არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ ვუყვარვარ საკუთარ მშობელს?

რატომ არ ვუყვარვარ საკუთარ მშობელს?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ ვუყვარვარ საკუთარ მშობელს?

„სანამ მამა დედას გაეყრებოდა, ერთად ვისვენებდით ზღვის სანაპიროზე, სადმე ვსადილობდით, და მანქანით სხვადასხვა ადგილს ვესტუმრებოდით ხოლმე. შემდეგ ყველაფერი შეწყდა. მამაჩემი ერთიანად შეიცვალა. როგორც ვატყობ, მან მეც შემაქცია ზურგი“ (კარენი) *.

უამრავ ახალგაზრდას სტანჯავს მსგავსი გრძნობები. კარენის მსგავსად ისინიც გრძნობენ, რომ ერთ-ერთ მშობელს აღარ უყვარს — ან არც არასდროს ჰყვარებია. ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ დროებითი უთანხმოებით გამოწვეულ უარყოფით გრძნობებზე, რომლებიც წარმავალია; და არც იმ გულისწყრომას ვგულისხმობთ, რომელიც ახალგაზრდებს ზოგჯერ დარიგებებისა თუ დასჯის გამო ეუფლებათ. ლაპარაკია იმ შემთხვევებზე, როდესაც მშობლები არ ავლენენ შვილების მიმართ ნამდვილ სიყვარულს, აკლებენ მათთვის აუცილებელ ყურადღებას და არ არიან მათი აღზრდით დაინტერესებული. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები, სიტყვიერად თუ ფიზიკურად, ძალიან უხეშად და სასტიკად ეპყრობიან შვილებს.

ალბათ, სხვა არაფერს შეუძლია ადამიანის გულში იმაზე ღრმა ჭრილობის დატოვება, როგორც მშობლის მიერ უგულებელყოფას. „თავს ზედმეტად და ყველასგან დავიწყებულად ვგრძნობდი“, — ამბობს კარენი. თუკი ოდესმე შენც აღმოჩენილხარ მსგავს რთულ მდგომარეობაში, კარგად გაიაზრე ქვემოთ მოცემული რჩევები, რომლებიც უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში დაგეხმარება. დარწმუნებული იყავი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარი მშობელი ყურადღებას გაკლებს, შენ შეძლებ ცხოვრებაში წარმატების მიღწევას!

გაუგე მშობელს

დავიწყოთ იქიდან, რომ სავსებით ნორმალურია, მშობლისგან სიყვარულს მოელოდე. შვილის მიმართ მშობლის სიყვარული ისეთივე ბუნებრივი და საიმედო უნდა იყოს, როგორც მზის ამოსვლა. ღმერთი მშობლებისგან მოელის, რომ შვილების მიმართ ასეთი სიყვარული გამოავლინონ (კოლასელთა 3:21; ტიტე 2:4). მაშ, რატომ არ აქცევენ ზოგჯერ მშობლები შვილებს ყურადღებას, საერთოდ ტოვებენ მათ ან ცუდად ეპყრობიან?

ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება მათსავე აღზრდაში იმალებოდეს. ჰკითხე საკუთარ თავს: „საიდან გაიგეს ჩემმა მშობლებმა, თუ როგორ უნდა აღზარდონ შვილები?“. უმეტეს შემთხვევაში ისინი თავიანთივე მშობლებისგან სწავლობდნენ ამას. ხოლო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ „მოძულე“ ადამიანებით სავსე თანამედროვე უკეთურ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, ასეთი განსწავლა ხშირად იდეალურისგან საკმაოდ შორს არის (2 ტიმოთე 3:1—5). ზოგჯერ ეს ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და მშობლები ისევე ცუდად ეპყრობიან საკუთარ შვილებს, როგორც თავად მათ ეპყრობოდნენ ბავშვობაში.

გარდა ამისა, მშობლები შეიძლება სხვადასხვა სერიოზული მიზეზების გამო იყვნენ დადარდიანებული. ზოგი ცდილობს, გაექცეს მტკივნეულ რეალობასა და იმედგაცრუებას იმით, რომ მთლიანად სამსახურში ეფლობა და დარდს ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკებში იკლავს. მაგალითად, უილიამი და ჯოანი ალკოჰოლიკი მამის ხელში იზრდებოდნენ. „მამას ძალიან უჭირდა ჩვენი შექება, — ამბობს ჯოანი. — მაგრამ ამას ვინ ჩივის, ყველაზე უარესი ის იყო, რომ სმის დაწყებისთანავე რისხვას ანთხევდა. ხშირად ყოფილა, რომ მთელი საღამო დედას უყვიროდა და ეჩხუბებოდა. მე ძალიან მეშინოდა“. თუნდაც მშობლები ასე აშკარად შეურაცხმყოფლად არ იქცეოდნენ, მათმა ცხოვრების წესმა შეიძლება ისე გამოფიტოს ისინი, რომ შვილების მიმართ სიყვარულისა და ყურადღების გამოვლენის თავი აღარ ჰქონდეთ.

უილიამს ესმის, რა იდგა მამამისის უცნაური საქციელის უკან. „მამაჩემი გერმანიაში, ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დროს, გაიზარდა, — ყვება ის, — ბავშვობისას ხშირად უგრძნია აუტანელი შიში და უამრავი ადამიანის სიკვდილის თვითმხილველიც ყოფილა. მას ყოველდღიურად უნდა ებრძოლა ლუკმაპურისთვის, რომ არ მომკვდარიყო. ვფიქრობ, მამაჩემზე ძალიან იმოქმედა ყოველივე იმან, რისი ატანაც მოუწია“. მართლაც, ბიბლიაც ამბობს, რომ მძიმე პირობებში ჩავარდნილი ადამიანი შეიძლება არაგონივრულად მოიქცეს (ეკლესიასტე 7:7, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა).

ფიქრობენ თუ არა უილიამი და ჯოანი, რომ მათი მამის მწარე ბავშვობა მის საქციელს ამართლებს? „არა, — ამბობს უილიამი, — მისი წარსული არ არის ლოთობისა და ცუდი საქციელის გამამართლებელი. მაგრამ მამის წარსულის ცოდნა იმაში დამეხმარა, რომ უფრო უკეთ გამეგო, თუ რატომ იქცეოდა ასე“.

თუ მხედველობაში მიიღებ იმ ფაქტს, რომ შენი მშობლები არასრულყოფილები არიან და, ამავე დროს, მათი წარსულის შესახებაც უფრო მეტი გეცოდინება, ეს დიდ დახმარებას გაგიწევს იმ მხრივ, რომ უფრო უკეთ გაუგო მათ. იგავნის 19:11-ში ნათქვამია: „გონიერი კაცი სულგრძელია“.

საკუთარ გრძნობებთან გამკლავება

ოჯახში არსებულმა სიტუაციამ შეიძლება სხვა უარყოფითი გრძნობებიც გაგიჩინოს. მაგალითად, მშობლების უყურადღებობის გამო პატრიცია თავს „უვარგისად და სიყვარულის უღირსად“ თვლიდა. ლანიშას კი, მას შემდეგ, რაც მამამ ის რვა წლის ასაკში მიატოვა, საერთოდ, მამაკაცების მიმართ უნდობლობის გრძნობა გაუჩნდა. ხოლო შეილა, ნარკომანი დედისგან დატოვებული სიცარიელის შესავსებად, თითქმის ყველასგან დიდ ყურადღებას ელოდა.

შესაძლოა სხვა პრობლემების წინაშეც დადგე: ეჭვი გტანჯავდეს და გულისწყრომამ მოგიცვას. როდესაც კარენმა დაინახა, რომ მისი ხელმეორედ დაქორწინებული მამა მხოლოდ თავისი ახალი ოჯახის მიმართ ავლენდა სიყვარულს, რომელიც თავად ასე სწყუროდა, ძალიან განაწყენდა. ლეილანს კი ზოგჯერ მშობლების მიმართ სიძულვილის გრძნობაც კი უჩნდებოდა. „განუწყვეტლივ ვეკამათებოდი მათ“, — ამბობს ის.

გასაგებია, რომ ასეთ ვითარებებში შვილებს ამდაგვარი გრძნობები უჩნდებათ. მაგრამ როგორ უნდა დაძლიო ისინი? განვიხილოთ რამდენიმე რჩევა.

დაუახლოვდი იეჰოვას (იაკობი 4:8). იეჰოვასთან დაახლოებას ბიბლიის კითხვითა და მის ხალხთან რეგულარული ურთიერთობით შეძლებ. როდესაც დაინახავ, თუ როგორ ეპყრობა იეჰოვა სხვებს, დარწმუნდები, რომ ის ერთგულია და შეიძლება მასზე მინდობა. „განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? — ჰკითხა იეჰოვამ ისრაელებს. — მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ“, — აღგვითქვა მან (ესაია 49:15). ამიტომ, რეგულარულად მიმართე იეჰოვას ლოცვით. ნუ იდარდებ იმაზე, თუ რამდენად ზუსტ სიტყვებს შეარჩევ ამ დროს. მას ესმის შენი (რომაელთა 8:26). მაშინაც კი, თუ გგონია, რომ არავის უყვარხარ, გახსოვდეს: იეჰოვას უყვარხარ (ფსალმუნი 26:10).

გრძნობები გაუზიარე უფროს ადამიანს, რომელსაც ენდობი. დაუმეგობრდი სულიერად მოწიფულ ადამიანებს. გულახდილად გაუზიარე მათ შენი გრძნობები და არც შენი საწუხარი დაუმალო. იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებაში სულიერი მშობლების პოვნას შეძლებ (მარკოზი 10:29, 30). მაგრამ, შესაძლოა, მათთან დასალაპარაკებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა შენ მოგიწიოს, რადგან საიდან ეცოდინებათ მათ, რას განიცდი, თუკი ამის შესახებ არ მოუყვები? როცა მათ საწუხარს გაუზიარებ, გულზე მოგეშვება და ნუგეშს იგრძნობ (პირველი მეფეთა 1:12—18).

დაეხმარე სხვებს. საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობამ რომ არ გშთანთქას, ეცადე, არ გაამახვილო ყურადღება შენი მდგომარეობის უარყოფით მხარეებზე. ნაცვლად ამისა, ისწავლე იმის დაფასება, რაც გაქვს. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას, რომ ‘მარტო საკუთარ თავზე კი არ იზრუნო, არამედ სხვებზეც’ (ფილიპელთა 2:4). დაისახე სულიერი მიზნები და შემდეგ ოპტიმისტური განწყობით იღვაწე მათ მისაღწევად. ქრისტიანულ მსახურებაში სხვა ადამიანებზე ზრუნვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ საკუთარ თავზე არ მოახდინო კონცენტრირება და ყურადღება სხვებზე გადაიტანო.

განაგრძე მშობლების მიმართ პატივისცემის გამოვლენა. ყოველთვის დაიცავი ბიბლიური პრინციპები და ნორმები. ამაში მშობლების მიმართ პატივისცემის გამოვლენაც შედის (ეფესელთა 6:1, 2). ასეთი პატივისცემა დაგეხმარება, რომ გულში შურისძიება არ ჩაიდო. გახსოვდეს: რა ცუდადაც უნდა გეჩვენებოდეს მშობლების მოპყრობა, ეს არასოდეს გაამართლებს შენს საპასუხო ცუდ საქციელს. ასე რომ, ყველაფერი იეჰოვას მიანდე (რომაელთა 12:17—21). ის „სამართლის მოყვარულია“ და ძალიან სურს კიდეც ბავშვების დაცვა (ფსალმუნი 36:28; გამოსვლა 22:22—24). მშობლების მიმართ სათანადო პატივისცემის გამოვლენისას ეცადე, გამოიმუშავო ღვთის სულის ნაყოფი, უპირველეს ყოვლისა კი — სიყვარული (გალატელთა 5:22, 23).

შენ შეძლებ წარმატების მიღწევას

ცხადია, მშობლების მხრიდან სიყვარულის ნაკლებობა შვილებისთვის ძალიან მტკივნეულია. მაგრამ მშობლების მიერ გამოვლენილი უყურადღებობა არ წყვეტს იმას, თუ როგორი ადამიანი გახდები. თუკი ცხოვრებაში ზემოთ ჩამოთვლილი ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებ, შეძლებ ბედნიერებისა და წარმატების მიღწევას.

უილიამი, რომელიც ადრე მოვიხსენიეთ, იეჰოვას მოწმეების ფილიალში სრული დროით მოხალისედ მსახურობს. ის ამბობს: „იეჰოვა ბევრნაირად გვეხმარება ამ რთულ მდგომარეობასთან გამკლავებაში. რა ბედნიერებაა, გყავდეს ასეთი მოსიყვარულე და მზრუნველი ზეციერი მამა!“. ხოლო მისი და, ჯოანი, სრული დროით პიონერული მსახურებით არის დაკავებული და მსახურობს იქ, სადაც მაუწყებლები უფრო მეტად არიან საჭირო. «როცა წამოვიზარდეთ, უფრო ნათლად დავინახეთ განსხვავება „ღვთის მორჩილსა და მის ურჩს“ შორის, — ამბობს ის (მალაქია 3:18). — განვლილის გამო მტკიცედ გადავწყვიტეთ, გვებრძოლა ჭეშმარიტებისთვის და მის გასათავისებლად».

შენც შეძლებ წარმატების მიღწევას. „ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან“, — ნათქვამია ბიბლიაში (ფსალმუნი 125:5). რა კავშირი აქვს ამ მუხლს შენთან? რა და, თუკი ძალებს არ დაიშურებ იმისთვის, რომ რთული მდგომარეობის მიუხედავად მართალი პრინციპები დაიცვა, ღვთის კურთხევა გეწევა და ცრემლები ბოლოს სიხარულად გექცევა.

მაშ, მთელი გულით ეცადე, დაუახლოვდე იეჰოვა ღმერთს (ებრაელთა 6:10; 11:6). მაშინაც კი, თუ წლების მანძილზე დადარდიანებული და იმედგაცრუებული იყავი და დანაშაულის გრძნობა გტანჯავდა, ეს გრძნობები შეიძლება თანდათანობით გაგინელდეს და ადგილი დაუთმოს „ღვთის მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“ (ფილიპელთა 4:6, 7).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 12 გვერდზე]

ხომ არ ფიქრობ, რომ. . .

• უღირსი ადამიანი ხარ და არავის სჭირდები?

• სხვებს არ შეიძლება ენდო და სხვისი ნდობა არაგონივრულია?

• გამუდმებით გჭირდება გამხნევება და დამშვიდება?

• ვერ იოკებ ბრაზსა და გულისწყრომას?

თუ ყველა ამ კითხვას დადებითად პასუხობ, რაც შეიძლება მალე დაელაპარაკე მშობელს, რომელსაც ენდობი, უხუცესს ან სულიერად მოწიფულ მეგობარს.

[სურათები 14 გვერდზე]

გადადგი გონივრული ნაბიჯები შენს გრძნობებთან გასამკლავებლად.