რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ძალადობაზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ძალადობაზე?
ძალადობა ფართოდაა გავრცელებული და სხვადასხვა სახით ვლინდება. ომზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ძალადობა თავს იჩენს სკოლაში, სამსახურში, სპორტის სამყაროში, ბანდებს შორის. ძალადობის გამოვლენა შეიძლება ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებასაც მოჰყვეს და მისი წყარო შესაძლოა გართობის სხვადასხვა სახეობაც კი იყოს. როგორც ჩანს, ძალადობა ბევრ ოჯახშიც კი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მაგალითად, ახლახან ჩატარებული გამოკვლევით გამოვლინდა, რომ კანადაში 1 200 000 მამაკაცსა და ქალს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკუთარმა მეუღლემ, სულ მცირე, ერთხელ მაინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სხვა გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ მამაკაცების 50 პროცენტი, რომლებიც ცოლებს სცემდნენ, ბავშვებსაც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
ცხადია, ძალადობის ასეთი გამოვლინებები თქვენც ისევე გაშფოთებთ, როგორც ხალხის უმრავლესობას. მაგრამ, ძალადობა დღევანდელი შოუ-ბიზნესის მრავალი პროდუქციის მნიშვნელოვან და განუყოფელ ნაწილად არის ქცეული. მაყურებლის მოხიბვლას მხოლოდ ძალადობის გამოგონილი კინო-კადრებით კი არ ცდილობენ, არამედ ტელევიზიით ცხოვრების სინამდვილიდან აღებულ ძალადობის სცენებსაც აჩვენებენ. მრავალ ქვეყანაში უზომოდ პოპულარულია კრივი და ძალადობის ელემენტების შემცველი სპორტის სხვა სახეობები. მაგრამ, საინტერესოა, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ძალადობაზე?
ძალადობას დიდი ხნის ისტორია აქვს
ძალადობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ადამიანის მიერ ძალადობის გამოვლენის პირველი შემთხვევა ბიბლიაში დაბადების 4:2—15-შია ჩაწერილი. კაენს, ადამისა და ევას უფროს ვაჟს, თავისი ძმის, აბელისა, შეშურდა და განზრახ მოკლა იგი. როგორ მოიქცა ღმერთი? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვა ღმერთმა მკაცრად დასაჯა კაენი თავისი ძმის სიცოცხლის ხელყოფისთვის.
დაბადების 6:11-ში ვკითხულობთ, რომ ამ შემთხვევიდან 1 500-ზე მეტი წლის შემდეგ, დედამიწა სავსე იყო «უსამართლობით [„ძალადობით“, აქ]». ამ შემთხვევაში როგორღა მოიქცა ღმერთი? მან უბრძანა მართალ ნოეს, რომ კიდობანი აეშენებინა, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, როცა იეჰოვა წარღვნას მოავლენდა დედამიწაზე და მოძალადე საზოგადოებას ‘გაწყვეტდა’ (დაბადება 6:12—14, 17). მაგრამ რა იყო მიზეზი იმისა, რომ ხალხი ასე ძლიერ იყო მიდრეკილი ძალადობისკენ?
დემონების გავლენა
ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ ღვთის ზოგმა შვილმა, რომლებიც ურჩი ანგელოზები გახდნენ, ხორცი შეისხეს, ქალები შეირთეს ცოლად და შვილები ეყოლათ (დაბადება 6:1—4). ნეფილიმებად ცნობილი მათი შთამომავლები ბუმბერაზი და სახელოვანი მამაკაცები იყვნენ. თავიანთი მამების გავლენით, რომლებიც დემონები იყვნენ, ისინი მოძალადე ჩხუბისთავებად იქცნენ. წარღვნისას, როცა დედამიწა წყალმა დაფარა, ეს ბოროტი ჩხუბისთავები განადგურდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, დემონებმა მოიშორეს ადამიანური სხეული და კვლავ სულიერ სფეროს დაუბრუნდნენ.
ბიბლია ნათელყოფს, რომ მას შემდეგ ეს ურჩი ანგელოზები უდიდეს გავლენას ახდენენ ადამიანებზე (ეფესელთა 6:12). მათ წინამძღოლს, სატანას, ბიბლიაში პირველი „კაცისმკვლელი“ ეწოდება (იოანე 8:44). ამიტომ, ძალადობას, რომელიც დედამიწაზე ვლინდება, მართებულად შეიძლება ეწოდოს დემონური ან სატანური.
ბიბლია გვაფრთხილებს ძალადობის მაცდურ ძალაზე. იგავნის 16:29-ში ნათქვამია: „მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცთუნებს და უკეთური გზით ატარებს“. ამ მხრივ დღეს ბევრი ადამიანი აცდუნეს — მათ ძალადობის გამართლება, მისთვის ხელშეწყობა და თვით ძალადობრივი საქმეების ჩადენაც კი დაიწყეს. გარდა ამისა, მილიონობით ადამიანია შეტყუებული გართობის ისეთი სახეობების მახეში, რომლებიც ძალადობას განადიდებს. ფსალმუნის 72:6-ში ჩაწერილი სიტყვები ზუსტად მიესადაგება დღევანდელ თაობას. ფსალმუნმომღერალი ამბობს: „მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს“.
ღმერთს სძულს ძალადობა
როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები ძალადობით სავსე მსოფლიოში? ის, რასაც ბიბლია გვატყობინებს იაკობის ვაჟების, სიმონისა და ლევის, შესახებ, ჩვენთვის კარგი სახელმძღვანელო მაგალითი იქნება. მათმა დამ, დინამ, უზნეო შექემელ ხალხთან დაიწყო ურთიერთობა. რა მოჰყვა ამას შედეგად? ის, რომ დინა ერთმა შექემელმა მამაკაცმა გააუპატიურა. სამაგიეროს გადახდის მიზნით, სიმონმა და ლევიმ უმოწყალოდ ამოხოცეს ყველა შექემელი მამაკაცი. მოგვიანებით, ღვთივშთაგონებულმა იაკობმა თავისი ვაჟების დაუოკებელი რისხვა ასეთი სიტყვებით დაწყევლა: „სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული! მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა“ (დაბადება 49:5, 6).
ქრისტიანები ითვალისწინებენ ამ სიტყვებს და თავს არიდებენ მათთან ურთიერთობას, ვინც ხელს უწყობს ან თავად სჩადის ძალადობას. აშკარაა, რომ ღმერთს სძულს ძალადობის მომხრეები. ბიბლიაში ნათქვამია: „უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 10:5). წმინდა წერილები ქრისტიანებს შეაგონებს, რომ ყოველგვარ დაუოკებელ რისხვას, მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფასაც, მოერიდონ (გალატელთა 5:19—21; ეფესელთა 4:31).
შეწყდება ოდესმე ძალადობა?
ძველად მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა, აბაკუმმა, იეჰოვა ღმერთს ჰკითხა: „როდემდის უნდა. . . შემოგჩიოდე ძალადობის გამო?“ (აბაკუმი 1:2). შეიძლება, თქვენც დაგბადებიათ მსგავსი კითხვა. ღმერთი დაჰპირდა აბაკუმს, რომ „ბოროტეულს“ მოსპობდა (აბაკუმი 3:13). ესაიას წინასწარმეტყველური წიგნიც იმედს გვაძლევს. აი, რას გვპირდება ღმერთი: „აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა — შენს საზღვრებში“ (ესაია 60:18).
იეჰოვას მოწმეები დარწმუნებული არიან, რომ ძალიან მალე ღმერთი დედამიწაზე ძალადობის ყველა ფორმასა და მის მხარდამჭერებს მოსპობს. იმ დროს, იმის ნაცვლად, რომ ძალადობით იყოს სავსე, ‘ქვეყანა უფლის დიდების ცოდნით აივსება, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული’ (აბაკუმი 2:14).
[სურათი 24 გვერდზე]
ძალადობას მაშინ მიეცა დასაბამი, როცა კაენმა აბელი მოკლა.