არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უჩვეულო შეხვედრა 30 წლის შემდეგ

უჩვეულო შეხვედრა 30 წლის შემდეგ

უჩვეულო შეხვედრა 30 წლის შემდეგ

ორი ახალგაზრდა კაცი 1967 წელს შემთხვევით შეხვდა ერთმანეთს. მათ, როგორც მიჩიგანის (აშშ) ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ერთ ჭერქვეშ უნდა ეცხოვრათ საერთო საცხოვრებელში. დენის შიცი, რომელიც ქ. ლიმადან (ოჰაიოს შტატი) იყო, მაშინ 18 წლის გახლდათ. ის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. ოცი წლის მარკ რუჯი კი ქ. ბუფალოდან (ნიუ-იორკის შტატი) იყო და საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობდა.

მაშინ ისე ჩანდა, რომ მათი მეგობრობა ხანმოკლე და წარმავალი იქნებოდა. არც ერთ მათგანს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საკუთარი მიზნების განხორციელებას შეუდგა. ამ ამბის შემდეგ სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა. ერთ მშვენიერ დღესაც ეს ორი მეგობარი დომინიკელთა რესპუბლიკაში პირისპირ შეეჩეხა ერთმანეთს. ეს საოცარი შეხვედრა შემთხვევით მოხდა, თუმცა მიზეზი მაინც არსებობდა. რა მიზეზი? ამის გასაგებად, მოდი მათ განვლილ ცხოვრებას გადავავლოთ თვალი.

დენისი ომში მიდის

პირველი კურსის დახურვის შემდეგ დენისი სახლში დაბრუნდა. 1967 წლის დეკემბერში შეერთებული შტატების ჯარში გაიწვიეს. 1968 წლის ივნისში კი ვიეტნამში გადაიყვანეს. იქ მან საკუთარი თვალით ნახა ომის საშინელება. 1969 წელს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და როგორც იქნა, ოჰაიოში ერთ მსხვილ კომპანიაში სამუშაო იშოვა. ამისდა მიუხედავად, შინაგან კმაყოფილებას მაინც ვერ გრძნობდა.

„ბავშვობიდან ოცნებად მქონდა ალასკაში ცხოვრება და მიწის დამუშავება“, — ამბობს დენისი. ასე რომ, 1971 წელს სკოლის მეგობართან ერთად ამ მიზნის განხორციელებას შეუდგა. მაგრამ, საკუთარი კარ-მიდამოს შეძენის ნაცვლად, სხვადასხვა სამუშაოზე უწევდა მუშაობა. მცირე ხანს კარავში ცხოვრობდა და მეხანძრედ მუშაობდა. მის მოვალეობაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა შედიოდა. თმა და წვერი მოუშვა და მარიხუანის მოწევა დაიწყო.

1972 წელს დენისმა დატოვა ანკორიჯი და ახალ ორლეანში (ლუიზიანის შტატი) წავიდა „მარდი გრასის“ საეკლესიო დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. ამის შემდეგ, არკანზასის ტყეში პატარა სახლი ჩადგა. თავის სარჩენად სახლების კარკასებს აკეთებდა და ბეტონის მოპირკეთებაზე მუშაობდა. 1973 წლის ივნისში დენისმა გადაწვიტა, ქვეყნისთვის შემოევლო და სიცოცხლის აზრი ეპოვა. რადგან სამოგზაურო ფული არ ჰქონდა, მიმავალ მანქანებს ემგზავრებოდა ხოლმე.

მარკი ანტისაომარ მოძრაობაში

დენისის უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ მარკმა კიდევ მცირე ხანს დაჰყო უნივერსიტეტში და რამდენიმე სემესტრი დახურა. ის ვერა და ვერ ეგუებოდა იმ სახელმწიფოებრივ წყობას, რომელიც მხარს უჭერდა ომს. ამიტომ ბუფალოში დაბრუნდა და მცირე ხანს მეტალურგიულ ქარხანაში ტექნიკოსად იმუშავა. მასზე იმდენად უარყოფითად მოქმედებდა საომარი მოქმედებები, რომ სამუშაო მიატოვა, მოტოციკლეტი იყიდა და სან-ფრანცისკოში (კალიფორნია) წავიდა. იმ დროს დენისიც მცირე ხნით სან-ფრანცისკოში იმყოფებოდა, თუმცა ამის შესახებ არც ერთმა არაფერი იცოდა.

დენისის მსგავსად, მარკმაც თმა-წვერი მოუშვა და მარიხუანის მოწევა დაიწყო. მარკი ღრმად ჩაეფლო ანტისაომარ მოძრაობაში და საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობდა. აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (გფბ) მასზე ძებნა გამოაცხადა, რათა ჯარში იძულებით წაეყვანათ. მათგან თავის დაღწევის მიზნით, მარკი რამდენიმე წელიწადს სხვა სახელითა და გვარით იმალებოდა და სან-ფრანცისკოში ჰიპურ ცხოვრებას მისდევდა. აქვე, 1970 წელს მის კარზე იეჰოვას მოწმეებმა დააკაკუნეს.

მარკი ამბობს: „ეტყობა ჩემში რაღაც ინტერესი დაინახეს და განმეორებით მომაკითხეს. ამჯერად სახლში არ დავხვდი, მაგრამ კარებთან მწვანეყდიანი ბიბლია და სამი წიგნი დაეტოვებინათ“. მარკი იმდენად იყო პოლიტიკასა და დროსტარებაში ჩაფლული, რომ მათ წასაკითხად დროს ვერ პოულობდა. გფბ-მ უფრო და უფრო გაააქტიურა მისი ძებნა. ამიტომ, სხვა სახელითა და გვარით ვაშინგტონში გადავიდა. აქ მარკი თავის მეგობარ გოგონას, კათი იანისკივის შეხვდა, რომელიც უნივერსიტეტში გაიცნო.

ბოლოს, 1971 წელს გფბ-მ მარკი აიყვანა. გფბ-ს ორმა თანამშრომელმა ის ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში გადმოაფრინა და იქიდან ტორონტოში (კანადაში) გააგზავნეს. როგორც ჩანს, გფბ-მ ის საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად აღარ მიიჩნია და მისი ქვეყნიდან გაძევებით დაკმაყოფილდა. მომდევნო წელს კათი და მარკი დაქორწინდნენ და საცხოვრებლად გაბრიოლას კუნძულზე (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) დასახლდნენ. მათ სურდათ ხალხისგან შორს დაეჭირათ თავი, თუმცა იმასაც გრძნობდნენ, რომ სიცოცხლეს აზრი უნდა ჰქონოდა.

ისინი მოწმეები ხდებიან

ალბათ, გახსოვთ, რომ დენისმა სიცოცხლის აზრის ძიებაში შტატიდან შტატში მოგზაურობა დაიწყო. ბოლოს მონტანაში შეჩერდა და ქალაქ ჩინუკის გარეუბანში ერთ ფერმერთან დროებითი სამუშაო იშოვა. ის ფერმერს მარცვლეული კულტურების აღებაში უნდა მიხმარებოდა. ფერმერის ცოლ-შვილი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათ დენისს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მისცეს. დენისი მალე დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტ რელიგიას მიჰყვებოდნენ.

ფერმიდან წასვლის შემდეგ, დენისი საცხოვრებლად ქ. კალისპელში (მონტანა) გადავიდა და ბიბლიაც თან წაიღო. აქ პირველად დაესწრო იეჰოვას მოწმეების კრებას და ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა. მალე თმები შეიჭრა და წვერი გაიპარსა. 1974 წლის იანვარში პირველად მიიღო მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში და 3 მარტს ქ. პოლსონში (მონტანა) საქონლის დასარწყულებელ გეჯაში მოინათლა.

ამასობაში, კუნძულ გაბრიოლაზე მცხოვრებმა მარკმა და კათმა დრო იხელთეს და ბიბლიის გამოკვლევა დაიწყეს. „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ კითხვისას შენიშნეს, რომ ძველი ინგლისური რთული გასაგები იყო. ამ დროს მარკს წლების წინათ მოწმეების ნაჩუქარი ბიბლია და წიგნები გაახსენდა. მათ წაიკითხეს ბიბლია და წიგნები „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და „ნამდვილად ღვთის სიტყვაა ბიბლია?“. ნასწავლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

მარკი აღნიშნავს: «ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა წიგნ „ჭეშმარიტებაში“ მოხსენიებულმა იმ ფაქტმა, რომ არსებობენ ქრისტიანები, რომლებიც არასდროს წავიდოდნენ ომში. მივხვდი, რომ ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა ყოფილიყვნენ». ამ ამბიდან მალევე მარკი და კათი ჰოუტონში (მიჩიგანის შტატი) დაბრუნდნენ და კათის ოჯახს ესტუმრნენ მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა. ჰოუტონში იეჰოვას მოწმეების კრებას დაესწრნენ, თუმცა ჯერაც ჰიპებივით გამოიყურებოდნენ. ისინი მაშინვე დათანხმდნენ ბიბლიის შესწავლაზე და ერთი თვის განმავლობაში, სანამ მიჩიგანში იმყოფებოდნენ, სწავლობდნენ კიდეც ბიბლიას.

გაბრიოლას კუნძულზე დაბრუნების შემდეგ, ნანაიმოში (ბრიტანეთის კოლუმბია) ქუჩაში შემთხვევით ერთ მოწმეს შეხვდნენ და უთხრეს, რომ ბიბლიის შესწავლა სურდათ. იმავე დღეს იეჰოვას მოწმეები ბორნით გადავიდნენ ნაპირზე და მარკსა და კათის მიაკითხეს. მათ მაშინვე დაიწყეს ბიბლიის შესწავლა, ხოლო სამი თვის შემდეგ ქადაგებაში მიიღეს მონაწილეობა. მომდევნო სამი თვის მერე კი, 1974 წლის 10 მარტს, მოინათლნენ. ეს დენისის მონათვლიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა.

დენისი სრული დროით მსახურებაში

დენისმა 1974 წლის სექტემბერში პიონერული, ანუ სრული დროით, მსახურება დაიწყო. ის ამბობს: „პიონერული მსახურება დიდ სიხარულს მანიჭებდა, მაგრამ მსახურების გაფართოება მინდოდა; ამიტომ 1975 წლის ივლისში ანკეტა შევავსე, რომ ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მემსახურა. მოწვევა იმავე წლის დეკემბერში მივიღე“.

პირველი, რაც დენისს დაევალა, ის იყო, რომ ძმებს დახმარებოდა ყოფილი სასტუმრო „ტაუერის“ საცხოვრებელ კომპლექსად გადაკეთებაში, რომელიც ბეთელის ოჯახისთვის იყო გათვალისწინებული. ამ პროექტზე რამდენიმე წელი ფილების დაგებაზე მომუშავე ბრიგადას ხელმძღვანელობდა. შემდეგ, დაქორწინების მიზნით, კალიფორნიაში გადავიდა. 1984 წელს, კათიდრალ-სიტიში (სამხრეთ კალიფორნია) უხუცესად მსახურების დროს დაქორწინდა კათი ენსზე, რომელიც პიონერად მსახურობდა.

დენისმა და კათიმ გადაწყვიტეს, უბრალოდ ეცხოვრათ და ღვთის სამეფოს ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინათ. დენისი ხშირად უარს ამბობდა გამდიდრებაზე, რისი შანსიც სამხრეთ კალიფორნიის სარფიან სამშენებლო პროექტებზე ეძლეოდა. 1988 წელს მათ იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და ანკეტებიც შეავსეს. იმავე წლის დეკემბერში ბუენოს-აირესის (არგენტინა) ფილიალის სამშენებლო პროექტზე მიიღეს დანიშნულება.

1989 წელს დენისი და კათი იეჰოვას მოწმეთა სამშენებლო პროექტებზე მიიწვიეს რეგულარულ მსახურებად. სრული დროით მსახურების ამ განსაკუთრებულ სფეროში მსახურებისას ისინი ორჯერ იყვნენ სურინამსა და კოლუმბიაში. მათ ეკვადორის, მექსიკისა და დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალების მშენებლობაშიც შეიტანეს თავიანთი წვლილი.

მარკი სრული დროით მსახურებაში

1976 წელს მარკს, ათასობით ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, რომლებსაც კანადისთვის ჰქონდათ თავი შეფარებული სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის გამო, აშშ-ს მთავრობამ შეზღუდვა მოუხსნა. მარკმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, ცხოვრება გაემარტივებინათ და სრული დროით მსახურებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმოთ. ასე რომ, მარკმა ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო იშოვა გეოდეზისტად და ნელ-ნელა დაიწყეს იმ გადასახადების დაფარვა, რომლებიც მონათვლამდე დაუგროვდათ.

1978 წელს მოწმეებმა კანადაში, ტორონტოსთან ახლოს, ახალი ფილიალის მშენებლობა დაგეგმეს. მარკსა და კათის შესაძლებლობა მიეცათ, ძმებისთვის დახმარება შეეთავაზებინათ. რადგან მარკს გეოდეზისტად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ძმებმა მშენებლობაზე მიიწვიეს. ისინი ტორონტოში, ქალაქ ჯორჯტაუნში, 1981 წლის ივნისამდე მუშაობდნენ, სანამ ეს პროექტი მთლიანად არ დასრულდა. შემდეგ ბრიტანეთის კოლუმბიაში გადავიდნენ და აქვე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. მისი დასრულების შემდეგ კვლავ მიიწვიეს კანადაში, რათა ფილიალის გაფართოებაში მიეღოთ მონაწილეობა.

ჯორჯტაუნში მსახურებიდან რამდენიმე თვეში, 1986 წელს, მარკი და კათი კანადის ბეთელის ოჯახის რეგულარულ წევრებად მიიწვიეს. მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამშენებლო პროექტებზე მსახურების უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ. იმის გამო, რომ მარკი კარგი გეოდეზისტი იყო, იეჰოვას მოწმეების არაერთი ფილიალისა თუ საკონგრესო დარბაზის ასაშენებელი ადგილების შერჩევაში მონაწილეობდა სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ასევე კარიბის კუნძულებზე.

ის და კათი წლების განმავლობაში მსახურობდნენ ვენესუელაში, ნიკარაგუაში, ჰაიტში, გაიანაში, ბარბადოსში, ბაჰამის კუნძულებზე, დომინიკაში, შეერთებულ შტატებსა (ფლორიდა) და დომინიკელთა რესპუბლიკაში. სწორედ სრული დროით მსახურების ამ განსაკუთრებულ სფეროში მონაწილეობამ გახადა შესაძლებელი, რომ მარკი და დენისი კვლავ შეხვედროდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა დომინიკელთა რესპუბლიკაში

მარკი და დენისი ერთსა და იმავე პროექტზე მუშაობდნენ დომინიკელთა რესპუბლიკაში ისე, რომ თავად არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. ერთ დღესაც, სანტო-დომინგოში, ფილიალის შენობაში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ალბათ, რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ გაიხარებდნენ ერთმანეთის ხილვით. მათ ხომ 33 წელი ერთმანეთი არ ენახათ და ბევრი რამ ჰქონდათ მოსაყოლი! ისინი გაოცებულები უყვებოდნენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიას. მათთვის ყველაზე საკვირველი, და ალბათ თქვენთვისაც, ის იყო, რომ მათი განვლილი ცხოვრება გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს.

ორივე ჰიპურ ცხოვრებას მისდევდა და საზოგადოებისგან მოშორებულ ტერიტორიაზე დასახლდა, რათა თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ფუფუნებასა და ყოველნაირ ზედმეტ საზრუნავს გაქცეოდა. ორივეს მეუღლეს ერთნაირი სახელი — კათი ერქვა. ორივე მაშინვე დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე, როგორც კი პირველად დაესწრნენ იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას. ორივე 1974 წლის მარტში მოინათლა. ორივე იეჰოვას მოწმეთა ბეთელის ოჯახის წევრი გახდა: დენისი შეერთებული შტატების, მარკი კი კანადისა. ორივე ცხოვრების გამარტივებას ცდილობდა, რათა სულიერი მიზნების განხორციელებაში ხელი არ შეშლოდათ (მათე 6:22). ორივე საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მსახურობდა. არც ერთი მათგანი არ შეხვედრია თავის რომელიმე ძველ მეგობარს, რომელსაც ჭეშმარიტება ექნებოდა მიღებული, გარდა ამ შემთხვევითი შეხვედრისა, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკაში მოხდა.

ბედისწერას ხომ არ მიაწერდნენ მარკი და დენისი ამ საოცარ დამთხვევას? ცხადია, არა! მათ ესმით, რომ, როგორც ბიბლია ამბობს, „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ და ეს ზოგჯერ მეტად საინტერესოდ ხდება (ეკლესიასტე 9:11). მაგრამ ისინი იმასაც ხვდებიან, თუ რამ ითამაშა უმთავრესი როლი მათ შეხვედრაში — ეს იყო სიცოცხლის აზრის ძიება და იეჰოვა ღმერთისადმი უანგარო სიყვარული.

მარკისა და დენისის ისტორიაში კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი იკვეთება, რაც ძალიან კარგად ესმის ყველა იმ გულწრფელ ადამიანს, რომელიც ბიბლიურ ჭეშმარიტებას სწავლობს. დენისი ამბობს: „ჩემი და მარკის ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვამ იცის თითოეული ადამიანის მდგომარეობა და როდესაც მისი გული მზად იქნება ჭეშმარიტების მისაღებად, ისიც მაშინ მიიზიდავს თავისკენ“ (2 ნეშტთა 16:9; იოანე 6:44; საქმეები 13:48).

მარკი ამატებს: „ჩვენი შემთხვევა იმის დანახვაშიც გვეხმარება, რომ, როდესაც ადამიანი იეჰოვას ნორმების თანახმად იწყებს ცხოვრებას, თავს უძღვნის მას და მისთვის სასურველი ხდება, იეჰოვა მის უნარსა და შესაძლებლობებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად იყენებს თავისი ხალხის საკეთილდღეოდ“ (ეფესელთა 4:8).

მათი ისტორია იმასაც ცხადყოფს, რომ იეჰოვა აკურთხებს მას, ვინც მთელი გულით ემსახურება ღმერთს. დენისი და მარკი ნამდვილად გრძნობენ ღვთის კურთხევას. დენისი ამბობს: „სამეფო ინტერესების წინ წასაწევად სრული დროით მსახურება ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. ამან მსოფლიოს მრავალი ეროვნების ქრისტიან და-ძმებთან ურთიერთობისა და ერთმანეთის გამხნევების ძვირფასი შესაძლებლობა მოგვცა“.

მარკი ამატებს: „იეჰოვა უეჭველად აკურთხებს მას, ვინც სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. განსაკუთრებულ კურთხევად ვთვლი იმას, რომ კანადის ბეთელის ოჯახის წევრი ვარ და საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში ვმონაწილეობ“.

მართლაც უჩვეულო შეხვედრაა არა? დიახ, რადგან როგორც მარკი ამბობს: „ჩვენი შეხვედრა აღმაფრთოვანებელი იმიტომ იყო, რომ ორივემ გავიცანით, შევიყვარეთ და ვემსახურებით ჩვენს უნიკალურ ღმერთს, იეჰოვას“.

[სურათი 15 გვერდზე]

დენისი, 1966 წ.

[სურათი 15 გვერდზე]

მარკი, 1964 წ.

[სურათი 17 გვერდზე]

დენისი სამხრეთ დაკოტაში, 1974 წ.

[სურათი 17 გვერდზე]

მარკი ონტარიოში, 1971 წ.

[სურათი 18 გვერდზე]

დენისი და მარკი მეუღლეებითურთ, 2001 წელს, შემთხვევითი შეხვედრიდან ცოტა ხანში.