შენ შეგიძლია აღმოაჩინო ბუნებაში არსებული საუცხოო კონსტრუქციები
შენ შეგიძლია აღმოაჩინო ბუნებაში არსებული საუცხოო კონსტრუქციები
ქალაქგარეთ ფეხით გასეირნებისას ვინ არ ტკბება ბუნების სილამაზით. თვალს გვტაცებს ყვავილებით მოფენილი მინდორი, ნაირფერად მოხატული ჩიტები, დიდებული ხეები ან საოცარი პეიზაჟი. ბევრი თვლის, რომ ამ სილამაზეს შემოქმედის — დიდებული კონსტრუქტორის — ხელი ატყვია.
შენ შეიძლება ფიქრობ, რომ მხოლოდ მეცნიერებს ძალუძთ ბუნებაში არსებული რთული კონსტრუქციების აღმოჩენა. მაგრამ იმისათვის, რომ ისინი შენიშნო, სულაც არ არის აუცილებელი რთული მეცნიერული აღჭურვილობა. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა დაკვირვებული თვალი, ცოტაოდენი ფანტაზია და ფორმისა და სილამაზის შეფასების უნარი. შეიძლება საჭირო გახდეს ისიც, რომ უფრო კარგად დააკვირდე ნაცნობ საგნებს, რომლებსაც მანამდე განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდი.
ერთ–ერთ ყველაზე მარტივ კონსტრუქციას წარმოადგენს სპირალი. მისი ნახვა ადამიანის ხელით შექმნილ საგნებშიც შეიძლება, მაგალითად, სპირალურად დახვეულ თოკში ან კორპსაძრობში. მაგრამ ზღვის ნიჟარებსა და ფიჭვის გირჩებში ბევრად უფრო დახვეწილი ფორმის სპირალებს ნახავ. და თუ კიდევ ერთხელ დააკვირდები მზესუმზირის ცენტრს, მაშინვე შეამჩნევ სპირალურ ნახატს. ნაკლებად შესამჩნევი სპირალური ნახატი ვარდის ცენტრსა და ობობას ქსელსაც ამშვენებს.
აბა, უფრო კარგად დააკვირდი აბლაბუდას. თავდაპირველად, ობობა ქსელის მთავარ ძაფებს აბამს, რომლებიც რაღაცით ბორბლის მანას (ეგრეთ წოდებულ „სპიცას“) მოგვაგონებს. შემდეგ ის იწყებს ცენტრიდან და ამ ძაფებს წებოვანი აბრეშუმისებრი ძაფებით აკავშირებს ერთმანეთთან. ობობა ხელახლა უტრიალებს და უტრიალებს აბლაბუდას მანამ, სანამ მთლიანად არ დაასრულებს ქსელის გაბმას. და ზუსტად ობობას ეს წრიული „ნაქსოვი“ ქმნის სპირალს.
ბუნებაში არსებულ სხვა საოცარ კონსტრუქციას წარმოადგენს მკვეთრი მოხატულობის მქონე ლაქა, რომელიც თვალს მოგვაგონებს. ის შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ნახო — ფრინველის ბუმბულზე, პეპლის ფრთებზე ან თუნდაც თევზის ქერცლზე. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ნახატი ხელს უწყობს „ტრფიალის“ დაწყებას, მისი საშუალებით ხდება მტრის მოტყუება, ან არასასურველი „სტუმრის“ ყურადღების გაფანტვა. „თვალის“ ყველაზე ცნობილი მფლობელი, ალბათ, მაინც ფარშავანგია, მისი „ტრფობის ჟამი“ კი გარე სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე საოცარი მოვლენაა. ალექსანდრე მაკედონელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფარშავანგის სილამაზემ, რომ ის დაჟინებით მოითხოვდა ამ ფრინველის დაცვას მთელ თავის იმპერიაში.
წრეცა და სფეროც ჩვენთვის ნაცნობი კონსტრუქციებია. ჩამავალი მზის ოქროსფერი დისკო თუ ვერცხლისფერი სავსე მთვარე ყოველთვის დიდ აღტაცებას იწვევს ჩვენში. ზიზილასებრთა ოჯახის ყვავილებს მზისებრი ფორმა აქვთ — ყვითელი გული და სხივებად გაშლილი სხვადასხვა ფერის ფურცლები. ამ ყველგან მოდებული ყვავილების გაშლისას მათ ოქროსფერ გულში ჩამალული უხვი ნექტარი ისევე ადვილად იზიდავს პეპლებს, როგორც ოქროს სანაპირო — ტურისტებს.
სფეროს ფორმის საგნები ყველაზე ეკონომიკურია შესაფუთად თუ შესანახად, და საინტერესოა, რომ ხილსა და კენკროვნებს სწორედ რომ სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის მქონე სფეროს ფორმით ვხვდებით. მათი ცოცხალი, ხასხასა ფერები იზიდავს ფრინველებს, რომლებიც გემრიელი ლუკმის სანაცვლოდ მათ თესლს ფანტავენ.
რასაკვირველია, სპირალი, თვალის მოხატულობის მქონე ლაქა, წრე და სფერო მხოლოდ რამდენიმეა ბუნებაში არსებული ურიცხვი კონსტრუქციიდან. მაშინ, როცა ზოგს განსაკუთრებული მიზნისთვის აქვს ესა თუ ის ფორმა, სხვები მხოლოდ სილამაზეს ემსახურება ან შესანიღბადაა განკუთვნილი. რა დანიშნულებაც უნდა ჰქონდეთ მათ, დააკვირდით და დატკბით მათი სილამაზით.
[გვერდი 26 დათმობილი აქვს სურათს]