არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

ნაგვის ოქროდ ქცევა

იაპონიის სამთო მრეწველობის კომპანიამ იპოვა ძვირფასი მეტალების მოპოვების შედარებით იოლი და მომგებიანი მეთოდი. მადნის ძიებაში ბევრი დროისა და სახსრების ხარჯვის ნაცვლად, მადნის გადამმუშავებელი და გამწმენდი აკიტის პრეფექტურის კომპანია ახლა გაფუჭებული მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების ნაწილებს ადნობს, რათა იქიდან ძვირფასი მეტალები ამოიღოს, — აღნიშნავს ტოკიოში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი (IHT Asahi Shimbun). კომპანიის პრეზიდენტის სიტყვების თანახმად, „ერთი ტონა მობილური ტელეფონებიდან, ბატარეების გამოკლებით, შეიძლება რამდენიმე ასეული გრამი ოქროს მიღება“. სამთო მრეწველობის ტრადიციულ მეთოდებთან თუ შევადარებდით, ქალაქში არსებული ამ „მადნიდან“ ათჯერ მეტი ლითონის მიღება შეიძლება, ვიდრე ბუნებრივი მადნიდან. გარდა ამისა, დამატებითი ინვესტიციებიც არ არის საჭირო; გადასამუშავებლად გამოდგება ის დანადგარები, რომლებსაც სამთო მრეწველობაში იყენებენ, რადგან მობილური ტელეფონებიდან ოქროს მიღება ბევრად არ განსხვავდება მადნიდან ოქროს მიღებისგან.

ბუნებრივი გამაცივებელი აგენტი

გერმანიაში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ბუნებრივი ნივთიერება, რომელსაც მენთოლზე 35-ჯერ მეტი გამაცივებელი ეფექტი აქვს და ამასთანავე მენთოლის გემო არა აქვს. ეს ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ ლუდისა და ვისკის შემადგენლობაში შედის, გერმანიაში აღმოაჩინეს (German Research Centre for Food Chemistry in Garching, Munich). ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ მოყვანილი იყო მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, თომას ჰოლფმანის, სიტყვები: „ზეგამაგრილებელი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მისი საკმაოდ ფართო ასორტიმენტის პროდუქტებზე დამატებით. მაგალითად, მისი გარევა შეიძლება ლუდსა და წყალში, ციტრუსის წვენსა და შოკოლადში, ასევე საკონდიტრო ნაწარმში“. ეს ნივთიერება კანზე გამაცივებლად მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მას მენთოლთან შედარებით 250-ჯერ ნაკლები დოზით ვიხმარდით. ამიტომ კოსმეტიკურ საშუალებებსა თუ ლოსიონებში მისი დამატება ამ საშუალებებს მასტიმულირებელ მოქმედებას ჰმატებს.

ნაკელი და სუპერმიკრობები

„ევროპის ყანებში აღინიშნება იმ ანტიბიოტიკების საშიშ დონემდე მომატება, რომლებსაც ცხოველებს უკეთებენ ან აძლევენ“, — აღნიშნავს ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“. ევროპასა და შეერთებულ შტატებში ცხოველებს ყოველწლიურად 10 000 ტონაზე მეტ ანტიბიოტიკს უკეთებენ ან აძლევენ, რათა ხელი შეუწყონ ამ ცხოველთა ზრდას და თავიდან აიცილონ დაავადებები. „მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინათ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად დადგინდა, რომ ცხოველებისთვის მიცემული ანტიბიოტიკების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკრობების გაჩენაც, რომლებიც შემდეგ ადამიანებს აინფიცირებენ, — აღნიშნავს იგივე ჟურნალი. — ნაკელის შედგენილობაში შემავალი ანტიბიოტიკები ყანებში შეაქვთ, საიდანაც შეიძლება მოხვდეს საკვებსა და წყალში . . . [ისინი] აბინძურებს მოსავალს, რომელსაც ადამიანები მიირთმევენ“.

თუ ადვილად ბრაზდებით, ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ

„ადამინები, რომლებიც ადვილად ბრაზდებიან, უფრო ხდებიან სხვადასხვა სახის შეტევის მსხვერპლნი“, — აღნიშნავს ერთ–ერთი ესპანური გაზეთი (Diario Médico). ექიმებმა უკვე დიდი ხანია შენიშნეს, რომ აგრესიულ ადამიანებს უფრო მეტად ემუქრებათ კორონარული დაავადებების საშიშროება. არც ისე დიდი ხნის წინათ ჩატარებულმა გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ აგრესიულობა ინსულტის განვითარების რისკსაც ზრდის. 14 000 უფროსი ასაკის ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ინსულტის რისკი 60 წლის ასაკში სამჯერ მეტი იყო ისეთ ადამიანებში, რომლებიც ადვილად ბრაზდებოდნენ. რატომ? როგორც ჩანს, განრისხებისას საკმაოდ იწევს სისხლის არტერიული წნევა, ხდება სისხლძარღვების სპაზმი და მეტად წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც სისხლის შედედებას უწყობს ხელს. ყოველივე ეს „გარკვეული დროის შემდეგ გავლენას ახდენს ტვინის სისხლის მიმოქცევაზე“, — ნათქვამია ზემოთ აღნიშნულ ცნობაში.