არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა უნდა იცოდე შობის შესახებ

რა უნდა იცოდე შობის შესახებ

ბიბლიის თვალსაზრისი

რა უნდა იცოდე შობის შესახებ

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ემზადება 2002 წლის შობის აღსანიშნავად. შესაძლოა, შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ. შეიძლება, სულაც არ მონაწილეობდე ამ პოპულარული დღესასწაულის რელიგიურ რიტუალებში, მაგრამ ასეა თუ ისე, შობის დღესასწაული მაინც როგორღაც გეხება და გარკვეულ გავლენას ახდენს შენზე. საშობაო სულისკვეთებით გაჟღენთილია კომერციისა და გართობის სამყარო, რასაც არაქრისტიანულ ქვეყნებშიაც კი მოკიდებული აქვს ფეხი.

რა იცი შობის შესახებ? არის თუ არა ბიბლიაში ლაპარაკი ქრისტეს დაბადების აღნიშვნის შესახებ? როგორ წარმოიშვა ეს პოპულარული დღესასწაული, რომელსაც ყოველი წლის 25 დეკემბერს ან 7 იანვარს აღნიშნავენ?

შობის დღესასწაული აკრძალულია

თუკი ამ საკითხის გამოკვლევას ცოტაოდენ დროს დაუთმობ, აღმოაჩენ, რომ შობის დღესასწაული ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან არ იღებს სათავეს. ამ ფაქტს აღიარებს ბიბლიის ბევრი მკვლევარი, რომლებიც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ 1647 წელს, ინგლისში, კრომველის პარლამენტმა გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ შობა მონანიების დღე უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი, 1652 წელს, ამ დღის აღნიშვნა სრულიად აკრძალა. 1644 წლიდან 1656 წლის ჩათვლით, ყოველ წელს, პარლამენტი თავისი შეკრების დღეს სპეციალურად 25 დეკემბერს ამთხვევდა. როგორც ისტორიკოსი პენი რესტადი ამბობს, „სამღვდელოების წევრებს, რომლებიც ქრისტეს შობის შესახებ ქადაგებდნენ, დაპატიმრება ემუქრებოდათ. ეკლესიის საქმეების გამგებელ ქვეყნიურ პირებს, რომლებიც თავიანთ ეკლესიებს საშობაოდ რთავდნენ, ჯარიმა უნდა გადაეხადათ. კანონის თანახმად, შობის დღეს, ისევე როგორც ნებისმიერ სამუშაო დღეს, მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო“. რატომ იყო მიღებული ასეთი მკაცრი ზომები? პურიტან რეფორმატორებს სწამდათ, რომ ეკლესიას არ უნდა დაედგინა ისეთი ტრადიციები, რომლებიც საღვთო წერილში არ მოიხსენიება. ისინი აქტიურად ქადაგებდნენ და ავრცელებდნენ ლიტერატურას, სადაც შობის აღნიშვნას გმობდნენ.

მსგავსი შეხედულებები ჩრდილოეთ ამერიკაშიც იყო გავრცელებული. 1659—1681 წლებში შობის აღნიშვნა აკრძალული იყო მასაჩუსეტს-ბეის კოლონიაში *. მაშინდელი კანონის თანახმად, შობა არანაირი სახით არ უნდა აღენიშნათ. კანონის დამრღვევებს ჯარიმა ეკისრებოდათ. არა მხოლოდ ახალ ინგლისში მცხოვრები პურიტანები ერიდებოდნენ შობის აღნიშვნას, არამედ რამდენიმე კოლონიაში დამკვიდრებული ჯგუფებიც. პენსილვანიელ კვაკერებსაც პურიტანებივით მტკიცე პოზიცია ეკავათ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. ერთ წყაროში ნათქვამია, რომ «ამერიკელების მიერ დამოუკიდებლობის მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ ელიზაბეტ დრინკერმა, რომელიც თავად კვაკერი იყო, ფილადელფიელები სამ კატეგორიად დაჰყო. იყვნენ კვაკერები, რომლებიც „[შობას] სხვა დღეებისგან არ გამოარჩევდნენ“, სხვები უფრო რელიგიურები იყვნენ და ზეიმობდნენ მას, დანარჩენები კი „თავაშვებულ დროსტარებაში ატარებდნენ ამ დღეს“».

ცნობილმა ამერიკელმა მქადაგებელმა, ჰენრი უორდ ბიჩერმა, რომელიც ორთოდოქსულ-კალვინისტურ ოჯახში გაიზარდა, 30 წლამდე ბევრი არაფერი იცოდა შობის შესახებ. „შობის დღესასწაული ჩემთვის სრულიად უცხო რამ იყო“, — წერდა ბიჩერი 1874 წელს.

ბაპტისტებისა და კონგრეგაციონალისტების ადრეული ეკლესიებიც აღიარებდნენ, რომ ქრისტეს შობის აღნიშვნას ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. ერთი წყარო შენიშნავს, რომ ბაპტისტების ეკლესიამ, რომელიც არ აღნიშნავდა ამ დღეს, შობა პირველად 1772 წლის 25 დეკემბერს იზეიმა ნიუპორტში როდ-აილენდი]. ეს მოხდა ახალ ინგლისში ბაპტისტების პირველი ეკლესიის ჩამოყალიბებიდან დაახლოებით 130 წლის შემდეგ.

შობის დღესასწაულის წარმოშობა

„ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ აღიარებს, რომ «ქრისტეს დაბადების დღე უცნობია. სახარებებში მისი დაბადების არც დღე და არც თვე არ მოიხსენიება . . . მეცნიერ უზენერის მიერ წამოჭრილი ვარაუდის თანახმად . . . რომელსაც მრავალმა დღევანდელმა სწავლულმაც დაუჭირა მხარი, ქრისტეს დაბადების დღედ აქციეს ზამთრის ნაბუნიობის თარიღი (იულიუსის კალენდრის თანახმად, ანუ ძველი სტილით — 25 დეკემბერი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით — 7 იანვარი), ვინაიდან ამ დღეს, როდესაც მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ ბრუნდება, ღვთაება მითრას წარმართი თაყვანისმცემლები ზეიმობდნენ უძლეველი მზის დაბადების დღეს (dies natalis Solis Invicti). 274 წლის 25 დეკემბერს ავრელიანემ მზის ღმერთი იმპერიის მთავარ მფარველად გამოაცხადა და „კამპუს მარტიუსზე“ (მარსის ველი) ტაძარი აუგო. შობის დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა იმ დროს, როდესაც მზის კულტი რომში განსაკუთრებულად მძლავრობდა».

მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „შობის აღნიშვნა არ დაუწესებია ღმერთს და არც ახალ აღთქმაშია ამის შესახებ საუბარი. ქრისტეს დაბადების დღის დადგენა არც ახალი აღთქმიდან და არც ნებისმიერი სხვა წყაროდანაა შესაძლებელი“.

„ფუჭი ცდუნება“

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უნდა მიიღონ თუ არა ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა მონაწილეობა შობის დღესასწაულში? იქნება ღვთისთვის სასიამოვნო მის თაყვანისცემაში იმ ხალხის რელიგიური შეხედულებებისა და ჩვეულებების შერევა, რომლებიც მას არ ეთაყვანებიან? მოციქული პავლე გაფრთხილებას იძლეოდა კოლასელთა 2:8-ში: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“.

მოციქული, აგრეთვე, წერდა: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან [სატანასთან]? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (2 კორინთელთა 6:14, 15).

ამ უცილობელი ფაქტების გათვალისწინებით, იეჰოვას მოწმეები თავს იკავებენ შობის დღესასწაულში მონაწილეობისგან. საღვთო წერილში მოცემული მითითების თანახმად, ისინი ცდილობენ ‘[„ჩვენი ღვთის თვალში“, აქ] წმიდა და შეუბღალავი სამსახური’ გასწიონ და ‘თავი დაიცვან წუთისოფლისგან’ (იაკობი 1:27).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ინგლისელი პურიტანების მიერ 1628 წელს დაარსებული მასაჩუსეტს-ბეის კოლონია ახალი ინგლისის ყველაზე დიდი და აყვავებული ადრეული დასახლება იყო.

[ჩანართი 16 გვერდზე]

1652 წელს ინგლისის პარლამენტმა აკრძალა შობის დღესასწაული.

[ჩანართი 17 გვერდზე]

„შობის დღესასწაული ჩემთვის სრულიად უცხო რამ იყო“, ჰენრი უორდ ბიჩერი, ამერიკელი მღვდელი.

[სურათი 17 გვერდზე]

მითრასა და მზის ღმერთის (გამოსახულია ბარელიეფზე) წარმართი თაყვანისმცემლები 25 დეკემბერს ზეიმობდნენ.

[საავტორო უფლება]

Musée du Louvre, Paris