მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ცხოველთა ურთიერთობა. დიდი მადლობა სტატიისთვის „ცხოველთა ენა –– მათი ურთიერთობის საიდუმლოება“ (8 აპრილი, 2002). სიცილს ვერ ვიკავებდი, როდესაც ვკითხულობდი, როგორი უჩვეულო სახით უბნევს თავგზას ანტილოპა გნუ მტერს. მაგრამ, რაც ჯოის პულმა თავისი დაკვირვების შედეგად აღნიშნა იმის თაობაზე, თუ როგორ „გლოვობდა“ დედა სპილო თავის მკვდრადშობილ პატარას, ცრემლები წამომცვივდა. ასეთი ცოცხალი და საინტერესო სტატიები დაფიქრების საშუალებას გვაძლევს და გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ეს „ველური ენა“ მის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, განადიდებს. გთხოვთ, კვლავ გამოაქვეყნოთ ასეთი სტატიები!
ა. გ. (პოლონეთი).
ახალგაზრდების შეკითხვები. მე 11 წლის ვარ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „ვაითუ თანაკლასელს გადავეყარო!“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მარტი, 2002). სტატიაში მოხსენიებული მოზარდების მსგავსად, მეც აღმოვჩენილვარ ასეთივე მდგომარეობაში. მისი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ არანაირი მიზეზი არა მაქვს, მრცხვენოდეს იმ ძვირფასი და უმნიშვნელოვანესი ცნობის გამო, რომელსაც ხალხს გადავცემთ. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის.
დ. დ. ს. (იტალია).
მე 10 წლის ვარ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ სტატიისთვის. როგორც კი წავიკითხე, მეორე დღესვე წავედი საქადაგოდ და უფრო თავისუფლად ვიგრძენი თავი, რადგან ჟურნალში მოცემული რჩევა გამოვიყენე.
დ. დ. კ. (იტალია).
სწორედ რომ ჩემთვის დაიწერა სტატია „რატომ მიჭირს სხვასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მაისი, 2000). მე სრული დროით მქადაგებელი ვარ და უკვე ნახევარი წელია, რაც სხვასთან ერთად ვცხოვრობ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისეთ ადამიანთან ცხოვრება, რომელსაც განსხვავებული აღზრდა აქვს მიღებული, შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ, ამავე დროს, ამან შეიძლება დაძაბულობაც გამოიწვიოს. ჩემი მშობლების, უხუცესებისა და იეჰოვას დახმარებით თანდათანობით შევიცვალე თვალსაზრისი. ამჟამად დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს თანამსახურთან ერთად გადავიდე იმ კრებაში, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა. ვფიქრობ, რომ იეჰოვამ ამ სტატიით დამასაჩუქრა!
ი. შ. (იაპონია).
სტატია „როგორ ვუქადაგო თანაკლასელებს?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 აპრილი, 2002), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მახსოვს, რომ ჩემს მრწამს უხალისოდ ვუზიარებდი თანაკლასელებს და განსაკუთრებით ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც პატივს სცემდა ჩემს რწმენას. რაღაც მომენტში ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი, რამდენიმე წლის წინათ კი გავიგე, რომ ის ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან. დღეს ორივე უხუცესებად ვსახურობთ კრებაში და ძალიან კარგი მეგობრები ვართ. როგორც ამ სტატიიდან დავინახე, სხვებთან იეჰოვას შესახებ საუბარს ყოველთვის მოაქვს კარგი შედეგები.
ჟ. რ. მ. (ბრაზილია).
ყველა ასაკის ადამიანებისთვის საინტერესო და სასარგებლო. მე მართლაც რომ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ჟურნალებს, რადგან ისინი არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც საინტერესოა. ბევრი ჟურნალ–გაზეთი, რომლებიც დღესდღეობით ქვეყნდება, რყვნის ჩვენს ახალგაზრდებს. მაგრამ თქვენი წყალობით ისინი უკეთესობისკენ იცვლებიან. დიდი მადლობა, რომ ასე გვანათლებთ.
გ. მ. (რუსეთი).