არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოერიდეთ აზარტული თამაშების მახეს

მოერიდეთ აზარტული თამაშების მახეს

მოერიდეთ აზარტული თამაშების მახეს

„აზარტული თამაშებით გატაცება ცუდად არ მოქმედებდა ჩემს ჯანმრთელობაზე და ყოველთვის ვაკონტროლებდი, რამდენ ფულს ვხარჯავდი თამაშში. ერთი რამ კი უნდა ვაღიარო: როდესაც ლატარიის გათამაშებაში ვიღებდი მონაწილეობას, ყოველთვის იმ ციფრებს ვირჩევდი, რომლებსაც ჩემს ბედნიერ რიცხვებად მივიჩნევდი“ (ლინდა).

აზარტული თამაშებით გატაცებულ მრავალ ადამიანს ბედნიერი რიცხვებისა და თილისმების სწამს. ისინი შეიძლება ვერ გრძნობდნენ, რომ თავიანთ ცრუმორწმუნეობრივ შეხედულებებს სრული სერიოზულობით ეკიდებიან, მაგრამ მათი საქციელი შეიძლება სწორედ ამაზე მეტყველებდეს.

ზოგი მოთამაშე ლოცულობს კიდეც და ღმერთს შესთხოვს, ესა თუ ის თამაში მოაგებინოს. მაგრამ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ღმერთი განსჯის იმ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ღმერთს სცემენ თაყვანს, ამავე დროს კი „იღბლის ღმერთს უშლიან სუფრას“ (ესაია 65:11, აქ). დიახ, ღმერთს სძულს ყოველივე, რაც იღბლისადმი ცრურწმენის გაღვივებას უწყობს ხელს. თავისი არსით, ნებისმიერი აზარტული თამაში ადამიანებს იღბლისადმი ბრმა რწმენას უღვივებს.

აზარტული თამაშები ხალხს მოურიდებლად უნერგავს ფულისადმი სიყვარულს. დღევანდელ სულ უფრო და უფრო არარელიგიურ საზოგადოებაში ფული ღმერთის შემცვლელად იქცა, ხოლო აზარტული თამაშები — მისი თაყვანისცემის პოპულარულ ფორმად. ტაძრების ადგილი გრანდიოზულმა სამორინეებმა დაიკავა, ხოლო ახალი მრწამსის თანახმად, სიხარბე კეთილშობილური თვისებაა. როგორც მკვლევარებმა გამოააშკარავეს, იმ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, ვინც კაზინოებში დადის, ამბობს, რომ აქ გასართობად ან, უბრალოდ, სასიამოვნო გარემოს გამო კი არ მოდიან, არამედ „ბევრი ფულის“ მოსაგებად. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: «ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა [„ფულის სიყვარულია“, აქ] და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს» (1 ტიმოთე 6:10).

ბიბლიაში, 1 კორინთელთა 6:9, 10-ში, ნათლად არის ნათქვამი: „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც. . . კერპთაყვანისმცემელნი, ვერც. . . ხარბნი. . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“. სიხარბეს მხოლოდ საზოგადოებისთვის არ მოაქვს ზიანი, იგი სულიერად მომაკვდინებელი დაავადებაც არის — მაგრამ, საბედნიეროდ, განკურნებადი.

მათ ეყოთ ძალა, რომ შეცვლილიყვნენ

„აზარტული თამაშებისთვის თავის დანებებას არაერთხელ შევეცადე, — გვიყვება შესავალ სტატიაში მოხსენიებული კაზუშიგე. — ვხვდებოდი, რომ მეგობრებთან ერთად დოღის დროს ფულზე თამაში ოჯახს მინგრევდა. თუ რამეს მოვიგებდი, მერე ყოველთვის ისევ ვაგებდი ხოლმე. ჩემს ცოლს მეორე ვაჟზე მშობიარობისთვის ფული ჰქონდა გადადებული და ისიც კი გავფლანგე აზარტულ თამაშში. ბოლოს, იმ ფირმის თანხებსაც მივყავი ხელი, რომელშიც ვმუშაობდი. ამან კი ის გამოიწვია, რომ სავსებით დავკარგე საკუთარი ღირსების გრძნობა. მეუღლე ხშირად ტიროდა და მეხვეწებოდა, თავი დამენებებინა ფულზე თამაშისთვის, მაგრამ მე, უბრალოდ, არ შემეძლო ამის გაკეთება“.

შემდეგ კაზუშიგემ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ის ამბობს: „რაც უფრო მეტად ვკითხულობდი ბიბლიას, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და თუ მას მოვუსმენდი, ეს სარგებლობას მომიტანდა. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ღვთის მიერ ბოძებული ძალით თავი დამენებებინა აზარტული თამაშებისთვის. ჩემდა გასაკვირად, არა მარტო თავი დავანებე ფულზე თამაშს, არამედ სიძულვილიც კი გამიჩნდა მისადმი. ახლა, როდესაც ფულზე თამაშით ოჯახისთვის მიყენებულ ზიანს ვიხსენებ, გული მტკივა. ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვა ღმერთის იმისათვის, რომ მისი დახმარებით ფულზე თამაშს გადავეჩვიე და აზრით აღსავსე ცხოვრებას ვეწევი“ (ებრაელთა 4:12).

ჯონმაც, რომელიც აგრეთვე შესავალ სტატიაში იყო მოხსენიებული, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის იხსენებს: „ბიბლიის შესწავლა სიტუაციის ახლებურად შეფასებაში დამეხმარა. შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ცხოვრებაში ბოლომდე ამეხილა თვალები და დავინახე, რამხელა ზიანს ვაყენებდი ფულზე თამაშით როგორც ოჯახს, ისე საკუთარ თავს. მივხვდი, რომ აზარტული თამაშები ეგოისტურ გრძნობებს და სიხარბეს აღვივებს — ეს კი ის თვისებებია, რომლებიც იეჰოვას სძულს. შესწავლამ იეჰოვასადმი სიყვარული ჩამინერგა გულში. სიყვარულმა კი ძალა მომცა, თავი დამენებებინა აზარტული თამაშებისთვის. ფულზე თამაში უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებამ დამაწყებინა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც მივატოვე აზარტული თამაში და იეჰოვას სიხარულით ვემსახურები, ეს ოცნება მართლა ამიხდა“.

ჯონის ცოლმაც, ლინდამ, გადაწყვიტა, აზარტულ თამაშებს მორიდებოდა. „ეს ადვილი არ ყოფილა, — ამბობს ის, — მაგრამ, მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა ქმარმა იეჰოვას მოწმეებთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა, ყურადღების იმაზე შეჩერება ვისწავლე, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ვისწავლე იმის შეყვარება, რაც ღმერთს უყვარს და იმის შეძულება, რაც მას სძულს — მათ შორის, ყოველგვარი სიხარბისა. ახლა ჩემმა ცხოვრებამ მეტი აზრი შეიძინა და საფულეშიც უფრო მეტი ფული მაქვს“ (ფსალმუნი 96:10).

თუ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობას დაამყარებთ, თქვენც გექნებათ იმდენი ძალა და სიბრძნე, რომ თავი აარიდოთ აზარტული თამაშების მახეს. თუ ასე მოიქცევით, თქვენი ფინანსური და ემოციური მდგომარეობა, აგრეთვე სულიერი ჯანმრთელობა, აუცილებლად გაუმჯობესდება. სიამოვნებას მოგგვრით იმის დანახვა, რომ თქვენზეც სრულდება იგავნის 10:22-ში ჩაწერილი სიტყვები: „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“.

[ჩანართი 11 გვერდზე]

სიხარბეს მხოლოდ საზოგადოებისთვის არ მოაქვს ზიანი, იგი სულიერად მომაკვდინებელი დაავადებაც არის.

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

აზარტული თამაშები და ზებუნებრივი ძალები

აზარტული თამაშების ზემოქმედების შემსწავლელი ეროვნული კომისიისთვის მიწვდილ ანგარიშში დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მინიშნება გააკეთეს აზარტული თამაშების რეკლამასა და ზებუნებრივი ძალებისადმი რწმენას შორის არსებულ კავშირზე. ანგარიშში ნათქვამია: „[ლატარიის] მრავალი რეკლამა მოურიდებლად ქადაგებს მომხვეჭელობას. . . მაგრამ, ისინი იმისკენ კი არ მოუწოდებენ, რომ ქონება მძიმე შრომითა და მიზანდასახული ბრძოლით დააგროვონ, არამედ ასწავლიან, ჯინებისა და ჯადოსნური ლამპრებისადმი რწმენით გააკეთონ ეს ყველაფერი — რწმენით, რომელსაც არარეალურ მოლოდინში, ოცნებებსა და ცრურწმენაში აქვს ფესვები გადგმული. ლატარიის გათამაშების ყველა ორგანიზატორმა იცის, რომ ყველაზე ხშირი კლიენტების დიდი ნაწილი ლატარიის თამაშისას ხელმძღვანელობს პირადი ცრუმორწმუნეობრივი შეხედულებებითა და ჰოროსკოპებით, მკითხავების რჩევებითა და სიზმრების ამხსნელი პოპულარული წიგნებით, რომლებშიც კონკრეტულ სახელებთან, თარიღებთან და სიზმრებთან დაკავშირებული რიცხვების ჩამონათვალია მოცემული. ლატარიის გათამაშების ორგანიზატორები მოთამაშეებს არ აფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ ყველა ციფრს მოგების თანაბარი შანსი აქვს და თუ ვინმე ტოტალიზატორზე თავისი საყვარელი რიცხვებით თამაშს ამჯობინებს, მას მოგების ნაკლები შანსი ექნება; პირიქით — ისინი ხალხს იმ რიცხვებით თამაშს ურჩევენ, რომლებსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას“.

[სურათები 10 გვერდზე]

„იეჰოვასადმი სიყვარულმა ძალა მომცა, თავი დამენებებინა აზარტული თამაშებისთვის“ (ჯონი).

„ახლა ჩემმა ცხოვრებამ მეტი აზრი შეიძინა და საფულეშიც უფრო მეტი ფული მაქვს“ (ლინდა).

[სურათები 10 გვერდზე]

„ჩემდა გასაკვირად, არა მარტო თავი დავანებე ფულზე თამაშს, არამედ სიძულვილიც კი გამიჩნდა მისადმი“ (კაზუშიგე).