არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევეწყო თანამობინადრეს?

როგორ შევეწყო თანამობინადრეს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შევეწყო თანამობინადრეს?

„მინდოდა, რომ სამზარეულოში ყოველთვის წესრიგი და სისუფთავე ყოფილიყო. ჩემს თანამობინადრეებს კი სულ არ ანაღვლებდათ ეს ამბავი — არც ჭურჭელს აალაგებდნენ და არც გაზქურაზე მდგარ ქვაბს მიხედავდნენ. მათ აბსოლუტურად არ აინტერესებდათ ეს საქმე“ (ლინი) *.

თანამობინადრეები. . . „ისინი შეიძლება ან უახლოეს მეგობრებად, ან დაუძინებელ მტრებად გექცნენ“, — ამბობს მწერალი კევინ სქოულერი. შესაძლოა, ასეთ სიტუაციაში არ იყო, მაგრამ ცხადია, ვინმესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ნამდვილად იოლი არ არის *. თანამობინადრე სტუდენტებს შორის კონფლიქტები იმდენად ხშირ მოვლენად იქცა, რომ „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტის“ თანახმად, ბევრ სასწავლებელში ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ თანამობინადრეებს ერთმანეთთან შეწყობაში დაეხმარონ; ამისათვის „კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებელ სპეციალურ პროგრამებსა“ და სემინარებსაც კი აწყობენ.

სხვასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრება არც იმ ქრისტიანი ახალგაზრდებისთვის არის იოლი, რომლებმაც სრული დროით სამქადაგებლო საქმიანობის გამო მიატოვეს ოჯახური კერა. კარგია, გვახსოვდეს, რომ ბიბლიური პრინციპებისა და „პრაქტიკული სიბრძნის“ გამოყენებით, უმეტესწილად, შეიძლება კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლა (იგავნი 2:7, აქ).

უკეთ გაიცანით ერთმანეთი

როდესაც გადასვლით გამოწვეული აღტკინება გაგივლის, შეიძლება იგრძნო, რომ ცხოვრების ძველებური წესი გენატრება (რიცხვნი 11:4, 5). მაგრამ წარსულზე ფიქრი კარგ სამსახურს ვერ გაგიწევს, რადგან შეგუების პროცესს უფრო გაგირთულებს. ეკლესიასტეს 7:10-ში კარგი რჩევაა მოცემული: „ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას“. ეცადე, შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გააკეთო ის, რის გაკეთების უნარიც შეგწევს.

დაიწყე იქიდან, რომ უკეთ გაიცნო შენი თანამობინადრე. ისიც მართალია, რომ თანამობინადრეებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, დაქალები ან ძმაკაცები იყვნენ. ოთახის მეზობელი მაინცდამაინც ის პიროვნება არ არის, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა გქონდეს. მაგრამ, თუკი ერთად ცხოვრება მოგიწევთ, განა გონივრული არ იქნებოდა, მასთან შეძლებისდაგვარად გულითადი ურთიერთობა გქონოდა?

ფილიპელთა 2:4-ში ნათქვამია, რომ ‘მარტო საკუთარ თავზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ სხვებზეც’. დაკითხვას ნუ მოუწყობ, მაგრამ შეგეძლო დაინტერესებულიყავი შენი თანამობინადრის წარმოშობით, მისი ოჯახით, გეკითხა მისი ინტერესებისა და მიზნების შესახებ, აგრეთვე შეგეძლო გაგერკვია, თუ რა იზიდავს — რას ანიჭებს უპირატესობას. შენს შესახებაც მოუყევი. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ ერთმანეთის შესახებ, მით უფრო კარგად გაუგებთ ერთმანეთს.

დროდადრო, შეგიძლიათ რაიმეს ერთად გაკეთება დაგეგმოთ. ლი ამბობს: „ზოგჯერ ჩემს თანამობინადრესთან ერთად სადმე მივდივართ სასაუზმოდ ან მუზეუმებს ვეწვევით ხოლმე“. ქრისტიან თანამობინადრეებს კი მეგობრული კვანძების გასაძლიერებლად შეუძლიათ ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა სულიერ საქმიანობაში — მაგალითად, ერთად მოემზადონ კრების შეხვედრებისთვის ან ითანამშრომლონ ქადაგების დროს.

დავითი ამბობს: „როდესაც ჩემს თანამობინადრეს საჯარო მოხსენება აქვს, მეც მივყვები ხოლმე მხარდასაჭერად“. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკისა და სპორტის საკითხებში მას და მის თანამობინადრეს განსხვავებული გემოვნება აქვთ, სულიერისადმი სიყვარული მათ მჭიდროდ აკავშირებს. „ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სულიერ თემებზე, — ამბობს დავითი, — ასეთ საკითხებზე საათობით შეგვიძლია ლაპარაკი“.

მაგრამ გაფრთხილდი: არც იმდენად დაუახლოვდე შენს თანამობინადრეს, რომ სხვა ჯანსაღ ურთიერთობებზე უარი თქვა. თუკი ის ხედავს, რომ სადაც მიდის, შენც უნდა დაგპატიჟონ, შეიძლება თავი შეზღუდულად იგრძნოს. ბიბლია კი გვირჩევს, რომ ‘გავიფართოვოთ’ მეგობრების წრე (2 კორინთელთა 6:13, აფ).

იცხოვრე ოქროს წესის თანახმად

მას მერე, რაც ერთმანეთს გაიცნობთ, რასაკვირველია, იმასაც შეიტყობთ, თუ რა განსხვავებული ჩვევები, გემოვნება და შეხედულებები გაქვთ. ახალგაზრდა მარკი გვაფრთხილებს, რომ „არასრულყოფილების გამოვლინებებს უნდა ველოდეთ“. ეგოისტობა და სიჯიუტე დაძაბულობას წარმოქმნის. შეიძლება იმანაც დაგძაბოს, თუ ელი, რომ შენთან შესაწყობად თანამობინადრე დიდ ცვლილებებს გააკეთებს.

„უანგარო უნდა იყო და არა ეგოისტი“, — ამბობს ფერნანდო. ის მაშინ მიხვდა ამას, როდესაც სხვასთან ერთად იცხოვრა. მისი სიტყვები კარგად ასახავს ცნობილ ოქროს წესს — „ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ფერნანდოსა და მის თანამობინადრეს შორის მალევე წარმოიქმნა უთანხმოებები ოთახის ტემპერატურის გამო; მას სითბო უყვარდა, ხოლო მეორეს — სიგრილეში ძილი ერჩივნა. როგორ გადაწყდა პრობლემა? ფერნანდო ამბობს: „თბილი საბანი დავიფარე“. დიახ, როგორც მარკი გვირჩევს: „იყავი მოქნილი. ყველა ჩვევაზე უარის თქმა მაინც არ მოგიწევს, მხოლოდ ერთი-ორი უნდა დათმო“.

ოქროს წესის გამოყენება სხვა მხრივაც შეგიძლია: ეცადე, შეეგუო შენი თანამობინადრის გემოვნებას. დავუშვათ, არ მოგწონს მუსიკა, რომელსაც ის უსმენს. მაშინ მასაც შეეძლება იგივეს თქმა შენი გემოვნების შესახებ. თუკი შენი თანამობინადრის მუსიკალური ჩანაწერები ზნეობის თვალსაზრისით მისაღებია, ეცადე, შემგუებლობა გამოავლინო. ფერნანდო ამბობს: „მერჩივნა, ჩემს თანამობინადრეს სხვანაირი მუსიკა მოესმინა, მაგრამ მაინც ვეგუები მის გემოვნებას“. სხვა მხრივ კი, ერთ-ერთს შეუძლია საყურისებით მოისმინოს მუსიკა, რომ არ შეაწუხოს ოთახის მეზობელი, რომელიც, შესაძლოა, ამ დროს მეცადინეობს.

ოქროს წესის გამოყენება იმაშიც დაგეხმარებათ, რომ გვერდი აუაროთ პირადი ნივთების შესახებ უსარგებლო კამათს. მაგალითად, თუკი ჩვევად გაქვს მაცივრიდან რაიმეს უნებართვოდ აღება, მაგრამ პროდუქტების ყიდვით თავს არ იწუხებ — თანამობინადრე შეიძლება გაგინაწყენდეს. ამავე დროს, თუკი შენი თანამობინადრე შენ მიერ მოტანილ რამეს აიღებს, შენ კი გაბრაზდები ან ცივად შეხედავ — თბილ ურთიერთობას ნამდვილად ვერ დაამყარებთ. ბიბლია მოგვიწოდებს, ვიყოთ „გულუხვნი და გამზიარებელნი“ (1 ტიმოთე 6:18). თუკი ხედავ, რომ შენით სარგებლობენ, ნუ გაჩუმდები. შენი უკმაყოფილება მშვიდი და თბილი საუბრით გამოხატე.

პატივისცემით მოეპყარი სხვის პირად საკუთრებას. თავხედობა იქნებოდა სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება (იგავნი 11:2). ისიც გახსოვდეს, რომ შენს თანამობინადრეს განმარტოებაც სჭირდება. იყავი თავაზიანი; მაგალითად, მის ოთახში შესვლამდე კარზე დააკაკუნე. როდესაც თანამობინადრეს პატივისცემით ეპყრობი, ისიც ასე მოგექცევა. „ორივეს შეგვიძლია სახლში მეცადინეობა, — ამბობს დავითი, — დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საქმეს და ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. მაგრამ ზოგჯერ სამეცადინოდ ბიბლიოთეკაში მივდივარ ხოლმე, თუკი ოთახის მეზობელი სხვა რამის გაკეთებას აპირებს“.

ოქროს წესი იმასაც მოიცავს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდო ბინის ქირის დროულად გადახდას ან შენი წვლილი შეიტანო საოჯახო საქმეებში.

უთანხმოების მოგვარება

ბიბლიურ დროში ორ დიდად პატივცემულ ქრისტიანს, პავლესა და ბარნაბას, შორის „მოხდა უთანხმოება“ (საქმეები 15:39, აფ). რის გაკეთება შეიძლება, თუკი თქვენც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით? შესაძლოა, ეს უთანხმოება ხასიათის სხვადასხვაობით ან გამაღიზიანებელი ჩვევებით არის გამოწვეული. მაგრამ განა უნდა შეწყვიტოთ ერთად ცხოვრება მხოლოდ იმის გამო, რომ უთანხმოება მოგივიდათ ან ცხელ გულზე იკამათეთ? სრულიადაც არა. აშკარაა, რომ პავლემ და ბარნაბამ შეძლეს თავიანთი უთანხმოების მოგვარება. შესაძლოა, თქვენც შეძლოთ ასე მოქცევა და აღარ გადადგათ ისეთი რადიკალური ნაბიჯი, როგორიცაა სხვაგან გადასვლა. აქ მოყვანილია ზოგი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც დაგეხმარებათ.

● „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“ (ფილიპელთა 2:3).

● „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:31, 32).

● „ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24; ეფესელთა 4:26).

სარგებლობა, რომელიც ერთად ცხოვრებას მოჰყვება

ბევრმა ახალგაზრდა (და არა მხოლოდ ახალგაზრდა) ქრისტიანმა, რომლებიც სხვასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, პირადად გამოსცადეს ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვების ჭეშმარიტება: „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ“ (ეკლესიასტე 4:9). მართლაც, ბევრი ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ თანამობინადრე ჰყავდა. „ვისწავლე, უფრო უკეთ როგორ შევეწყო და შევეგუო ადამიანებს“, — ამბობს მარკი. რენე განაგრძობს: „ბევრ რამეს სწავლობ საკუთარი თავის შესახებ. ამავე დროს, თანამობინადრემ შეიძლება დადებითადაც იმოქმედებს შენზე“. ლინი აღიარებს: „ადრე ძალიან ეგოისტურად ვიქცეოდი ხოლმე, ჰოდა, როდესაც სხვასთან ერთად ცხოვრება დავიწყე, ამ ნაკლს ხშირად ვავლენდი. მაგრამ თანდათანობით მივხვდი, რომ სიჯიუტე უნდა მომეშორებინა. ახლა მესმის: თუკი ვინმე სხვანაირად იქცევა, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ის მართალი არ არის“.

მართალია, თანამობინადრესთან შეგუება და შეწყობა ადვილი როდია — ამისათვის ძალისხმევა და გარკვეულ დათმობაზე წასვლაა საჭირო. მაგრამ თუკი ძალ-ღონეს არ დაიშურებ და ბიბლიურ პრინციპებს გამოიყენებ, თანამობინადრესთან ცხოვრებას არა მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობად აქცევ — შეიძლება ძალიან კმაყოფილიც კი დარჩე იმით, რომ სხვასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 4 იხილეთ 2002 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატია „რატომ მიჭირს სხვასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?“.

[სურათი 23 გვერდზე]

სხვისი საკუთრების აღებამ შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.

[სურათი 24 გვერდზე]

ერთმანეთს პატივისცემით მოეპყარით.