ხუჭავს ღმერთი თვალს ჩვენს სისუსტეებზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
ხუჭავს ღმერთი თვალს ჩვენს სისუსტეებზე?
„ბოროტი არა ვარ! ბევრჯერ ვცადე მიმეტოვებინა მავნე ჩვევები, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ნებისყოფა არ მყოფნის ამის გასაკეთებლად!“.
პირადად თქვენი ან რომელიმე თქვენი ნაცნობის აზრი ხომ არ არის გამოხატული ამ სიტყვებში? ბევრი ასკვნის, რომ თითქმის შეუძლებელია ძვალ-რბილში გამჯდარი ზნეობრივი სისუსტეების დაძლევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლის, თამბაქოსა თუ ნარკოტიკების მონები ხდებიან. ბევრი ვერა და ვერ კმაყოფილდება სიხარბის გამო. ზოგი კი სექსუალური უზნეობის ჭაობშია ჩაფლული და თავს იმით იმართლებს, რომ ჩვევად ექცა ეს საქმე და ვერაფერს გააწყობს.
როგორც მათეს 26:41 გვიჩვენებს, იესოს კარგად ესმოდა ადამიანური სისუსტეები *. მთელი ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იეჰოვა და იესო გულმოწყალებას ავლენენ ადამიანების მიმართ (ფსალმუნი 102:8, 9). მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი თვალს ხუჭავს ჩვენს ნაკლოვანებაზე?
მოსე და დავითი
განვიხილოთ, რას გვეუბნება ბიბლიური ჩანაწერები მოსეს შესახებ. ის „უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“ და ცდილობდა, ბოლომდე ასეთად დარჩენილიყო (რიცხვნი 12:3). როდესაც ისრაელები უდაბნოს გავლით აღთქმული მიწისკენ მიემართებოდნენ, ხშირად არაგონივრულად იქცეოდნენ და ღვთისა და მისი წარმომადგენლებისადმი უპატივცემულობას ავლენდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსე თავმდაბლურად მიმართავდა ღმერთს ხელმძღვანელობისთვის (რიცხვნი 16:12—14, 28—30).
მაგრამ ამ ხანგრძლივი და დამქანცველი მგზავრობის ბოლო მომენტში, მთელი საზოგადოების წინაშე, მოსეს მოთმინებამ უმტყუნა და ღვთის მითითებას აღარ დაემორჩილა. ღმერთმა შეუნდო მოსეს, მაგრამ საკითხავია, დახუჭა თვალი მან მოსეს შეცდომაზე? არა! მან უთხრა მოსესა და აარონს: „იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ . . . ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული“. მოსე ვერ შევიდოდა აღთქმულ მიწაზე. სერიოზული ადამიანური სისუსტის გამო, მოსემ დაკარგა აღთქმულ რიცხვნი 20:7—12).
ქვეყანაში შესვლის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომლისთვისაც მთელი 40 წლის განმავლობაში იბრძოდა (კიდევ ერთი ღვთისმოსავი კაცი, რომელმაც სისუსტე გამოავლინა, დავით მეფე იყო. ერთხელ ვნებებს აჰყვა და გათხოვილ ქალთან იმრუშა, რის შემდეგაც ცოდვის დამალვა ამ ქალის ქმრის მოკვლით სცადა (მეორე მეფეთა 11:2—27). მოგვიანებით დავითს სინდისმა დაუწყო ქენჯნა და ძალიან ნანობდა ჩადენილ დანაშაულს; ამიტომაც აპატია ღმერთმა, მაგრამ რადგან მან სხვა კაცს ოჯახი დაუნგრია, იეჰოვამ არ დაიცვა დავითი იმ უბედურებებისგან, რომლებიც მის საქციელს მოჰყვა მალე. მას ჩვილი ავად გაუხდა. დავითი დიდხანს ევედრებოდა იეჰოვას მის გამოჯანმრთელებას, მაგრამ ღმერთმა არ შეისმინა მისი ლოცვა. ბავშვი მოკვდა, მის შემდეგ კი მრავალი უბედურება დაატყდა თავს მის ოჯახს (მეორე მეფეთა 12:13—18; 18:33). დავითს ძვირად დაუჯდა უზნეო საქციელი.
ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ ღმერთი ადამიანებს პასუხს სთხოვს ჩადენილი საქციელის გამო. ვისაც სურს იეჰოვასთვის მსახურება, უნდა გაამაგრონ თავიანთ სულიერობაში არსებული ბზარები და უკეთესი ქრისტიანები გახდნენ. პირველ საუკუნეში ბევრი მოიქცა ასე.
ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა
მოციქულმა პავლემ ქრისტიანული ცხოვრების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მაგრამ იცოდით, რომ ის გამუდმებულ ბრძოლას ეწეოდა ხორციელ სისუსტეებთან? რომაელთა 7:18—25 ცოცხლად აღწერს ამ ბრძოლას. პავლე, შეიძლება ითქვას, შესვენების გარეშე, ანუ გამუდმებით, ეწეოდა ბრძოლას, რადგან იცოდა, რომ ცოდვა ყოველთვის თან სდევდა (1 კორინთელთა 9:26, 27).
ძველი კორინთის კრებაში ზოგ ქრისტიანს მონათვლამდე ჩვევად ჰქონდა უზნეო საქციელის ჩადენა. ბიბლია ამბობს, რომ ისინი ‘მეძაობდნენ, მრუშობდნენ, მამათმავლობდნენ, ქურდობდნენ, სიხარბეს ავლენდნენ, ლოთობდნენ’. მაგრამ ბიბლია იქვე აგრძელებს, რომ ისინი ‘განიბანნენ’ (1 კორინთელთა 6:9—11). როგორ? საფუძვლიანმა ცოდნამ, ქრისტიანებთან ურთიერთობამ და ღვთის სულმა მათ შეაძლებინა, მოეშორებინათ ცუდი ჩვევები. საბოლოოდ, ქრისტეს სახელით ღმერთმა ისინი მართლებად აღიარა. დიახ, ღმერთმა აპატია მათ ცოდვები და სუფთა სინდისი უბოძა (საქმეები 2:38; 3:19).
პავლე და კორინთში მცხოვრები სხვა ქრისტიანები მთელი სერიოზულობით ეკიდებოდნენ თავიანთ ცოდვილ მიდრეკილებებს. ისინი ებრძოდნენ მათ და ღვთის დახმარებით იმარჯვებდნენ კიდეც. იეჰოვას პირველი საუკუნის თაყვანისმცემლებმა არასრულყოფილებისა და უზნეო წუთისოფელში ცხოვრების მიუხედავად, ზნეობრივი სისუფთავე შეინარჩუნეს. ჩვენც შეგვიძლია იგივეს გაკეთება?
ღმერთი მოელის, რომ შევებრძოლებით ჩვენს სისუსტეებს
სისუსტესთან ბრძოლის მიუხედავად, შეიძლება ძირფესვიანად მაინც ვერ ამოვძირკვოთ ეს სენი ჩვენი სხეულიდან. მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილებას ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი ბოლომდე აღმოფხვრა. არასრულყოფილება შობს სისუსტეებს, რომლებმაც შეიძლება თავი იოლად არ დაგვანებონ. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავნებდეთ მათ (ფსალმუნი 118:11). რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ ღმერთი ნებას არ მოგვცემს, ცუდი საქციელის ჩადენისას მუდამ არასრულყოფილებით ვიმართლოთ თავი (იუდა 4). იეჰოვას სურვილია, ადამიანები განიწმინდონ და ზნეობრივად წმინდა ცხოვრებას ეწეოდნენ. ბიბლია ამბობს: „განერიდეთ ბოროტებას“ (რომაელთა 12:9). რატომ გვიყენებს ღმერთი ასეთ კონკრეტულ მოთხოვნას?
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სისუსტის მონობა საზიანოა. „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“, — ნათქვამია გალატელთა 6:7-ში. ისინი, რომლებიც მავნე ჩვევებს, სიხარბესა და სხვადასხვა სახის სექსუალურ უზნეობას ემონებიან, ხშირად მწარე ნაყოფს იმკიან. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც.
ცოდვა გულს სტკენს იეჰოვას. ის „გამყოფია“ ჩვენსა და იეჰოვას შორის (ესაია 59:2). ვინაიდან ისინი, ვისაც ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ცოდვების ჩადენა, ღვთის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებენ, იგი მოუწოდებს მათ: „განიბანეთ, განიწმინდეთ . . . შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა“ (ესაია 1:16).
ჩვენი შემოქმედი მოსიყვარულე და მწყალობელია და „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). თუ მუდმივად დავემონებით სისუსტეებს, ეს ხელს შეგვიშლის ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვებაში. მაშასადამე, რადგან ღმერთი თვალს არ ხუჭავს ჩვენს სისუსტეებზე, არც ჩვენ უნდა დავხუჭოთ მათზე თვალი.
[სქოლიო]
^ აბზ. 5 იესომ თქვა: „სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“.