არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქალაქი ასიზი — მსოფლიოს რელიგიური წინამძღოლები მშვიდობის ძიებაში

ქალაქი ასიზი — მსოფლიოს რელიგიური წინამძღოლები მშვიდობის ძიებაში

ქალაქი ასიზი — მსოფლიოს რელიგიური წინამძღოლები მშვიდობის ძიებაში

„აღარ გვინდა ძალადობა! აღარ გვინდა ომი! აღარ გვინდა ტერორიზმი! ღვთის სახელით, დაე ყველა რელიგიამ მხოლოდ სამართლიანობა და მშვიდობა, მიტევება, სიცოცხლე და სიყვარული დათესოს დედამიწაზე!“ (იოანე პავლე II, რომის პაპი).

ასიზი, იტალია, 2002 წლის 24 იანვარი — მსოფლიო რელიგიების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს, რათა მშვიდობისთვის ელოცათ; იმ მშვიდობისთვის, რომელსაც საფრთხე შეუქმნა ტერორიზმმა, შეუწყნარებლობამ და უსამართლობამ. ამ შეხვედრის მოწყობის თაობაზე განცხადება პაპმა ნიუ-იორკში ორი ცათამბჯენის ჩამოქცევიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გააკეთა. ბევრმა რელიგიურმა წინამძღოლმა სიხარულით მიიღო ვატიკანის მოწვევა.

წინა ორ შემთხვევაშიც — პირველად 1986 და მეორედ 1993 წელს — პაპის ინიციატივით „ლოცვის დღე“ იტალიის ამავე ქალაქში გაიმართა *. 2002 წლის შეხვედრის გასაშუქებლად ათასზე მეტი ჟურნალისტი ჩამოვიდა მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მშვიდობისთვის ლოცვების წარმოსათქმელად მრავალმა ეკლესიამ და რელიგიურმა ჯგუფმა გამოგზავნა თავისი წარმომადგენლები. აქ წარმოდგენილ რელიგიებს შორის იყო: ქრისტიანული სამყარო (კათოლიკეები, ლუთერანები, ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენლები, მართლმადიდებლები, მეთოდისტები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, მენონიტები, კვაკერები და სხვები), ისლამი, ინდუიზმი, კონფუციანელობა, სიქიზმი, ჯაინიზმი, ტენრიკიო, ბუდიზმი, იუდაიზმი, ტრადიციული აფრიკული რელიგიები, სინტოიზმი და ზოროასტრიზმი. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა რელიგიების, აგრეთვე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ წარმოგზავნილი დელეგატებიც.

დელეგატები მხარს უჭერენ მშვიდობას

დღე დაიწყო იმით, რომ დილით, 8 საათსა და 40 წუთზე, ვატიკანის პატარა სარკინიგზო სადგურიდან „მშვიდობის მატარებელი“ გავიდა. შვიდი კომფორტული ვაგონისგან შემდგარ ამ მატარებელს უსაფრთხოების მიზნით ორი ვერტმფრენი მიაცილებდა. ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ პაპი და სხვა რელიგიური წინამძღოლები ასიზში ჩავიდნენ. მიიღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები — ათასამდე პოლიციელი ფხიზლად აკონტროლებდა სიტუაციას.

რელიგიური წინამძღოლები შეიკრიბნენ ქალაქის ძველ მოედანზე, სადაც სპეციალურად იყო გამართული უზარმაზარი კარავი. შიგნით მოწყობილი იყო მოწითალო, სამკუთხა ფორმის დიდი სცენა, რომელიც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მის შუაგულში კი პაპისთვის ცალკე სკამი იდგა. სცენის ერთ მხარეს მშვიდობის სიმბოლო — ზეთისხილის ხე — მოჩანდა. სცენის წინ 2 000-ზე მეტი საგულდაგულოდ შერჩეული სტუმრისგან შემდგარი აუდიტორია იყო შეკრებილი. წინა რიგში უმაღლესი რანგის ზოგიერთი იტალიელი სახელმწიფო მოხელე იჯდა. სიტყვით გამომსვლელებს ენაცვლებოდნენ მგალობელთა შთამბეჭდავი გუნდები, რომლებიც მშვიდობაზე მღეროდნენ. ქალაქის სხვა კუთხეებში კი ათასობით ადამიანი, უმეტესწილად ახალგაზრდები, რამდენიმე ენაზე დაწერილ ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებს დაატარებდა და მშვიდობის შესახებ მღეროდა. ბევრს ზეთისხილის რტოები ეჭირა ხელში.

პაპმა თავისი ადგილი დაიკავა სცენაზე და სხვადასხვა რელიგიის დელეგაციებს მიესალმა. შემდეგ ლათინურ ენაზე ესაიას 2:4-ზე (ამ მუხლში ჩაწერილია წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც, დადგება დრო, როცა „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს“) დაფუძნებული საგალობელი შეასრულეს, რის მერეც სხვადასხვა რელიგიურ სამოსში გამოწყობილმა თორმეტმა დელეგატმა მშვიდობის მხარდამჭერი საზეიმო განცხადება გააკეთა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მათგანი.

„ამ ისტორიული მნიშვნელობის წუთებში კაცობრიობამ უნდა დაინახოს მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები და უნდა მოისმინოს იმედის ჩამსახველი სიტყვები“ (კარდინალი ფრანსუა ქსავიე ნგუიენ ფან თჰუანი).

ღმერთი „ომისა და კონფლიქტის ღმერთი კი არ არის, არამედ — მშვიდობის“ (ეკუმენისტი პატრიარქი ბართოლომეი I).

„განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო [ხალხმა] არ უნდა უგულებელყოს ან შეიძულოს ისინი, რომლებიც სხვა რელიგიას ეკუთვნიან“ (დოქტორი სეტრი ნიომი, რეფორმაციული ეკლესიების მსოფლიო გაერთიანების წარმომადგენელი).

„ხალხთა შორის ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელი ორი წინაპირობაა სამართლიანობა და ძმური სიყვარული“ (რელიგიური წინამძღოლი ამადუ გაზეტო, ტრადიციული აფრიკული რელიგიების წარმომადგენელი).

„მხოლოდ მშვიდობაა წმინდა, ომი ვერასოდეს იქნება წმინდა!“ (ანდრეა რიკარდო, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი).

ზოგმა დელეგატმა აღიარა, რომ რელიგიებს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ შეუწყნარებლობისა და ომების გაღვივებაში. როგორც საერთაშორისო ლუთერანული ფედერაციის წარმომადგენელმა განაცხადა, მთელი მსოფლიო „შეძრა სიძულვილით ჩადენილმა მხეცობებმა, რომლებიც რელიგიური ფუნდამენტალიზმით იყო გამოწვეული“. იუდაიზმის წარმომადგენელმა თქვა: „რელიგიებმა უამრავი შემაძრწუნებელი და სისხლისმღვრელი ომის გაღვივებას შეუწყვეს ხელი“. ინდუსმა დელეგატმა კი განაცხადა: „ისტორიულ წყაროებში დაუსრულებლად ვპოულობთ ფაქტებს ისეთი შემთხვევების შესახებ, როცა რელიგიის თვითმარქვია მესვეურები რელიგიას ადამიანებზე საბატონოდ და მათ გასათიშად იყენებდნენ“.

ტერორიზმისა და ომის ოფიციალურად დაგმობის შემდეგ, თითოეული დელეგაცია მისთვის წინასწარ მიჩენილი ადგილისკენ გაეშურა, რათა იქ ყველას თავ-თავიანთი ღმერთებისადმი ელოცათ და მშვიდობა ეთხოვათ.

მშვიდობისთვის წარმოთქმული ლოცვები

ქრისტიანული სამყაროს რელიგიების წარმომადგენლებმა ერთად ილოცეს წმინდა ფრანცისკ ასიზელის სამონასტრო კომპლექსის ქვემო ბაზილიკაში იმ სამარხთან ახლოს, რომლის სახელსაც ეს მონასტერი ატარებს. ერთობლივი ლოცვის ღონისძიება პაპისა და სამი სხვა დელეგატის მიერ „სამპიროვნული“ ღმერთისადმი წარმოთქმული ლოცვა-ვედრებით დაიწყო. ერთად შეკრებილნი, გარდა იმისა, რომ ლოცულობდნენ, შიგადაშიგ, საგალობლებსაც მღეროდნენ და მშვიდობის განმადიდებელ თხოვნა-ვედრებას აღავლენდნენ; გარდა ამისა, ბიბლიის მონაკვეთებსაც კითხულობდნენ მშვიდობის თემაზე. ერთ-ერთ ლოცვაში მლოცველებმა „განუყოფელი და ერთიანი რწმენის“ მოცემა შესთხოვეს ღმერთს. ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა ლათინურად იგალობეს „მამაო ჩვენო“, რომელიც მათეს მე-6 თავის 9-დან 13-ის ჩათვლით მუხლებზეა დაფუძნებული.

ამის პარალელურად, სხვა რელიგიური ჯგუფების დელეგაციები სხვადასხვა ადგილზე ლოცულობდნენ. დარბაზში, რომელიც ქალაქ მექასკენ იყურება, მუსულმანებმა მოიყარეს თავი და ხალიჩებზე მუხლმოყრილები ალაჰს შეჰღაღადებდნენ. ზოროასტრიზმის მიმდევრებმა, რომლებიც ჯაინიზმისა და კონფუციანელობის მიმდევრების შორიახლოს ლოცულობდნენ, „წმინდა“ კოცონი გააჩაღეს. ტრადიციულ აფრიკულ რელიგიათა დელეგაციის წევრები წინაპრების სულებისადმი აღავლენდნენ ლოცვებს. ინდუსები კი თავიანთ ღმერთებს შესთხოვდნენ მშვიდობას. თავიანთი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების მიხედვით, ყველა თავის ღმერთს ევედრებოდა დახმარებას.

მშვიდობისაკენ სწრაფვის საერთო ვალდებულება

შემდეგ დელეგაციებმა კვლავ უზარმაზარ კარავში, დასკვნით ცერემონიაზე დასასწრებად, მოიყარეს თავი. ბერებმა დელეგატებს საზეიმოდ გადასცეს ანთებული ლამპრები — როგორც მშვიდობის აკიაფებული იმედის სიმბოლო. მართლაც რომ ლამაზი სანახაობა იყო. შემდეგ სხვადასხვა დელეგაციის რამდენიმე წევრმა მშვიდობისაკენ სწრაფვის საერთო ვალდებულების ტექსტი წაიკითხა. ამ ვალდებულების დაკისრება თითოეულმა მათგანმა სხვადასხვანაირად გამოხატა.

„მშვიდობის დასამყარებლად მოყვასის სიყვარულია აუცილებელი“ (ეკუმენისტი პატრიარქი ბართოლომეი I).

„ძალადობა და ტერორიზმი შეუთავსებელია რელიგიის ნამდვილ რაობასთან და არსთან“ (დოქტორი კონრად რაიზერი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დელეგატი).

„საკუთარ თავზე ვიღებთ ვალდებულებას, ხალხს ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება ვასწავლოთ“ (ბჰაი საჰიბჯი მოჰინდერ სინგჰი, სიქიზმის მიმდევრების წარმომადგენელი).

„ნამდვილი მშვიდობა წარმოუდგენელია სამართლიანობის გარეშე“ (მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ვასილი).

ბოლოს, პაპმა ამ სტატიის დასაწყისში მოყვანილი სიტყვები წაიკითხა. მორწმუნეთა ამ საერთაშორისო შეხვედრის დასასრულს, როგორც მშვიდობის გამოხატვის სიმბოლო, დელეგატები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ყველაფერი საგულდაგულოდ იყო მომზადებული: მჭევრმეტყველურ გამონათქვამებს თან ახლდა პომპეზური სანახაობები და ცერემონიალი. მაგრამ, საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ შთამბეჭდავ ღონისძიებას?

თუკი სიტყვებს საქმეც მოჰყვება. . .

ზოგი გაზეთი და სატელევიზიო არხი მოწონებით შეხვდა პაპის ინიციატივას. სხვებმა მას „მთელი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენელიც“ კი უწოდეს. ვატიკანში გამომავალმა გაზეთმა, „ოსსერვატორე რომანომ“, ასიზში გამართულ შეხვედრას უწოდა „გარდამტეხი მომენტი იმ ცივილიზაციის მშენებლობაში, რომელშიც მშვიდობა იქნება გამეფებული“. გაზეთ „კორიერე დელ უმბრიაში“ გამოქვეყნებული სტატია კი ასე იყო დასათაურებული: „ასიზში გასხივოსნებული მშვიდობა“.

მაგრამ ყველა მიმომხილველი როდი იყო ასე აღტაცებული. ზოგმა ეჭვის თვალით შეხედა აქ მოწყობილ შეხვედრას იმიტომ, რომ 1986 და 1993 წლებში მოწყობილი, მშვიდობისთვის მიძღვნილი „ლოცვის დღეების“ მიუხედავად, რელიგიის სახელით გაჩაღებული ომები კვლავ სისხლს უშრობს კაცობრიობას. რელიგიურმა სიძულვილმა სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა გამოიწვია უგანდაში, ყოფილ იუგოსლავიაში, ინდონეზიაში, პაკისტანში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

როგორც იტალიაში გამომავალ გაზეთ „რეპუბლიკაში“ იყო ნათქვამი, ზოგმა კრიტიკოსმა ამ შეხვედრას „მორიგი შოუ“ უწოდა და სერიოზული ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა. ევროპარლამენტის ერთმა წევრმა კი თქვა, რომ, თუ მორწმუნეებს მშვიდობის ხელშეწყობა სურთ, „ცხოვრებაში უნდა გამოიყენონ ის, რასაც სახარებაში კითხულობენ“ — ანუ უნდა შეასრულონ სიტყვები: „გიყვარდეს შენი მტრები და მეორე ლოყაც მიუშვირე“. მისი აზრით, ამ სიტყვებს არავინ ასრულებს.

იტალიელ ებრაელთა სათვისტომოს პრეზიდენტმა თქვა: „საინტერესოა, რა მოხდება ახლა: მოჰყვება თუ არა სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯები და რეალური ცვლილებები“. იტალიელ ბუდისტთა წარმომადგენელმაც მსგავსი აზრი გამოთქვა: „კარგი იქნება, თუ მშვიდობის დასამყარებლად გაკეთებული მოწოდებები, უბრალოდ, კეთილ ზრახვებად არ დარჩება“. ერთმა ჟურნალისტმა, რომლის სტატიაც იტალიურ ჟურნალ „ესპრესოში“ გამოქვეყნდა, გამოთქვა აზრი, რომ ასიზის შეხვედრას სულ სხვა მიზანი ჰქონდა და იგი უშუალოდ აქ წარმოდგენილი ქრისტიანული სამყაროს რელიგიების სასარგებლოდ მოეწყო. ამ შეხვედრას მან „რელიგიისადმი უკმაყოფილების, აგრეთვე უდისციპლინობისა და უნდობლობის“ აღმოსაფხვრელად შექმნილი გაერთიანება უწოდა. ჟურნალისტმა დასძინა, რომ ეს იყო აგრეთვე მცდელობა, ჩაეხშოთ „რელიგიისგან გაუცხოების ინტენსიური პროცესი“, რაც აშკარად შეინიშნება ევროპაში, მიუხედავად მისი „ქრისტიანული წარსულისა“.

ასიზში გამართული შეხვედრა ყველაზე მწვავედ გააკრიტიკეს კათოლიკე ტრადიციონალისტებმა, რომლებიც თავიანთი ეკლესიის დოქტრინების დაკნინებას შიშობენ. როგორც ცნობილმა კათოლიკე მწერალმა, ვიტორიო მესორიმ, განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში, არსებობს საშიშროება, რომ ასიზის შეკრება ზღვარს წაშლის რელიგიებში არსებულ სხვაობებს შორის. საეკლესიო მოხელეებმა, რა თქმა უნდა, წინასწარ მიიღეს ზომები, რათა ხალხს რელიგიათა ურთიერთაღრევის შთაბეჭდილება არ დარჩენოდა. პაპმა თავად გააკეთა განცხადება ამის თაობაზე, რათა ყოველგვარი ეჭვი გაებათილებინა. მიუხედავად ამისა, ბევრს, თვითონ შეხვედრის არსიდან გამომდინარე, მაინც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს სხვადასხვა რელიგია, უბრალოდ, ერთი და იმავე უზენაეს ძალასთან მისაახლოებელი განსხვავებული გზა ყოფილიყოს.

რელიგია და მშვიდობა

მაშ, რის გაკეთება შეუძლიათ მსოფლიო რელიგიებს მშვიდობის დასამყარებლად? ზოგს თვით ეს შეკითხვაც კი ირონიულად ეჩვენება, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რელიგიები ომების გასაჩაღებლად უფრო იღვწიან, ვიდრე მათ თავიდან ასაცილებლად. ისტორიკოსები გვაწვდიან ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ საერო ხელისუფლები რელიგიას ომის დასაწყებად. მაგრამ იბადება კითხვა: რატომ თანხმდებოდნენ ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრები იმაზე, რომ მათი რელიგია იარაღად ქცეულიყო საერო ძალაუფლების ხელში?

სხვა თუ არაფერი, ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს ხელი მიუწვდებათ ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის მითითებებზე, რომელთა წყალობითაც მათ შეეძლოთ სუფთა სინდისი შეენარჩუნებინათ და ომების გაჩაღებაში დამნაშავეები არ გამხდარიყვნენ. იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები ‘არ უნდა ყოფილიყვნენ წუთისოფლისანი’ (იოანე 15:19; 17:16). ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს რომ ამ სიტყვების თანახმად ეცხოვრათ, ისინი არ გაერთიანდებოდნენ პოლიტიკურ ძალებთან, არ მოიწონებდნენ და არ აკურთხებდნენ მათ ჯარებსა და საომარ ოპერაციებს.

მართლაც, იმისათვის, რომ ასიზში წარმოთქმული ლამაზი სიტყვების თანახმად ეცხოვრათ, რელიგიურ წინამძღოლებს პოლიტიკური ძალებისგან შორს უნდა დაეჭირათ თავი. თანაც, თავიანთი მიმდევრებისთვის მშვიდობის გზები უნდა ესწავლებინათ. მაგრამ, როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, ძალადობის ჩამდენთა შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ამბობს, რომ ღმერთი სწამს. ერთ გაზეთში, ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში, ნათქვამი იყო: «11 სექტემბრის მოვლენებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ქალაქ ვაშინგტონში კედელზე ვიღაცამ დამაფიქრებელი სიტყვები წააწერა: „ძვირფასო ღმერთო, გვიხსენი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შენი სწამთ“».

ასიზში გამართულმა პომპეზურმა სანახაობებმა და ცერემონიამ უპასუხოდ დატოვა ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. მაგრამ, მრავალ მორწმუნე ადამიანს ყველაზე მეტად, ალბათ, ერთი კითხვა აწუხებს და უფრო მეტად მასზე სურს პასუხის მიღება: რატომ არ პასუხობს ღმერთი აქამდე იმ ლოცვებს, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობისთვის წარმოთქვამენ?

[სქოლიო]

^ აბზ. 4 თუ გსურთ, უფრო მეტი შეიტყოთ 1986 წელს მშვიდობის დასამყარებლად მოწყობილი „ლოცვის დღის“ შესახებ, იხილეთ 1988 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.).

[სურათი 7 გვერდზე]

დელეგატებს ანთებული ლამპრები — მშვიდობის იმედის სიმბოლო — უჭირავთ ხელში.

[საავტორო უფლება]

AP Photo/Pier Paolo Cito

[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

AP Photo/Pier Paolo Cito