არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად ძლიერია თანატოლების გავლენა?

ნამდვილად ძლიერია თანატოლების გავლენა?

ახალგაზრდების შეკითხვები

ნამდვილად ძლიერია თანატოლების გავლენა?

„არა მგონია, თანატოლების გავლენის ქვეშ ვექცეოდე“ (პამელა, სკოლის მოწაფე).

„თანატოლების გავლენის ქვეშ იმდენად აღარ ვექცევი. თავად ვუქმნი საკუთარ თავს პრობლემებს“ (რობი).

გაგჩენია ოდესმე ასეთი აზრები? ცხადია, გეცოდინება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). მაგრამ შეიძლება ფიქრობ, რომ თანატოლების გავლენას გადაჭარბებული მნიშვნელობა ეძლევა — რომ ის, შესაძლოა, სულაც არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ამას მშობლები და სხვა უფროსი ადამიანები ამბობენ.

თუკი დროდადრო ასეთი ეჭვები გიღრღნის გონებას, გახსოვდეს, რომ შენ არა ხარ პირველი, ვინც მსგავს მდგომარეობაშია. მაგრამ გვინდა, დაგაფიქროთ ამ საკითხზე. უფრო ძლიერი ხომ არ არის თანატოლების გავლენა, ვიდრე გგონია? ბევრი ახალგაზრდა გაოცებული დარჩა, როცა დაინახა, თუ რამდენად ძლიერია ეს ზეგავლენა. მაგალითად, ახალგაზრდა ქალიშვილი, სახელად ანჯი აღიარებს, რომ საზოგადოებასთან შესაწყობად შეიძლება უფრო მეტის გაკეთება მოუწიოს, ვიდრე სურს. ის აღნიშნავს: „თანატოლების გავლენა ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ მის არსებობას ვერც კი აცნობიერებ. გგონია, რომ შენ თავს შენვე უქმნი პრობლემებს“.

რობიც, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, მსგავსადვე ფიქრობს, რომ ყველაზე დიდ გავლენას მასზე მისი შინაგანი ბუნება ახდენს. თუმცა კი, ის აღიარებს, რომ ძნელია დიდ ქალაქთან ახლოს ცხოვრება. რატომ? იმ ზეგავლენის გამო, რომელიც ფუფუნების მოყვარული საზოგადოებიდან მომდინარეობს. ის ამბობს: „აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმდიდრეს“. ცხადია, თანატოლების გავლენა ისეთი ძლიერია, რომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. მაშ, რატომ ხდება, რომ უამრავი ახალგაზრდა არაფრად აგდებს ამას?

შენიღბული ძალა

თანატოლების გავლენა ისეთი მომატყუებელი რამ არის, რომ შეიძლება ვერც კი ვამჩნევდეთ მას. ილუსტრაციისთვის: თუ ზღვის დონეზე ვიმყოფებით, ჰაერის უშველებელი მასა განუწყვეტლივ გვაწვება ყოველ ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე ერთი კილოგრამის სიმძიმით *. შესაძლოა, ყოველდღე ასეთ პირობებში ცხოვრობ, მაგრამ ვერც კი ამჩნევ ამ წნევას. რატომ? იმიტომ, რომ მიეჩვიე მას.

მართალია, ატმოსფერული წნევა, ძირითადად, არ ახდენს ჩვენზე საზიანო გავლენას, მაგრამ, რაც შეეხება საზოგადოების გავლენას, საქმე სრულიად სხვაგვარად დგას. როდესაც ადამიანები შეუმჩნევლად ზემოქმედებენ ჩვენზე, მათ შეიძლება თანდათანობით თავიანთ ყაიდაზე შეგვცვალონ. მოციქულ პავლეს ესმოდა, თუ რა ძლიერი იყო საზოგადოების გავლენა. ის აფრთხილებდა რომში მცხოვრებ ქრისტიანებს: „ნუ დაუშვებთ, რომ წუთისოფელმა თავის ყალიბში მოგაქციოთ“ (რომაელთა 12:2, „ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“). მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

როგორ ზემოქმედებენ ჩვენზე სხვები?

გსიამოვნებს, როდესაც სხვებს მოსწონხარ და სურთ შენთან ურთიერთობა? უმრავლესობა ვაღიარებდით, რომ ეს ასეა. მაგრამ ამ ბუნებრივ სურვილს შეიძლება ორი, ერთმანეთის საპირისპირო, შედეგი მოჰყვეს. რამდენად შორს შეიძლება შევტოპოთ ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად? მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ვართ, რომ თანატოლების გავლენის ქვეშ არ მოვექცევით, რის თქმა შეიძლება გარშემო მყოფებზე? ცდილობენ კი ისინი თანატოლების გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუ უფლებას აძლევენ, რომ საზოგადოებამ თავის ყალიბში მოაქციოს?

ბევრი ზნეობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ ნორმებს დღეს მოძველებულად მიიჩნევს ან ფიქრობს, რომ მათი გამოყენება დღევანდელ მსოფლიოში არარეალურია. ბევრი თვლის, რომ მნიშვნელოვანი არ არის ღვთის თაყვანისცემა ისე, როგორც თავად ღმერთი გვთხოვს ამას თავის სიტყვაში (იოანე 4:24). რატომ ფიქრობენ ისინი ასე? ნაწილობრივ, ეს შეიძლება თანატოლთა გავლენით აიხსნას. ეფესელთა 2:2-ში პავლე ამბობს, რომ წუთისოფელს აქვს თავისი „სული“, ანუ დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისი. ეს სული ზემოქმედებას ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც არ იცნობენ იეჰოვას და აიძულებს მათ, იაზროვნონ ისე, როგორც ეს წუთისოფელშია მიღებული. როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ჩვენზე?

ყოველდღიური საქმიანობის დროს, იქნება ეს სკოლაში, მეცადინეობის დროს, ოჯახური მოვალეობების შესრულებისას თუ სამსახურში, ჩვეულებრივ, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქრისტიანული პრინციპებიდან ყველას არ იზიარებენ. მაგალითად, სკოლაში შეიძლება ბევრი ისეთი ახალგაზრდა იყოს, რომლებიც ნებისმიერ ფასად ცდილობენ პოპულარობის მოხვეჭას, ისინი არც უზნეო სექსუალურ კავშირზე ამბობენ უარს და არც ნარკოტიკებსა და აკლოჰოლზე იხევენ უკან. რა შეიძლება მოხდეს, თუკი დავუმეგობრდებოდით მათ, ვინც ასე იქცევა, ან ასეთი საქციელი სრულიად ნორმალურად და საქებრადაც კი მიაჩნია? დიდია იმის ალბათობა, რომ თანდათანობით — მართალია, თავიდან, ალბათ, შეუმჩნევლად — მათ შეხედულებებს გადავიღებთ. წუთისოფლის „სული“, ანუ „ჰაერი“ გავლენას მოახდენს ჩვენზე და თავის ყალიბში მოგვაქცევს.

საინტერესოა, რომ სოციოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები ადასტურებს ამ ბიბლიური პრინციპების უტყუარობას. საყურადღებოა, მაგალითად, ფსიქოლოგ აშის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი: ერთ ადამიანს სთხოვენ შეუერთდეს ჯგუფს, რომლებიც ერთად სხედან; დ-რი აში აჩვენებს დიდ ქაღალდს, რომელზეც ვერტიკალური ხაზია გამოსახული, შემდეგ სხვა ქაღალდს, სადაც აშკარად სხვადასხვა ზომის სამი ვერტიკალური ხაზია მოცემული; შემდგომ ის სთხოვს ამ ჯგუფის თითოეულ წევრს, გამოთქვან თავისი აზრი იმის თაობაზე, თუ ამ სამი ხაზიდან რომელია პირველ ქაღალდზე გამოსახული ხაზის ტოლი; პასუხი ნათელია: პირველ ორ ცდაზე ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, მაგრამ მესამეზე უკვე იცვლება აზრები.

როგორც თავიდან, ასევე მერეც ადვილია იმის თქმა, თუ რომელი ხაზებია ერთმანეთის ტოლი. მაგრამ ექსპერიმენტში მონაწილეთა უცოდინრად ჯგუფის სხვა წევრები დაიქირავეს, რომ დარიგებისამებრ ემოქმედათ. შეთანხმების თანახმად, მათ ყველას ერთი და იგივე არასწორი პასუხი უნდა გაეცათ. და რა ხდება? ტესტირებულთა მხოლოდ 25 პროცენტი დგას მტკიცედ თავის აზრზე, ყველა დანარჩენი კი, სულ მცირე, ერთხელ მაინც, ეთანხმება ჯგუფის აზრს და ეს მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით სულ სხვა რამეს ხედავენ!

ცხადია, ადამიანებს სურთ, რომ შეეწყონ საზოგადოებას — ხშირად ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ უმრავლესობა აშკარა სინამდვილეზეც კი ხუჭავს თვალს. ბევრმა ახალგაზრდამ პირადად გამოსცადა თანატოლების გავლენის ძალა. 16 წლის დანიელი აღიარებს: „სხვების გავლენის გამო შეიძლება შეიცვალო. და რაც უფრო მეტი ადამიანია შენ გარშემო, მით უფრო დიდია ზეგავლენა. შეიძლება ისეთი აზრიც კი გაგიჩნდეს, რომ მათ ქმედებაში ცუდი არაფერია“.

ანჯის, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, მოჰყავს ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ ვლინდება თანატოლების გავლენა სკოლაში: „სწავლის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რა გეცვა. შენს სამოსზე აუცილებლად ცნობილი ფირმისა თუ დიზაინერის სახელი უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი. ცხადია, არ გსურდა პერანგში 50 დოლარის გადახდა და ლოგიკურია, რომ სხვასაც არ ენდომებოდა ამის გაკეთება“. როგორც ანჟის სიტყვებიდან ჩანს, შეიძლება ვერც კი ამჩნევდე ამ ზეგავლენას და შენდა უნებურად მის ქვეშ მოექცე. მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ მოვექცეთ თანატოლების გავლენის ქვეშ უფრო სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით?

რატომაა სახიფათო თანატოლების გავლენა

წარმოიდგინე, რომ ოკეანეში მიცურავ. მაშინ, როცა ტალღებს მიუყვები, შენზე შეუმჩნევლად მოქმედებს სხვა ძლიერი ძალა. ტალღები ნაპირისკენ მიგაქანებს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება წყალქვეშა დინებასაც მიჰყავდე. ის ნელ-ნელა გიტაცებს. დაბოლოს, როცა ნაპირისკენ გაიხედავ, შეიძლება ვერც ოჯახის წევრები დაინახო და ვერც მეგობრები. შენ ვერც კი შეამჩნიე, რა შორს გაგიტაცა დინებამ! ამის მსგავსად, როდესაც ყოველდღიური საქმიანობებით ვართ დაკავებული, ჩვენი ფიქრები და გრძნობები მუდმივ გავლენას ექვემდებარება. სანამ ჩვენ ამას გავიაზრებთ, ეს ზეგავლენა საკმაოდ შორს „გაგვიტაცებს“ იმ ნორმებისგან, რომლებსაც, ჩვენი აზრით, მტკიცედ ვიყავით ჩაჭიდებული.

მაგალითად, მოციქული პეტრე გულადი ადამიანი იყო. იესოს დაპატიმრების ღამეს მტრულად განწყობილი ბრბოს თვალწინ მან უშიშრად იშიშვლა მახვილი (მარკოზი 14:43—47; იოანე 18:10). მაგრამ წლების შემდეგ, სხვების გავლენის გამო მან აშკარა მიკერძოება გამოავლინა. ქრისტესგან ადრე მიღებული ხილვის მიუხედავად, სადაც მითითებული ჰქონდა, რომ არაებრაელები უწმინდურებად არ მიეჩნია, ის მაინც მოერიდა მათ (საქმეები 10:10—15, 28, 29). შესაძლოა, პეტრესთვის სხვებისგან დამცირება უფრო ძნელი ასატანი გამხდარიყო, ვიდრე მახვილის წვერის დანახვა! (გალატელთა 2:11, 12). მართლაც, საზოგადოების გავლენა შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს.

მნიშვნელოვანია, გავათვითცნობიეროთ ძლიერი ზეგავლენის არსებობა

პეტრეს მაგალითიდან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია. თუკი ერთ რამეში ხარ ძლიერი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ძლიერი ხარ. ყოველი ჩვენგანის მსგავსად პეტრესაც ჰქონდა სუსტი მხარეები. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ, თითოეულს გვჭირდება საკუთარი სუსტი მხარეების დანახვა. საკუთარ თავს გულახდილად უნდა ვკითხოთ: „რაშია ჩემი სისუსტე? ხომ არ მიზიდავს მდიდრული ცხოვრება? საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ მაქვს? არაფერზე დავიხევ უკან იმისათვის, რომ შემაქონ, საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობა მოვიპოვო და პოპულარობით ვისარგებლო?“.

შესაძლოა, შეგნებულად არასოდეს ჩავიგდოთ თავი საფრთხეში ნარკომანებთან ან ზნეობრივად დაცემულ ადამიანებთან ურთიერთობით, მაგრამ რის თქმა შეგვიძლია ისეთ სისუსტეებზე, რომლებიც ნაკლებად შესამჩნევია? თუკი ისეთ ადამიანებთან ვარჩევთ ურთიერთობას, რომლებიც ჩვენს სუსტ მხარეებზე ზემოქმედებას მოახდენენ, სხვებს ჩვენით მანიპულირების საშუალებას ვაძლევთ, რამაც შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს.

საბედნიეროდ, უნდა ითქვას, რომ ყველა სახის გავლენა ცუდი როდია. შეგვიძლია თუ არა თავი გავართვათ თანატოლების გავლენას, და არა მხოლოდ გავართვათ, არამედ ჩვენს სასარგებლოდაც კი დავექვემდებაროთ მას? და როგორ შევებრძოლოთ საზიანო გავლენას? ეს კითხვები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში, რომელიც ამავე რუბრიკით გამოქვეყნდება.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ერთი მარტივი ექსპერიმენტი ცხადყოფს ატმოსფერული წნევის არსებობას. თუკი მთის მწვერვალზე პლასტიკის ცარიელ ბოთლს აიტან, ჰაერით გაავსებ და თავსახურს გაუკეთებ, რა დაემართება ბოთლს, როდესაც მთიდან დაეშვები? ის გასკდება. ატმოსფერული წნევა, რომელიც გარეთაა, გაცილებით აღემატება ბოთლის შიგნით არსებულ წნევას.

[სურათი 14, 15 გვერდებზე]

მომხვეჭელობისკენ მიდრეკილ გარემოს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.