არსებობს გამოსავალი?
არსებობს გამოსავალი?
რას უზამთ ნივთს, რომელიც მეტად აღარ გჭირდებათ? „ავდგები და უბრალოდ გადავაგდებ“, — შეიძლება თქვას ვინმემ და ეს ყველაზე ადვილ და გონივრულ გამოსავლად ჩათვალოს. სინამდვილეში, ნარჩენების თავიდან მოცილება ყოველთვის ასე ადვილი როდია. კი მაგრამ, სად გადააგდებთ? როგორც იტალიის გარემოს დაცვის საზოგადოება ვარაუდობს, ზღვაში გადაგდებული მინის ბოთლის დაშლას 1 000 წელი სჭირდება. ქაღალდი გაცილებით მალე, სულ რაღაც სამ თვეში, იშლება. სიგარეტის ნამწვი 5 წლის განმავლობაში აბინძურებს ზღვას, ხოლო ცელოფნის პარკები 10—20, ნეილონის
ნაწარმი 30—40, კონსერვის ქილები 500 და პოლისტიროლი 1 000 — წელი.ასეთი ნარჩენების რაოდენობა ბოლო დროს უზომოდ გაიზარდა. მსოფლიო ბაზარი ჩვენს დღეებში აურაცხელ საქონელს სთავაზობს მომხმარებელს, რეკლამის სამყაროს კი სურს იმაში დაგვარწმუნოს, რომ ყველა ეს პროდუქცია უსათუოდ გვესაჭიროება. ბრიტანეთში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“ მოსწრებულად იყო შენიშნული: „სარეკლამო სააგენტოები დახმარებას გვიწევენ ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, რომლებიც, ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ გვქონდა“. მართლაც, ყველა ვდგებით ცდუნების წინაშე, უახლესი პროდუქცია შევიძინოთ იმის შიშით, რომ ვაითუ რაიმე საინტერესო და ახალი გავუშვათ ხელიდან. ხოლო სარეკლამო ტერმინოლოგიის მიხედვით, „ახალი“, რაღა თქმა უნდა, „საუკეთესოს და უმაღლესი ხარისხისას“ ნიშნავს, „ძველი“ კი — „დაბალი ხარისხისას და დრომოჭმულს“.
ასე რომ, ხშირად გვარწმუნებენ: უმჯობესია ახალი ვიყიდოთ, ვიდრე ძველი შევაკეთოთ. დღეს ამტკიცებენ, რომ ძველის ახლით შეცვლა უფრო პრაქტიკული და ეკონომიურია, ვიდრე მისი შეკეთება. ზოგჯერ ეს შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ძველის გადაგდება და ახლის ყიდვა ძვირიც ჯდება და აუცილებელიც არ არის.
მრავალი პროდუქცია დღეს ისეთნაირად იწარმოება, რომ მალე გადასაგდები ხდება. მათი შეკეთება შეიძლება ძნელი იყოს — ამიტომ კარგი იქნება, თუ ყიდვისას ყოველთვის გავითვალისწინებთ ამ მომენტს. გერმანიაში გამომავალ მომხმარებელთათვის განკუთვნილ ჟურნალში ნათქვამი იყო: „სხვადასხვა პროდუქციის ვარგისიანობის ვადა უფრო და უფრო მცირდება. რაც გუშინ მოდური იყო, დღეს უკვე ძველმოდური ხდება და ხშირად სანაგვეში ისვრიან. ასე რომ, ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით ძვირფასი ნედლეული უვარგისი ნაგავი ხდება“.
მართლა მოაქვს სარგებლობა უთავბოლოდ ყველაფრის ყიდვას მომხმარებლისთვის? სინამდვილეში, მოგებულნი რჩებიან მხოლოდ კომპანიები, რომელთაც ჯიბის გასქელება აქვთ განზრახული. შვეიცარიაში გამომავალ ყოველკვირეულ გამოცემა „ველტვოხეში“ ასეთი მოსაზრება იყო გამოთქმული: „თითოეული ადამიანი ავეჯის მხოლოდ ერთი კომპლექტითა და ერთი ავტომანქანით რომ დაკმაყოფილებულიყო მთელი ცხოვრების მანძილზე, ან იმაზე ორჯერ უფრო დიდხანს რომ გამოეყენებინა, ვიდრე ახლა იყენებს, ეკონომიკური კრახი გარდაუვალი იქნებოდა“. ეკონომიკური კრახის გამოწვევით, რა თქმა უნდა, ვერ მოვაგვარებდით ნაგვის პრობლემას იმიტომ, რომ ეს მოსახლეობის უმუშევრად დარჩენას გამოიწვევდა. მაშ, რა საშუალებები არსებობს ნაგვის მოზღვავების შესაჩერებლად?
გადავყაროთ, გადავამუშაოთ თუ შევამციროთ?
ზოგიერთი ქვეყანა, სადაც მრეწველობა კარგად არის განვითარებული, ადვილ გამოსავალს პოულობს და ნარჩენები განვითარებად ქვეყნებში გააქვს. მაგალითად, როგორც იტყობინებიან, „ნიგერიაში ყველასთვის კარგად ცნობილ ერთ ადგილზე აღმოაჩინეს 3 500 ტონა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რომელიც 8 000-ზე მეტი ჟანგისგან შეჭმული ცისტერნიდან ჟონავდა და როგორც ნიადაგს, ისე გრუნტის წყლებს წამლავდა“. ასეთი მეთოდით ნარჩენების თავიდან მოშორება არც პრაქტიკულია და არც სხვებისადმი პატივისცემას ირეკლავს.
არის თუ არა ეფექტური გადაყრის ნაცვლად უსარგებლო ნივთებისა თუ საგნების გადამუშავება შემდგომი მოხმარების მიზნით? გადამუშავების გასაადვილებლად, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ხალხმა ნარჩენები დაახარისხოს. ზოგან ეს უკვე კანონით მოითხოვება. ადგილობრივი კანონით შეიძლება მოითხოვებოდეს ნაგვის დახარისხება სხვადასხვა კატეგორიებად, მაგალითად ასე: ქაღალდი, მუყაო, ლითონები, მინა და ორგანული ნარჩენები. მინა კი, თავის მხრივ, შეიძლება ფერის მიხედვით დახარისხდეს.
ნაგვის გადამუშავებას აშკარად მოაქვს სარგებლობა. როგორც წიგნი „5 000 დღე პლანეტის გადასარჩენად“ შენიშნავს, ალუმინის გადამუშავების წყალობით „უზარმაზარი ენერგია იზოგება“ და „მცირდება ის ზიანიც, რომელსაც ბოქსიტის ღია წესით მოპოვება აყენებს გარემოს“. წიგნში გრძელდება: „ნარჩენების გადამუშავებით ქაღალდის მიღებისას ორჯერ უფრო ნაკლები ენერგია იხარჯება და ათჯერ უფრო ნაკლები წყალია საჭირო, ვიდრე მისი ქარხნული წესით წარმოებისას . . . შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა ნარჩენის აღდგენა, გადამუშავება და ხელახლა გამოყენება . . . თუნდაც ზოგ საწარმოს არ შეეძლოს ნარჩენების ხელახლა გამოყენება, ზოგჯერ მათ შეუძლიათ ნარჩენი პროდუქტების გადამუშავება, რათა ისინი სხვებმა გამოიყენონ . . . XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ჰოლანდიაში წარმატებით ფუნქციონირებს ნარჩენების ურთიერთგაცვლის სისტემა“.
ზოგიერთ სახელმწიფოში კი, ნაცვლად იმისა, რომ ნაგვის თავიდან მოცილებაში ეძებონ გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც ზემოხსენებული წიგნი გვაფრთხილებს, „დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ“, თუ გვინდა, რომ ჩვენი მსოფლიო — რომლის „ეკონომიკაც დაფუძნებულია პრინციპზე: ვაწარმოოთ მალე გადასაგდები პროდუქცია — იქცეს მომჭირნე საზოგადოებად, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ნარჩენების წარმოქმნა და ბუნებრივი რესურსების მოხმარება“.
მაგრამ, თუ არ გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ მსოფლიოში, რომლის „ეკონომიკაც დაფუძნებულია პრინციპზე: ვაწარმოოთ მალე გადასაგდები პროდუქცია“, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ნაყიდი ნივთები რაც შეიძლება დიდხანს გამოვიყენოთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავაგდოთ, როცა მათი შეკეთება უკვე შეუძლებელია. თუ რაიმე ნივთი ჯერ კიდევ გამოსადეგია, მაგრამ აღარ გვჭირდება, სხვებს უნდა მივცეთ, რომლებიც გამოიყენებენ. ქალაქ დარმშტადში არსებულმა გერმანიის ეკოლოგიის ინსტიტუტის განყოფილებამ გამოიანგარიშა, რომ თუ ოჯახი იხელმძღვანელებს პრინციპით „ნუ კი გაანიავებ, არამედ გამოიყენე“, მაშინ მას სხვა ოჯახებთან შედარებით 75 პროცენტით ნაკლები ნაგავი ექნება.
მაგრამ მოისურვებს კი ოჯახების უმრავლესობა ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას? როგორც ჩანს, არა. ნაგვის მოზღვავების პრობლემა, სინამდვილეში, უფრო დიდი პრობლემების არსებობაზე მიანიშნებს. გადაყრისკენ მიდრეკილ დღევანდელ საზოგადოებაში უფრო და უფრო მეტ ადამიანს უვითარდება აზროვნება, რომელსაც შეგვიძლია „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება ვუწოდოთ. მოდი უფრო კარგად გამოვიკვლიოთ ასეთი მიდგომა და ის სხვადასხვა უკიდურესობა, სადამდეც მას მიჰყავს ადამიანები.
„მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება სხვადასხვა საფრთხის წყაროა
თუ ვინმეს ეგრეთ წოდებული „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება აქვს, იგი ადვილად შეიძლება უმნიშვნელო უყაირათობიდან უფრო შორს წავიდეს. ასეთმა დამოკიდებულებამ ხალხი შეიძლება უმადური და წინდაუხედავი გახადოს და დიდი რაოდენობით ხელუხლებელი საკვებისა თუ სხვა რამის გადაყრის ჩვევა განუვითაროს. თუ ადამიანი ეგოისტია და მოდას არის აყოლილი, და თუ უმნიშვნელო რამეებშიც კი წუნიაობას ამჟღავნებს, მაშინ მას შეიძლება განუწყვეტლივ იმის სურვილი ჰქონდეს, რომ ჯერ კიდევ გამოსადეგი ტანსაცმელი, ავეჯი თუ სხვა რამ ახალ-ახლით შეცვალოს.
„მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება მხოლოდ ნივთებზე როდი აისახება. ახლახან გერმანიაში განხორციელდა სპეციალური პროგრამა გადაყრილი საოჯახო ნივთების ხელახლა გამოყენებასთან დაკავშირებით. პროგრამის ორგანიზატორებმა თქვეს: „მისაღები ოთახის ავეჯის გარნიტური ხუთი წლის შემდეგ უკვე აღარ მოგვწონს და თავიდან ვიშორებთ, რათა ახლით შევცვალოთ. ჰოდა, როგორც ამ ავეჯს ვექცევით, მერე ზუსტად ასევე ვეპყრობით ადამიანებსაც. საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს შეიწყნარებს ჩვენი საზოგადოება ასეთ დამოკიდებულებას“. მათსავე ანგარიშში ნათქვამი იყო: „როგორც კი ვინმე თავდაპირველ შრომისუნარიანობას კარგავს, მის მაგივრად მაშინვე სხვა აჰყავთ სამუშაოზე. ბოლოს და ბოლოს, რამდენსაც გინდა, იმდენს იპოვი, ვისაც სამუშაოზე მოწყობა სურს!“.
შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალ გორმა, თავის წიგნში „დედამიწის მომავალი“ დროული კითხვა დასვა: „აი, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ერთჯერადი გამოყენების საგნებზე, მაგრამ გავაკეთეთ თუ არა იგივე სხვა უფრო მნიშვნელოვანი კუთხით — შევიცვალეთ თუ არა მოყვასისადმი დამოკიდებულება? . . . იქამდე ხომ არ მივიდა საქმე, რომ უკვე აღარ ვაფასებთ თითოეული ადამიანის განუმეორებლობას?“.
თუ ადამიანი მადლიერების გრძნობას კარგავს და პატივსაც აღარ სცემს სხვებს, ის, ალბათ, მეგობრებს ან ცხოვრების თანამგზავრსაც ადვილად გაიმეტებს „გადასაგდებად“ და სინდისიც არ შეაწუხებს. გერმანიაში გამომავალმა გაზეთმა, „ზიუდოიჩე ცაიტუნგმა“, კომენტარი გაუკეთა ასეთ დამოკიდებულებას. მასში ნათქვამი იყო: „წელიწადში ორჯერ ახალ ტანსაცმელს ვყიდულობთ, ყოველ ოთხ წელიწადში — ახალ მანქანას, ყოველ ათ წელიწადში კი — მისაღები ოთახის ავეჯის ახალ გარნიტურს; გვინდა, რომ ყოველ წელს ახალ-ახალ ადგილას გავატაროთ შვებულება, ვიცვლით სახლებს, პროფესიას, სამსახურს — და ახლა იქნებ ცხოვრების თანამგზავრის გამოცვლაც დაგვეწყო?“.
როგორც ჩანს, ზოგი მზად არის, თავიდან მოიშოროს თითქმის ყველაფერი, რაც ზედმეტ ტვირთად მიაჩნია. როგორც ვარაუდობენ, 1999 წლის განმავლობაში ევროპის ერთ ქვეყანაში პატრონებმა დაახლოებით 100 000 კატა და 96 000 ძაღლი მიატოვეს. როგორც ამ ქვეყანაში ცხოველების დაცვის სფეროში მომუშავე ერთი სპეციალისტი ამბობს, მის თანამოქალაქეებს „აზრადაც არ მოსდით, რომ ცხოველები დიდხანს იყოლიონ სახლში. ისინი სექტემბერში ყიდულობენ ლეკვს და აგვისტოში [ერთი წლის შემდეგ, როცა შვებულებაში მიდიან] გარეთ უპატრონოდ ტოვებენ“. მაგრამ, რაც ყველაზე ცუდია, „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლესაც აგდებს საფრთხეში.
სიცოცხლისადმი უპატივცემულობა
როგორც ჩანს, თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ადამიანი საკუთარ სიცოცხლესაც კი არ აფასებს. რაში გამოიხატება ეს? მაგალითად, როგორც ევროპაში გამომავალი ერთი ჟურნალი ახლახან იტყობინებოდა, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, რისკზე წავიდნენ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ისინი უწინდელთან შედარებით უფრო მეტად არიან მოწადინებული, სპორტის სახიფათო სახეობებში მიიღონ მონაწილეობა. წამიერი და სასიამოვნო განცდების გულისთვის ისინი, ასე ვთქვათ, საკუთარ სიცოცხლესაც კი იმეტებენ გადასაგდებად! მოგებას დახარბებული ბიზნესმენები კი სათავისოდ იყენებენ ახალგაზრდების ამ გატაცებას. აი, რა თქვა ერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა: სახიფათო სპორტის მესვეურებისთვის „ხშირად ფულის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა“.
ჯერ კიდევ მუცლადმყოფი პატარების სიცოცხლეს როგორღა ეპყრობიან? ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ „მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 75 მილიონი ბავშვი ისახება, რომელთა დაბადებაც მშობლებს არ სურთ. ბევრი ქალი გამოსავალს აბორტის გაკეთებაში პოულობს“. პატარებს დაბადების შემდეგაც ემუქრებათ საფრთხე. როგორც ბრაზილიაში გამომავალი გაზეთი „ესტადუ დი სან-პაულუ“ იტყობინება, „თოთო ბავშვების ქუჩაში მიტოვების შემთხვევები მატულობს“. იგივე ხომ არ შეინიშნება იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
დღეს ყველგან ერთი და იმავეს ვხედავთ — ადამიანის სიცოცხლეს ხშირად ისე უყურებენ, თითქოს ჩალის ფასი ჰქონდეს და მის მოსპობაში სათაკილო არაფერი იყოს. ეს ტენდენცია კარგად ჩანს შოუ-ბიზნესის პოპულარულ პროდუქციაში: მხოლოდ ერთ მხატვრულ ფილმსა თუ სატელევიზიო პროგრამაში „მაგარმა ბიჭებმა“ შეიძლება უამრავ, მათი აზრით, „ცუდ ადამიანს“ მოუსწრაფონ სიცოცხლე. ასეთივე დამოკიდებულება ირეკლება ძალადობით ჩადენილ დანაშაულებში, რომელთა მასშტაბურობა არა და არ მცირდება მთელ მსოფლიოში — ქურდები ხშირად უმნიშვნელო თანხის, ან საერთოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე კლავენ თავიანთ მსხვერპლს. იმავეს ვხედავთ საინფორმაციო გამოშვებებში, რომლებიც თავზარდამცემ ამბებს გვამცნობენ ტერორისტული აქტების, ეთნიკური წმენდისა და აშკარა გენოციდის შესახებ — ყოველი ასეთი შემთხვევა ხომ ადამიანების უგულო და მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ნიშნავს, თითქოს მათი ძვირფასი სიცოცხლე მხოლოდ ნაგავი ყოფილიყოს.
გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებას შეიძლება ვერსად გავექცეთ, მაგრამ შეგვიძლია თავი ავარიდოთ ისეთი აზროვნების განვითარებას, რომელსაც „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება ვუწოდეთ. შემდეგ სტატიაში განიხილება მასალა, რომელიც დაგვანახვებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივბაძოთ გადაყრისკენ მიდრეკილ დღევანდელ საზოგადოებას და არ განვივითაროთ მისთვის დამახასიათებელი აზროვნება.
[სურათი 6 გვერდზე]
ნარჩენების გადამუშავება ბევრგან სავალდებულოა.
[სურათები 7 გვერდზე]
ხომ არ გაიძულებთ ცვალებადი მოდა, რომ ჯერ კიდევ გამოსადეგი ტანსაცმელი გადააგდოთ და ახალი იყიდოთ?
[სურათი 8 გვერდზე]
ჯერ არშობილ პატარას თავს უნდა ევლებოდნენ იმის მაგივრად, რომ მის გადაგდებაზე ფიქრობდნენ.
[საავტორო უფლება]
Index Stock Photography Inc./BSIP Agency
[სურათი 8 გვერდზე]
სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ წამიერი სასიამოვნო განცდების გულისთვის იგი არავინ უნდა ჩაიგდოს საფრთხეში და, ასე ვთქვათ, გადასაგდებად არ უნდა გაიმეტოს.