არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კვლავ უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?

კვლავ უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?

კვლავ უსაფრთხოა თვითმფრინავით მგზავრობა?

იტაცებენ ოთხ ავიალაინერს. ხდება ოთხი ავიაკატასტროფა. ინგრევა ყველასთვის ცნობილი მნიშვნელოვანი ობიექტები. სატელევიზიო არხებზე არაერთხელ მეორდება შემზარავი კადრი: „ბოინგ-767“ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ ცათამბჯენს ეჯახება.

2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმებით ტერორისტული აგრესიის ახალი და შემზარავი ეპოქა დაიწყო. ტერორისტებმა ხალხის გასანადგურებლად ავიაკომპანიების გამოყენება დაიწყეს და თვითმფრინავები მათ ხელში ასაფეთქებელ იარაღად იქცა.

ამ მოვლენებმა თვითმფრინავით მგზავრობის ახლებული შიშის გაჩენა გამოიწვია — ვინც ადრე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა თვითმფრინავში, ახლა პანიკური შიშით არის შეპყრობილი შესაძლო ტერორისტული თავდასხმის გამო. გარდა ამისა, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ მომხდარმა მთელმა რიგმა ავიაკატასტროფებმა, რომლებსაც ტერორიზმთან საერთო არაფერი ჰქონდათ, ბევრს კიდევ უფრო გაუძლიერა ავიატრანსპორტით მგზავრობის შიში.

უნდა ვაღიაროთ, რომ თვითმფრინავით მგზავრობა ძვირი სიამოვნებაა, რომელზეც ხელი არ მიუწვდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს. სხვებისთვის კი საჰაერო ტრანსპორტით ფრენა აუცილებელი და ჩვეულებრივი მოვლენაა. მათთვის, ვისი სამსახურიც ხშირ საქმიან მივლინებებს მოითხოვს, თვითმფრინავით მგზავრობა, უბრალოდ, გარდაუვალია. სხვადასხვა დავალების შესასრულებლად ქრისტიან მისიონერებსა და მსახურებს ხშირად უწევთ შორ მანძილზე ფრენა. ზოგჯერ, როდესაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა საჭირო, თვით ხელმოკლე ადამიანებისთვისაც კი გადაადგილების ერთადერთი შესაფერისი საშუალება ავიატრანსპორტია. ათასობით პილოტისა და, საერთოდ, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟისთვის სამოქალაქო ავიაცია საარსებო წყაროა.

ბევრი, ვინც თვითმფრინავით აპირებს გამგზავრებას, შეიძლება თავადაც ნერვიულობს და, იმავდროულად, იძულებულია, აფორიაქებული მეუღლე და შეშინებული ბავშვებიც დააწყნაროს სახლიდან გასვლამდე. აეროპორტში კონტროლის გავლა, რაც ერთ დროს შედარებით მარტივად ხდებოდა, ახლა შემაწუხებელი პროცედურაა; ამიტომ მგზავრებს ბუნებრივად ებადებათ კითხვა: კვლავ სასურველია თუ არა თვითმფრინავით მგზავრობა?

ზემოხსენებული პრობლემატური საკითხების განსახილველად „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი გაესაუბრა საავიაციო უშიშროების სპეციალისტებს, აეროპორტის პერსონალს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებს და ავიატექნიკოსებს. ისინი ყველა ერთი აზრისანი არიან: თვითმფრინავით მგზავრობა კვლავ რჩება გადაადგილების ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად, მაგრამ გაჩნდა ახალი საშიშროებები, რომელთა გამოც მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახლებური ზომების მიღებაა საჭირო.

ეს პრობლემატური საკითხები მომდევნო სტატიებში იქნება განხილული. აგრეთვე დაინახავთ, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ პირადად თქვენ ავიატრანსპორტით უფრო უსაფრთხოდ მგზავრობისა და მშვიდი ატმოსფეროს შექმნისთვის.