არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პირველი ნაბიჯი მხარეთა დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს წინაშე

პირველი ნაბიჯი მხარეთა დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს წინაშე

პირველი ნაბიჯი მხარეთა დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს წინაშე

უზენაესი სასამართლოს სხდომა, რომლის დროსაც მხარეები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, უილიამ რენკვისტისა, და სასამართლოს რვა წევრის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ, 2002 წლის 26 თებერვალს დაინიშნა. იეჰოვას მოწმეების ინტერესებს ოთხი ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი იცავდა.

იეჰოვას მოწმეთა ადვოკატმა თავისი გამოსვლა საყურადღებო შესავლით დაიწყო: «შაბათია. სტრატონში დილის 11 საათია [შემდეგ მან სამჯერ დააკაკუნა კათედრაზე]. „დილა მშვიდობისა. ბოლოდროინდელი მოვლენების გამო მე სპეციალურად მოვედი თქვენთან, რომ მოგითხროთ იმ უკეთესი მომავლის შესახებ, რომელზეც ესაია წინასწარმეტყველი წერდა. ამ სასიხარულო ცნობაზე იესო ქრისტეც ლაპარაკობდა — ეს არის სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“».

მან განაგრძო: „აი, სწორედ ეს არის დანაშაული — იარო კარდაკარ დაბა სტრატონში და გაუზიარო ხალხს ეს ცნობა, თუკი ამის გასაკეთებლად ადმინისტრაციისგან ნებართვა არ აგიღია“.

თქვენ არ ითხოვთ ფულს?

საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე სტივენ ბრაიერმა რამდენიმე პირდაპირი კითხვა დაუსვა იეჰოვას მოწმეებს. მან ჰკითხა: «მართალია თუ არა, რომ თქვენი მარწმუნებლები არ ითხოვენ ფულს — არც ერთ ცენტს, და რომ ისინი არ ყიდიან ბიბლიებს და არანაირი საქონლით არ ვაჭრობენ; რომ ისინი მხოლოდ ამბობენ: „მე მსურს დაგელაპარაკოთ რელიგიის შესახებ“?».

მოწმეთა ადვოკატმა უპასუხა: „ბატონო მოსამართლევ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სტრატონში იეჰოვას მოწმეებს არ უთხოვიათ ფული. არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ სხვა მხარეებშიც და სტრატონშიც მათ შეიძლება, ზოგჯერ, მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავები მოიხსენიონ . . . ჩვენი მიზანი არ არის ფულის გამოძალვა, უბრალოდ, გვსურს ხალხს ბიბლიის შესახებ ვესაუბროთ“.

აუცილებელია მთავრობისგან ნებართვის აღება?

მოსამართლე ანტონინ სკალიამ უმალვე განჭვრიტა საქმის არსი და იკითხა: „ესე იგი, თქვენ თვლით, რომ ვალდებული არა ხართ, მიხვიდეთ გამგებელთან და მეზობელთან საინტერესო თემაზე სალაპარაკოდ ნებართვა ითხოვოთ?“. მოწმეების ადვოკატმა უპასუხა: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სასამართლო მართებულად არ ჩათვლის მთავრობის ისეთ დადგენილებას, რომლის თანახმადაც ერთ მოქალაქეს სხვა მოქალაქესთან ამ უკანასკნელის სახლში დასალაპარაკებლად ლიცენზიის აღებას მოსთხოვენ“.

საპირისპირო არგუმენტები და მოსამართლეთა რეაქცია

ახლა სტრატონის ადმინისტრაცია უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. ადვოკატმა, რომელიც მის ინტერესებს იცავდა, განმარტა, თუ რატომ გამოსცა სტრატონის ადმინისტრაციამ ეს დადგენილება. მან თქვა: „სტრატონის ხელმძღვანელობა ზრუნავს იმაზე, რომ მის მოქალაქეებს არავინ დაურღვიოს მყუდროება და ებრძვის დამნაშავეობას; სწორედ ამიტომ ამყარებს ის მართლწესრიგს თავის ტერიტორიაზე. დადგენილება, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის აგიტაციასა თუ კერძო საკუთრების გამოძალვას, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მსურველებმა საგანგებო რეგისტრაცია გაიარონ და კარდაკარ სიარულისას ოფიციალური ნებართვა ყოველთვის თან იქონიონ“.

მოსამართლე სკალიამ საქმის არსი გამოაჩინა, როცა იკითხა: «შეგიძლიათ თუ არა, გაიხსენოთ ჩვენ [უზენაესი სასამართლოს] მიერ განხილული რომელიმე სხვა შემთხვევა, რომელიც ამდენად დაწვრილმანებულ დადგენილებას ეხებოდა — თანაც ისეთ დადგენილებას, რომელიც კრძალავს არა მარტო ფულის აკრეფასა და საქონლის გაყიდვას, არამედ, მაგალითად აი, ასეთ საუბარსაც კი: „მე მსურს დაგელაპარაკოთ იესო ქრისტეს შესახებ“, ან „მსურს გარემოს დაცვის შესახებ გესაუბროთ“? განგვიხილავს ოდესმე ამის მსგავსი საქმე?».

მოსამართლე სკალიამ განაგრძო: „მე არც კი მსმენია, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ასეთი საქმეები განხილულიყოს“. ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლე რენკვისტმა მახვილგონივრულად შენიშნა: „რაღაც არ გეტყობათ, რომ ამ ასაკის ბრძანდებოდეთ“. მისმა რეპლიკამ დარბაზში სიცილი გამოიწვია. მოსამართლე სკალიამ კვლავ ხაზი გაუსვა თავის აზრს: „ეს ჩემთვის სრულიად ახალი საკითხია“.

ჭკვიანური აზრი?

მოსამართლე ენთონი კენედიმ ლოგიკური კითხვა დასვა: „ვთქვათ, მინდა დავუყვე ქუჩას, რომელზეც ბევრი, ჩემთვის უცნობი, ადამიანი ცხოვრობს, და ვუთხრა, რომ მსურს დაველაპარაკო მათ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დახვავებული ნაგვის მოშორება, ან იმაზე, რომ შეშფოთებული ვარ ჩვენი კონგრესმენის მოქმედებით, ან რაიმე მსგავსი საკითხის შესახებ. ჭკვიანურად მიგაჩნიათ ის, რომ ამის გაკეთებამდე მთავრობას უნდა ვთხოვო ნებართვა?“. მან დასძინა: „ეს გამაოგნებელია!“.

მოსამართლე სანდრა დეი ო’კონორიც შეუერთდა თავის წინა გამომსვლელს და იკითხა: „რას იტყოდით ჰელოუინის დროს დამკვიდრებულ ტრადიციაზე, როდესაც ბავშვები ტკბილეულს ითხოვენ და გაუმასპინძლებლობის შემთხვევაში ოინებით იმუქრებიან? მათაც უნდა აიღონ ნებართვა?“. მოსამართლეებმა ო’კონორმა და სკალიამ მსჯელობა ამ კუთხით წაიყვანეს. მოსამართლე ო’კონორმა სხვა არგუმენტი მოიყვანა: „როგორ უნდა მოიქცე, თუ გინდა, რომ მეზობელს ერთი ჭიქა შაქარი ესესხო? მეზობელთან ერთი ჭიქა შაქრის სასესხებლად რომ გადავიდე, ამისათვის ნებართვა უნდა ავიღო?“.

რა საქმიანობას ეწევიან იეჰოვას მოწმეები?

მოსამართლე დეივიდ სუტერმა იკითხა: „რატომ შეეხო ეს დადგენილება იეჰოვას მოწმეებს? არიან ისინი აგიტატორები, გამომძალველები, საქონლის დამტარებელი მოვაჭრეები ან სხვადასხვა მომსახურების შემთავაზებლები? განა ყველამ არ ვიცით, რომ ეს ასე არ არის?“. სტრატონის ადმინისტრაციის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დადგენილება დაწვრილებით გააცნო დამსწრეთ და თქვა, რომ ქვემდგომმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები აგიტატორებად (ინგლისურად canvasser) ცნო. ამაზე მოსამართლე სუტერმა უპასუხა: „ვფიქრობ, ძალიან განზოგადებულად გესმით აგიტაციის მნიშვნელობა, თუკი იეჰოვას მოწმეებსაც აკუთვნებთ ამ კატეგორიას“.

შემდეგ მოსამართლე ბრაიერმა ლექსიკონიდან ამოიკითხა ამ სიტყვის განმარტება, რათა დაენახვებინა, რომ მისი მნიშვნელობა არ მიესადაგებოდა მოწმეებს. მან დასძინა: „თქვენს წერილობით არგუმენტაციაში მე ვერ ამოვიკითხე ვერაფერი ისეთი, რაც ახსნიდა იმის მიზეზს, თუ რატომ მოითხოვთ ამ ხალხისგან [იეჰოვას მოწმეებისგან], რომლებსაც არ აინტერესებთ ფული, არ აინტერესებთ ვაჭრობა, ხმების შეგროვებაც კი, რომ წავიდნენ დაბის ადმინისტრაციულ ცენტრში და გაიარონ რეგისტრაცია. რა მიზანი ამოძრავებს ადმინისტრაციას?“.

აზრის გაზიარების „განსაკუთრებული უფლება“

ადმინისტრაციის დამცველი ირწმუნებოდა: „სტრატონის ხელმძღვანელობის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ არ მოხდეს მობინადრის შეწუხება“. შემდეგ, როგორც მან ახსნა, ეს დადგენილება იმისათვის იქნა მიღებული, რომ მაცხოვრებლები თაღლითებისა და ბოროტმოქმედებისგან დაეცვა. მოსამართლე სკალიამ დადგენილებიდან ციტატა მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ გამგებელს შეუძლია რეგისტრაციაში გატარების მსურველი პირისა და მისი განზრახვის შესახებ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რათა „ზუსტად დადგინდეს, თუ რა სახის განსაკუთრებული უფლებით სურს ამ პირს სარგებლობა“. მან ხაზგასმით დაამატა: „დადგენილების თანახმად, გამოდის, რომ თუ მოქალაქეებთან მიხვედი ამა თუ იმ საკითხში მათ დასარწმუნებლად, განსაკუთრებული უფლებით სარგებლობ — ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია“.

მოსამართლე სკალიამ კვლავ დაბეჯითებით განაგრძო: „მაშ, რა გამოდის — ნუთუ ყველა, ვინც თქვენს კარს მოადგება, ადმინისტრაციაში უნდა გააგზავნოთ თითის ანაბეჭდების ასაღებად და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემთ კარზე ზარის დარეკვის უფლებას? ნუთუ დანაშაულის მოხდენის ერთობ მცირე ალბათობა საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ ყველას, ვისაც კარზე ზარის დარეკვა სურს, რეგისტრაციაში გავლა მოვთხოვოთ? რასაკვირველია, არა“.

მოსახლეობის დაცვა?

თავისი ოცწუთიანი გამოსვლის შემდეგ სტრატონის ადმინისტრაციის ადვოკატმა სიტყვა ოჰაიოს შტატის პროკურორს გადასცა. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ ზემოხსენებული დადგენილება მოსახლეობას იცავდა უცნობი, „მართლაც რომ დაუპატიჟებელი ადამიანისგან“. მან დასძინა: «[ასეთი ადამიანი] ლახავს ჩემს საკუთრებას . . . და ვფიქრობ, რომ დაბის ადმინისტრაციას აქვს უფლება, თქვას: „ჩვენ გვაფიქრებს ასეთი ქმედებები“».

მოსამართლე სკალიამ შემდეგ აღნიშნა: „ესე იგი, სტრატონის ადმინისტრაცია ამბობს, რომ თუნდაც იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის მსურველი ადამიანები სახლში მარტო ისხდნენ და თანახმა იყვნენ ნებისმიერ თემაზე სალაპარაკოდ, [იეჰოვას მოწმეებმა] მაინც უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ამ ხალხის კარზე ზარის დარეკვის განსაკუთრებული უფლება უნდა მოიპოვონ“.

„ძალიან უმნიშვნელო შეზღუდვა“

განხილვისას მოსამართლე სკალიამ მნიშვნელოვანი რამ აღნიშნა: „ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოება ისეთ ქვეყნებშია, სადაც ტოტალიტარული რეჟიმი და დიქტატურაა. იქ იშვიათად ხდება დანაშაული. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და თავისუფლების სანაცვლოდ გაღებული ერთ-ერთი მსხვერპლიც სწორედ ისაა, რომ გარკვეულწილად იზრდება უკანონო ქმედებების საფრთხე, მაგრამ საკითხავი აი, რა არის: მოახდენს კი არსებით გავლენას თქვენ მიერ მიღებული დადგენილება დამნაშავეობის შემცირებაზე, და ღირს თუ არა, რომ ამის გამო ხალხს კარზე ზარის დარეკვის განსაკუთრებული უფლების მოპოვება მოვთხოვოთ?“. მის სიტყვებზე პროკურორს ასეთი რეაქცია ჰქონდა: „კი, მაგრამ, ეს ხომ ძალიან უმნიშვნელო შეზღუდვაა“, რაზეც მოსამართლე სკალიამ უპასუხა: ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ „ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი ისეთი საქმე, რომელშიც რომელიმე ადმინისტრაციის მიერ ასეთი დადგენილების მიღების საკითხი ყოფილიყო განხილული. მე არ ვთვლი, რომ ეს უმნიშვნელო შეზღუდვაა“.

ბოლოს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოსამართლემ პროკურორი ჩიხში მოაქცია, ის იძულებული გახდა, ეღიარებინა: „ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება ვინმეს პირდაპირ აუკრძალო კარზე დაკაკუნება ან ზარის დარეკვა“. ამით მისი გამოსვლა დასრულდა.

ბრალდების უკუგდების დროს მოწმეების ადვოკატმა აღნიშნა, რომ დადგენილებაში არ იყო გათვალისწინებული იმ პირის განაცხადის შემოწმება, რომელსაც ნებართვის მიღება სურდა. «მე შემიძლია წავიდე ადმინისტრაციაში და განვაცხადო, „მე ვარ [ესა და ეს]“, ავიღო ნებართვა და წავიდე კარდაკარ». მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გამგებელს აქვს უფლება, ნებართვის მიღებაზე უარით გამოისტუმროს ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არ მიეკუთვნება რომელიმე ორგანიზაციას. „ჩვენ ვთვლით, რომ ეს თვითნებური ქმედების აშკარა გამოვლენაა, — თქვა მან და დასძინა: — მე მოწიწებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი [იეჰოვას მოწმეთა] საქმიანობა სწორედ რომ მთლიანად ეთანხმება კონსტიტუციაში შეტანილ პირველ შესწორებას“.

ცოტა ხნის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, რენკვისტმა, მხარეთა დაპირისპირება დასრულებულად გამოაცხადა და თქვა: „უზენაესი სასამართლო იმსჯელებს საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად“. მთელი პროცესი სულ რაღაც საათზე ოდნავ მეტხანს მიმდინარეობდა. ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ერთი საათი, გამოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ივნისში გამოცხადდა.

[სურათები 6 გვერდზე]

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რენკვისტი.

მოსამართლე ბრაიერი

მოსამართლე სკალია

[საავტორო უფლებები]

Rehnquist: Collection, The Supreme Court Historical Society/Dane Penland; Breyer: Collection, The Supreme Court Historical Society/Richard Strauss; Scalia: Collection, The Supreme Court Historical Society/Joseph Lavenburg

[სურათები 7 გვერდზე]

მოსამართლე სუტერი

მოსამართლე კენედი

მოსამართლე ო’კონორი

[საავტორო უფლებები]

Kennedy: Collection, The Supreme Court Historical Society/Robin Reid; O’Connor: Collection, The Supreme Court Historical Society/Richard Strauss; Souter: Collection, The Supreme Court Historical Society/Joseph Bailey

[სურათი 8 გვერდზე]

სასამართლო დარბაზი

[საავტორო უფლებები]

Photograph by Franz Jantzen, Collection of the Supreme Court of the United States