არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?

რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?

რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?

„აზარტული თამაშებით დაახლოებით 290 000 ავსტრალიელია გატაცებული. საერთო ჯამში, ისინი ყოველწლიურად 3 მილიარდზე მეტ ამერიკულ დოლარს აგებენ. ამ გატაცებას დიდი ზიანი მოაქვს არა მარტო მოთამაშეებისთვის, არამედ დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანისთვისაც, რომლებზეც უშუალოდ მოქმედებს თამაშით გატაცებულთა გაკოტრება, განქორწინება, თვითმკვლელობა და სამუშაო დროის მოპარვა“ (ჯ. ჰოუარდი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, 1999).

ჯონი, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, სერიოზულად გაიტაცა აზარტულმა თამაშებმა *. იგი ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ლინდაზე — ასევე აზარტულ მოთამაშეზე — დაქორწინდა. ჯონს უფრო და უფრო ითრევდა აზარტი. ის ამბობს: „თავიდან მხოლოდ ლატარიის ბილეთებს ვყიდულობდი, მერე კი დოღზე სანაძლეოს დადება და კაზინოებში ფულზე თამაში დავიწყე. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლამის ყოველდღე ვთამაშობდი. ზოგჯერ მთელ ხელფასს ვაგებდი და ვალების გასასტუმრებლად და ოჯახის სარჩენად აღარაფერი მრჩებოდა. დიდძალი ფულიც რომ მომეგო, მაინც განვაგრძობდი თამაშს. მოგების ექსტაზი იმდენად მიზიდავდა, რომ ვერა და ვერ ვიშლიდი ამ ჩვევას“.

ამ მხრივ ჯონი გამონაკლისი არ არის. როგორც ჩანს, აზარტული თამაშების ციებ-ცხელებით ადამიანთა მთელი მასებია შეპყრობილი. როგორც ჟურნალი „იუ-ეს-ეი თუდეი“ იუწყება, შეერთებულ შტატებში 1976—1997 წლების განმავლობაში მართლაც რომ უჩვეულოდ, მთელი 3 200 პროცენტით, გაიზარდა კანონით ნებადართულ აზარტულ თამაშებში მონაწილეთა მიერ დახარჯული თანხის ოდენობა.

„აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ადრე მანკიერებად ითვლებოდა და მიუღებელი იყო ხალხისთვის. დღეს კი საყოველთაოდ მიღებულ გართობად ითვლება“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. გაზეთი ხალხის მიერ დამოკიდებულების შეცვლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს და დასძენს: „საზოგადოებრივი აზრის შეცვლა პირდაპირი შედეგია კანადის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ძვირი და ყველაზე ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიისა, რომელსაც მთავრობა აფინანსებს“. რა გავლენა მოახდინა აზარტული თამაშების განვითარებისთვის ხელშეწყობამ ადამიანთა სხვადასხვა საზოგადოებაზე?

აზარტული თამაშებით გატაცების ეპიდემია

როგორც ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან არსებული მავნე ჩვევების შემსწავლელი განყოფილება ვარაუდობს, 1996 წელს „ამერიკაში აზარტული თამაშებით გატაცებული ან უკვე აქტიურად მოთამაშე 7,5 მილიონი სრულწლოვანი იყო“. ამას ემატებოდა „ფულზე თამაშით გატაცებული ან აქტიურად მოთამაშე 7,9 მილიონი ამერიკელი მოზარდიც“. ეს ციფრები ჩართეს აზარტული თამაშების ზემოქმედების შემსწავლელი ეროვნული კომისიის (NGISC) ანგარიშში, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინა. როგორც ანგარიშში იყო ნათქვამი, ამერიკაში აზარტული თამაშებით გატაცებულთა რიცხვი, სინამდვილეში, ოფიციალურ ციფრზე გაცილებით დიდია.

ასეთი აზარტული ჩვევები სამუშაოს დაკარგვასა და ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. სახელმწიფო კი თავის თავზე იღებს უმუშევართათვის ფულადი დახმარების გაწევას. გარდა ამისა, მავნე ჩვევების მქონეთა დასახმარებლად შემუშავებული პროგრამებიც საკმაოდ ძვირი ჯდება. ზემოხსენებული ფაქტორების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ აზარტული თამაშებით გატაცება შეერთებულ შტატებს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით აზარალებს. მაგრამ ეს ციფრი ვერანაირ წარმოდგენას ვერ გვიქმნის აზარტული თამაშებით გატაცებულთა მიერ მიყენებულ ზიანსა და ტკივილზე — მასში არ აისახება ის ტრავმა, რომელსაც მოთამაშეები აყენებენ საკუთარ ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს ქურდობით, ფულის მითვისებითა და თვითმკვლელობით, აგრეთვე ოჯახის წევრებსა და ბავშვებზე ძალადობით. ავსტრალიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აზარტული თამაშებით გატაცებული თითოეული ადამიანის საქციელი უშუალო გავლენას ახდენს ათამდე სხვა ადამიანზე. როგორც შეერთებული შტატების ეროვნული კვლევითი საბჭოს ანგარიშშია ნათქვამი, „აქტიური აზარტული მოთამაშეების მეუღლეთა 50 პროცენტი და ბავშვების 10 პროცენტი ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდებოდა“.

ჩვევა, რომელიც გადამდებია

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთი დაავადების მსგავსად, აზარტული თამაშებით გატაცებაც მშობლებიდან შვილებს გადაეცემა. „ფანატიკური აზარტული მოთამაშეების შვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ისეთი ცუდი ჩვევებისკენ, როგორიცაა მოწევა, გადამეტებული სმა და ნარკოტიკების გამოყენება. უფრო დიდია იმის საშიშროებაც, რომ, მშობლების მსგავსად, მათაც გაიტაცებს ფულზე თამაში, ან აქტიური მოთამაშეები გახდებიან“, — ნათქვამია NGISC-ის ანგარიშში. ცნობაში გაფრთხილებაც იყო, რომ „უფროსებთან შედარებით, მოზარდებში უფრო დიდია ფულზე თამაშით გატაცებისა და აქტიურ აზარტულ მოთამაშედ ქცევის ალბათობა“.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან არსებული მავნე ჩვევების შემსწავლელი განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ჰოვარდ შაფერი, ამბობს: „საკმაოდ დიდი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდებს შორის უკანონო აზარტული თამაშებით გატაცება თითქმის ისეთივე ტემპით იზრდება, როგორც ფულზე კანონიერად თამაშის შესაძლებლობა“. აქტიური მოთამაშეების მიერ ინტერნეტის ბოროტად გამოყენების საშიშროების შესახებ კი მან თქვა: „როგორც მოსაწევი კოკაინის გავრცელებამ მოახდინა გარდატეხა ნარკომანების ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ ელექტრონული ფორმატიც სულ სხვანაირ მაცდურ ხიბლს მისცემს აზარტულ თამაშებს“.

აზარტული თამაშების ბიზნესს ხშირად უწყინარი გართობის შემომთავაზებლად წარმოგვიდგენენ. მაგრამ აზარტულ თამაშებს მოზარდები ისევე ადვილად შეიძლება მიეჩვიონ, როგორც ნებისმიერ უკანონო ნარკოტიკს და შეიძლება დანაშაულიც კი ჩაიდინონ. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ფულზე მოთამაშე მოზარდების „46 პროცენტი ოჯახიდან ფულს იპარავდა“, რათა თამაში შეძლებოდა.

ზემოხსენებული ფაქტების მიუხედავად, აზარტული თამაშების ერთი გავლენიანი ასოციაცია გამართლებულად მიიჩნევს ფულზე თამაშისთვის ხელის შეწყობას, რასაც მისი წარმომადგენლები ამგვარად ხსნიან: „ამერიკელთა უმრავლესობას, რომლებიც სიამოვნებით თამაშობენ ფულზე, არანაირი პრობლემა არ ექმნებათ ამის გამო“. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ფულზე თამაში უარყოფითად არ აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე მაინც ღირს დაფიქრება, თუ რა გავლენას ახდენს აზარტული თამაშები თქვენს სულიერ ჯანმრთელობაზე. არსებობს თუ არა საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც გონივრული იქნებოდა, აზარტულ თამაშებს მორიდებოდით? ამის თაობაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 იხილეთ ჩარჩო „გატაცებული ხომ არ ვარ აზარტული თამაშებით?“, გვ. 4, 5.

[ჩარჩო⁄სურათები 4, 5 გვერდებზე]

გატაცებული ხომ არ ვარ აზარტული თამაშებით?

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის თანამშრომელთა აზრით, მე-5 გვერდზე მოცემული კრიტერიუმები კარგ დახმარებას გაგიწევს იმის გასარკვევად, ხარ თუ არა აქტიური აზარტული მოთამაშე. სპეციალისტთა უმრავლესობას ერთი აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ქცევებიდან რამდენიმე მაინც გახასიათებს, მაშასადამე, გატაცებული ხარ აზარტული თამაშებით. ხოლო, თუ მხოლოდ ერთი რომელიმე ქცევა გახასიათებს, მაშინ აზარტული თამაშებით გატაცების საფრთხე გემუქრება.

ფიქრების ტყვეობაში. უზომოდ ბევრს ფიქრობ აზარტულ თამაშებზე — ცდილობ, ბოლო თამაშისას განცდილი აღიდგინო გონებაში, გეგმავ მომავალ „თავგადასავალს“, ან იმაზე ფიქრობ, როგორ იშოვო სათამაშოდ საჭირო ფული.

ჩვევაში გადაზრდა. იმისათვის, რომ სასურველი ექსტაზი განიცადო, სულ უფრო და უფრო მეტი ფული გჭირდება.

თავის დანებების „სინდრომი“. როდესაც ცდილობ, იშვიათად ან საერთოდ არ ითამაშო, მოუსვენრობა გეწყება ან ღიზიანდები.

რეალობაზე თვალის დახუჭვა. იმ მიზნით თამაშობ, რომ გაექცე პრობლემებს, ან დასძლიო უმწეობისა და დანაშაულის გრძნობა და გათავისუფლდე ზედმეტი საზრუნავისა თუ დეპრესიისგან.

წაგებულის დაბრუნების „სინდრომი“. ფულის წაგების შემთხვევაში, მეორე დღეს, ხშირად, კვლავ თამაშს უბრუნდები იმ მიზნით, რომ წაგებული დაიბრუნო.

სიმართლის დამალვა. ოჯახის წევრებს, ექიმებსა და სხვებს ატყუებ — გინდა დამალო, რამდენად ხარ გატაცებული აზარტული თამაშებით.

კონტროლის დაკარგვა. არაერთხელ შეეცადე თამაშისთვის თავი დაგენებებინა, საკუთარი თავი გაგეკონტროლებინა ან იშვიათად მაინც გეთამაშა, მაგრამ უშედეგოდ.

არაკანონიერი ქმედებები. თამაშისთვის სამყოფი ფული რომ გქონოდა, ისეთი უკანონო ქმედებები ჩაიდინე, როგორიცაა: თაღლითობა, ქურდობა ან სხვისი ფულის გაფლანგვა.

ურთიერთობებისთვის საფრთხის შექმნა. აზარტული თამაშების გამო საფრთხეში ჩაიგდე ან უკვე გაიფუჭე ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა. უკვე დაკარგე განათლების მიღებისა და ცხოვრების გზის არჩევის შესაძლებლობა და სამსახური.

სხვებზე დაიმედება. უზომოდ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან რომ გამოხვიდე, რომელშიც აზარტულმა თამაშებმა ჩაგაგდო, სხვებზე ამყარებ იმედს და მათგან ელი ფულად დახმარებას.

[საავტორო უფლება]

წყარო: National Opinion Research Center at the University of Chicago, Gemini Research, and The Lewin Group.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

რა დგას ლატარიის რეკლამის უკან

„ლატარიის რეკლამა. . . [ბევრმა] შეიძლება ზნეობრივი ფასეულობების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამად აღიქვას — თითქოსდა აზარტული თამაშები დიდად სასიკეთო და კეთილშობილური საქმე ყოფილიყოს“, — ნათქვამია დიუკის უნივერსიტეტის (შეერთებული შტატები) მკვლევარების მიერ აზარტული თამაშების ზემოქმედების შემსწავლელი ეროვნული კომისიისადმი მიწოდებულ ანგარიშში. მაგრამ, რა გავლენას ახდენს სინამდვილეში ლატარიის რეკლამა მოსახლეობაზე? ანგარიშში ნათქვამია: «ალბათ, არ გავაზვიადებდით, თუ ვიტყოდით, რომ ლატარიის რეკლამირება ძირგამომთხრელი საქმიანობაა — ის გვასწავლის, რომ ადამიანის წარმატება სწორი ციფრის შერჩევაზეა დამოკიდებული. ამ დამახინჯებულმა „საგანმანათლებლო“ მოღვაწეობამ, რომელსაც ლატარიის გათამაშების ორგანიზატორები ეწევიან, შეიძლება საკმაოდ არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს — ეკონომიკური ზრდის შენელების შედეგად, საბოლოო ჯამში, სამთავრობო საბიუჯეტო შემოსავლებიც შემცირდება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ ლატარიის რეკლამა ხალხს მუშაობის, დანაზოგის გადადების და განათლების მისაღებად ფულის დაბანდების სურვილს დაუკარგავს, შედეგად, შესამჩნევად შემცირდება შრომის ნაყოფიერება. როგორც უნდა იყოს, სასწაულის მოლოდინი ნამდვილად არ არის წარმატების საწინდარი — თუმცა ყოველდღე სწორედ ამას ვასწავლით ჩვენს შვილებს».

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

ნებისმიერი სახლი შეიძლება იქცეს კაზინოდ

სამორინეების ასაშენებლად დიდძალი თანხებია საჭირო, მაგრამ აზარტული თამაშების მესვეურები ამ თანხებს ზოგავენ და ახლა ისინი შედარებით იაფად ქმნიან ვებ-საიტებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სახლი, სადაც ინტერნეტთან შეერთებული კომპიუტერი დგას, ვირტუალურ კაზინოდ აქციონ. XX საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში ინტერნეტში აზარტული თამაშების დაახლოებით 25 საიტი იყო. 2001 წლისთვის ეს რიცხვი 1 200-მდე გაიზარდა, ხოლო აზარტული ინტერნეტ-თამაშებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ყოველწლიურად ორმაგდება. 1997 წელს აზარტული საიტებიდან მიღებული მოგება 300 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 1998 წლისთვის მოგება 650 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2000 წელს მოგებამ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა და, როგორც ვარაუდობენ, 2003 წლისთვის ეს ციფრი „6,4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება“, — იტყობინება „რეიტერის“ საინფორმაციო სააგენტო.

[სურათი 6 გვერდზე]

აზარტული თამაშებით გატაცებული ადამიანი ზიანს აყენებს როგორც გარშემომყოფთ, ისე საკუთარ თავს და ოჯახი შეიძლება ულუკმაპუროდაც კი დატოვოს.

[სურათი 7 გვერდზე]

ახალგაზრდებს შორის შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება აზარტული თამაშებით გატაცებულთა რაოდენობა.

[სურათი 8 გვერდზე]

ფანატიკური აზარტული მოთამაშეების შვილებს უფრო მეტად ემუქრებათ აზარტული თამაშებით გატაცების საფრთხე.