რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
იცინე, რომ ჯანმრთელი იყო!
გულიანი სიცილი ადამიანს კარგ გუნებაზე აყენებს. როგორც ზოგი იაპონელი ექიმი ასკვნის, ის აგრეთვე ენდოკრინული, ნერვული და იმუნური სისტემების დისბალანსსაც არეგულირებს, აწესრიგებს გულისცემასა და სუნთქვას და რევმატიზმით დატანჯულ ადამიანებს დროებით შვებას ჰგვრის. სიცილი იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირებას, რითაც ხელს უწყობს კუნთებისთვის სისხლის მიწოდებასა და ტვინის უფრო აქტიურ მუშაობას. როდესაც გულიანად ვიცინით, კუნთებსაც ვავარჯიშებთ. იაპონურ გაზეთ „ასახი“-ში მოთხრობილია ტესტის შესახებ, რომლის დროსაც მოცინარი ადამიანის მუცლის კუნთები „ისევე დაიჭიმა, როგორც მუცლის პრესის ვარჯიშის დროს დაიჭიმებოდა“. ოსაკაში მოღვაწე ფსიქიატრი მიჩიო ტანაკა სიამოვნებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სიცილი დადებითად მოქმედებს ადამიანზე. მისი სიტყვების თანახმად, „სიცილი იმ ეფექტური წამლის მსგავსია, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ ახლავს“.
მთავარი მკვლელი
«კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელმა პანდემიამ, შიდს-მა, უკან ჩამოიტოვა „შავი სიკვდილი“, — ნათქვამია „ნიუ საიენტისტში“. — XIV საუკუნეში „შავმა სიკვდილმა“ გადაუარა ევროპასა და აზიას და 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა კი, ამ მოვლენებიდან დაახლოებით 700 წლის შემდეგ, ისტორია კვლავ მეორდება». როგორც „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის“ ანგარიშშია ნახსენები, ათწლეულის ბოლოსთვის აივ-ი დაახლოებით 65 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. და თუმცა ტუბერკულოზითა და მალარიით დღესდღეობით უფრო მეტი ადამიანია დაავადებული, ამბობენ, რომ შიდს-თან შედარებით ეს დაავადებები უფრო ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე.
მშობლები და მოზარდები
როგორც ლონდონში გამომავალ გაზეთ „ტაიმზში“ იტყობინებიან, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის დროს მშობლები გაცილებით დიდ ემოციურ ტკივილს განიცდიან და ფსიქოლოგიურ ტრამვას იღებენ, ვიდრე მათი მოზარდი შვილები. როგორც გაზეთშია ნათქვამი, „მშობლებმა სულაც არ უნდა იარონ ფეხის წვერებზე გულფიცხ მოზარდებთან იმის შიშით, რომ მათი ფაქიზი გრძნობები არ დააზიანონ“. ნაცვლად ამისა, „მშობლებმა საკუთარი თავი უნდა დაიცვან... და შვილებს თავიანთი მყარი პოზიცია დაანახვონ“. ფილადელფიის (პენსილვანია, აშშ) „ტემპლის“ უნივერსიტეტის პროფესორი, ლორენს სტაინბერგი, რომელიც მოზარდულ ასაკთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს, ამბობს, რომ ბავშვები გაცილებით ადვილად უმკლავდებიან ემოციურ ტკივილს, ვიდრე უფროსებს ჰგონიათ. ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ათასობით მშობელთან ურთიერთობის შემდეგ, პროფესორი სტაინბერგი შენიშნავს: „მშობელი, რომელიც შვილისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს, მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველია, მაგრამ, ამავე დროს, ხელმძღვანელობის გაწევაში, შვილისთვის ზღვარის დადგენასა და გარკვეული მოთხოვნების წაყენებაშიც მტკიცეა“. ცნობაში ისიც ნათქვამია, რომ მოზარდები, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან, ბევრად უფრო წარმატებულები და ბედნიერები არიან და, აქედან გამომდინარე, ნაკლებია იმის ალბათობაც, რომ ისინი ანტისაზოგადოებრივ ქმედებასა თუ დანაშაულში გაეხვევიან.
შეხების აუცილებლობა
„ჩვენ ისევე გვესაჭიროება შეხება, როგორც მზის სინათლე, წყალი და საკვები“, — ნათქვამია პოლონეთში გამომავალ ყოველკვირეულ ჟურნალ „პოლიტიკაში“. თითოეულ ჩვენგანს კანქვეშ აქვს ისეთ „დეტექტორთა“ ქსელი, რომლებიც სხვადასხვა სახის შეხებაზე რეაგირებენ. როდესაც ვინმე გვეხება, „ჩვენი ტვინი აფიქსირებს ამას, შიფრავს და იწვევს საპასუხო რეაქციას: იქნება ეს ღიმილის სახით, განწყობილების გაუმჯობესებითა თუ რაიმე მეგობრული ჟესტით“. ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ფიზიკური კონტაქტი, განსაკუთრებით კი ადრეულ ასაკში. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი თავის შვილს მხოლოდ ჩაცმის, დაბანის, ჭმევისა თუ დასჯის დროს ეხება. მაგრამ ბავშვებზე ჩატარებული უამრავი გამოკვლევა უჩვენებს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ხელში აჰყავთ, გულში იკრავენ, კოცნიან და ეფერებიან, გაცილებით ჯანმრთელები და გონიერები არიან, ვიდრე ისინი, რომლებთანაც „მშობლებს დისტანცია უკავიათ“, — აღნიშნულია „პოლიტიკაში“.