არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანტიკური ხანიდან მოღწეული გუდასტვირი

ანტიკური ხანიდან მოღწეული გუდასტვირი

ანტიკური ხანიდან მოღწეული გუდასტვირი

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან დიდ ბრიტანეთში

ჩვენთვის ცნობილი შოტლანდიური გუდასტვირი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, კანადაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებშია გავრცელებული, სულ რაღაც 300 წლისაა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაგნოთ ამ ინსტრუმენტის წარმოშობის კვალს, თუკი გადავხედავთ გასულ ათასწლეულებს და უძველეს ქალაქ ურში აბრაამის სახლსა და ძველ ეგვიპტეს ვესტუმრებით. ორივეგან ნაპოვნია მარტივი სალამურები, რომლებსაც მეცნიერები თანამედროვე გუდასტვირების წინამორბედებად მიიჩნევენ. მაგრამ არავინ იცის, ვინ და როდის დაურთო მას ჰაერის რეზერვუარი, ანუ გუდა.

ბიბლიის წიგნ „დანიელში“, რომელიც იესო ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე დაიწერა, კონკრეტულად არის დასახელებული ბაბილონის ექვსი მუსიკალური საკრავი (დანიელი 3:5, 10, 15). ამ ჩამონათვალში ნახსენებია არამეული სიტყვა „სუმპონია“, რომელსაც ბიბლიის ბევრ თარგმანში „გუდასტვირად“ თარგმნიან.

მართალია, ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ძველი ბაბილონური საკრავი, მაგრამ არსებობს იმის ალბათობა, რომ ის აღმოსავლეთის ქვეყნებში აღმოჩენილი გუდასტვირებიდან ერთ-ერთს წააგავდა. ისტორიული ჩანაწერებიდან მჟღავნდება, რომ სპარსეთში (ირანი), ინდოეთსა და ჩინეთში გამოიყენებოდა სხვადასხვა ფორმის გუდასტვირები, რომლებიდანაც ზოგი დღესაც არსებობს.

მსოფლიოში გავრცელებული და მრავალფეროვანი

ახ. წ. პირველ საუკუნეში, თავისი მმართველობის დროს, რომის იმპერატორმა ნერონმა პირობა დადო, რომ თუკი ის ძალაუფლებას შეინარჩუნებდა, „ერთიმეორის მიყოლებით [დაუკრავდა] წყლის ორგანზე, ფლეიტასა და გუდასტვირზე“, — წერდა რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი. ნერონის დაბადებამდე (ახ. წ. 37 წელი) დაახლოებით 50 წლით ადრე, პოემაში, რომელსაც პოეტ ვერგილიუსის კალამს მიაწერენ, ნახსენებია „სტვირი, რომელიც ტკბილად ჭიკჭიკებს“.

გუდასტვირები უხსოვარი დროიდან იყო გავრცელებული გერმანიაში, ესპანეთში, ირლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა და საქართველოში, აგრეთვე ბალკანეთისა და სკანდინავიის ქვეყნებში. მაგრამ რამ „ჩაიყვანა“ გუდასტვირი დიდ ბრიტანეთში? ცნობილია, რომ ძვ. წ. დაახლოებით 500 წელს, კელტების მომთაბარე ტომებმა ჩამოიტანეს აქ გუდასტვირის მსგავსი საკრავი; ინგლისის ბევრ რეგიონსა და შოტლანდიაში კი უხსოვარი დროიდანვე არსებობდა მათივე საკუთარი, ერთმანეთისგან განსხვავებული გუდასტვირები. ერთ წყაროში ისიც კი ნათქვამია, რომ „შოტლანდიაში პოპულარობის მოხვეჭამდე რამდენიმე საუკუნით ადრე გუდასტვირი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინგლისში“ (The Oxford Companion to Music).

ცნობილია, რომ რომის ქვეით ჯარს თავისი მესტვირეები ჰყავდა, მაგრამ ერთი რამ უცნობია: ახ. წ. 43 წელს ბრიტანეთის კუნძულების დაპყრობის შემდეგ გააცნეს რომაელებმა ამ კუნძულების მკვიდრთ გუდასტვირი თუ პირიქით, იქ აღმოაჩინეს ეს საკრავი და შემდეგ, უბრალოდ, თავადაც დაიწყეს მისი გაკეთება.

თუკი დღეს შოტლანდიას ეწვევით და მთის ვიწრო ხეობიდან გუდასტვირის ხმას გაიგონებთ, დაგვეთანხმებით, რომ ამ ხმას ადვილად ვერ დაივიწყებთ.

[ჩარჩო⁄სურათი 24, 25 გვერდებზე]

2000 წლის აგვისტოში ათასობით მესტვირესა და მედოლესგან შემდგარი „მესტვირეთა ყველაზე დიდი ორკესტრი“ საპარადო მარშით დაუყვა ედინბურგის ცნობილ „პრინცეს სტრიტს“ და კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად თანხები შეაგროვა (ნაჩვენები არიან ზემოთ). ამ საქველმოქმედო სვლაში შოტლანდიელ მესტვირეებს მხარში მხოლოდ მათი ევროპელი, კანადელი და ამერიკელი კოლეგები არ ამოუდგნენ — შორ გზას არც ჰონკონგელი და წყნარი ოკეანის კუნძულ გუამის მკვიდრი მესტვირეები შეუშინდნენ.

შოტლანდიაში შექმნილ გუდასტვირთა შორის, რომლებმაც დღემდე მოაღწია, ყველაზე გამორჩეული მაინც მთიელ შოტლანდიელთა („ჰაილენდ“) გუდასტვირი, ანუ, უბრალოდ, შოტლანდიური გუდასტვირია. ამ გუდასტვირთა რიცხვს მიეკუთვნება შოტლანდიური „ლოულენდ“ გუდასტვირები და პატარა შოტლანდიური გუდასტვირები. ნორთუმბრიული გუდასტვირი ერთადერთია ჩვენამდე მოღწეული ინგლისური წარმოშობის საკრავებიდან. მისი ნაზი ხმა რაღაცით კლარნეტისა და ჰობოის ხმას მოგაგონებთ. „ჰაილენდ“ გუდასტვირისგან განსხვავებით, ზემოჩამოთვლილი გუდასტვირებიდან სამივეს აქვს პატარა საბერველები, რომლებიც შემსრულებლის მკლავის მოძრაობით დიდდება და იკუმშება. ამ დროს საბერველები ჰაერით ივსება, რის გამოც თავად შემსრულებელს აღარ უწევს ჩაბერვა.

თავის წიგნში „გუდასტვირი — მუსიკალური საკრავის ისტორია“, ფრანსის კოლინსონი იტყობინება, რომ 1746 წელს ინგლისის სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: „[შოტლანდიის] პოლკი არასოდეს უნდა გამოსულიყო მარშით გუდასტვირების გარეშე“ და, „აქედან გამომდინარე, გუდასტვირი, კანონის თანახმად, საომარ იარაღს წარმოადგენდა“ (The Bagpipe — The History of a Musical Instrument). იმ ფაქტის გამო, რომ გუდასტვირის გარეშე არც ერთი კლანი არ გამოდიოდა საბრძოლველად, შოტლანდიური გუდასტვირი გახდა ერთადერთი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც „აიკრძალა“, როგორც საომარი იარაღი.

[საავტორო უფლება]

Colin Dickson

[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]

შოტლანდიური გუდასტვირი

ჰაერის ჩასაბერი მასრა: ბოლოში აქვს ცალმხრივი სარქველი; მიმაგრებულია გუდასთან ხის ბუდის — ღრუს შემცველი ხის ნაჭრის — მეშვეობით, რომელიც, თავის მხრივ, გუდაში არსებულ ხვრელშია ჩამჯდარი. ამ ჩასაბერი მასრით მესტვირე ბერავს გუდას და გუდაზე ხელის მოჭერით ჰაერს უშვებს ჩანტერსა და ბურდონულ მილებში.

ენაკები: საუკეთესოდ ითვლება ის ენაკები, რომლებიც ლერწამ Arundo donax–ისგანაა დამზადებული. ეს ლერწამი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში მოჰყავთ სპეციალურად ამ საკრავში გამოსაყენებლად.

ჩანტერი: ეს არის მელოდიის წამყვანი მუსიკალური მილაკი, რომელზეც მელოდია სრულდება ზედა მხარეს ამოჭრილი შვიდი თვლისა და ქვედა მხარეს ცერა თითისთვის განკუთვნილი ერთი თვლის მეშვეობით. ბგერა გამოიცემა ორმაგი ენაკით. სტვირის „ასამღერებელი“ ჰაერი მოდის გუდიდან, რომელიც მესტვირეს მკლავქვეშ აქვს ამოდებული.

ბურდონული ბანი: ის ბურდონული ტენორების მსგავსია; განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბურდონული ბანი ჩანტერზე ორი ოქტავით დაბლა ჟღერს.

სამაგრები: ძირითადად, ისინი მზადდება სპილოს ძვლის ან ვეშაპის კბილებისა თუ ძვლისგან, მაგრამ ბოლო დროს პლასტიკსაც იყენებენ.

ბურდონული ტენორები: გუდასტვირს აქვს ორი ბურდონული ტენორი. ყოველ მათგანში ვიბრირებს ერთმაგი ენაკი; ორივე უნისონშია აწყობილი და ჩანტერზე ერთი ოქტავით დაბლა ჟღერს.

გუდა: ტრადიციულად, მას ცხოველის ტყავისგან ამზადებენ და ჩვეულებრივ, შოტლანდურათი „მოსავენ“.

მერქანი: თავიდან იყენებდნენ ადგილობრივ ღია ფერის მერქანს — ხშირად ეს იყო ბზის ხისგან აღებული მასალა — და შემდეგ მას შავად ღებავდნენ. მოგვიანებით კი დაიწყეს ეკალმუხის მძიმე და მაგარი მერქნის გამოყენება, რომელიც ვესტინდოეთიდან ჩამოჰქონდათ. ეს მასალა ყველაზე საუკეთესოდ ითვლებოდა, მაგრამ, ამავე დროს, სხვა ხის მერქნებსაც იყენებდნენ, როგორიცაა მაგალითად, აფრიკული წარმოშობის შავმერქნიანი სენეგალური დალბერგია (Dalbergia melanoxylon).

[სურათები]

ბურდონის ენაკი

ჩანტერის ენაკი

[სურათი 23 გვერდზე]

შოტლანდიელი მესტვირე სრული აღჭურვილობით.

[სურათი 24 გვერდზე]

სამეცადინო ჩანტერი (სტვირი): მესტვირე სწავლობს ამ ცალკეულ საკრავზე დაკვრას.