მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ნაადრევი სიყვარული. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“, გამოქვეყნებული სტატიისთვის „რა არის ცუდი ნაადრევ სიყვარულში?“ (8 იანვარი, 2002). ამას წინათ, დედაჩემს სწორედ ამის შესახებ ვეკითხებოდი, რა დაშავდება, მეც რომ რომელიმე ბიჭთან დავიწყო ახლო ურთიერთობა-მეთქი? კი ვიცოდი პასუხი, მაგრამ მინდოდა უფრო მეტად დავრწმუნებულიყავი საკუთარ თავში. როდესაც ეს სტატია წავიკითხე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს იეჰოვას ჩემი ფიქრები წაეკითხოს. სტატიამ მეტი სიმტკიცე შემატა ჩემს გადაწყვეტილებას, რომ არავისთან დავიწყო შეხვედრა, სანამ ქორწინებისთვის მზად არ ვიქნები. ყოველთვის მსიამოვნებს ის, რომ თქვენს სტატიებს ასე დროულად ვიღებთ! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
ლ. ფ. (შეერთებული შტატები)
სტატია სულმოუთქმელად წავიკითხე. ის ძალიან გამამხნევებელი იყო. ახლა მეცხრე კლასში ვარ და საპირისპირო სქესის ადამიანებთან მეგობრობის ცდუნება მართლაც დიდია. ჩვენს სკოლაში თითქმის ყველას შეყვარებული ჰყავს და ისინი ხშირად მახსენებენ, რომ მე არავის ვხვდები. ასე რომ, ეს სტატია მართლაც საჭირო იყო! ასეთი სტატიები გვეხმარება, ყოველთვის ნათლად გვახსოვდეს ბიბლიაში მოცემული გონივრული რჩევები.
ჯ. რ. (ფინეთი)
მე 16 წლისა ვარ და ამ ასაკში საპირისპირო სქესის ადამიანებთან მეგობრობის სურვილი — თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ დაგაფასონ და შეგამჩნიონ — ძალიან დიდია. მაგრამ მე სერიოზულად ვიფიქრე ამაზე და ახლა მესმის, რომ ვიდრე ვინმესთან შეხვედრას დაიწყებდე, მნიშვნელოვანია, ჯერ საკმაოდ მოწიფული გახდე საამისოდ. ეს სხვადასხვა საფრთხის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება და არც იმ პასუხისმგებლობებს ავიღებთ საკუთარ თავზე, რომლებსაც ჯერ ვერ გავართმევდით თავს.
ა. ჯ. (იტალია)
მე 16 წლისა ვარ. ეს სტატია დროული იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვისაც. რადგანაც გვესმის, რომ ნაადრევი სიყვარული სახიფათოა, დავჯექით და ერთად წავიკითხეთ. სტატია სიყვარულის ნამდვილ არსში ჩაწვდომასა და მასზე ბიბლიის თვალსაზრისის გაგებაშიც დაგვეხმარა. დასკვნითმა ნაწილმა დამანახვა, რომ თუ არ ავჩქარდები, საშუალება მომეცემა, სულიერად გავიზარდო, და ამ წინსვლისთვის „სიყმაწვილის ასაკს“ გამოვიყენებ (1 კორინთელთა 7:36).
რ. ლ. ვ (შეერთებული შტატები)
ფიზიკურად შეურაცხყოფილი ქალები. მადლობა სტატიათა სერიისთვის „დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ“ (8 ნოემბერი, 2001). მე-3 გვერდზე მოცემული სათაური „იქნებ ამჯერად მაინც შეიცვალოს“ კარგად ასახავს იმ მოლოდინს, მე რომ წლების განმავლობაში მქონდა. შემიძლია დავადასტურო, რომ ის, რასაც მე-4 გვერდზე ამბობთ, მართალია: მსხვერპლის ნაცვლად ხშირად თავდამსხმელს ეკიდებიან თანაგრძნობით.
ს. მ. (გერმანია)
სტატიათა ეს სერია დიდი სითბოთი იყო დაწერილი. პირველი გვერდიდანვე ქვითინი ამივარდა (და დარწმუნებული ვარ, ბევრს დაემართა ასე) იმიტომ, რომ ის გაჭირვება და ტკივილი გამახსენდა, რომლებთან გამკლავებაც ერთ დროს მიწევდა. ძალიან მომეწონა ის აზრი, რომ იეჰოვას თვალში თითოეული ჩვენგანი ძვირფასია. როგორც სრული დროით მქადაგებელმა, შევნიშნე, რომ იქ, სადაც მე ვქადაგებ, ხალხი სიამოვნებით კითხულობს ამ სტატიებს. ჟურნალების დამატებით შეკვეთაც კი მომიწია. დიდი მადლობა ამ ძვირფასი ინფორმაციისთვის.
კ. ჯ. (ავსტრალია)