სენსაციური აღმოჩენა თვალში
სენსაციური აღმოჩენა თვალში
მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია ის ფაქტი, რომ ძუძუმწოვრების თვალები შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე ნევრონებს, რომლებიც მათ ბიოლოგიურ, ანუ სადღეღამისო, საათს აწესრიგებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ სინათლისადმი მგრძნობელობის ფუნქციას ასრულებდნენ ფოტორეცეპტორული უჯრედები — ჩხირები და კოლბები. მაგრამ, როგორც ჟურნალი „საიენსი“ იტყობინება, 1999 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ «მუტანტ თაგვებს, რომლებსაც ჩხირები და კოლბები მთლიანად დაკარგული ჰქონდათ [და ამგვარად ფუნქციური სიბრმავე აღენიშნებოდათ], მაინც გააჩნდათ სინათლით გაღიზიანების აღმქმელი შინაგანი „საათი“». ამან მკვლევარები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ „თვალის ზოგ უჯრედსაც უნდა ჰქონოდა სინათლის შეგრძნების უნარი“.
სინათლის შემგრძნობი ეს ერთ დროს იდუმალებით მოცული ფოტორეცეპტორები ამჟამად უკვე აღმოჩენილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეცეპტორები გამოსახულების ამსახველ ჩხირებსა და კოლბებთანაა გადახლართული, ისინი ქმნიან „ცალკეულ, დამოუკიდებელ მხედველობით უბანს, რომელიც გამოსახულების ამსახველ მხედველობით სისტემასთან ერთად ფუნქციონირებს“, — ახსნილია „საიენსში“. ამ ახალაღმოჩენილი უბნის ფუნქციებში შედის გუგის ზომის გადიდება-დაპატარავება და მელატონინის გამოთავისუფლება, აგრეთვე სხეულის შინაგანი „საათის“ შერწყმა გარემოს დღეღამურ ციკლთან. ეს უბანი სხვა ამოცანებსაც ასრულებს; მან შეიძლება გუნება-განწყობილების შეცვლაც კი გამოიწვიოს.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ფოტორეცეპტორები არ რეაგირებენ სინათლით ხანმოკლე გაღიზიანებაზე, რითაც ხელს უწყობენ ბიოლოგიური საათის რიტმის შენარჩუნებას; ისინი მხოლოდ სინათლის ხანგრძლივ ცვლილებებზე ახდენენ რეაგირებას. ერთმა მეცნიერმა ამ აღმოჩენას „სენსაციური“ უწოდა და დასძინა, რომ „ძუძუმწოვართა ფოტორეცეპტორების ფუნქციონირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ეს აღმოჩენა ამ საკითხის კვლევაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იყო“.
ცხადია, რაც უფრო მეტს ვიგებთ სიცოცხლის შესახებ, მით უფრო მეტად ვხედავთ მასში, ხშირად ძნელად აღმოსაჩენი, მაგრამ, უდაოდ, გენიალური ჩანაფიქრის მტკიცებას. ამიტომაც ბევრი აღძრულია, თავისი ხმაც შეუერთოს ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს და განადიდოს შემოქმედი: „გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნი 138:14).