არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ძეგლი თვით ეშმაკსაც კი დაუდგეს“

„ძეგლი თვით ეშმაკსაც კი დაუდგეს“

„ძეგლი თვით ეშმაკსაც კი დაუდგეს“

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ესპანეთში

ესპანეთის ქალაქ მადრიდში ძალიან უჩვეულო ქანდაკება დგას. მისმა გარეგნულმა იერმა და სახელწოდებამ — „ზნედაცემული ანგელოზი“ — შეიძლება დიდად ვერ გააკვირვოს შემთხვევითი მნახველი. მაგრამ, თუ უფრო კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ეს სინამდვილეში სატანა ეშმაკის ძეგლია!

ესპანეთის, ტრადიციული კათოლიკური ქვეყნის, სტუმრები ანგელოზების ან „წმინდანთა“ — და არა დემონთა მმართველის — ქანდაკებების ნახვას ელიან. მაგრამ, რიკარდო ბელვერმა, XIX საუკუნეში მცხოვრებმა ესპანელმა მოქანდაკემ, ტრადიციის დარღვევა გადაწყვიტა. მას წაკითხული ჰქონდა ჯონ მილტონის ეპიკური პოემა „დაკარგული სამოთხე“, რომელშიც სიამაყისა და დაუმორჩილებლობის გამო სატანის ციდან გადმოგდების შესახებ იყო მოთხრობილი. ბელვერმა 1874 წელს დაასრულა მონუმენტზე მუშაობა, რომელიც ამ საოცარ და მნიშვნელოვან მოვლენას ასახავდა.

ბელვერმა ეშმაკი არ გამოსახა რქებით და მხეცისმაგვარ არსებად, რითაც გვერდი აუარა სატანის გამოსახვის ტრადიციულ მეთოდებს. პირიქით, დემონების მმართველი მას ლამაზ, მაგრამ ციდან გადმოგდების დროს უკვე ზნედაცემულ ანგელოზად, წარმოედგინა (გამოცხადება 12:9). ასეთი წარმოდგენა კი გაცილებით ახლოა ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციასთან *.

რა აზრისანი იყვნენ მადრიდელები ამ მონუმენტზე? როგორც ერთი ხელოვნებათმცოდნე ამბობს, ზოგს თავზარს სცემდა სატანისთვის ძეგლის დადგმის იდეა. მაგრამ ესპანეთის მთავრობამ მაინც დააფინანსა ეს წამოწყება და ქანდაკებამ ორი პრიზიც კი დაიმსახურა თავისი მხატვრული ღირებულების გამო — ერთი მადრიდში, მეორე კი პარიზის 1878 წლის საერთაშორისო გამოფენაზე. ხელოვნებამ ტრადიციაზე გამარჯვება იზეიმა და 1879 წლისთვის ბრინჯაოს შთამბეჭდავმა ძეგლმა რეტიროს პარკში დაიდო ბინა.

დღევანდელ არარელიგიურ საზოგადოებაში სატანის ეს ქანდაკება ბევრს საერთოდ არ ანაღვლებს. „მადრიდმა უნდა იამაყოს იმით, რომ ის ერთადერთი ქალაქია მთელ მსოფლიოში, სადაც ძეგლი თვით ეშმაკსაც კი დაუდგეს“, — ამბობს მარია იზაბელ ხეია თავის ნაშრომში „მადრიდის საოცრებები და ანეკდოტები“. როგორც უნდა იყოს, იმ ათასობით ადამიანიდან, რომლებიც ყოველ კვირადღეს სტუმრობენ რეტიროს პარკს, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ამ ძეგლს.

მსგავსად ამისა, დღეს ცოტა თუ ხვდება, რომ სატანა მსოფლიოში არსებული მრავალი პრობლემის უხილავი წყაროა (გამოცხადება 12:12). მაგრამ ბიბლიის შემსწავლელებმა იციან, რომ წმინდა წერილები კონკრეტულად მოიხსენიებს სატანას და ეჭვი არ ეპარებათ მის არსებობასა და მავნე ზეგავლენაში. იესოს სატანის მიერ უტიფრად მოწყობილ განსაცდელებთან უწევდა გამკლავება. ამ ბოროტ სულიერ ქმნილებას მან უწოდა ‘ცრუ და სიცრუის მამა’ და ‘კაცისმკვლელი, რომელიც ჭეშმარიტებაში ვერ დადგა’ (იოანე 8:44; მათე 4:1—11).

ახლა, როდესაც დედამიწას არნახული უბედურებები ატყდება თავს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამ გაავებული და ზნედაცემული ანგელოზის გავლენას შევეწინააღმდეგოთ * (იაკობი 4:7). ამასობაში კი, ჭეშმარიტებისა და სიმართლის მოყვარულებს შეუძლიათ თავი ინუგეშონ იმით, რომ ციდან სატანის ჩამოგდება დასაწყისია მისი გარდაუვალი დამარცხებისა, როცა ქრისტე ‘ეშმაკის საქმეებს დაარღვევს’ (1 იოანე 3:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ქანდაკების სხვა თავისებურება, სატანის სხეულზე შემოხვეული გველი, არაბიბლიური წარმოშობისაა. როგორც ჩანს, ბელვერის შთაგონების წყარო რომში ნანახი ლაოკოონის, ტროის ეპოპეის გმირის, ქანდაკება იყო, რომელიც გადმოცემის თანახმად, თავის ვაჟებთან ერთად ორმა გველმა მოკლა.

^ აბზ. 9 უფრო მეტი ინფორმაციისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შევეწინააღმდეგოთ სატანის გავლენას, იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).