რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
ვირთხები და ადამიანები საზრდოსთვის იბრძვიან
ავსტრალიის ერთ-ერთი სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაცია (Australian Commonwealth Scientific and Industrial Research Organization) იუწყება, რომ მსოფლიოში შობილ თითოეულ ბავშვზე ათი ვირთხის დაბადება მოდის. ყოველდღე დაახლოებით 360 000 ბავშვი უნდა გამოიკვებოს, მაგრამ აქვე 3 600 000 „ქვეყანაზე ახლად მოვლენილ“ წრუწუნასაც უნდა ჭამა. ინდონეზიაში, მაგალითად, 230 მილიონამდე მოსახლეა; აქედან 60 პროცენტისთვის ყოველდღიურ ძირითად საკვებს ბრინჯი წარმოადგენს, მაგრამ ამ ქვეყანაში ბრინჯის ყოველწლიური მოსავლიდან თითქმის 15 პროცენტს ვირთხები „მიირთმევენ“. „ეს ნიშნავს იმას, რომ ვირთხები იმდენივე ბრინჯს ჭამენ, რამდენიც 20 მილიონზე მეტ ინდონეზიელს მთელ წელიწადს ეყოფოდა“, — ამბობს ზემოხსენებული ორგანიზაციის წევრი, მეცნიერი დ-რ გრანტ სინგლტონი.
თამბაქოს მეწარმეთა საეჭვო საქმიანობა
თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების საიდუმლო დოკუმენტებიდან ფარდა ეხდება იმას, რომ ეს კომპანიები „შეგნებულად ატყუებდნენ მწეველებს და აფიქრებინებდნენ, თითქოს ისინი ფისისა და ნიკოტინის უფრო ნაკლებად შემცველ სიგარეტებს ეწეოდნენ, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო“, — იუწყება დიდ ბრიტანეთში გამომავალი ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“. ერთ მაგალითს მოვიყვანთ: 1990 წელს ევროკავშირის მიერ გაკეთებული მითითების თანახმად თითო ღერ სიგარეტში ფისისა და ნიკოტინის შემცველობა 15-15 მილიგრამით უნდა შეემცირებინათ; მაგრამ, როგორც ერთ-ერთი კომპანიის დოკუმენტებიდან მჟღავნდება, ეს მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, სიგარეტების შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, ფირმამ შეგნებულად დაიწყო იმ სტანდარტებით მანიპულირება, რომელთა მიხედვითაც ნივთიერებათა წონას ადგენენ. როგორ მოახერხეს მათ „ფონს გასვლა“? როგორ და „კომპანიები ეფექტურად აკონტროლებდნენ თამბაქოს შემმოწმებელ კომისიას“, — იუწყება „ნიუ საიენტისტი“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, სტელა ბიალუსი, ამბობს: „აქედან კარგად ჩანს, რომ საზოგადოების დაცვის საკითხში ეს ზომები უსარგებლოა“.
უძველესი „სარეკლამო პროსპექტი“
როგორც ჩინეთში გამომავალი ელექტრონული გაზეთი (China’s People’s Daily Online) იტყობინება, ჩინელმა არქეოლოგებმა ქაღალდზე ნაბეჭდი მსოფლიოს უძველესი ცნობილი „სარეკლამო პროსპექტები“ აღმოაჩინეს. გასახვევი ქაღალდის ორი ნაჭერი, რომელიც თითქმის 700 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება, როგორც ჩანს, პიგმენტების შესახვევად იყო განკუთვნილი, რომლებიც ზეთის საღებავებისთვის გამოიყენებოდა, ჩინეთის პროვინცია ხუნანში მდებარე ერთ-ერთი საფლავიდან ამოიღეს. „ქაღალდის მარჯვენა კუთხეში, ზემოთ, 70 ჩინური იეროგლიფით აღიწერებოდა რაღაც გარკვეული ნივთის სახეობა, ხარისხი და თავისებურება, აგრეთვე იმის ადგილმდებარეობაც იყო მითითებული, სადაც ამ ნივთის შეძენა შეიძლებოდა“, — ნათქვამია გაზეთში. სარეკლამო განცხადების ენა საოცრად ჰგავს თანამედროვე რეკლამების ტექსტებს. კერძოდ, ასეთი რამის წაკითხვაც კი შეიძლება: „სხვა ზეთის საღებავებთან შედარებით, ჩვენი ნაწარმის ელფერი განუმეორებელია“. იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ევროპაში ქაღალდის გამოყენება XII საუკუნიდან დაიწყეს და რომ გუტენბერგმა ბეჭდვა მხოლოდ XV საუკუნეში გამოიგონა, გაზეთი შენიშნავს: „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ქაღალდის წარმოება ჩინეთში ახ. წ. 105 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩაი ლუნმა პირველმა შექმნა ქაღალდის ფურცელი; ხოლო რაც შეეხება ბეჭდვას — ჩინეთში ხის საბეჭდი ფორმა IX საუკუნეშივე არსებობდა“.
უგებთ თქვენს ექიმს?
„ექიმები და ავადმყოფები ძნელად უგებენ ერთმანეთს“, — ნათქვამია ბრაზილიაში გამომავალ გაზეთ „ფოლია დი სან-პაულუში“. სან-პაულუს ერთ-ერთი საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მშობლების 25 პროცენტი, რომლებიც ბავშვს თან ახლდნენ, ისე გავიდნენ ექიმის კაბინეტიდან, რომ მის მიერ დასმულ დიაგნოზს თავი და ბოლო ვერ გაუგეს; 24-მა პროცენტმა ექიმის ცუდი კალიგრაფიის გამო რეცეპტი ვერ წაიკითხა; ხოლო 90 პროცენტს ექიმის სახელიც კი არ ახსოვდა. ასეთ გაუგებრობებს რამდენიმე ფაქტორი იწვევს, მათ შორის: ექიმის მიერ ავადმყოფისთვის „სწრაფი“ კონსულტაციის მიცემა, რომლის დროსაც ის „პირადად მის მიმართ ინტერესს არ ავლენს“ — შედეგად პაციენტები „ეჭვის თვალით უყურებენ ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს და უკმაყოფილონი რჩებიან“; სხვა ფაქტორი ისაა, რომ ექიმები წამდაუწუმ მიმართავენ სამედიცინო ტერმინოლოგიას; და კიდევ ის, რომ თანამედროვე სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აუცილებელი აღარაა ავადმყოფისთვის იმდენივე კითხვის დასმა, რამდენსაც ადრე უსვამდნენ. ამ შეტყობინების თანახმად, ერთი ფსიქიატრი სხვა ფაქტორსაც ასახელებს — ესაა „ემოციური ბარიერი“, რომელსაც ბევრი ექიმი აღმართავს ხოლმე, რათა „საკუთარი თავი გულისტკივილის, ტანჯვისა და სიკვდილის შიშისგან დაიცვას“.