მოზარდების გამოუძინებლობა — უნდა გვაფიქრებდეს თუ არა?
მოზარდების გამოუძინებლობა — უნდა გვაფიქრებდეს თუ არა?
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან კანადაში
არასაკმარისი ძილი გონებრივი შესაძლებლობებისა და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს, ხოლო, ამ მხრივ, ყველაზე დიდი რისკის წინაშე ახალგაზრდა მოსწავლეები დგანან, — ნათქვამია კანადაში გამომავალ გაზეთში „გლოუბ ენდ მეილი“. — გარდა ამისა, თუ ბავშვებსა და მოზარდებს ძილი აკლიათ, ეს უარყოფითად მოქმედებს მათ ყოფაქცევაზე, ისინი გაღიზიანებულები და მოუსვენრები ხდებიან“. სპეციალისტები აკვირდებოდნენ საშუალო სკოლის 2 200 მოსწავლის ძილს და გამოარკვიეს, რომ მათგან დაახლოებით 47 პროცენტს ყოველ ღამე რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები ეძინა.
ხშირად, ახალგაზრდების გამოუძინებლობის მიზეზი მათი ცხოვრების სტილია, მაგრამ „ზოგს, ამასთანავე, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც ჰქონდეს და არც კი იცოდეს ამის შესახებ, — ნათქვამია გაზეთში. — ძილში სუნთქვის გაძნელება 4-დან 18 წლამდე ბავშვების 4 პროცენტს მაინც ემართება“. ძილის დროს ცხვირხახის ჰაერგამტარი გზა ნაწილობრივ ან მთლიანად იკეტება, რის გამოც ჟანგბადი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება ორგანიზმს. ამრიგად, ტვინი სრულფასოვნად ვერ ისვენებს და ბავშვი ცუდ გუნებაზე, დაღლილი იღვიძებს.
ამ დარღვევის სიმპტომები შეიძლება იყოს ძილის დროს ხვრინვა და ქოშინი, ხშირი თავის ტკივილები დილაობით, მეხსიერების დაქვეითება და გულისყურის მოკრების გართულება, აგრეთვე განუწყვეტლივ ძილის უზომოდ მორევა დღის საათებში. კარგი იქნება, რომ მშობლებმა ხანდახან ყური მიუგდონ ღრმა ძილში მყოფ ბავშვებს. როგორც მონრეალის ბავშვთა საავადმყოფოს სპეციალისტი ძილის დარღვევათა საკითხში, დ-რი რობერტ ბრუიეტი ამბობს, ზემოხსენებული პრობლემის მქონე ბავშვის გულმკერდი, მოსალოდნელია, ძილის დროს ჩვეულებრივ ადი-ჩადიოდეს, მაგრამ ამ დროს მას შეიძლება სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდეს. „სუნთქვის ასეთი შეწყვეტა ნერვულ აღგზნებას იწვევს, რის გამოც ბავშვი მთლიანად ან ნაწილობრივ იღვიძებს, რამდენჯერმე ჩაისუნთქავს და შემდეგ კვლავ ჩაიძინებს“. მსგავსი რამ შეიძლება ასჯერ და მეტჯერაც კი განმეორდეს ყოველღამე, რის გამოც გაღვიძებისას ბავშვი ძალაგამოცლილი და მოთენთილია.
როგორც ამერიკაში არსებული ძილის დარღვევათა შემსწავლელი ცენტრი გვირჩევს, კარგი იქნება, თუ საწოლ ოთახს სიგრილეს შევუნარჩუნებთ, ჩავაბნელებთ და ისეთ მოსაცდენ საშუალებებსაც არ დავდგამთ, როგორებიცაა ტელევიზორი და კომპიუტერი. გარდა ამისა, კარგად გამოძინებაში ბავშვებსა და მოზარდებს დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწოლა და ადგომაც დაეხმარებათ. ზოგი, ვისაც ძილში სუნთქვა ეკვრის, ჰაერგამტარი გზების ფუნქციონირებისთვის ხელშემწყობ სპეციალურ აპარატს იყენებს. ეს მოწყობილობა მსუბუქად უბერავს ჰაერს ნესტოებსა და პირის ღრუში, რის წყალობითაც სასუნთქი გზები ღია რჩება ძილის დროს. აი, რა თქვა ერთმა პედიატრმა: „ის, თუ როგორ გვძინავს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ვჭამთ. ძილი ფიზიკურ ვარჯიშზე მნიშვნელოვანიცაა. ძილზეა დამოკიდებული ჰორმონების გამომუშავება, ემოციები და ჩვენი იმუნური სისტემის სიმტკიცე“.