არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოების ძიებაში

თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოების ძიებაში

თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოების ძიებაში

თერთმეტ სექტემბრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე ალექსმა თითქმის დასძლია ავიატრანსპორტით მგზავრობის შიში. როდესაც სამგზავრო ავიალაინერი, რომელშიც ის იჯდა, მიწას მოსწყდა და ათენიდან გეზი ბოსტონისკენ აიღო, 42 წლის მენეჯერი მიხვდა, რომ შიში ეუფლებოდა — გული აუჩქარდა, ხოლო ხელისგულებსა და შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა.

მაგრამ მან იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მკურნალმა, რომელიც მას ფრენის შიშის დაძლევაში ეხმარებოდა, ასწავლა, რომ ღრმად ჩაესუნთქა ჰაერი, წარმოედგინა სასიამოვნო სცენები და საიდაყვისთვის მაგრად ჩაეჭირა ხელები, წუთში ოთხჯერ კი კვლავ გაეშვა. როდესაც გრძნობდა, რომ ჰაერის ტურბულენტური ნაკადით გამოწვეული რყევები და შემაშინებელი ხმაური სადაცაა „მოერეოდა“, ალექსი მშვიდი ტბის სანაპიროზე წარმოიდგენდა ხოლმე თავს. „ვფიქრობდი, რომ შიშის დაძლევაში რეალურ პროგრესს ვაღწევდი“, — ამბობს ალექსი.

საავიაციო ტრანსპორტით მოსარგებლე მილიონობით ადამიანს ეშინია ფრენის. ბოლო წლებში მრავალი მათგანი ფრენის შიშის დასაძლევ კურსებზე ჩაეწერა დახმარების მისაღებად. ეს ნაბიჯი, ხშირ შემთხვევაში, მათ მას შემდეგ გადადგეს, რაც ოჯახის წევრებმა, დამსაქმებლებმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ ფრენა აუცილებელი იყო. მგზავრთა უმრავლესობისთვის ეს კურსები სასარგებლო აღმოჩნდა. მრავალი კლინიკა ამაყობდა იმით, რომ მათი „პაციენტების“ დაახლოებით 90 პროცენტი წარმატებას აღწევდა კურსების გავლის შემდეგ.

მაგრამ 11 სექტემბრის მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ალექსმა დაუყოვნებლივ მიატოვა კურსები და თავის დამსაქმებელსაც იმედი გაუცრუა — მან უარი თქვა პროექტებზე, რომელთა განსახორციელებლადაც თვითმფრინავით უნდა ემგზავრა პრესტიჟულ კლიენტთან შესახვედრად. „ფრენის შიში ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებთან ერთად უკვე გაუსაძლისი იყო ჩემთვის, — ამბობს ის, — კურსებს არ მოვუმზადებივარ ამისთვის“.

ავიაციის უშიშროების მკაცრი შემოწმება

შეშინებული მგზავრები შემდეგ ფაქტორზეც ამახვილებენ ყურადღებას: კითხვები, რომლებსაც, როგორც წესი, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უსვამენ მგზავრებს, ავიალაინერების გამტაცებლებსაც დაუსვეს 11 სექტემბერს. აი, ზოგი ამ კითხვებიდან: „ხომ არ გთხოვათ ვინმე უცნობმა, რომ ამ რეისით მისი გადმოცემული ნივთი წაგეღოთ?“, „იმ ნივთებიდან, რომლებიც თან მიგაქვთ, ხომ არ დაგიტოვებიათ რომელიმე უმეთვალყურეოდ შეფუთვისა და ჩალაგების შემდეგ?“. ხალხის უმრავლესობის მსგავსად, ამ კითხვაზე ტერორისტებმაც უყოყმანოდ უპასუხეს — „არა!“. უშიშროების ზოგიერთი სპეციალისტის აზრითაც, ის ფაქტი, რომ გამტაცებლებმა მოახერხეს თვითმფრინავში ჩაჯდომა, ავიაციის უშიშროებაში არსებულ ხარვეზებზე მეტყველებს. „აქამდე არავის და არაფერს შეეძლო ცვლილებების მოხდენის დაჩქარება უშიშროების სფეროში, — ამბობს საავიაციო უშიშროების კავშირის ყოფილი დირექტორი ჯიმი მაკენა, — ახლა კი, ოთხი თვითმფრინავის გატაცება და განადგურება, და ამასთანავე, ათასობით ადამიანის სიკვდილი, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ამ ცვლილებების მოხდენა დაჩქარდეს“.

ამ ავიაკატასტროფების შემდეგ აეროპორტისა და ავიატრანსპორტის — და ყოველივე მათთან დაკავშირებულის — უშიშროების მკაცრი შემოწმება დაიწყეს. ამერიკის კონგრესის მიერ დანიშნული სპეციალური კომისიის წინაშე გამოსვლისას, ამერიკის სატრანსპორტო სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა, კენეთ მიდმა, განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემოღებულ, უკვე არსებულ, მოთხოვნებთან ერთად, სხვა ახალი მოთხოვნებიც დააწესეს, ავიაციის უშიშროებაში მაინც არსებობს საგანგაშო ხარვეზები... და სუსტი წერტილები, რომლებიც ამოვსებასა და საიმედოდ გამაგრებას მოითხოვს“. რა კეთდება ამ ხარვეზების ამოსავსებად?

მგზავრების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით

როდესაც ავიაციის უშიშროების მაღალჩინოსან თანამშრომელს, რომელიც ერთ-ერთ დიდ ამერიკულ ავიაკომპანიაში მუშაობს, ეკითხებიან, ეშინია თუ არა ფრენის, იგი უყოყმანოდ უარყოფს და ამბობს, რომ ის ენდობა მგზავრთა შემოწმების კომპიუტერულ სისტემას, რომელიც რეგისტრაციაში ატარებს იმ ავიაკომპანიების მიერ გაყიდულ თითოეულ ბილეთს, რომლებიც ამ სისტემას იყენებენ. ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელია იმის გაგება, თუ სად და როგორ შეიძინა მგზავრმა ბილეთი — ავიაკომპანიის საბილეთო სალაროში, ტურისტულ ფირმაში თუ ინტერნეტის მეშვეობით. სისტემა სხვა მონაცემებსაც იწერს. მაგალითად, მგზავრი მარტო მიფრინავს თუ ოჯახის წევრებთან ან სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. აქვე ინახება სხვა დაწვრილებითი ინფორმაციაც: ხომ არ ჰქონია ბილეთის მფლობელს რაიმე კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან ან ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ის ცუდად მოპყრობია ავიაკომპანიის პერსონალსა და ქონებას.

ყოველთვის, როდესაც მგზავრი რეგისტრაციას გადის აეროპორტში, ამ ინფორმაციას ბოლო მონაცემებთან — მათ შორის უშიშროების მიზნით დასმულ შეკითხვებზე გაცემულ პასუხთან — ადარებენ და აახლებენ. მოპოვებული მონაცემების უზუსტესი წვრილმანები, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზისთვის გამოყენებული მეთოდები ავიაკომპანიის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ საკითხად რჩება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოიყენება მგზავრთა შემოწმების კომპიუტერული სისტემის მსგავსი სხვა სისტემები, რომლებიდანაც ზოგი უშუალოდ არის დაკავშირებული სხვა სამთავრობო ან პოლიციის ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა ინტერპოლი. ევროპის ბევრ აეროპორტში, საპასპორტო მონაცემების რეგისტრაციის სისტემას შეუძლია მეხსიერებაში შეინახოს და შემდეგ კვლავ მოძებნოს ინფორმაცია ამა თუ იმ პიროვნების თვითმფრინავით მგზავრობისა და ერთი ქვეყნიდან მეორეში მისი მიმოსვლის შესახებ.

რადგან ბოროტგანმზრახველებს გაცილებით დიდი საფრთხის შექმნა შეუძლიათ ავიაციის უშიშროებისთვის, ვიდრე ისეთ ნივთებს, როგორიცაა ხელბარგი და შემოწმებული ჩემოდნები, ამიტომ მიმართავენ ამა თუ იმ პიროვნების შესახებ მიღებულ მონაცემთა ასეთ ძირფესვიან ანალიზს. ამრიგად, აეროპორტის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ამჟამად ალტერნატივის სახით სხვადასხვა ბიომეტრიული ხელსაწყოებისა და ინტელექტუალური ბარათების გამოყენებაზე ფიქრობენ, ან უკვე დაიწყეს კიდეც მათი გამოყენება.

მგზავრების შესახებ მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის გარდა, აეროპორტის უშიშროების თანამშრომლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმასაც, რომ არ დაუშვან თვითმფრინავში სიცოცხლისათვის საშიში საგნებისა და ნივთიერებების მოხვედრა. რენტგენის სხივებით ბარგის დათვალიერება არ არის შემოწმების სრულყოფილი მეთოდი და თავისი ხარვეზები ახლავს. აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს საკმაოდ უჭირს დიდი ხნის მანძილზე ყურადღების შენარჩუნება იმიტომ, რომ ბარგის რენტგენული, ბუნდოვანი გამოსახულებების ყურება ძალიან მომაბეზრებელია. გარდა ამისა, მაგნიტომეტრებიც წამდაუწუმ ტეხენ ცრუ განგაშს — მათი „აღმონაჩენი“ ხშირად სხვა არაფერია, თუ არა სახლის გასაღები, ლითონის ფული და ქამრის ბალთა.

კანონის გამკაცრება

ამ ხარვეზების შევსების მიზნით ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რაც აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2002 წლის მიწურულისთვის ძალაში შევა შემდეგი წესები: ბარგი მხოლოდ მფლობელის ჩაჯდომის შემდეგ ჩაიტვირთება თვითმფრინავში, მთლიანად შემოწმდება თვითმფრინავის სალონში ასატანი ნივთები, ხელბარგის ჩათვლით, და უკვე შემოწმებული ბაგაჟი სპეციალურად კიდევ ერთხელ შემოწმდება ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოვლენის მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პილოტთა კაბინის კარის გამაგრებაზე, რათა უფრო საიმედო იყოს. ავიაკომპანიის თანამშრომლები დამატებით მომზადებას გადიან, რომლის წყალობითაც ექსტრემალური ვითარებისთვის თავის გართმევას სწავლობენ. სამგზავრო თვითმფრინავებს უკვე შეიარაღებული მცველები მიაცილებენ.

11 სექტემბრიდან მოყოლებული რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ აეროპორტში მგზავრებს ჩხრეკდნენ და ბარგს ხელით უმოწმებდნენ. ზოგ შემთხვევაში, მგზავრებსა და ხელბარგს ხელმეორედაც ამოწმებდნენ ხელით. ევროპელი მგზავრებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი სიფრთხილის ასეთი ზომები, რომლებსაც ფართოდ მიმართეს XX საუკუნის 70-იან წლებში, როცა თვითმფრინავის გატაცების შემთხვევებმა პიკს მიაღწია. ამჟამად მგზავრებს ეკრძალებათ რაიმე ბასრი ხელსაწყო-იარაღის თვითმფრინავში ატანა. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლის უფლება მხოლოდ ბილეთიან მგზავრს ეძლევა. ბევრი უკვე მიეჩვია კონტროლის გასავლელად გრძელ რიგებში დგომას და შეიარაღებული სამხედროების ხილვას აეროპორტში.

ტექმომსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

წარმოიდგინეთ ბევრისთვის ნაცნობი, არცთუ ისე სასიამოვნო, სურათი: მგზავრმა როგორც იქნა გადალახა აეროპორტის უამრავი საკონტროლო პუნქტი და, ბოლოს, იმ დარბაზში აღმოჩნდა, საიდანაც უშუალოდ თვითმფრინავში ჩაჯდომა ხდება. იგი ელოდება, როდის გამოაცხადებს ავიაკომპანიის წარმომადგენელი ჩაჯდომის დაწყებას. „გაიგონეთ? — ამბობს იქვე ახლოს მყოფი, კლასიკური სტილის ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ბიზნესმენი, — ტექნიკური მიზეზების გამო რეისი გადაიდო“. იგი თავს აქეთ-იქით იქნევს და დასძენს: „იმედია, ძრავის გარეშე არ გაგვამგზავრებენ“.

მგზავრების უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს, რომ სამოქალაქო ავიაციის ორგანოებს ავიატრანსპორტის შემოწმების მკაცრი და შრომატევადი სისტემები აქვთ შემუშავებული. ტექნიკოსები გულდასმით იკვლევენ თვითმფრინავის საბორტო ჟურნალს და ამისდა მიხედვით საზღვრავენ, თუ რის შეკეთებაა საჭირო. სინამდვილეში, ეს ორგანოები მოითხოვენ, რომ თვითმფრინავებმა და მათმა ძრავებმა მკაცრად განსაზღვრული გეგმის მიხედვით — ავტომობილებზე გაცილებით ხშირად — გაიარონ ტექდათვალიერება. ეს მოთხოვნა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავიატრანსპორტის საბორტო ჟურნალში არანაირი ხარვეზი არ არის დაფიქსირებული.

ზემოხსენებულის სისწორეში დიდ ავიაკომპანიაში მომუშავე ერთი ავიატექნიკოსი დაგვემოწმება. აი, რას ამბობს ის: „უკვე 15 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ და არ მახსოვს, რომ იმ პერსონალს შორის, ვისაც ავიატრანსპორტის ტექმომსახურება ავალია, ისეთი ვინმე შემენიშნოს ან ისეთ ვინმესთან მელაპარაკოს, ვინც მთელი სერიოზულობით არ ეკიდებოდეს უსაფრთხოებას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავიაკომპანიის ხელმძღვანელთა მეგობრები და ოჯახებიც ხომ იმავე თვითმფრინავით დაფრინავენ, რომელსაც კომპანია მგზავრების გადასაყვანად იყენებს. ასე რომ, ისინი, უბრალოდ, არ წავლენ ასეთ სულელურ რისკზე“.

ავიატექნიკოსები უდიდეს პირად პასუხისმგებლობას გრძნობენ. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს: «არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, როცა ჩვენი კომპანიის ავიალაინერმა, „DC-10“-მა, კატასტროფა განიცადა სუ-სიტში (აიოვის შტატი, აშშ). იმ ხანად ავიატექნიკოსად ვმუშაობდი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ამავე ტიპის თვითმფრინავის კუდის ტექდათვალიერება და შესაკეთებელი სამუშაოების შესრულება. იმ დროისთვის ძალიან ცოტა რამ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის დაღუპვა. მახსოვს, როგორი განსაკუთრებული მონდომებითა და ყურადღებით ვაკეთებდი ჩემს საქმეს იმ ღამეს და თან ვფიქრობდი: „ნეტა რა დაემართა იმ თვითმფრინავს? იქნებ სხვა ვინმემ ზუსტად ის ვერ შეამჩნია, რასაც მე შევამჩნევდი და ტრაგედიასაც თავიდან ავირიდებდით? ვაკეთებ კი ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც მომეთხოვება?“. იმ საღამოს დიდი ხანი დავყავი თვითმფრინავის კუდში. ვამოწმებდი და თან ვფიქრობდი».

ავიატექნიკოსები მუდამ გადიან სპეციალურ მომზადებას და უფრო ხელოვნდებიან მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს სხვადასხვა სფეროში — ჩვეულებრივი შემოწმებისას წვრილმანი გაუმართაობების გამოსწორებით დაწყებული და უფრო სერიოზული და საფუძვლიანი შემოწმების ჩატარებითა და ხარვეზების აღმოფხვრით დამთავრებული. ავიატექნიკოსთა დახელოვნების კურსები ყოველწლიურად იხვეწება, რათა იქ წარმოდგენილმა მოსამზადებელმა პროგრამამ მოიცვას ყველა მოსალოდნელი სიტუაცია — ჩვეულებრივი თუ ექსტრემალური.

ავიაკატასტროფის შემდეგ მოპოვებულ ინფორმაციას აანალიზებენ და სპეციალურ ავიაიმიტატორში შეაქვთ. მფრინავ-გამომცდელები და ავიაინჟინრები ამ იმიტატორის მეშვეობით ფრენის იმიტაციას ახდენენ, რათა გამოარკვიონ, თუ სხვა რა გამოსავლის პოვნა შეიძლებოდა მოცემულ ვითარებაში. ეს იმ მიზნით კეთდება, რომ ავიატექნიკოსებმა მომავალში უკეთ შეძლონ მსგავსი პრობლემებისთვის თავის გართმევა. შემდეგ სპეციალურ სასწავლო პროგრამებს ადგენენ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებისთვის, რათა მათ განსაკუთრებული მითითებები და ინსტრუქციები მიიღონ. პრობლემის ასეთი ძირეული ანალიზის წყალობით თვითმფრინავისა და მისი დეტალების დიზაინის შეცვლაც ხდება შესაძლებელი. ასეთი ცვლილებებისას იმედოვნებენ, რომ მომხდარი მარცხი ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდება და მომავალში მსგავსი წარუმატებლობები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ერთმა ავიატექნიკოსმა ასე შეაჯამა ყველაფერი: „ყოველ ჩვენგანს გვასწავლიან, რომ უსაფრთხოება თავისით კი არ ჩნდება, არამედ მასზე წინასწარ უნდა იზრუნო“.

...და კვლავ თვითმფრინავში

თვითმფრინავით მგზავრობისგან ოთხთვიანი თავშეკავების შემდეგ ალექსმა გადაწყვიტა, რომ უკვე დრო იყო, თავის ფობიას გამკლავებოდა. ბოსტონის ლოგენის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციელებისა და ეროვნული გვარდიის მცველების ყოფნას უკვე აღარ აუღელვებია იგი. აღარც კონტროლის გავლისას გრძელ რიგებში დგომასა და ბარგის ხელით შემოწმებას აუფორიაქებია.

რადგან ალექსს ავიატრანსპორტით უსაფრთხო მგზავრობის სურვილი ჰქონდა, ყოველივე ეს მან კარგის მომასწავებელ ნიშნად აღიქვა და დამშვიდდა. თვითმფრინავში ასვლისას ალექსს ცოტათი კიდევ ასხამს ოფლს და გულისცემაც ცოტა უჩქარდება, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, როდესაც ხელით შემოწმებულ ხელბარგს სავარძლის ზემოთ არსებულ სათავსში დებს, იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

ფაქტები თვითმფრინავით მგზავრობაზე

როგორც ვარაუდობენ, საჰაერო ტრანსპორტით მოსარგებლეთა 20 პროცენტს მაინც ეშინია ფრენის. მაგრამ ყოველ მათგანს როდი მიაჩნია თვითმფრინავი გადაადგილების სახიფათო და არასაიმედო საშუალებად. მათი შეშფოთება, ხშირად, სხვადასხვა ფობიით — მაგალითად, სიმაღლისა და ხალხით გადაჭედილი ადგილების შიშით — არის განპირობებული.

[ცხრილი 8 გვერდზე]

რამდენად დიდია სასიკვდილო შემთხვევის ალბათობა?

წელიწადში 1 შემთხვევა სიცოცხლეში 1 შემთხვევა

(ადამიანზე): (ადამიანზე):

ავტოკატასტროფა 6212 81

მკვლელობა 15104 197

მექანიზმებით დაზიანება 265000 3500

ავიაკატასტროფა 390000 5100

სააბაზანოში დახრჩობა 802000 10500

შხამიანი ცხოველები და მცენარეები 4200000 55900

მეხის დაცემა 4300000 56000

[საავტორო უფლება]

წყარო: National Safety Council

[სურათი 6 გვერდზე]

აეროპორტს გაძლიერებულად იცავენ.

[საავტორო უფლება]

AP Photo/Joel Page

[სურათი 7 გვერდზე]

მგზავრების შემოწმება და რეგისტრაცია.

[სურათი 7 გვერდზე]

გაუმჯობესდა ტექმომსახურება.

[სურათი 8 გვერდზე]

პილოტები მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან.