არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცეპელინის დირიჟაბლები ცაში მოსრიალე უჩვეულო გიგანტები

ცეპელინის დირიჟაბლები ცაში მოსრიალე უჩვეულო გიგანტები

ცეპელინის დირიჟაბლები ცაში მოსრიალე უჩვეულო გიგანტები

„მამაჩემი რადისტად მუშაობდა ცეპელინის ტიპის დირიჟაბლზე. იქ გატარებული თითოეული წუთი მას სიამოვნებას ანიჭებდა“, — უთხრა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს ინგებორგ ვალდორფმა. მართლაც, XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა მოხიბლული და განცვიფრებული იყო ამ გიგანტური საჰაერო ხომალდებით. სადაც არ უნდა გამოჩენილიყვნენ, ისინი ყველგან სენსაციას იწვევდნენ.

გიგანტური საჰაერო ხომალდების ეპოქა XX საუკუნის დასაწყისს მოიცავს. ისინი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყვნენ მათ მიერ მიღწეული გამაოგნებელი შედეგებისა და არანაკლებ გამაოგნებელი კატასტროფების გამო. 1937 წელს, როდესაც ლეიკჰერსტში (ნიუ-ჯერზის შტატი, აშშ) დირიჟაბლი „ჰინდენბურგი“ დაიღუპა, ამ გიგანტების ეპოქას ერთბაშად დაესვა წერტილი. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ეს ხანა საინტერესო ისტორიული მოვლენებით გამოირჩევა.

ცხელი ჰაერით სავსე აეროსტატიდან დირიჟაბლამდე

საუკუნეების განმავლობაში გამომგონებლები სხვადასხვა საშუალებას ეძებდნენ, რათა ადამიანებს ფრენა შეძლებოდათ. მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრები ფრანგი ძმები, ჟოზეფ მიშელ და ჟაკ ეტიენ მონგოლფიეები, კარგად დააკვირდნენ ჰაერში კვამლის აღმავალ დინებას და დაასკვნეს, რომ კვამლის ამ განსაკუთრებული თვისების გამოყენებით, შესაძლოა, ადამიანებს ფრენა შეძლებოდათ. მათ დიდი ბურთი გააკეთეს ქაღალდისა და ქსოვილისაგან, და რამდენიმე ხანს აკვამლებული ცეცხლის თავზე გააჩერეს. ექსპერიმენტის სანახავად შეკრებილ მათ თანასოფლელებს გაკვირვებისგან ენა ჩაუვარდათ, როცა ბურთი ცაში აიჭრა. ეს მოხდა 1783 წლის ივნისში — ამგვარად, ძმებმა მონგოლფიეებმა გამოიგონეს აეროსტატი, რომლის გასაფრენად საჭირო იყო მისი ცხელი ჰაერით გავსება. ხუთი თვის მოგვიანებით კი უკვე პირველი ადამიანი გაფრინდა მონგოლფიეების მიერ გამოგონილი საჰაერო ბურთით.

მაგრამ საჰაერო ბურთებს ერთი ნაკლი ჰქონდათ — ისინი ქარის დინებას მიჰყვებოდნენ და მათი მართვა და სასურველი მიმართულებით წაყვანა შეუძლებელი იყო. აეროსტატი რომ მართვადი გამხდარიყო, საჭირო იყო მამოძრავებელი ძალის გამოყენება. ამწევი და მამოძრავებელი ძალების კომბინირება პირველად ფრანგმა კონსტრუქტორმა, ანრი ჟიფარმა, შეძლო: 1852 წელს იგი ორთქლის ძრავიანი საჰაერო ხომალდით გაფრინდა. ამწევი ძალის წარმოსაქმნელად ჟიფარმა ცხელი ჰაერის ნაცვლად წყალბადი — ჰაერზე უფრო მსუბუქი აირი — გამოიყენა. რადგან ჟიფარის საფრენი აპარატი მართვადი იყო, მას დირიჟაბლი (ლათინურად „დირიგერე“ — მართვა) უწოდეს.

დაახლოებით ათი წლის შემდეგ, ერთი გერმანელი ოფიცერი ჩრდილოეთ ამერიკაში ჩავიდა, რათა დაკვირვებოდა იქ გაჩაღებულ სამოქალაქო ომს, რომლის მონაწილე ორივე მხარე აეროსტატების მეშვეობით ზვერავდა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციებს. მდინარე მისისიპის თავზე აეროსტატით პირველად გაფრენამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ოფიცერზე, რომ მთელი მისი ცხოვრება და სახელი სამუდამოდ დუკავშირდა საჰაერო ხომალდებს. ეს ოფიცერი გრაფი ფერდინანდ ფონ ცეპელინი იყო.

გრაფ ცეპელინის გიგანტური საჰაერო ხომალდები

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ცეპელინმა ხორვატელი გამომგონებლისგან, დავიდ შვარცისგან, მიიღო ალუმინის კარკასიანი დირიჟაბლის ასაგებად საჭირო პროექტის ნახაზები. ცეპელინი ფრთაშესხმული იყო ახალი იდეით: იგი ოცნებობდა დიდი საჰაერო ხომალდის აგებაზე, რომელიც თავისუფლად შეძლებდა დიდი რაოდენობით მგზავრების გადაყვანასა და მძიმე ტვირთის გადატანას. მის მიერ აგებული დირიჟაბლები გიგანტური ზომებითა და სიგარისებრი მოყვანილობით გამოირჩეოდა. მათ ჰქონდათ ლითონის კარკასი, რომელიც ქსოვილის სპეციალური გარსაცმით იყო დაფარული *. კარკასის შიგნით ან ქვემოთ მოთავსებული იყო ეკიპაჟისთვის განკუთვნილი გონდოლა. მგზავრთა კაბინები ან გონდოლაში იყო განლაგებული, ან დირიჟაბლის შიდა ნაწილში. ამწევ ძალად გამოიყენებოდა წყალბადი, რომელიც კარკასის შიგა სივრცეში მოთავსებულ რამდენიმე განყოფილებაში — აირის ნაკვეთურებში ანუ ქსოვილის სპეციალურ ტომრებში — იჭირხნებოდა. მამოძრავებელ ძალას კარკასზე დამონტაჟებული ძრავები წარმოქმნიდა. როდესაც გრაფმა ცეპელინმა საჰაერო ხომალდების აგება და გამოცდა დაიწყო, მას თავზე ხელაღებული და ახირებული კაცი უწოდეს. მაგრამ დადგებოდა დრო, როცა გრაფი თავის ჩანაფიქრს ხორცს შეასხამდა.

გრაფმა ცეპელინმა სამხედრო კარიერა მიატოვა და მთელი ძალებით შეუდგა საჰაერო ხომალდების დაპროექტებასა და აგებას. მის მიერ აგებული პირველი დირიჟაბლი პირველად ქალაქ ფრიდრიხსჰაფენთან (გერმანია) ახლოს, 1900 წლის ივლისში, აფრინდა. კონსტანცის ტბის სანაპიროზე ჩამწკრივებული ხალხი ინტერესით შეჰყურებდა 127 მეტრი სიგრძის ცილინდრული ფორმის საფრენ აპარატს, რომელიც 18 წუთის განმავლობაში დაფრინავდა წყლის ზემოთ. ამას მოჰყვა დირიჟაბლმშენებელი კომპანიის დაარსება, რომელმაც სხვა დირიჟაბლებიც ააგო. გრაფ ცეპელინს მეტად აღარ მიიჩნევდნენ ახირებულ კაცად; იგი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ პიროვნებად იქცა. გერმანიის კაიზერმა (იმპერატორმა) მას XX საუკუნის ყველაზე დიდებული გერმანელი უწოდა.

მგზავრთა მომსახურება საჰაერო ტრანსპორტით — პირველად მსოფლიოში

გრაფი ცეპელინი ფიქრობდა, რომ თავისი გიგანტური დირიჟაბლების წყალობით გერმანიას საჰაერო სივრცეში გაბატონება შეეძლო. პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიის შეიარაღებული ძალები დირიჟაბლებს მოწინააღმდეგის ტერიტორიის დასაზვერად და თვით ბომბების ჩამოსაგდებადაც კი იყენებდნენ. ამ ომში ყველაზე დამანგრეველი საჰაერო შეტევა ლონდონის თავზე მფრინავმა ცეპელინის ტიპის დირიჟაბლმა განახორციელა.

მაგრამ, მოქალაქეთა გადასაყვანად დირიჟაბლების გამოყენების თავგამოდებული მომხრეები ხვდებოდნენ, რომ საჰაერო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა შეიძლება საკმაოდ წარმატებული ყოფილიყო. ასე რომ, 1909 წელს გერმანიის საჰაერო-სატრანსპორტო კომპანია დაარსდა. ეს იყო მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელსაც მგზავრები საჰაერო ტრანსპორტით გადაჰყავდა. მომდევნო წლებში საჰაერო გადაყვანების განხორციელება ევროპის ფარგლებს გარეთაც დაიწყო. დირიჟაბლები „გრაფი ცეპელინი“ და „ჰინდენბურგი“ გერმანიიდან ორმხრივი მიმართულების რეისებს ასრულებდნენ რიო-დე-ჟანეიროსა და ლეიკჰერსტში.

დირიჟაბლების ციებ-ცხელებამ შეერთებული შტატებიც მოიცვა. 1928 წელს, როდესაც „გრაფმა ცეპელინმა“ ქალაქ ფრიდრიხსჰაფენიდან ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ აიღო კურსი და პირველად გადაკვეთა ატლანტის ოკეანე (ამ მოგზაურობის დროს ხომალდი დაზიანდა), პრეზიდენტი კულიჯი თეთრი სახლის გაზონზე გამოვიდა, რათა ცაში მოსრიალე ამ გიგანტისთვის თვალი შეევლო. ნიუ-იორკელთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა; პატივისცემის ნიშნად ქალაქელები ქუჩებში დაასეირნებდნენ „გრაფი ცეპელინის“ ეკიპაჟის წევრებს, ზემოდან კი ქაღალდის ლენტებს აწვიმებდნენ.

„ჰინდენბურგის“ ბორტზე

დირიჟაბლით მოგზაურობა ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე თვითმფრინავით მგზავრობისგან. წარმოიდგინეთ, რომ „ჰინდენბურგის“ ბორტზე ადიხართ — იგი თანამედროვე აერობუსზე სამჯერ გრძელი, ხოლო სიმაღლით 13-სართულიანი შენობის ტოლი იყო. ასვლისას დასაჯდომ ადგილს კი არ მოგიჩენდნენ, არამედ კაბინამდე მიგაცილებდნენ, რომელშიც საწოლი და პირსაბანი იქნებოდა. აფრენისას არ დაგჭირდებოდათ უსაფრთხოების ქამრის შეკვრა. შეგეძლოთ თქვენსავე კაბინაში დარჩენილიყავით, ანდა სალონში თუ სამგზავრო გემბანზე გაგესეირნათ და გადაგეხედათ ფანჯრებიდან, რომლებიც იღებოდა კიდეც. ეს ყველაფერი მგზავრების კომფორტისთვის იყო გამიზნული და დირიჟაბლის უშველებელ შიდა ნაწილში მდებარეობდა.

როგორც წიგნში «„ჰინდენბურგი“ — ისტორია და ფოტომასალები» ვკითხულობთ, სასადილო ოთახი 50 მგზავრზე იყო გათვლილი. აქ იდგა თეთრი სუფრებით დამშვენებული მაგიდები, რომლებიც ვერცხლისა და ფაიფურის შესანიშნავი ჭურჭლით იყო გაწყობილი. ჩვეულებრივი ტრანსატლანტიკური რეისის დროს მზარეულებს 200 კილოგრამი საქონლისა და ფრინველის ხორცი, 800 კვერცხი და 100 კილო კარაქი სჭირდებოდათ ყოველდღიური საჭმლის მოსამზადებლად. მათი სამზარეულო აღჭურვილი იყო ელექტროქურით, ჰაერღუმლებით, ყინულის წარმომქმნელი მოწყობილობითა და მაცივრით. მგზავრთა სალონს პატარა როიალი ამშვენებდა. სტიუარდესა აქ ყურადღებას არ აკლებდა მგზავრებს.

„ჰინდენბურგი“ კომფორტზე იყო გათვლილი და არა სისწრაფეზე. „ჰინდენბურგმა“ ყველაზე სწრაფად — დაახლოებით 43 საათში — 1936 წელს გადაკვეთა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი. ამ დროს მისი კრეისერული სიჩქარე თითქმის 130 კმ/სთ-ს აღწევდა, ხოლო ფრენის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრს შეადგენდა. მგზავრობისას, ჩვეულებრივ, ბიძგები არ შეიგრძნობოდა. ერთხელ, ლეიკჰერსტიდან გამოფრენისას, დირიჟაბლში ერთი მანდილოსანი ავიდა. იგი იმდენად დაღლილი იყო, რომ გადაწყვიტა, კაბინაში დარჩენილიყო და დაეძინა. მოგვიანებით მან სტიუარდი გამოიძახა და მოითხოვა აეხსნათ, ბოლოს და ბოლოს, როდის აფრინდებოდა საჰაერო ხომალდი. განცვიფრებულმა სტიუარდმა განუმარტა, რომ ისინი უკვე ორი საათია, რაც მიფრინავენ. „არ მჯერა“, — მიუგო გულმოსულმა ქალბატონმა. იგი მხოლოდ მაშინ დარწმუნდა, როცა სალონში გავიდა, ფანჯრიდან გადაიხედა და რამდენიმე ათეული მეტრის დაბლა ახალი ინგლისის სანაპირო ზოლი დალანდა.

ყველაზე ცნობილი საჰაერო ხომალდი მსოფლიოს ისტორიაში

ცეპელინის ტიპის დირიჟაბლების ეპოქამ აპოგეას 1929 წელს მიაღწია, როდესაც „გრაფმა ცეპელინმა“ დედამიწას შემოუფრინა. დირიჟაბლმა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 21 დღის განმავლობაში შემოუარა მთელ პლანეტას. მოგზაურობა ოფიციალურად ლეიკჰერსტიდან დაიწყო და ხომალდი რამდენიმე ხანს შეჩერდა ფრიდრიხსჰაფენში, ტოკიოში, სადაც მას 250 000-მდე ადამიანი შეეგება, აგრეთვე სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში. ორი წლის შემდეგ „გრაფი ცეპელინი“ კვლავ ისტორიულ მოგზაურობაში გაემართა: იგი არქტიკაში გაფრინდა რუსულ ყინულმჭრელთან შესახვედრად. წიგნში «„ჰინდენბურგი“ — ისტორია და ფოტომასალები» ნათქვამია: «იმ დროისათვის „გრაფი ცეპელინის“ შესახებ, ლამის უკვე მისტიკური წარმოდგენები იყო გავრცელებული. სადაც უნდა გაფრენილიყო, ის ყველგან სენსაციას იწვევდა. ალბათ, გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის ოდესმე არსებულ ყველა საფრენ აპარატზე — მათ შორის, თვით თანამედროვე „კონკორდზე“ — უფრო პოპულარული საჰაერო ხომალდი იყო».

იმხანად, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ხისტკარკასიან დირიჟაბლებს დიდი მომავალი ჰქონდათ. დიდი ბრიტანეთი დირიჟაბლების დიდი საჰაერო ფლოტის შექმნას გეგმავდა, რათა იმპერიის შორეული რეგიონები დაეკავშირებინა ერთმანეთთან; ინგლისელებს ინდოეთსა და ავსტრალიაში რეგულარული რეისების დანიშვნა ჰქონდათ განზრახული. „შენანდოა“ შეერთებულ შტატებში აგებული პირველი ხისტკარკასიანი დირიჟაბლი იყო, რომელშიც ამწევ ძალად აალებადი წყალბადის ნაცვლად ჰელიუმი გამოიყენებოდა. დირიჟაბლების, „აკრონისა“ და „მეიკონის“, კონსტრუქცია საშუალებას იძლეოდა, რომ ამ ხომალდებს ფრენისას გაეშვათ და კვლავ უკან მიეღოთ სხვა უფრო მცირე ზომის საფრენი აპარატები, რომლებიც მათ შიდა ნაწილში იყო მოთავსებული. მასზე დამონტაჟებული რადიოლოკაციური ხელსაწყოების წყალობით, „მეიკონი“ მსოფლიოში პირველ სრულქმნილ და ეფექტურ ავიამზიდად იქცა.

გამაოგნებელი კატასტროფები

„დიახ, მამაჩემს მართლაც ძალიან უყვარდა ფრენა, — თქვა სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ინგებორგ ვალდორფმა, — მაგრამ მას ფრენასთან დაკავშირებული საშიშროებებიც აფიქრიანებდა“. მამამისს პირველი მსოფლიო ომის დროს უწევდა საჰაერო ხომალდზე მუშაობა, მაგრამ დირიჟაბლით ფრენა — მიუხედავად საქვეყნოდ ცნობილი ყველა მიღწევისა — მშვიდობიანობის დროსაც კი სარისკო იყო. რატომ?

ცეპელინის ტიპის დირიჟაბლების ერთ-ერთი უდიდესი მტერი ამინდი იყო. გრაფი ცეპელინისა და მისი კომპანიის მიერ აგებული პირველი 24 დირიჟაბლიდან 8 ავდარმა იმსხვერპლა. შეერთებული შტატების საჰაერო ხომალდი „შენანდოა“ 1925 წელს ფრენის დროს ძლიერმა ქარმა შუაზე გადახსნა. მოგვიანებით სხვა ორი დირიჟაბლიც დაიღუპა: „აკრონი“ — 1933 წელს და „მეიკონი“ — დაახლოებით ორი წლის შემდეგ, რითაც ამერიკაში საბოლოოდ დასრულდა გიგანტური ხისტკარკასიანი დირიჟაბლების ეპოქა.

დიდი ბრიტანეთი დირიჟაბლ „R 101“-ზე ამყარებდა იმედს. 1930 წელს „R 101“ პირველად გაემართა დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთისაკენ, მაგრამ ხომალდი საფრანგეთს ვერ გასცდა; იგი ავდარში მოჰყვა და კატასტროფა განიცადა. ერთი მწერალი ამბობს, რომ «1912 წელს „ტიტანიკის“ დაღუპვის შემდეგ, ბრიტანელი ხალხისთვის სხვა არაფერს დაუცია ისე თავზარი, როგორც ამ უბედურ შემთხვევას». ამით დასრულდა ხისტკარკასიანი დირიჟაბლების აყვავების ხანა დიდ ბრიტანეთში.

მიუხედავად ამისა, დირიჟაბლების გერმანელი მწარმოებლები კვლავ ნდობით ეკიდებოდნენ თავიანთ ნახელავს. მაგრამ შემდეგ დატრიალდა უბედურება, რომელმაც მთელ მსოფლიოს დასცა თავზარი. 1937 წლის მაისში „ჰინდენბურგი“ ფრანკფურტიდან ნიუ-ჯერზიში ჩავიდა და ლეიკჰერსტის სამხედრო-საზღვაო ფლოტის აეროდრომზე დასაჯდომად ემზადებოდა. უცაბედად, კუდთან ახლოს, გარსაცმის ზედა ნაწილზე ცეცხლის პატარა ენა გამოჩნდა. აირის ნაკვეთურებში ჩაჭირხნული წყალბადი აალდა, რამაც დირიჟაბლი ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. დაიღუპა ოცდათექვსმეტი ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე ახალი ამბების კინოოპერატორები იმყოფებოდნენ და, პირველად ისტორიაში, მათ კატასტროფის თავიდან ბოლომდე გადაღება შეძლეს. კინოფირზე ასახული უბედური შემთხვევის 34-წამიანი მონაკვეთი, ცეცხლის პირველად გაჩენის მომენტიდან დაწყებული და გიგანტური დირიჟაბლის მიწაზე დანარცხებით დამთავრებული, მთელმა მსოფლიომ ნახა. ფირთან ერთად ხალხს მოზღვავებული ემოციებისგან ხმაათრთოლებული რადიოდიქტორის სიტყვებსაც ასმენინებდნენ: „იწვის! მთლიანად ცეცხლის ალში ეხვევა . . . ვაიმე კაცობრიობავ, ვაიმე მგზავრებო!“. გიგანტური დირიჟაბლების ეპოქა, რომელმაც 30 წელზე მეტხანს გასტანა, ფაქტობრივად, 34 წამში დასრულდა.

დირიჟაბლების ახალი თაობა

ქალაქ ფრიდრიხსჰაფენს არასოდეს დაუკარგავს ინტერესი ცეპელინის ტიპის დირიჟაბლებისადმი. დირიჟაბლების მუზეუმში მნახველები წარსულში მოგზაურობენ და „ჰინდენბურგის“ აღდგენილ ნაწილზეც შეუძლიათ ასვლა. მუზეუმის ექსკურსიამძოღლმა, რომელმაც 1936 წელს ნამდვილი „ჰინდენბურგი“ ნახა ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა: „შეუძლებელია იმ გრძნობების გადმოცემა, რომლებიც ცეპელინის დირიჟაბლის დანახვაზე ეუფლებოდა ადამიანს. ეს რაღაც ზეაღმატებული და ენით აუწერელი იყო“.

ამბობენ, რომ მალე თანამედროვე ტექნიკით აგებული ცეპელინის ტიპის ახალი თაობის დირიჟაბლები გამოჩნდება. თავიანთ გიგანტ წინამორბედებთან შედარებით უფრო მომცრო ეს ახალი დირიჟაბლები განკუთვნილია „ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი ტურისტული მოგზაურობისთვის, რომლითაც, ძირითადად, შეძლებული ადამიანები“ ისარგებლებენ. ისინიც ისევე გაითქვამენ თუ არა სახელს, როგორც მათმა წინამორბედმა ცის გიგანტებმა გაითქვეს სახელი? ამას დრო გვიჩვენებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ამ ტიპის საჰაერო ხომალდს ცეპელინი ანუ ხისტი სისტემის დირიჟაბლი ეწოდება იმიტომ, რომ მას ხისტი კარკასი აქვს და სწორედ ეს უნარჩუნებს ფორმას საჰაერო ტრანსპორტს. რბილი სისტემის დირიჟაბლი უკარკასოა. იგი, უბრალოდ, უზარმაზარი ოვალური ბურთისგან შედგება, რომელიც შიგნით ჩაჭირხნული აირის ჭარბი წნევის წყალობით ინარჩუნებს ფორმას. მესამე ტიპს ნახევრად ხისტი სისტემის დირიჟაბლი განეკუთვნება. იგი რბილი სისტემის დირიჟაბლის მსგავსია, მაგრამ აირით სავსე გარსის ძირზე მას, დამატებით, ხერხემლის წამწე (საყრდენი) აქვს დამაგრებული. ყველა სახის დირიჟაბლის დამახასიათებელი თავისებურება, რაც მათ აეროსტატებისგან განასხვავებს, ძრავაა, რომლის წყალობითაც საჰაერო ხომალდის მართვა ხდება შესაძლებელი.

[სურათი 10 გვერდზე]

გრაფი ფერდინანდ ფონ ცეპელინი.

[საავტორო უფლება]

Archiv der Luftschiffbau Zeppelin GmbH

[სურათები 11 გვერდზე]

„ბოინგ-747“.

„ჰინდენბურგი“.

„ტიტანიკი“.

[სურათები 12, 13 გვერდებზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: „გრაფი ცეპელინი“ ფილადელფიის თავზე; მართვის გონდოლა; მგზავრთა სალონი.

[საავტორო უფლება]

Archiv der Luftschiffbau Zeppelin GmbH

[სურათები 14 გვერდზე]

1937 წელს ლეიკჰერსტში „ჰინდენბურგის“ დაღუპვის გამო გიგანტური დირიჟაბლების ეპოქას მოულოდნელად დაესვა წერტილი.

[საავტორო უფლება]

Photos: Brown Brothers