გადაყრისკენ მიდრეკილი საზოგადოება
გადაყრისკენ მიდრეკილი საზოგადოება
განვითარებულ ქვეყნებში ხალხი დიდი რაოდენობით ნაგავს ყრის. ავიღოთ, მაგალითად, შეერთებული შტატები. როგორც ამბობენ, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად იმდენი ნაგავი იყრება, რომ ამ ნარჩენების „წონის ეკვივალენტური წყალი 50 მეტრი სიგრძის 68 000 უზარმაზარ საცურაო აუზს გაავსებდა“. რამდენიმე წლის წინათ გაკეთებული შეფასების თანახმად, ნიუ-იორკელთა მიერ ყოველწლიურად გადაყრილი ნაგავი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ქალაქის უზარმაზარი ცენტრალური პარკი ნარჩენების 4 მეტრიანი ფენით დაფარულიყო *!
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როდესაც „ყიდვის მანიით შეპყრობილ და გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებასთან“ დაკავშირებულ პრობლემაზე მსჯელობენ, ამერიკის შეერთებული შტატები „გამაფრთხილებელ მაგალითად მოჰყავთ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის“. მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა მხოლოდ ამ ქვეყანაში როდია. ვარაუდობენ, რომ გერმანიის მოსახლეობის მიერ ყოველწლიურად გადაყრილი ნაგავი თავისუფლად აავსებდა დედაქალაქ ბერლინიდან აფრიკის სანაპირომდე — დაახლოებით 1 800 კილომეტრის სიგრძეზე — გაჭიმულ სატვირთო მატარებელს. და როგორც ერთხელ დიდ ბრიტანეთში გამოიანგარიშეს, ოთხი წევრისგან შემდგარი ოჯახი წელიწადში ექვსი ხის ეკვივალენტურ ქაღალდს ყრის.
ნაგვის მოზღვავებას ვერც განვითარებადი ქვეყნები აღწევენ თავს. ერთ პოპულარულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ცუდი ის არის, რომ პლანეტის 6 მილიარდიანი მოსახლეობის უმრავლესობა უკვე იწყებს ამერიკისა და დანარჩენი განვითარებული ქვეყნების მაგალითის მიბაძვას და ნაგვის გროვების დაყენებას“. დიახ, მოგვწონს თუ არა, უმრავლესობა გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
ნარჩენები, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ დაკონსერვებული და შეფუთული საჭმელი თუ სხვა ნაწარმი ახლა უფრო ფართოდ იყიდება, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ; ამიტომ ერთჯერად ბოთლებში ჩამოსხმულ თუ სხვა შესაფუთ მასალაში გახვეულ პროდუქციას დღეს ყველგან შეხვდებით. ჟურნალ-გაზეთების, სარეკლამო ფურცლებისა და სხვა ნაბეჭდი მასალის რაოდენობამაც მკვეთრად იმატა.
თანამედროვე მსოფლიოში, რომელშიც მრეწველობა და მეცნიერება ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს, ნაგვის ახალ-ახალი სახეები ჩნდება. გერმანიაში გამომავალი გაზეთი „ველტი“ ირწმუნება, რომ „ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად დაახლოებით ცხრა მილიონ ავტომანქანას აგდებენ“. მათი თავიდან მოცილება კი არც თუ ისე ადვილია. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო პრობლემატური საკითხი: რამდენად უსაფრთხოდ ხდება ბირთვული და ქიმიური ნარჩენების თავიდან მოშორება? როგორც იტყობინებიან, 1991 წელს შეერთებულ შტატებს „არ გააჩნდა ადგილი, სადაც მუდმივად შეინახავდა დიდი რაოდენობით დაგროვილ რადიოაქტიურ ნარჩენებს“. სიცოცხლისათვის საშიში მილიონი კასრი ნივთიერება დროებით საწყობში იყო შენახული, სადაც მუდამ არსებობდა „მისი დაკარგვის, მოპარვის ან გარემოს დაზიანების საშიშროება არასწორად გამოყენების შემთხვევაში“. მხოლოდ 1999 წელს, შეერთებული შტატების 20 000-მდე კომერციული თუ სახელმწიფო
საწარმოს სახიფათო ნარჩენებმა 40 მილიონ ტონას გადააჭარბა.პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ გასულ საუკუნეში საოცრად გაიზარდა დედამიწის მოსახლეობა. რაც უფრო მეტია ხალხი, მით უფრო ბევრია ნაგავიც! ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხვეჭელობით არის გატაცებული. „უორლდ უოთჩის“ ინსტიტუტმა ამას წინათ ასეთი დასკვნა გააკეთა: „1950 წლიდან მოყოლებული, უფრო მეტი პროდუქცია მოვიხმარეთ და უფრო მეტად ვისარგებლეთ მომსახურების სხვადასხვა ფორმით, ვიდრე — კაცობრიობის არსებობის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში“.
ეჭვგარეშეა, განვითარებულ ქვეყნებში ძნელად თუ ვიპოვიდით ისეთ ადამიანს, ვინც უარს იტყოდა სხვადასხვა ნაწარმსა თუ მომსახურების ფორმაზე. მაგალითისთვის დავფიქრდეთ: მართლაც რა მოხერხებულია, სასურსათო მაღაზიაში წახვიდე, იქ უკვე შეფუთული პროდუქტები აარჩიო და სახლში მაღაზიაშივე მოცემული ქაღალდის ან ცელოფნის პარკით წამოიღო. ხალხი რომ მოულოდნელად შეფუთვის თანამედროვე საშუალებების გარეშე დარჩენილიყო, მალე მიხვდებოდნენ, თურმე რამდენად ყოფილან მათზე დამოკიდებული. და რადგან შეფუთვა უფრო ჰიგიენურია, ეს, გარკვეულწილად, ხელს უწყობს კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
მართალია, ზემოხსენებულ ფაქტორებს სარგებლობაც მოაქვთ, მაგრამ ხომ არ უნდა გვაწუხებდეს ის, რომ გადაყრისკენ მიდრეკილი დღევანდელი საზოგადოება ყოველგვარ ზღვარს გასცდა? როგორც ჩანს, მართლაც უნდა გვაწუხებდეს იმიტომ, რომ თუმცა ადამიანებმა სხვადასხვა ზომებს მიმართეს ნაგვის ზრდის შესაჩერებლად, მხოლოდ ძალიან უმნიშვნელოდ თუ შეძლეს წარმოქმნილი ნარჩენების გროვების შემცირება. და რაც უფრო გულსატკენია, იმ დამოკიდებულებას, რომელიც საფუძვლად უდევს დღევანდელი საზოგადოების მიდრეკილებას გადაყრისკენ, სხვა სამწუხარო შედეგებიც ახლავს თან.
[სქოლიო]
^ აბზ. 2 პარკი გაშენებულია 341 ჰექტარზე.
[სურათი 4 გვერდზე]
სახიფათო ნარჩენების უსაფრთხოდ მოშორება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.