როგორ შევიცვალოთ დამოკიდებულება?
როგორ შევიცვალოთ დამოკიდებულება?
„ბუნებაში . . . როგორც ასეთი, არ არსებობს ნარჩენები“, — ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად ასეთი აზრი გამოთქვა ერთმა პატივცემულმა სპეციალისტმა ნარჩენების გადამუშავების სფეროში. მას მხედველობაში ჰქონდა ბუნებაში მიმდინარე შესანიშნავი პროცესი: ეკოსისტემის ერთი ნაწილის მკვდარ და გამოუსადეგარ ნარჩენებს ყოველთვის იყენებენ ეკოსისტემისვე შემადგენელი სხვა ელემენტები. როგორც იტყობინებიან, იმავე სპეციალისტს ასეთი რამეც უთქვამს: „ადამიანებს შეუძლიათ ბუნებას მიჰბაძონ და ნაგვის გარეშე იარსებონ, მაგრამ ამისათვის მათ ახალი ტექნოლოგია და დამოკიდებულების ძირფესვიანად შეცვლა დასჭირდებათ“.
უმრავლესობა, ალბათ, ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ ახალი ტექნოლოგიის შესამუშავებლად. მაგრამ დამოკიდებულების შეცვლა კი ნამდვილად შეგვიძლია! და თუ სწორი დამოკიდებულება გვექნება იმ ძირითადი პრინციპებისადმი,
რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მართებულად მოქცევა, მაშინ უფრო ადვილად გავართმევთ თავს იმ პრობლემებს, რომლებსაც გადაყრისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში ცხოვრება გვიქმნის.ნუ იქნებით უყაირათო
ცნობილია, რომ ჩვენს პლანეტაზე ყოველი მეხუთე ადამიანი მშიერი წვება დასაძინებლად. ამიტომ აუცილებელია, დავაფასოთ საკვები და მოვერიდოთ მის უყაირათოდ გამოყენებას. ერთმა წყვილმა 28 წელი იმსახურა მისიონერად აფრიკაში, რის შემდეგაც კვლავ ევროპაში, თავიანთ სახლში, დაბრუნდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ერთ-ერთი უდიდესი სირთულე, რის გამოც თავიანთ სამშობლოსთან ხელახლა შეგუება უჭირდათ, ის იყო, რომ „ხალხი ტყუილუბრალოდ ყრიდა საკვებს“.
გონიერი მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ მხოლოდ იმდენი საჭმელი გადაიღონ თეფშზე, რამდენსაც შეჭამენ. როდესაც ასე ვიქცევით, ნაგვისა და ნარჩენების რაოდენობაც მცირდება. უმჯობესია, თავიდან ცოტა გადავიღოთ და თუ კიდევ მოგვინდება, მერე დავიმატოთ საჭმელი. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მშობლებმა უნდა მისცენ შვილებს მაგალითი. იესომ კარგი მაგალითი მოგვცა ყველას — მან გვიჩვენა, რომ ძალიან აფასებდა ღვთის მიერ მოცემულ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ საზრდოს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესომ დიდი ყურადღება გამოიჩინა, რათა საჭმელი უთავბოლოდ არ გადაყრილიყო მიუხედავად იმისა, რომ სასწაულის წყალობით საკვები უხვად იყო! (იოანე 6:11—13).
მომჭირნეობა ტანსაცმელთან, ავეჯთან და სხვადასხვა მოწყობილობებთან მიმართებაშიც შეგვიძლია გამოვიჩინოთ. თუ ყველაფერს კარგ მდგომარეობაში ვინარჩუნებთ და იმდენ ხანს ვიყენებთ, რამდენ ხანსაც პრაქტიკულია, ამით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. არ უნდა მოვტყუვდეთ რეკლამებით — მათი მიზანი ხომ ის არის, რომ რაღაც უფრო დიდი, უკეთესი, უფრო სწრაფი და ძლიერი შემოგვთავაზონ
და უკმაყოფილო გაგვხადონ იმით, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, სრული უფლება გვაქვს, რომ ჩვენი საკუთრება, რომელიც ჯერ კიდევ გამოსადეგია, ახლით შევცვალოთ. მაგრამ, ვიდრე ამას გავაკეთებდეთ, კარგი იქნებოდა, ჯერ საკუთარ დამოკიდებულებასა და მოტივებზე დავფიქრებულიყავით.ნუ იქნებით ხარბი
როდესაც უდაბური ადგილების გავლით აღთქმული მიწისკენ მიემართებოდნენ, ისრაელებს ღმერთი მანანას სახით აძლევდა საზრდოს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ისინი საკმარისი რაოდენობით იღებდნენ მანანას. მაგრამ ისრაელები გაფრთხილებული იყვნენ, რომ სიხარბე არ გამოეჩინათ; მათ მხოლოდ იმდენი უნდა აეღოთ, რამდენიც სჭირდებოდათ. ისინი, ვინც არაფრად ჩააგდო ეს გაფრთხილება, მიხვდნენ, რომ სიხარბეს ხეირი არ მოჰქონდა — მონარჩენ მანანას მატლი ეხვეოდა და ყროლდებოდა (გამოსვლა 16:16—20). ბიბლია აშკარად, მკაცრად და არაერთხელ გმობს სიხარბეს (ეფესელთა 5:3).
მხოლოდ ბიბლია როდი გამოდის სიხარბის წინააღმდეგ. მაგალითად, პირველ საუკუნეში მცხოვრები რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი სენეკა ამბობდა, რომ ხარბი ადამიანი ვერასოდეს კმაყოფილდებაო. მან თქვა: „ხარბს მთელი სამყაროც კი ვერ გააძღობს“. XX საუკუნეში მცხოვრები ფილოსოფოსი ერიხ ფრომიც იმავე დასკვნამდე მივიდა: „ხარბი ადამიანი უძირო ორმოსავითაა. იგი სულ მუდამ რაღაცის მოხვეჭაშია და რადგან ვერასდროს ვერაფრით კმაყოფილდება, ძალ-ღონე ეცლება“. გარდა იმისა, რომ სიხარბესა და უყაირათობას გაურბიან, ბევრი ადამიანი სხვა პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს.
ისწავლეთ სხვებისთვის გაზიარება
ვიდრე ჯერ კიდევ გამოსადეგ ნივთებსა თუ ტანსაცმელს გადაყრიდეთ, დაფიქრდით, ვის შეიძლება გამოსდგომოდა ისინი. მაგალითად, თუ თქვენს ბავშვებს ტანსაცმელი უპატარავდებათ, იქნებ სხვა ბავშვებს კიდევ კარგა ხანს გამოეყენებინათ მათი ნაცვამი? თუ ისეთი ნივთებიც გაქვთ, რომლებსაც ადრინდელივით ხშირად აღარ იყენებთ, იქნებ მათთვისაც მსგავსი რამ მოგეხერხებინათ? მიეცით სხვას ეს ნივთი და მასაც აჩუქეთ ის სიხარული, თავიდან თქვენ რომ მოგანიჭათ. ამერიკელმა მწერალმა და იუმორისტმა, მარკ ტვენმა, ერთხელ თქვა: „სიხარული რომ სრულად შეიგრძნო, იგი სხვასაც უნდა უწილადო“. ალბათ, გამოგიცდიათ: როცა რამე კარგს სხვას უზიარებთ, ამ დროს სიხარულიც გიორკეცდებათ. გარდა ამისა, როცა ვინმეს რაიმეს ვუზიარებთ, ეს გვეხმარება ეგრეთ წოდებული „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულების უარყოფით შედეგებთან გამკლავებაშიც.
საჭირო ნივთებისა თუ სხვა რამის სხვებისთვის გაზიარება მაღალზნეობრივი საქციელია, რომლისკენაც ბიბლია მრავალგზის მოგვიწოდებს (ლუკა 3:11; რომაელთა 12:13; 2 კორინთელთა 8:14, 15; 1 ტიმოთე 6:18). მართლაც, რამდენად უკეთესი იქნებოდა მსოფლიო, ყველას რომ ჰქონოდა გაზიარების სურვილი!
დასჯერდით აუცილებელს
როდესაც ადამიანი სჯერდება, რაც აქვს, ის ბედნიერია. ეს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. ბერძნული ანდაზა ამბობს: „თუ მცირედს არ სჯერდები, მაშინ ვერაფერი დაგაკმაყოფილებს“. იაპონელები კი ამბობენ: „ღარიბია ის, ვინც კმაყოფილებას ვერ გრძნობს“. ბიბლიაც დიდი ქებით მოიხსენიებს კმაყოფილების გრძნობას. მასში ვკითხულობთ: „მაინც დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად. რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:6—8; ფილიპელთა 4:11).
იმას რომ დავჯერდეთ, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, „დამოკიდებულების ძირფესვიანად შეცვლაა“ საჭირო. ახალგაზრდა ქალი, სახელად სიუზანი, ახლახან მიხვდა, რომ სწორედ ასეთი ცვლილება უნდა მოეხდინა. მან თქვა: „რადგან შეუძლებელი იყო, რაც მინდოდა, ყველაფერი მქონოდა, გადავწყვიტე, იმით დაკმაყოფილება მესწავლა, რაც მებადა. ახლა ბედნიერიც ვარ და კმაყოფილიც“.
კმაყოფილების სწავლა მართლაც ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა. ბულგარელი პროფესორი არგირ ჰადჯიხრისტეფი, რომელიც დაბერების პროცესს სწავლობს, ამბობს: „უდიდესი უბედურება, უპირველეს ყოვლისა, ის არის, როცა ადამიანს მცირედით დაკმაყოფილება არ შეუძლია“. პროფესორი იმ სასიკეთო გავლენაზე მსჯელობს, რომელსაც კმაყოფილების გრძნობა ახდენს ჯანმრთელობაზე და დასძენს: „ადამიანი, რომელიც არ ცდილობს, თავის მეზობელზე უკეთ იცხოვროს, რომლის მიზანიც არ არის უფრო და უფრო მეტი მოიხვეჭოს, ჯიბრის და, აქედან გამომდინარე, სტრესის გარეშე ცხოვრობს. ამიტომაც მას ნერვები დაწყნარებული აქვს“.
დიახ, გადაყრისკენ მიდრეკილი საზოგადოება — და მით უმეტეს „მიდი, გადააგდე!“ დამოკიდებულება — ვერასდროს მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას. როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის ამ დასკვნამდე. მიდიხართ თუ არა თქვენც ამ დასკვნამდე?
[სურათი 9 გვერდზე]
ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ საკვების გადაყრა არ შეიძლება.
[სურათი 9 გვერდზე]
იესომ კარგი მაგალითი მოგვცა იმისა, თუ როგორ ვიყოთ მომჭირნეები.
[სურათი 10 გვერდზე]
განა არ ჯობია, რომ ის, რასაც მეტად აღარ იყენებ, გადაგდების ნაცვლად სხვას მისცე?