ძილისგუდა დედა დათვი
ძილისგუდა დედა დათვი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ფინეთში
მიმომფრენი ფრინველები უშეცდომოდ იუწყებიან ჩრდილოეთში შემოდგომის მოახლოებას. ფრთალაღი შოშიებისა და გრაციოზულ სამკუთხედებად დაწყობილი წეროების გუნდები აქაურ სუსხს გაურბიან და სამხრეთისკენ მიფრინავენ. მაგრამ, მიწაზე ზოზინ-ზოზინით მობაჯბაჯე მურა დათვს რაღა ეშველება ზამთრის სიცივეში? როგორ გაიტანს თავს, როცა მცენარეული საკვები გამოილევა, მიწა გაიყინება და ირგვლივ ყველაფერი თოვლის საბურველში გაეხვევა? ფრინველები ადვილად უშველიან თავს, მაგრამ მურა დათვი ტყე-ტყე და უდაბურ ადგილებზე ძუნძულით ნამდვილად ვერ მიაშურებს თბილ ქვეყნებს.
ჩვენი გმირი გონივრულ გამოსავალს პოულობს. იგი ზამთრისთვის საჭირო საკვებს წინასწარ, ზაფხულის განმავლობაში მიირთმევს და მერე გაზაფხულის დადგომამდე დროს ზამთრის ძილში ატარებს. თუმცა სათქმელად ადვილია, ეს არც ისე იოლი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რას დავემსგავსებოდით, მთელი ნახევარი წელი რომ არაფერი გვეჭამა და დაგველია. მოდი ვნახოთ, რა საოცარი თავისებურებებით გამოირჩევა დედა დათვის ზამთრის ძილი.
გარჯაში გატარებული ზაფხული
რამდენიმე თვე რომ „იმარხულოს“, დედა დათვმა წინასწარ უნდა მოიკრიბოს ძალები. ამიტომ, თავს სულაც არ იწუხებს ტანწერწეტობაზე ფიქრით. მისი უმთავრესი საზრუნავი კანქვეშ ცხიმის დაგროვებაა, რომლის სისქეც ზოგ ადგილას რვა სანტიმეტრს აღწევს. დათვის საყვარელი საკვები ტკბილი კენკროვანი ნაყოფია, მაგრამ იგი სულაც არ არის წუნია — უარს არაფერზე ამბობს. მცენარეთა ძირხვენებს, მცირე ზომის ძუძუმწოვრებს, თევზსა და ჭიანჭველებსაც ხალისით შეექცევა. საშემოდგომოდ წონაში შეიძლება 130-დან 160 კილომდე მოიმატოს, რომლის დაახლოებით ერთი მესამედიც ცხიმია (ამ დროისთვის ხვადი დათვი შეიძლება
300 კილოს იწონიდეს). „ძილის ქვეყანაში“ სტუმრობამდე, იგი უარს ამბობს ჭამაზე და ნაწლავებს ექსკრემენტებისგან ითავისუფლებს. მეტად აღარ ჭამს, არც შარდავს და აღარც კუჭში გადის, ვიდრე დაახლოებით ნახევარი წელი არ გავა.ბუნაგის მოსაწყობად ხელსაყრელი ადგილი შეიძლება იყოს მღვიმე, ჭიანჭველების მიტოვებული ბუდე ან ხეების ფესვებს შორის გაჩენილი ღრუ. მთავარია, რომ ადგილი მიუდგომელი იყოს — ბოლოს და ბოლოს, არავის უყვარს, როცა ძილს უფრთხობენ. დათვი ნაძვის ხმელ ტოტებს, ხავსს, ტორფსა და სხვა „ქვეშაგებს“ ეზიდება, რათა რაც შეიძლება მყუდრო გახადოს თავისი საბინადრო. საინტერესოა, რომ თვითონ ბუნაგი ძალიანაც არ აღემატება ზორბა დათვის ტანს. ზამთარში ბუნაგს თოვლი ფარავს და თვალმარჯვე ადამიანმა, შეიძლება, მხოლოდ სასუნთქი ხვრელიღა შენიშნოს.
რა ხდება ძილში
ზოგიერთ მცირე ზომის ძუძუმწოვრებს, მაგალითად ზღარბებს, ღამურებსა და ძილგუდებს, ნამდვილად ძილში მოზამთრე ცხოველებს უწოდებენ იმიტომ, რომ ისინი ზამთრის უმეტეს ნაწილს სიკვდილის მსგავს უგრძნობ მდგომარეობაში ატარებენ; ამ დროს მათი სხეულის ტემპერატურა თითქმის გარემოს ტემპერატურას უტოლდება. მაგრამ დათვის სხეულის ტემპერატურა სადღაც მხოლოდ 5 გრადუსით ეცემა. ასე რომ, იგი არ ეძლევა ღრმა ძილს. „დათვი არ იმყოფება უგრძნობ მდგომარეობაში. ის თითქმის ყოველდღე სწევს თავს და იცვლის მდებარეობას“, — განმარტავს პროფესორი რაიმო ჰისა, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობს დათვების ზამთრის ძილს ოულუს (ფინეთი) უნივერსიტეტში. მაგრამ დათვი იშვიათად გამოდის ბუნაგიდან შუა ზამთარში.
ზამთრის ძილის დროს დათვის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები „დაზოგვის რეჟიმზეა“ გადასული. გულისცემა ძლიერ გაიშვიათებულია — წუთში ათჯერაც კი არ სცემს, და ნივთიერებათა ცვლაც შენელებულია. იმ დროს, როცა დედა დათვი უკვე ტკბილად ფშვინავს ძილში, მის ორგანიზმში არსებითად მნიშვნელოვანი პროცესი, ცხიმების წვა, იწყება. ცხიმების დაშლა აუცილებელი ენერგიითა და წყლით ამარაგებს ორგანიზმს. მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლო პროცესები შენელებულია, ნივთიერებათა ცვლის შედეგად მაინც წარმოიქმნება ნარჩენები. როგორ უნდა გათავისუფლდეს დათვი ამ ნარჩენებისგან ისე, რომ ბუნაგი არ დააბინძუროს? გამოყოფის ნაცვლად, სხეული მათ ხელახლა გადამუშავებას იწყებს!
პროფესორი ჰისა განმარტავს: „აზოტის შემცველი შარდოვანას ნარჩენები ხელახლა შეიწოვება თირკმლებიდან და შარდის ბუშტიდან, და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით ნაწლავებში ხვდება, სადაც ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად შარდოვანა ჰიდროლიზს განიცდის და ამიაკად გარდაიქმნება“. კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ ამიაკი, თავის მხრივ, ღვიძლში ბრუნდება, სადაც ის მონაწილეობას იღებს ახალი ამინომჟავების, ცილების უმთავრესი შემადგენელი ელემენტების, წარმოქმნაში. ამრიგად, დათვი ნარჩენების აუცილებელ კომპონენტებად გარდაქმნის წყალობით ინარჩუნებს ძალებს ბუნაგად ყოფნის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში!
ძველად ხალხი ბუნაგად მყოფ დათვზე ნადირობდა. მძინარე დათვის გამოჭერა მართლაც რომ ადვილი იყო. თავიდან ბუნაგს პოულობდნენ, შემდეგ თხილამურიანი მონადირეები თანდათანობით წრეს კრავდნენ მის გარშემო. ბოლოს დათვს აღვიძებდნენ და კლავდნენ. მაგრამ ზამთარში დათვებზე ნადირობა, დღესდღეობით, თითქმის მთელ ევროპაშია აკრძალული, რადგან ნადირობის ეს მეთოდი სისასტიკედ არის მიჩნეული.
დათუნიების დაბადება
ხვადი დათვი მთელი ზამთარი მხართეძოზეა წამოწოლილი და უდარდელად ბრუნავს ერთი გვერდიდან მეორეზე, ძუ დათვი კი ამ დროს სხვა მნიშვნელოვანი საქმითაც არის დაკავებული. დათვები ზაფხულის დასაწყისში წყვილდებიან, მაგრამ განაყოფიერებული კვერცხუჯრედები უმოქმედო მდგომარეობაშია დედის ორგანიზმში, ვიდრე ძუ დათვი ზამთრის ძილს არ მიეცემა. შემდეგ ჩანასახები საშვილოსნოს კედელზე მიემაგრებიან და განვითარებას იწყებენ. სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, დეკემბერ-იანვარში, დედა დათვის სხეულის ტემპერატურა ცოტათი მატულობს და იგი ორ-სამ ბელს აჩენს. შემდეგ სხეულის ტემპერატურა კვლავ ეცემა, მაგრამ იმდენად აღარ, როგორც ეს პატარების გაჩენამდე იყო. ბელების მამა არ ესწრება დაბადებას, მაგრამ რომც დასწრებოდა, ალბათ, საკმაოდ იმედგაცრუებული დარჩებოდა. ვეებერთელა ხვადს, ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდა ამ პაწაწინა უმწეო არსებებში, რომლებიც 350 გრამზე ნაკლებს იწონიან, თავისი ნაშიერების ამოცნობა.
დედა დათვი ბელებს თავისი ნოყიერი რძით კვებავს, რაც კიდევ უფრო მეტად ფიტავს მას. ბელები სწრაფად იზრდებიან და ბეწვით შემოსილი დათუნიები გაზაფხულზე უკვე ხუთ კილოგრამამდე იწონიან. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარები უკვე ბევრს ცელქობენ დედა დათვის ვიწრო ბინაში.
აი, გაზაფხულიც მოვიდა!
დგება მარტი. ზამთრის სუსხი გზას უთმობს სითბოს, თოვლი დნება და ფრინველებიც ბრუნდებიან თბილი ქვეყნებიდან. ხვადი დათვები თვის ბოლოს გამოდიან ზამთრის ბუნაგიდან. ძუ დათვები კი კიდევ რამდენიმე კვირას ისვენებენ; ალბათ, პატარებს საკმაოდ დიდი ძალები შეალიეს.
თუკი დედა დათვი შემოდგომაზე ჩაპუტკუნებული იყო, ახლა ის ცარიელა ძვალი და ტყავია — ქონი მასაც გაზაფხულზე დამდნარი თოვლივით შემოსდნობია. არადა იგი საოცრად სიცოცხლისუნარიანია — არც ნაწოლები ეტყობა, არც ჭვალი ადგას და არც ოსტეოპოროზი აწუხებს. ბუნაგიდან გამოსვლის შემდეგ იგი კუჭს იცარიელებს და ცხოველმოქმედების პროდუქტებისგან, ფისის მაგვარი ექსკრემენტებისაგან, თავისუფლდება. როგორც წესი, ორ-სამ კვირამდე დათვი არ იწყებს ჭამას იმიტომ, რომ ორგანიზმს გარკვეული დრო ესაჭიროება კალაპოტში ჩასადგომად. ბოლოს კი, როგორც ზოგ ხალხს აქვს გამოთქმად, მას მართლაც „დათვივით შივდება“. მაგრამ, რადგან ბუნებამ ეს-ესაა გამოღვიძება დაიწყო, ტყე ბევრი ვერაფრით უმასპინძლდება. ამიტომ დათვი იმითღა კმაყოფილდება, რომ მატლებსა და ხოჭოებს ახრამუნებს, დიდი ხნის მძორებს ქექავს და შეიძლება ჩრდილოეთის ირემზეც წაინადიროს.
როგორც წესი, ბელების აღზრდაზე დედა დათვი ზრუნავს და პატარებს „დათვურ ცხოვრებას“ ასწავლის. დედა თვალის ჩინივით უფრთხილდება პატარებს. ძველ იგავში ნათქვამია: „უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით“ (იგავნი 17:12). გასაგებია, რომ კაცს არც ერთთან და არც მეორესთან შეხვედრა მისცემდა ხეირს. „პატარებზე ზრუნვა დედა დათვისგან დიდ გარჯას მოითხოვს. ხვადი დათვის გამოჩენისთანვე დედა ხეზე ასკუპებს ბელებს იმიტომ, რომ ხვადმა შეიძლება ზიანი მიაყენოს პატარებს, თუნდაც ის მათი მამა იყოს“, — გვიხსნის პროფესორი ჰისა.
მომდევნო ზამთარს დედა დათვს ბელები კვლავ თავის ბუნაგში მიჰყავს. ერთი წლის შემდეგ, დედასთან განშორებულმა ბელებმა თავისთვის ცალკე ბუნაგი უნდა იპოვონ, რადგან დედა დათვი მალე სხვა პაწაწინა დათუნიებს გააჩენს.
ბევრი რამ იქნა შესწავლილი დათვის ზამთრის ძილის — ამ რთული და არაორდინარული მოვლენის — შესახებ, მაგრამ მისი მრავალი საოცარი თავისებურება კვლავ გამოცანად რჩება. რატომ ერევა დათვს ძილი შემოდგომით და რატომ კარგავს მადას? რატომ არ უვითარდება ოსტეოპოროზი? დათვის ყველა საიდუმლოს გაგება ადვილი როდია და გასაგებიცაა, თუ რატომ. ყველას აქვს უფლება, არავის გაუმხილოს თავისი საიდუმლო!
[ჩარჩო 28 გვერდზე]
როგორ სწავლობენ დათვის ზამთრის ძილს
უკვე რამდენიმე წელია, რაც ოულუს უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრა დაკვირვებას ახდენს სხვადასხვა ცხოველზე იმის გამოსარკვევად, თუ როგორ ეგუება მათი ორგანიზმი სიცივეს. ევროპულ მურა დათვზე დაკვირვება 1988 წლიდან დაიწყეს და, საერთო ჯამში, 20 დათვი შეისწავლეს. უნივერსიტეტის ზოოლოგიურ ბაღში სპეციალური ბუნაგი მოაწყვეს დაკვირვების მოსახდენად. ზამთრის ძილის დროს მათი სხეულის ტემპერატურაზე, ნივთიერებათა ცვლასა და საქციელზე, აგრეთვე სისხლის შემადგენლობასა და ჰორმონალურ ცვლილებებზე დასაკვირვებლად კომპიუტერებს, ლაბორატორიულ ანალიზებსა და ვიდეოკამერებს იყენებდნენ. მკვლევარები სხვა ქვეყნების, მათ შორის იაპონიის, უნივერსიტეტებთანაც თანამშრომლობდნენ. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ამ დაკვირვების წყალობით მოპოვებული ინფორმაცია, შეიძლება, ადამიანის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრაშიც კი აღმოჩნდეს დამხმარე.
[სურათი 26 გვერდზე]
დედა დათვის ბუნაგი.
[სურათი 26 გვერდზე]
ტკბილი კენკროვანი ნაყოფი.