მაინც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ვერც პოლიციის მხრიდან სწრაფი რეაგირება გვარიდებს თავიდან მრავალ დანაშაულს. როგორც პოლიციელები ამბობენ, თუ ისინი დანაშაულის ადგილზე ერთ წუთზე ნაკლები ხნის მანძილზე ვერ შეძლებენ მისვლას, საეჭვოა, რომ დამნაშავე დაიჭირონ. როგორც ჩანს, ბოროტმოქმედებმაც კარგად იციან, სამართალდამცავები რომ ასე სწრაფად ვერ მოახდენენ რეაგირებას. მთლად ვერც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ამართლებს. თუნდაც გამომძიებლებმა წარმატებით გაართვან თავი დაკისრებულ ამოცანას — დანაშაული დაუმტკიცონ და ციხეში ჩასვან ბოროტმოქმედები — როგორც ჩანს, ესეც არ უწყობს ხელს დანაშაულის თავიდან არიდებას. სხვა სახელმწიფოებთან შედარებით შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტ დამნაშავეს აპატიმრებენ, მაგრამ ამერიკა მაინც დამნაშავეობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მაშინ, როცა იაპონიაში პატიმართა რიცხვი ერთობ მცირეა და, მიუხედავად ამისა, დამნაშავეობის მაჩვენებელიც დაბალია. ხანგრძლივად ვერც სპეციალური პროგრამების, მაგალითად, სამეზობლოში მორიგეობის, წყალობით მიღწეული შედეგების შენარჩუნება ხერხდება, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც დამნაშავეობის მაღალი მაჩვენებელია. განსაკუთრებული სახის დანაშაულობების — მაგალითად, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ძარცვის — აღსაკვეთად მიღებულ საგანგებო ზომებს გარკვეული ხნის განმავლობაში საკმაოდ კარგი შედეგები მოაქვს, მაგრამ, ისევ და ისევ, სწორედ ამ შედეგების შენარჩუნებაა ძალიან ძნელი.

«დაკვირვებული ადამიანები დიდად არ უნდა გააკვირვოს იმან, რომ პოლიციას არ ძალუძს დანაშაულის თავიდან არიდება, — ნათქვამია წიგნში „მომავლის პოლიცია“, — როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ საზოგადოებაში დანაშაულის ჩადენის სიხშირე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვერ აკონტროლებს ამ საზოგადოების ცხოვრებას პოლიცია და მართლმსაჯულების სისტემა».

რა შეიძლება მომხდარიყო პოლიციის გარეშე?

როგორ მოიქცეოდით, პოლიციელებს რომ არ ეზრუნათ წესრიგის დამყარებაზე? ისარგებლებდით თუ არა მათი არყოფნით და დაარღვევდით თუ არა კანონს? გასაოცარია, მაგრამ სოლიდური თანამდებობის მრავალი პირი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ საშუალო და მაღალ კლასს განეკუთვნებიან, საეჭვო მოგების გულისთვის უკან არ დაიხევდნენ და თავიანთ რეპუტაციასა და მომავალს წყალს შეუყენებდნენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იტყობინებოდა „თაღლითობაში ბრალდადებული 112 ადამიანის შესახებ, რომლებიც ავტო-სადაზღვევო კომპანიების მოტყუებაში მონაწილეობდნენ. ბრალდებულთა შორის იყვნენ იურისტები, ექიმები, მანუალური თერაპიისა და აკუპუნქტურის სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი და პოლიციის დეპარტამენტის შეფის თანაშემწე“.

თაღლითობის სხვა უფრო დიდმა შემთხვევამ გააოგნა ხელოვნების სამყაროს მეცენატები: ნიუ-იორკსა და ლონდონში არსებული სააუქციონო გაყიდვის ცენტრების ყოფილი ხელმძღვანელები ფასების გაყალბებაში ამხილეს. მათ და მათმა სააუქციონო ცენტრებმა 843 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ ჯარიმისა და კომპენსაციის სახით. ასე რომ, ფულისადმი დაუცხრომელი სიხარბით საზოგადოების ყველა ფენაა გაჟღენთილი.

1997 წელს პოლიციის გაფიცვის დროს ბრაზილიის ქალაქ რესიფში განვითარებული მოვლენები გვანახვებს, რომ შემაკავებელი ძალის არარსებობის დროს ბევრ ადამიანს უმალვე დანაშაულის ჩადენისკენ გაურბის თვალი. როგორი რელიგიური შეხედულებებიც უნდა ჰქონდეთ, ეს გავლენას არ ახდენს მათ საქციელზე. მათ ადვილად შეუძლიათ მოიკოჭლონ ზნეობრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვაში ან სულაც უგულებელყონ ისინი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პოლიცია ბრძოლას აგებს უმნიშვნელო თუ უფრო სერიოზული უკანონობით სავსე სახელმწიფოთა უმეტესობაში.

სხვა მხრივ კი, ზოგი ადამიანი პატივს სცემს ხელისუფლებას და ამიტომაც ემორჩილება კანონებს. მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა, რომ დამორჩილებოდნენ იმ ხელისუფლებას, რომლის არსებობასაც ღმერთი უშვებდა, რადგან ის, სხვა თუ არაფერი, საზოგადოებაში გარკვეულ წესრიგს ინარჩუნებდა. ასეთი ხელისუფლების შესახებ მან დაწერა: „იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც“ (რომაელთა 13:4, 5).

საზოგადოებრივი ცხოვრება მალე უკეთესობისკენ შეიცვლება

პოლიციის საქმიანობა რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. როდესაც თვალში საცემია, რომ ქუჩები მეტად აღარ არის ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და მოძალადეთა საასპარეზო, მაშინ ხალხიც ცდილობს, გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებს შეესაბამებოდეს. მაგრამ საზოგადოების ძირეული გარდაქმნა ნებისმიერი პოლიციის ძალებს აღემატება.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საზოგადოება, რომლის წევრებიც იმდენად დიდი პატივისცემით ეკიდებიან კანონებს, რომ პოლიცია სულაც აღარ ესაჭიროებათ? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო, სადაც ხალხი იმდენად მზრუნველია, რომ მეზობლები ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად და საჭირო აღარ არის პოლიციის გამოძახება? ეს შეიძლება ფანტაზიად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაუკვირდით ქვემოთ მოყვანილ სიტყვებს, რომლებიც, მართალია, იესომ სულ სხვა სიტუაციაში წარმოთქვა, მაგრამ ჩვენი განხილვის საგანსაც კარგად მიესადაგება: „კაცთა მიერ შეუძლებელია ეს, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივეა შესაძლებელი“ (მათე 19:26, აფ).

ბიბლია მოგვითხრობს, რომ მომავალში მთელი კაცობრიობა იეჰოვა ღმერთის მიერ დამყარებულ მთავრობას დაემორჩილება. „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს. . . იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს“ (დანიელი 2:44). ეს ახალი მთავრობა ხალხს ღვთის სიყვარულს ჩაუნერგავს, რის გამოც ადამიანები დამნაშავეებად აღარ ჩამოყალიბდებიან. „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, აღარ დაუშვებს დანაშაულის ჩადენას. „დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ“ (ესაია 11:3, 4).

აღარ იქნებიან ბოროტმოქმედები და აღარც დამნაშავეობა იარსებებს. პოლიციაც აღარ იქნება საჭირო. „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4). თუ გსურთ, რომ თქვენც იცხოვროთ ბიბლიაში მოხსენიებულ „ახალ მიწაზე“, მაშინ უკვე დრო არის, თავად გამოიკვლიოთ ღვთის სიტყვა და შეიტყოთ, რას გვპირდება ღმერთი (2 პეტრე 3:13).

[ჩანართი 12 გვერდზე]

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საზოგადოება, რომლის წევრებიც იმდენად დიდი პატივისცემით ეკიდებიან კანონებს, რომ პოლიცია სულაც აღარ ესაჭიროებათ?

[ჩანართი 12 გვერდზე]

აღარ იქნებიან ბოროტმოქმედები და აღარც დამნაშავეობა იარსებებს.

[ჩარჩო/სურათი 11 გვერდზე]

პოლიცია ტერორისტების წინააღმდეგ

როგორც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 2001 წლის 11 სექტემბერს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, საზოგადოების დაცვა ტერორისტებისგან, რომლებიც სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ — მაგალითად, იტაცებენ თვითმფრინავებს და მძევლად აჰყავთ ადამიანები — ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა პოლიციისთვის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სპეცდანიშნულების რაზმებს ამზადებენ, რათა შტურმით აიღონ გაჩერებული თვითმფრინავი, თუკი ის ბოროტგანმზრახველებმა ჩაიგდეს ხელში. ისინი შენობაში მოულოდნელი შეღწევის ხერხებსაც სწავლობენ — სახურავიდან თოკით ეშვებიან, ხტებიან ფანჯრებიდან, იყენებენ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოწყობილობასა და ცრემლსადენ გაზს. სპეცრაზმელებს ხშირად მოუწყვიათ „სიურპრიზი“ ტერორისტებისთვის — მძევლებისთვის მინიმალური საფრთხის შექმნით დაუძლევიათ ისინი.

[საავტორო უფლება]

James R. Tourtellotte/U.S. Customs Service

[სურათი 12 გვერდზე]

ეს საგნები აღარ იქნება საჭირო ღვთის ახალ ქვეყნიერებაში.