არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშვიდობა დედამიწაზე — ხომ არ ქრება იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი?

მშვიდობა დედამიწაზე — ხომ არ ქრება იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი?

მშვიდობა დედამიწაზე — ხომ არ ქრება იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი?

„ჩვენ, თანამედროვე მსოფლიოს მცხოვრებთ, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს. . .  ქარბორბალას — ამ არნახული უბედურების — შუაგულში ვიმყოფებოდეთ“ („რეპუბლიკა“, რომში გამომავალი გაზეთი).

ტერორისტების მიერ გასულ წელს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ნებისმიერ სხვა ეპოქასთან შედარებით, კაცობრიობის მომავლით ახლა უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული. სატელევიზიო კადრები, რომლებზეც ცეცხლის ალში გახვეული ორი ერთნაირი ცათამბჯენის ჩამონგრევა და გადარჩენილთა სასოწარკვეთილი სახეებია ასახული, არაერთხელ გადაიცა. ამ კადრებმა სულით ხორცამდე შეძრა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები. გარდა ამისა, ბევრს ისეთი გრძნობაც კი დაეუფლა, თითქოს მსოფლიოში რაღაც ისტორიული გარდატეხა მოხდა. ნამდვილად ასეა თუ არა ეს?

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ომის დაწყება მოჰყვა. მალე ერები, რომლებიც მანამდე ერთმანეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი, მოკავშირეები გახდნენ, რათა ერთობლივი ძალებით ჩაეხშოთ ტერორიზმი. ამან კი, საერთო ჯამში, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დიდი ნგრევა გამოიწვია. მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები უამრავი ადამიანისთვის კიდევ უფრო დიდი გარდატეხა იყო უსაფრთხოების გრძნობის დაკარგვა — სულ უფრო და უფრო მზარდი შიში იმისა, რომ ვერავინ ვეღარსად იპოვის ნამდვილ უსაფრთხოებას.

მსოფლიო ლიდერები უდიდეს სირთულეებს აწყდებიან. ჟურნალისტები და მიმომხილველები საგონებელში არიან ჩავარდნილი — რა უნდა ვიღონოთ, რომ ტერორიზმის ელვისებური სისწრაფით გავრცელება შევაჩეროთ? მის უკან ხომ სიღარიბე და ფანატიზმი დგას; მათი აღმოფხვრა კი, როგორც ჩანს, არავის ძალუძს. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც უსამართლობას მყარად აქვს ფესვები გადგმული, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ მდგომარეობა ფეთქებადი გახდეს. ყველას აინტერესებს, დადგება კი ოდესმე ისეთი დრო, როცა საზოგადოების უსაფრთხოებას აღარ დაემუქრება ასეთი საშინელებები. მოვა ისეთი დრო, როცა ომს — და მის თანამდევ ტანჯვა-წამებას, სიღარიბეს, სიკვდილსა და ნგრევას — ბოლო მოეღება?

მილიონობით ადამიანი ამ კითხვებზე პასუხს მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიაში ეძებს. სხვები კი უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი. როგორია თქვენი თვალსაზრისი? ფიქრობთ, რომ რელიგიური წინამძღოლები გვიპასუხებენ ამ კითხვებზე? და მართლა შეუწყობს თუ არა ხელს მშვიდობის დამყარებას მათ მიერ წარმოთქმული ლოცვები?