არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რისთვის არის საჭირო პოლიცია?

რისთვის არის საჭირო პოლიცია?

რისთვის არის საჭირო პოლიცია?

როგორი იქნებოდა ცხოვრება პოლიციის გარეშე? რა მოჰყვა შედეგად 1997 წელს ბრაზილიის ქალაქ რესიფში 18 000 პოლიციელის გაფიცვას, როდესაც ქალაქის მილიონზე მეტი მოსახლე პოლიციის მეთვალყურეობის გარეშე დარჩა?

«ამ ზღვისპირა ქალაქში ქაოსი სუფევდა მთელი ხუთი დღის განმავლობაში, რის გამოც მკვლელობათა რიცხვი გასამმაგდა, — იუწყებოდა „ვაშინგტონ პოსტი“, — გაძარცვულ იქნა რვა ბანკი. დამნაშავეთა ბანდებმა დაარბიეს სავაჭრო ცენტრები და ცეცხლსასროლი იარაღის სროლით გახელებულები შეესივნენ საზოგადოების ზედაფენებით დასახლებულ უბნებს. არავინ იცავდა საგზაო წესებს. . . მოულოდნელად აგორებული დამნაშავეობის ტალღის გამო მორგი ვეღარ იტევდა მიცვალებულებს, ხოლო ყველაზე დიდი რესპუბლიკური საავადმყოფო გადაჭედილი იყო — ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით დაჭრილი ადამიანები დერეფანში იატაკზე იწვნენ». როგორც იტყობინებიან, ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს უთქვამს: უკანონობის ამდაგვარი გამოვლინება უპრეცენდენტო შემთხვევააო ჩვენთან.

მიუხედავად იმისა, თუ სად ვცხოვრობთ, ჩვენი ცივილიზაციის, ერთი შეხედვით, უსაფრთხო ყოფის მიღმა ყველგან ბოროტებაა ჩასაფრებული, რის გამოც პოლიციის მხრიდან დაცვას ვსაჭიროებთ. რა თქმა უნდა, თითქმის ყოველ ჩვენგანს სმენია ზოგიერთი პოლიციელის სისასტიკის, მექრთამეობის, გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასეთი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიმწვავით ვლინდება. მაგრამ რა უნდა გვექნა, პოლიცია რომ არ ყოფილიყო? განა ხშირად პოლიცია ძვირფას სამსახურს არ გვიწევს? „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტის კითხვაზე — რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს პროფესია — მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პოლიციის თანამშრომლები პასუხობენ.

საზოგადოების კეთილდღეობის სამსახურში

„ხალხის დახმარება დიდ სიამოვნებას მანიჭებს, — ამბობს აივენი, ბრიტანელი პოლიციელი, — ამ სამუშაოს მრავალფეროვნებამაც ძალიან მიმიზიდა. როგორც წესი, ბევრმა არ იცის, რომ პოლიციელის სამუშაოს მხოლოდ 20—30 პროცენტია დამნაშავეობასთან დაკავშირებული. უმეტესწილად კი, ჩვენი სამსახური საზოგადოების საკეთილდღეოდ ჩატარებულ სხვა სამუშაოებს მოიცავს. ტიპიური სამუშაო დღის განმავლობაში პატრულირებისას შეიძლება უცაბედ სიკვდილს, ავტოსაგზაო შემთხვევას და დანაშაულს შევესწრო ან შეიძლება დაბნეულ ხანდაზმულ ადამიანს გადავეყარო, რომელსაც დახმარება ესაჭიროება. განსაკუთრებულ კმაყოფილებას მაშინ ვგრძნობ, როცა მშობლებს დაკარგულ ბავშვს ვუბრუნებ ან ბოროტმოქმედების მსხვერპლს ემოციური ჭრილობების შეხორცებაში ვეხმარები“.

სტივენი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია შეერთებული შტატებიდან. იგი ამბობს: „როგორც პოლიციელს, საიმისო დროც გაქვს და შესაძლებლობაც, რომ საუკეთესო დახმარება აღმოუჩინო ხალხს, როდესაც ისინი გულწრფელად მოგმართავენ დახმარებისთვის. აი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. მინდოდა ხალხს დავხმარებოდი და მათთვის ტვირთი შემემსუბუქებინა. ვფიქრობ, რომ მეც რაღაც წვლილი მიმიძღვის ბოროტმოქმედთა ხელიდან ადამიანთა დაცვაში. ხუთი წლის განმავლობაში 1 000-ზე მეტი დამნაშავე მყავს დაკავებული. მაგრამ ჩემთვის უდიდესი კმაყოფილება დაკარგული ბავშვების პოვნას, ალცჰეიმერით დაავადებული, გზააბნეული ავადმყოფების დახმარებასა და გატაცებული მანქანების დაბრუნებას მოჰქონდა. დანაშაულში ეჭვმიტანილთა დევნა და დაკავებაც არანაკლებ საინტერესო იყო“.

„მინდოდა, რომ ხალხს საგანგებო შემთხვევების დროს დავხმარებოდი, — ამბობს რობერტო, ბოლივიელი პოლიციის თანამშრომელი, — ახალგაზრდობისას მოხიბლული ვიყავი პოლიციელებით იმიტომ, რომ ისინი ხალხს საფრთხისგან იცავენ. როცა მეც შევუერთდი პოლიციელთა რიგებს, თავიდან ფეხით პატრულირება დამავალეს ქალაქის ცენტრში, სადაც სამთავრობო დაწესებულებები იყო განლაგებული. თითქმის ყოველდღე იმართებოდა პოლიტიკური ხასიათის დემონსტრაციები, ჩვენ კი რაღაც უნდა გვეღონა. ჩემს მოვალეობაში მდგომარეობის განმუხტვა და ძალადობის აღკვეთა შედიოდა. როგორც შევატყვე, თუ მიტინგის ორგანიზატორებთან მეგობრული ვიყავი და საერთო ენას გამოვნახავდი, ამით არეულობას ვირიდებდი თავიდან, რასაც შეიძლება მრავალი ადამიანის დაშავება მოჰყოლოდა. ამას დიდი სიხარული მოჰქონდა ჩემთვის“.

პოლიციელები სხვადასხვაგვარ სამუშაოს ასრულებენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათ სხვადასხვანაირ სიტუაციასთან უწევთ გამკლავება, ხეზე წამოსკუპებული კატის ჩამოყვანითა და პატრონისთვის დაბრუნებით დაწყებული, ტერორისტების ხელიდან მძევლების გამოხსნითა და ბანკის მძარცველებთან შეტაკებით დამთავრებული. როგორც უნდა იყოს, იმ დროიდან მოყოლებული, რაც თანამედროვე საპოლიციო ორგანოებს დასაბამი მიეცა, მათ იმედის თვალითაც უყურებენ და ეჭვითაც. თუ რატომ, ამას შემდეგი სტატია დაგვანახვებს.

[სურათები 2, 3 გვერდებზე]

მე-2 და მე-3 გვერდები: პოლიციელი აწესრიგებს ტრანსპორტის მოძრაობას სიანგანში (ჩინეთი); საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიცია საბერძნეთში; სამხრეთ აფრიკელი პოლიციელები.

[საავტორო უფლება]

Linda Enger/Index Stock Photography

[სურათი 3 გვერდზე]

სალვადორში (ბრაზილია) 2001 წლის ივლისში პოლიციელთა გაფიცვის დროს გაძარცვული მაღაზია.

[საავტორო უფლება]

Manu Dias/Agência A Tarde

[სურათი 4 გვერდზე]

სტივენი (აშშ).

[სურათი 4 გვერდზე]

რობერტო (ბოლივია).