არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა უმნიშვნელო შეცდომა კატასტროფის მიზეზი ხდება. . .

როცა უმნიშვნელო შეცდომა კატასტროფის მიზეზი ხდება. . .

როცა უმნიშვნელო შეცდომა კატასტროფის მიზეზი ხდება. . .

იდგა 1988 წლის 6 ივლისი. ჩრდილოეთის ზღვაში, სანაპიროდან მოშორებით მოწყობილ დიდ ჭაბურღილზე (Piper Alpha) მუშები კონდენსირებული გაზის საქაჩავი ტუმბოს შეკეთებას შეუდგნენ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოასწრეს. იმის გამო, რომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არ მოხდა, შემდგომ ცვლაში მომუშავეებმა შეუკეთებელი ტუმბო ჩართეს, რასაც ხანძრის გაჩენა მოჰყვა. ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მოწყობილ ბაქანზე გამომწყვდეულ მუშებს გასაქცევი არ ჰქონდათ, რის გამოც მათგან 167 ადამიანი დაიღუპა.

თორმეტი წლის შემდეგ, 2000 წლის 25 ივლისს, პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ზებგერითი რეაქტიული ლაინერი „კონკორდი“ ასაფრენად ემზადებოდა. როდესაც თვითმფრინავმა სიჩქარეს მოუმატა, ასაფრენ ბილიკზე დაგდებულმა ტიტანის პატარა ნატეხმა შასის ბორბალი გახეთქა, რამაც, თავის მხრივ, ფრთაში მოთავსებულ საწვავის ბაკს ნაპრალი გაუჩინა. საწვავმა მარცხენა ძრავებში გაჟონა, რასაც მათი გამორთვა და ხანძრის გაჩენა მოჰყვა. ცეცხლის ალი 60 მეტრს აღწევდა. დაახლოებით ორი წუთის შემდეგ თვითმფრინავი სასტუმროს დაეცა. დაიღუპა ყველა მგზავრი და მიწაზე მყოფი რამდენიმე ადამიანი.

თავის წიგნში, „იზრდება კატასტროფების მოხდენის ალბათობა — რას ვსწავლობთ უმაღლესი ტექნიკის მიღწევებიდან“, ჯეიმზ ჩაილსი აანალიზებს ამგვარ უბედურ შემთხვევებს და ამბობს: „ჩვენი ახლებური მსოფლიო სავსეა მექანიზმებით, რომლებიც ზოგჯერ უმართავი ხდება. ამიტომ ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ უბრალო შეცდომასაც კი არნახული ზიანის მოტანა შეუძლია“. ჟურნალ „საიენსში“, რომელმაც ჩაილსის წიგნი მიმოიხილა, ნათქვამი იყო: „გასული რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მეცნიერებისა და ტექნიკის არაჩვეულებრივი და ჩქარი პროგრესი, მართლაც რომ, თავბრუდამხვევია. ამის შემყურეთ ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ხილული სამყაროს შესწავლისა და მისი მართვის უსაზღვრო შესაძლებლობას ვფლობთ. [მიუხედავად ამისა], არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ, ადრინდელთან შედარებით, ახლა თუნდაც ოდნავ ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ“.

ყველაზე სახიფათო მანქანა-მექანიზმების შესახებ „საიენსში“ ნათქვამი იყო: „სულ უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთ მანქანა-მექანიზმებთან მიმართებაში სრულყოფილებას მივაღწიოთ“. მაგრამ, რას ვგებულობთ კაცობრიობის ისტორიიდან — ნუთუ შესაძლებელია სრულყოფილების მიღწევა? არა, ეს შეუძლებელია! ამიტომაც, უეჭველია, შეცდომებით გამოწვეული სხვადასხვა სახის კატასტროფა კვლავაც მოხდება.

მაგრამ უბედური შემთხვევები მუდამ როდი გატანჯავს კაცობრიობას. ღვთისმოშიში ადამიანები სიხარულით მოელიან იმ დროს, როცა ადამიანთა შეცდომები და შეზღუდული შესაძლებლობები უდროოდ და ტრაგიკულად აღარავის მოუსწრაფებს სიცოცხლეს. რას ეფუძნება მათი იმედი? იმას, რომ ზეციერი სამეფოს მეშვეობით ღმერთი აღმოფხვრის სიკვდილის, მწუხარებისა და ტკივილის გამომწვევ ყველა მიზეზს (მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:3, 4).

[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]

AP Photo/Toshihiko Sato