არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად მჭირდება მობილური ტელეფონი?

ნამდვილად მჭირდება მობილური ტელეფონი?

ახალგაზრდების შეკითხვები

ნამდვილად მჭირდება მობილური ტელეფონი?

„თუ მობილური ტელეფონი თან არ მაქვს, თავს დაუცველად ვგრძნობ და გაღიზიანებული ვარ“ (აკიკო) *.

ბევრ ქვეყანაში მობილური ტელეფონი დღითი დღე პოპულარული ხდება. ასეთი ტელეფონი საკმაოდ მოხერხებულია, რადგან მშობლებსა და მეგობრებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაგიკავშირდნენ. შენც შეგიძლია იგივეს გაკეთება. ზოგი აპარატი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის საშუალებასაც იძლევა, რაც „ყველაზე თანამედროვე საშუალებაა ახალგაზრდებისთვის ურთიერთობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. ისეთი მობილური ტელეფონებიც არსებობს, რომლებიც ინტერნეტთან დაგაკავშირებენ და ვებ-საიტებისა თუ ელექტრონული ფოსტისკენ გაგიხსნიან გზას.

შეიძლება გაქვს კიდეც მობილური ტელეფონი ან აპირებ მის შეძენას. ორივე შემთხვევაში, კარგი იქნებოდა გაგეთვალისწინებინა, რომ, როგორც ამბობენ, უხინჯო ოქროც არ არისო. მართალია, მობილური ტელეფონი, გარკვეულწილად, დახმარებას გვიწევს, მაგრამ, კარგი იქნებოდა თუ მის უარყოფით მხარეზეც დაფიქრდებოდი, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის შეძენას გადაწყვეტ, მისი „ხარვეზების“ კარგად ცოდნა მის გონივრულად გამოყენებაში დაგეხმარება.

‘გამოთვალე ხარჯი’

იესომ გონივრული პრინციპი მოგვცა, რომ მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებამდე, ადამიანმა ‘მისი ხარჯები უნდა გამოთვალოს’ (ლუკა 14:28). უნდა გავითვალისწინოთ ეს პრინციპი მობილური ტელეფონის შეძენისას? ცხადია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ აპარატი ძალიან იაფად იყიდო ან საერთოდ გაჩუქონ. მაგრამ, როგორც 17 წლის ჰენა ამბობს: „შენდა გასაოცრად, შეიძლება ძალიან დიდი თანხის გადახდა მოგიწიოს“. ამასთან, შეიძლება განუწყვეტლივ იდგე ცდუნების წინაშე, რომ დამატებითი მომსახურებებით ისარგებლო და უფრო ძვირადღირებული მოდელები შეიძინო. ჰიროში ამბობს: „ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ და ნელ-ნელა ვაგროვებ ფულს ყოველწლიურად ტელეფონის უახლესი მოდელის შესაძენად“. ასე ბევრი ახალგაზრდა იქცევა *.

მაშინაც კი, თუ მშობლები თანახმა არიან, შენი სატელეფონო გადასახადი დაფარონ, მნიშვნელოვანია გესმოდეს, რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი იაპონიაში ამბობს: „ზოგი მშობელი დამატებით მუშაობს, რომ შვილების მობილური ტელეფონების გადასახადები გადაიხადოს მაშინ, როდესაც მისი ქონა სულაც არ არის აუცილებელი“. ცხადია, არ გსურს მშობელს ამხელა ტვირთი აჰკიდო.

„დროის მფლანგველი“

ბევრი, ვინც გადაწყვიტა, ზედმეტად არ ესარგებლა მობილურით, შეიძლება მიხვდეს, რომ ტელეფონს იმაზე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე მათ ეგონათ. შედეგად, შეიძლება სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამის გასაკეთებლად აღარ რჩებოდეთ დრო. მიკა სადილობის შემდეგ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას დიდ დროს უთმობდა ხოლმე. „ახლა კი, — ამბობს ის, — სადილის დამთავრებისთანავე, მობილური ტელეფონებით ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევდივართ“.

„16-დან 20 წლამდე ასაკის მოზარდების ერთი მესამედი წერილობით მიმოწერას სატელეფონო შეტყობინების გაგზავნას ამჯობინებს“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტექსტური შეტყობინების გაგზავნა სატელეფონო საუბარზე იაფი დაგიჯდეს, ამ ოპერაციის შესრულებას ანუ ტექსტის ჩაწერას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. მიეკო ამატებს: «თუ ვინმე შეტყობინებას მიგზავნის და უბრალოდ „ძილი ნებისას“ მისურვებს, მეც იგივეს ვუსურვებ ხოლმე. შემდეგ კი, იწყება შეტყობინებების აქეთ-იქით გზავნა, რაც თითქმის ერთ საათს გვაკარგვინებს. ასეთი საუბრები, მართლაც რომ უაზრობაა».

მობილური ტელეფონის აბონენტები გაოცდებოდნენ, ერთ თვეში მასზე დახარჯული დრო რომ შეეჯამებინათ. 19 წლის ტეია ამბობს: „ბევრისთვის მობილური ტელეფონი დროის დამზოგავი კი არა, გამფლანგველია“. მაშინაც კი, თუ ნამდვილად გჭირდება მობილური ტელეფონი, მნიშვნელოვანია გესმოდეს, თუ რამდენი დრო მიაქვს მისით სარგებლობას.

ახალგაზრდა ქრისტიანი გოგონა, სახელად მარია, ამბობს: «ქრისტიანულ შეხვედრებზე ბევრი ახალგაზრდა ერთმანეთს უმნიშვნელო შინაარსის შეტყობინებებს უგზავნის. ასეთი „გართობა“ დღეს საკმაოდ გავრცელებულია!». მსგავსი საქციელი ქრისტიანული მსახურების დროსაც შეინიშნება. ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს, სულიერი საქმეებისთვის გამოისყიდონ დრო (ეფესელთა 5:16). რა სამწუხაროა, თუ ასეთი ძვირფასი დრო ტელეფონზე სასაუბროდ იხარჯება!

საიდუმლო ურთიერთობა

მარი მობილური ტელეფონის სხვა საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას: „რადგან სატელეფონო ზარებს უშუალოდ პიროვნება ღებულობს, არსებობს იმის საშიშროება, რომ მშობლებმა ვერაფერი გაიგონ, ვისთან ან როდის ლაპარაკობენ მათი შვილები“. ზოგი ახალგაზრდა ასეთნაირად საიდუმლო სატელეფონო კავშირს ამყარებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ზოგმა სიფხიზლე მოადუნა და უგულებელყო ის ნორმები, რომლებიც, წესისამებრ, სხვებთან ურთიერთობისას იცავდა. როგორ?

„ტექსტური შეტყობინებების მიღება-გაგზავნისას [ახალგაზრდებს] არავინ აკონტროლებს, თუ რას აკეთებენ“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. ამ დროს შენზე იმანაც შეიძლება მოახდინოს გავლენა, რომ ვერ ხედავ და არ გესმის მისი, ვისთანაც ურთიერთობას ამყარებ. „ზოგს ტექსტური შეტყობინება ნეიტრალურ საკომუნიკაციო საშუალებად მიაჩნია, — ამბობს ტიმო. — შეტყობინების გაგზავნისას ზოგს შეიძლება სითამამემ სძლიოს და ისეთი რამ მისწეროს ვინმეს, რასაც პირისპირ ვერასოდეს ეტყოდა“.

როდესაც 17 წლის ქრისტიანმა გოგონამ, კეიკომ, მობილური ტელეფონი შეიძინა, ნომერი თავის ბევრ მეგობარს მისცა. მალე კრებაში ერთ ბიჭთან ინფორმაციის გაცვლა დაიწყო, რამაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო. კეიკო ამბობს: „თავიდან ყოველდღიურ სასაუბრო თემებზე ვსაუბრობდით, შემდეგ კი საკუთარი პრობლემების გაზიარება დავუწყეთ ერთმანეთს. ერთი სიტყვით, მობილური ტელეფონების საშუალებით საკუთარი სამყარო შევიქმენით“.

საბედნიეროდ, სანამ სიტუაცია უფრო გამწვავდებოდა, კეიკოს მშობლები და ქრისტიანი უხუცესები ამოუდგნენ მხარში. ახლა ის აღიარებს: „მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონის შეძენამდე მშობლებმა გამაფრთხილეს, არ გამეცვალა ინფორმაცია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, მაინც ყოველდღე ვაკეთებდი ამას. ახლა ვხვდები, რომ ტელეფონს გონივრულად არ ვიყენებდი“ *.

ბიბლია მოგვიწოდებს, ‘გვქონდეს კეთილი სინდისი’ (1 პეტრე 3:16). ეს იმას ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის გამოყენებისას, როგორც კოიჩი ამბობს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ „სასირცხვილოს არაფერს აკეთებ“ მაშინაც კი, თუ შენს შეტყობინებას შენს გარდა ვიღაც წაიკითხავს ან საუბარს ყურს მოჰკრავს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჩვენს ზეციერ მამას ვერაფერს დავუმალავთ. ბიბლია ნათლად ამბობს: „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4:13). მაშასადამე, ფარული ურთიერთობების დამყარება ნამდვილად არაგონივრულია.

ნუ გასცდები ზომიერების ფარგლებს!

თუ მობილური ტელეფონის შეძენას აპირებ, კარგად აწონ-დაწონე, ნამდვილად გჭირდება ის? რჩევა მშობლებსაც ჰკითხე. ზოგი ეთანხმება ახალგაზრდა იენას, რომლის აზრითაც, „მობილური ტელეფონის გამოყენება იმდენად დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომ ბევრი ახალგაზრდა თავს ვერ ართმევს მას“.

თუ მობილური ტელეფონის შეძენას გადაწყვეტ, ნუ დაგავიწყდება მისი სათანადოდ გამოყენება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ზომიერების ფარგლების დადგენით. მაგალითად, შეზღუდე მომსახურების სხვადასხვა ოპერაციის რაოდენობა ან დაზოგე მობილურ ტელეფონზე დახარჯული დრო და ფული. რადგან უმეტესი სატელეფონო კომპანიები დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან აბონენტს გადასახდელი თანხის შესახებ, იქნებ დროდადრო მშობლებთან გემსჯელა ამის თაობაზე. ზოგისთვის საკმაოდ მოხერხებულია, წინასწარ შეიტანოს თანხა თავის ანგარიშზე, რითაც სატელეფონო საუბრების გაკონტროლებას შეძლებს.

ასევე, კარგად იფიქრე, როდის და როგორ უპასუხო სატელეფონო ზარებსა თუ შეტყობინებებს. დაადგინე საკუთარი გონივრული პრინციპები. შინჯი თავის მეთოდს გვიზიარებს: „საფოსტო ყუთს დღეში ერთხელ ვხსნი და მხოლოდ მნიშვნელოვან შეტყობინებებზე ვპასუხობ. ამის გამო, მეგობრებმა შეწყვიტეს უაზრო შეტყობინებების გამოგზავნა. თუ ნამდვილად საჩქარო საქმეა, თავისთავად ცხადია, დამირეკავენ“. უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გონივრულად შეარჩიო, თუ ვისთან გექნება ურთიერთობა. სიფრთხილე გამოიჩინე და ტელეფონის ნომერს ყველას ნუ მისცემ. იხელმძღვანელე იმავე პრინციპებით, რომლებითაც, ჩვეულებრივ, კარგი მეგობრების არჩევისას ხელმძღვანელობ (1 კორინთელთა 15:33).

ბიბლია ამბობს: „ყოველივეს თავის დრო აქვს . . . ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა“ (ეკლესიასტე 3:1, 7, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). აშკარაა, მობილურ ტელეფონებსაც აქვთ „ჟამი დუმილისა“. ქრისტიანული შეხვედრები და მსახურება ტელეფონის გამოსაყენებელი კი არა, ღვთისადმი თაყვანისცემისთვის განკუთვნილი „დროა“. ხშირად, რესტორნისა და თეატრის ხელმძღვანელები კლიენტებს სთხოვენ, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონების გამოყენებისგან. ჩვეულებრივ, ასეთ მოთხოვნებს პატივისცემით ვეკიდებით. თავისთავად ცხადია, სამყაროს უზენაესი მმართველი ნაკლებ პატივისცემას არ იმსახურებს!

ბევრი, ვინც მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული, გამორთავს ხოლმე ტელეფონს ან უხმო რეჟიმზე გადაჰყავს, თუ მაინცდამაინც აუცილებელ ზარს არ ელოდება. ზოგი მოშორებით დებს ტელეფონს. ბოლოს და ბოლოს, შეტყობინებათა უმრავლესობის ნახვა ხომ მერეც შეიძლება?

თუ მობილური ტელეფონის შეძენას აპირებ, მტკიცედ გადაწყვიტე, რომ თავად აკონტროლო ის და არა პირიქით. ცხადია, სიფრთხილის გამოჩენა გმართებს, რომ ტელეფონმა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში არ შეგიშალოს ხელი. ბიბლია მოგვიწოდებს: «თქვენი თავმდაბლობა [„გონიერება“, აქ] ცნობილი იყოს ყველა ადამიანისათვის» (ფილიპელთა 4:5). თუ მობილური ტელეფონის შეძენას გადაწყვეტ, მისი სწორად გამოყენებით აჩვენე, რომ გონიერი ხარ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 7 სკოლის მოსწავლეების სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით იხილეთ 1997 წლის 22 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატია „არის რაიმე ცუდი ფულის კეთებაში?“ (რუს.).

^ აბზ. 18 თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს სისტემატურად ესაუბრები ტელეფონით ან შეტყობინებებს უგზავნი, ეს იმის ტოლფასია, რომ ერთმანეთს ხვდებით. იხილე 1992 წლის 22 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატია „რა არის ცუდი ერთმანეთთან საუბარში?“ (ინგლ.).

[სურათები 21 გვერდზე]

ზოგ ახალგაზრდას მობილური ტელეფონის საშუალებით ფარული

ურთიერთობები აქვს.