არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შემწყნარებელი სამეფო შეუწყნარებლობის ეპოქაში

შემწყნარებელი სამეფო შეუწყნარებლობის ეპოქაში

შემწყნარებელი სამეფო შეუწყნარებლობის ეპოქაში

„ყველას შეუძლია ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აირჩიოს რელიგია და თავისუფლად დაუჭიროს მხარი თავისი რელიგიის მქადაგებლებს“.

თქვენი აზრით, როდის დაიწერა ეს სიტყვები? ბევრი ჩათვლიდა, რომ ეს სიტყვები ზოგიერთი ქვეყნის ახლანდელი კონსტიტუციიდან ან ადამიანის უფლებათა დაცვის რომელიმე კონვენციიდან არის აღებული.

მაგრამ, შეიძლება გაგაოცოთ იმ ფაქტმა, რომ ეს დეკლარაცია 400 წელზე მეტი ხნის წინათ იყო მიღებული — და თანაც ისეთ ქვეყანაში, რომელიც, რაღაც გაგებით, შეუწყნარებლობის აბობოქრებული ზღვით გარემოცულ შემწყნარებლობის კუნძულს ჰგავდა. რომელ ქვეყანაზეა საუბარი? მანამ, სანამ ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ ის ეპოქა.

შეუწყნარებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა

რელიგიურმა შეუწყნარებლობამ შუა საუკუნეებში მძლავრად მოიკიდა ფეხი, XVI საუკუნეში კი უფრო შემაძრწუნებელი ძალით იჩინა თავი. რელიგიურ ნიადაგზე გაღვივებული სიძულვილის გამო ხდებოდა საზარელი სისხლისმღვრელი ომები გერმანიაში, ინგლისში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. 1520—1565 წლებში დასავლეთის ქვეყნებში, რომლებიც ქრისტიანულ სამყაროს მიეკუთვნებოდნენ, 3 000-მდე ადამიანი ერეტიკოსად შერაცხეს და სიკვდილით დასაჯეს. თუკი ვინმე რაიმე პრინციპებსა და შეხედულებებს ეჭვის თვალით უყურებდა — განსაკუთრებით კი რელიგიის სფეროში — მას თითქმის ყოველთვის მტრად მიიჩნევდნენ.

კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი სწავლება, რომელიც დიდ კამათს იწვევდა, იყო სამების დოგმატი — ამ სწავლების თანახმად ღმერთი სამპიროვნულია. ისტორიკოსი ერლ მორს უილბური ამბობს, რომ სამების დოგმატის გამო „შუა საუკუნეებში კათოლიკე თეოლოგებს შორის ცხარე დებატები იმართებოდა და ამ დებატებში თვით პაპებიც კი ერთვებოდნენ ხოლმე“. ეს დებატები იშვიათად თუ აღწევდა ჩვეულებრივი მოკვდავის ყურამდე, რომლისგანაც ითხოვდნენ, რომ ყველა ასეთი მოძღვრება სარწმუნოდ მიეღო — როგორც „წმინდა საიდუმლოება“.

მაგრამ ზოგი XVI საუკუნეში ტრადიციის წინააღმდეგ წავიდა და ამ საიდუმლოებებისთვის ფარდის ახდის მიზნით წმინდა წერილის გამოკვლევა დაიწყო. მათი დევიზი იყო „სოლა სკრიპტურა“ (მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილები). ზოგ მათგანს, ვინც სამების სწავლებას ეწინააღმდეგებოდა, მოგვიანებით, ტრინიტარიებისგან (სამების დოგმატის მომხრეებისგან) განსასხვავებლად, უნიტარიები უწოდეს. ეს უკანასკნელნი კათოლიკებისა და პროტესტანტების მიერ ხშირად სასტიკად იდევნებოდნენ. თავიანთ წიგნებს, რომლებიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ფსევდონიმებით გამოსცემდნენ, თავად კი იმალებოდნენ. ანტიტრინიტარიები შემწყნარებლობისთვის ბრძოლაშიც პირველ რიგებში იყვნენ. ზოგიერთს, როგორც მაგალითად, ესპანელ თეოლოგ მიგელ სერვეტს, თავისი მრწამსი სიცოცხლის ფასად დაუჯდა *.

შემწყნარებლობის დევიზით გაერთიანებულნი

რელიგიური ომების გაჩაღებისა თუ სხვაგვარად მოაზროვნეების შევიწროების ნაცვლად ერთი ქვეყანა ამ საკითხს სრულიად სხვაგვარად მიუდგა. ეს იყო ტრანსილვანია — წინათ ავტონომიური სამთავრო, დღეს კი რუმინეთის (აღმოსავლეთ ევროპა) ერთ-ერთი ოლქი. უნგრელი ისტორიკოსი კატალინ პეტერი ამბობს, რომ ტრანსილვანიის დედოფალი იზაბელა „რელიგიურ კონფლიქტებში არ ერეოდა და ყველა კონფესიის დამცველად გამოდიოდა“. 1544—1574 წლებში ტრანსილვანიის საკანონმდებლო ორგანომ — პარლამენტმა, 22 კანონი მიიღო რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

1557 წელს, მაგალითად, ქალაქ ტორდას საკანონმდებლო ორგანოს მიბაძვით, დედოფალმა თავის ვაჟთან ერთად შემდეგი განკარგულება გასცა: „ყველას თავისი ნებისამებრ [შეუძლია] აირჩიოს რელიგია, რომელსაც ძველი თუ ახალი რიტუალები ახლავს. ვიძლევით იმის უფლებას, რომ, რაც შეეხება რწმენის საკითხს, ყველაფერი თავად გადაწყვიტონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი ქმედებით არავინ არ დაშავდება“. ამ კანონს უწოდეს „პირველი კანონი, რომელიც რელიგიის თავისუფლების გარანტიას იძლეოდა“. რელიგიურმა შემწყნარებლობამ ტრანსილვანიაში ზენიტს მიაღწია იზაბელას ვაჟის, მეფე იანოშ II სიგიზმუნდის მმართველობის დროს, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ქვეყნის უშუალოდ მართვის სადავეები 1559 წელს აიღო ხელში.

საჯარო დებატები

ანტიტრინიტარული მოძრაობის კიდევ ერთი გამოჩენილი ფიგურა ტრანსილვანიაში იყო იტალიელი ფიზიკოსი, ჯორჯო ბიანდრატა. ეჭვები სამების დოგმატის მართებულობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მას ჯერ კიდევ იტალიასა და შვეიცარიაში ყოფნისას გაუჩნდა, სადაც ანტიტრინიტარიების ბევრმა ლტოლვილმა მიმდევარმა შეაფარა თავი. პოლონეთში გადასვლის შემდეგ მან დიდი წვლილი შეიტანა „უმცირესობის ეკლესიის“ განვითარებაში, რომელიც მოგვიანებით „პოლონელი ძმების“ სახელით გახდა ცნობილი *. 1563 წელს ის სიგიზმუნდის პირად ექიმად და მრჩეველად დაინიშნა და ტრანსილვანიაში გაემგზავრა.

სხვა გამოჩენილი ფიგურა ტრანსილვანიაში, რომელმაც სამების დოგმატი ეჭვქვეშ დააყენა, იყო ფერენც დავიდი, რეფორმატორული ეკლესიის მეთვალყურე და სამეფო კარის მქადაგებელი. სამების რთული და ბუნდოვანი სწავლებების შესახებ ის წერდა: „თუ ყოველივე ამის ცოდნა აუცილებელია გადარჩენისთვის, ცხადია, რომ მაშინ ვერც ერთი ღარიბი ქრისტიანი გლეხი ვერ გადარჩება, ვინაიდან ვერასოდეს ჩასწვდება ამ სწავლებებს“. დავიდმა და ბიანდრატამ ერთობლივად გამოაქვეყნეს წიგნი, რომელშიც სერვეტის ნაშრომებიდანაც ზოგი რამ შევიდა; ეს წიგნი მათ სიგიზმუნდს მიუძღვნეს.

სამებასთან დაკავშირებული პოლემიკა სულ უფრო და უფრო ფართო ხასიათს იძენდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ საკითხზე საჯარო დებატების გამართვა გახდა საჭირო. პრინციპის „სოლა სკრიპტურას“ ერთგულმა ბიანდრატამ მოითხოვა, რომ ასეთ დებატებში მიემართათ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილისთვის და არავითარ შემთხვევაში — ფილოსოფიისთვის. 1566 წელს გამართულ დებატზე ეს საკითხი მაინც ამოუწურავი დარჩა, რის შემდეგაც მეფე სიგიზმუნდმა ანტიტრინიტარიებს საბეჭდი დაზგა გადასცა, რათა მათ თავიანთი იდეების გავრცელება შეძლებოდათ.

ბიანდრატა და დავიდი მთელი მონდომებით შეუდგნენ მათ წინაშე არსებული ამოცანის გადაწყვეტას, მათ გამოსცეს წიგნი De falsa et vera unius Dei Patris, Filii, et Spiritus Sancti cognitione (სიცრუე და ზუსტი შემეცნება მამა ღმერთის, ძისა და სულიწმიდის კავშირის შესახებ). წიგნში იმ პირთა ისტორიული გამოკვლევებიც შედიოდა, ვინც უარყოფდა სამების დოგმატს. წიგნის ერთ-ერთ თავში წარმოდგენილი იყო სურათები, რომლებიდანაც ჩანდა, თუ როგორ ასახავდნენ სამებას სხვადასხვა ეკლესიის ფრესკებზე, ხატებსა თუ ქანდაკებებზე; ეს სურათები აშკარად სამების გამოხატვის მანერის დასაცინად იყო გამიზნული. დავიდისა და ბიანდრატას მოწინააღმდეგეებს ელდა ეცათ — ისინი ამბობდნენ, რომ წიგნში შეტანილი სამების გამოსახულებები აღმაშფოთებელი იყო და ცდილობდნენ, ყველა დაბეჭდილი ეგზემპლარი გაენადგურებინათ. კამათი ამ წიგნის გამო უფრო და უფრო ფართო ხასიათს იძენდა, რის საპასუხოდაც სიგიზმუნდმა მოწინააღმდეგე მხარეებს მეორე დებატი გაამართვინა.

ერთიანობის გამარჯვება

ეს დებატი 1568 წლის 3 მარტს დილის ხუთ საათზე დაიწყო. ოპონენტები ლათინურად საუბრობდნენ, თავად ამ დებატმა კი ათი დღე გასტანა. ტრინიტარიების ინტერესებს იცავდა პეტერ მელიუსი, ტრანსილვანიის რეფორმატორული ეკლესიის წინამძღოლი. თავიანთ გამოსვლებში ის და სამების დოგმატის სხვა მომხრეები ეყრდნობოდნენ თავიანთ მოძღვრებას, ეკლესიის მამების წერილებს, ორთოდოქსულ თეოლოგიასა და ბიბლიას. საპირისპირო მხარის ინტერესების დამცველი დავიდი კი მხოლოდ ბიბლიას მიმართავდა. დავიდი ამბობდა, რომ მამა არის ღმერთი, ძე — მამასთან მყოფი პიროვნება, ხოლო სულიწმიდა — ღვთის ძალა. რელიგიური საკითხებით დიდად დაინტერესებულმა სიგიზმუნდმაც მიიღო მონაწილეობა ამ კამათში — მისი ღრმა რწმენით, მხოლოდ ასე შეიძლებოდა ჭეშმარიტების გამორკვევა. მისი დასწრება იმის გარანტიას იძლეოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს თავისუფლად და გულწრფელად შეეძლოთ თავიანთი აზრის გამოთქმა, თუკი ზოგჯერ კამათი გაცხარდებოდა.

დებატი ანტიტრინიტარიების გამარჯვებით დასრულდა. თავის სამშობლოში, ქალაქ კოლოშვარში (ამჟამინდელი კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) დავიდს ისე შეხვდნენ, როგორც გმირს. ტრადიციის თანახმად, ჩამოსვლისთანავე ის ქუჩის კუთხეში, დიდ ლოდზე დადგა და თავისი მრწამსის შესახებ იმდენად დამაჯერებლად ილაპარაკა, რომ საკუთარი სიტყვების სიმართლეში ყველა მსმენელი დაარწმუნა.

მოქცევა და სიკვდილი

ზემოხსენებული დებატები იმართებოდა ლათინურ ენაზე — ენაზე, რომელიც მხოლოდ განათლებულებს ესმოდათ. მაგრამ დავიდს სურდა, რომ თავისი ცნობა ხალხისთვისაც გადაეცა. ამიტომაც, სიგიზმუნდის ნებართვით, მომდევნო დებატი გაიმართა უნგრულ ენაზე ნაჟვარადში (ამჟამინდელი ორადია, რუმინეთი). ეს მოხდა 1569 წლის 20 ოქტომბერს. და აი, ახლაც, სიგიზმუნდი ორი მხარის შუამავლის როლში გამოდიოდა.

ტრინიტარიების წარმომადგენელმა პეტერ მელიუსმა განაცხადა, რომ წინა ღამით ხილვა ჰქონდა — თითქოს უფალმა მას თავისი ჭეშმარიტი ბუნება გაუმხილა. მეფემ უთხრა: „მოძღვარო პეტერ! თუკი მხოლოდ წინა ღამეს გაიგეთ, თუ ვინ ყოფილა ძე ღვთისა, მაშ, გეკითხებით, აქამდე რას ქადაგებდით? გამოდის, რომ დღემდე თქვენ ატყუებდით ხალხს!“. და როდესაც მელიუსი შეეკამათა დავიდს, სიგიზმუნდმა სიტყვა შეაწყვეტინა და შეახსენა, რომ „რწმენა ღვთის ძღვენია“ და რომ „არ შეიძლება სარწმუნოებაზე ძალდატანებით მოქცევა“. თავის დასკვნით სიტყვაში მეფემ თქვა: „მოვითხოვთ, რომ ჩვენი მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე რწმენის თავისუფლება იყოს“.

დებატის შემდეგ სიგიზმუნდი და მისი სამეფო კარის წევრთა უმრავლესობა უნიტარიებს მიემხრნენ. 1571 წელს გამოსულმა სამეფო ედიქტმა უნიტარიების ეკლესია კანონით აღიარა. ტრანსილვანია ის ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელშიც უნიტარიები კათოლიკების, ლუთერანებისა და კალვინისტების გვერდით ერთ საფეხურზე იდგნენ, სიგიზმუნდი კი ის ერთადერთი მეფე, რომელმაც ანტიტრინიტარიების რწმენა გაიზიარა. სამწუხაროდ, ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ დავიდთან და ბიანდრატასთან ერთად სანადიროდ წასული 30 წლის მეფე დაიჭრა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

ტახტზე მის ნაცვლად ასულმა სტეფან ბატორიმაც, რომელიც კათოლიკე იყო, სახელმწიფოში აღიარებული რელიგიების დაცვის ბრძანებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუმცა ახსენა, რომ შემდგომ ცვლილებებს შეეწინააღმდეგებოდა. თავიდან სტეფანმა თქვა, რომ ის ხალხის მმართველი იყო და არა მათი რწმენისა, მაგრამ მალევე აკრძალა წიგნების გამოცემა, არადა ზუსტად ეს იყო რელიგიური მრწამსის გაზიარების ძირითადი საშუალება. დავიდმა დაკარგა თავისი მდგომარეობა, სხვა უნიტარიებიც მოიშორეს სამეფო კარიდან და მათაც დააკარგვინეს მაღალი წოდებები.

როდესაც დავიდმა დაიწყო იმის სწავლება, რომ ქრისტესთვის თაყვანი არ უნდა ეცათ, გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც მას ეკრძალებოდა ქადაგება. ამ აკრძალვის მიუხედავად მომდევნო კვირადღეს დავიდმა ორჯერ იქადაგა. ის დაიჭირეს, რელიგიური „ნოვატორობის“ ბრალდება წაუყენეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1579 წელს ის მიწისქვეშა საპყრობილეში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დავიდმა თავისი საკნის კედელზე შემდეგი სიტყვები დაწერა: „ვერც სამღვდელოების მახვილი. . . და ვერც სიკვდილის მუქარა ვერ შეაჩერებს ჭეშმარიტების სვლას. . . მე მჯერა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ცრუ წინასწარმეტყველთა სწავლებები დაიმსხვრევა“.

მეფის მაგალითი

მეფე იანოშ სიგიზმუნდი ხელს უწყობდა მეცნიერების, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. მისი სიცოცხლე ხანმოკლე იყო და ის ხშირად ავადმყოფობდა. გარდა ამისა, მისი მმართველობის დროს მას შინ თუ გარეთ საშიშროება ემუქრებოდა — მის ქვეყანაშივე სულ მცირე, ცხრაჯერ მაინც მოუწყვეს შეთქმულება, უცხოელები კი აჯანყებების სულისჩამდგმელებად ევლინებოდნენ. ამ შემწყნარებელ მეფეს ხშირად მკაცრად ადანაშაულებდნენ თავისი რელიგიური შეხედულებების გამო. ერთ-ერთმა მისმა მოწინააღმდეგემ მოგვიანებით თქვა, რომ მეფე „უეჭველად, ჯოჯოხეთში მოხვდებოდა“.

ისტორიკოსი უილბური ობიექტურად აფასებს იმ ეპოქას: „იმ წელს, როდესაც მეფე იანოშმა [სიგიზმუნდმა] უკანასკნელი ბრძანებულება გასცა, რომლის თანახმადაც ყველაზე უკიდურეს რეფორმატორულ სექტებსაც კი რელიგიის თავისუფლების სრული გარანტია ეძლეოდათ, პროტესტანტი თეოლოგები ჯერაც განადიდებდნენ კალვინს სერვეტის ცოცხლად დაწვის გამო, ინკვიზიცია ნიდერლანდელი პროტესტანტების სისხლით იყო გასვრილი, . . . და ჯერ კიდევ 40 წელზე მეტი იყო გასასვლელი მანამ, სანამ ინგლისში აიკრძალებოდა ადამიანების ცოცხლად დაწვა მცდარი რელიგიური შეხედულებების გამო“.

მართლაც, როგორც ერთმა კომენტატორმა აღნიშნა, „რა სტანდარტებითაც უნდა მიუდგე — თუნდაც თავისივე დროის სტანდარტებით — მეფე იანოშ სიგიზმუნდი შესანიშნავი მმართველი იყო. . . შემწყნარებლობა მან თავისი მეფობის ამოსაცნობ ნიშნად აქცია“. მას ესმოდა, რომ რელიგიური მშვიდობა სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა, ამიტომაც გახდა სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მხურვალე დამცველი.

და დღეს, როდესაც რელიგიური შეუწყნარებლობა ჯერაც ბობოქრობს, კარგი იქნებოდა, დავფიქრებულიყავით დიდი ხნის წინათ არსებულ პატარა სამეფოზე. მცირე ხნის განმავლობაში ტრანსილვანია მართლაცდა შეუწყნარებლობის ეპოქაში მოვლენილი შემწყნარებელი სამეფო იყო.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იხილეთ 1990 წლის 8 ოქტომბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვ. 28—31 (რუს.).

^ აბზ. 13 იხილეთ 2000 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—23.

[ჩანართი 28 გვერდზე]

„არ შეიძლება სარწმუნოებაზე ძალდატანებით მოქცევა. . . მოვითხოვთ, რომ ჩვენი მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე რწმენის თავისუფლება იყოს“ (მეფე იანოშ II სიგიზმუნდი).

[სურათები 26, 27 გვერდებზე]

ჯორჯო ბიანდრატა

გვერდები ბიანდრატასა და დავიდის მიერ გამოცემული წიგნიდან; აქვეა ორი სურათი, რომლებმაც ტრინიტარიები აღაშფოთა.

ფერენც დავიდი ტორდას საკანონმდებლო ორგანოს წინ.

[საავტორო უფლება]

Two Trinity line drawings: © Cliché Bibliothèque nationale de France, Paris; all other photos: Országos Széchényi Könyvtár

[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]

Pages 2 and 28: Országos Széchényi Könyvtár