არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენის გამოცდა სლოვაკეთში

რწმენის გამოცდა სლოვაკეთში

რწმენის გამოცდა სლოვაკეთში

მოგვითხრო იან ბალიმ

დავიბადე 1910 წლის 24 დეკემბერს, ამჟამად აღმოსავლეთ სლოვაკეთში მდებარე სოფელ ზაჰორში. იმ დროს ჩვენი სოფელი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. 1913 წელს დედაჩემმა ამერიკის შეერთებულ შტატებში წამიყვანა მამასთან, რომელმაც უფრო ადრე დატოვა ზაჰორი. დედა და მე ინდიანას შტატში მდებარე ქალაქ გერში ჩავედით. ჩასვლიდან ორი წლის შემდეგ ჩემი და, ანა, დაიბადა. მოგვიანებით მამაჩემი ავად გახდა და 1917 წელს გარდაიცვალა.

მე გულმოდგინედ ვსწავლობდი და განსაკუთრებით ვიყავი დაინტერესებული რელიგიით. კალვინისტურ ეკლესიაში, სადაც საკვირაო სკოლას ვესწრებოდი, მასწავლებელმა შეამჩნია, რომ სულიერი საკითხებისადმი ინტერესი მქონდა. ჩემი წყურვილის დასაკმაყოფილებლად მან მომცა ბიბლიის განსაკუთრებული თარგმანი, რომელიც დაახლოებით 4 000 კითხვა-პასუხს შეიცავდა. ამ წიგნში ჩემთვის, 11 წლის მოზარდისთვის, ძალიან ბევრი დასაფიქრებელი საკითხი იყო.

„ეს ჭეშმარიტებაა“

იმხანად ჩვენს მხარეში მცხოვრები ზოგი სლოვაკი იმიგრანტი ბიბლიის მკვლევარი გახდა, როგორც მაშინ ეწოდებოდათ იეჰოვას მოწმეებს. ერთ-ერთი მათგანი იყო ბიძაჩემი, მიხალ ბალი, რომელიც ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ გვესაუბრებოდა. მაგრამ დედა 1922 წელს ჩემთან და ჩემ დასთან ერთად ისევ ზაჰორში დაბრუნდა, რომელიც იმ პერიოდში აღმოსავლეთ ჩეხოსლოვაკიის მფლობელობაში გადავიდა.

ცოტა ხანში ბიძია მიხალმა ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ გამოცემული წიგნების კრებული, სახელწოდებით „საღვთო წერილის გამოკვლევა“, და აგრეთვე ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ნომრების — მათ შორის 1879 წლის 1 ივლისით დათარიღებული პირველი გამოცემის — ასლები გამომიგზავნა. მე ყველაფერი თავიდან ბოლომდე წავიკითხე, ამ პუბლიკაციების ზოგიერთი ნაწილი კი რამდენჯერმე გადავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ვიპოვე ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელსაც ვეძებდი.

იმხანად ზოგი სლოვაკი ბიბლიის მკვლევარი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. მათ ჩამოაყალიბეს ბიბლიის მკვლევართა პირველი სლოვაკურენოვანი ჯგუფები ჩეხოსლოვაკიაში. მე და დედაც ვესწრებოდით ამ ახლად ჩამოყალიბებული ჯგუფების შეხვედრებს, რომლებიც სოფელ ზაჰორში და სხვა ახლომახლო ტერიტორიებზეც ტარდებოდა.

ეს შეხვედრები პირველი საუკუნის ქრისტიანული შეხვედრების მსგავსი იყო. ჩვეულებისამებრ, ბიბლიის ერთ-ერთი მკვლევარის სახლში ვიკრიბებოდით, სადაც მაგიდის გარშემო ვისხედით და შუაში ნავთის ლამპა გვედგა. მე, როგორც ყველაზე ნორჩი დამსწრე, უკან ვჯდებოდი და სიბნელეში ვისმენდი. მაგრამ ზოგჯერ მონაწილეობის მიღებას მთავაზობდნენ. როდესაც სხვები რაღაცას ვერ იგებდნენ სლოვაკურ ენაზე წაკითხული მასალიდან, მეკითხებოდნენ: „იან, ხომ ვერ განგვიმარტავდი, ინგლისურ ტექსტში რა არის ნაგულისხმები?“. მე სიხარულით მივდიოდი ლამპასთან და სლოვაკურად ვუთარგმნიდი იმას, რაც ინგლისურ პუბლიკაციაში იყო ნათქვამი.

მათ შორის, ვინც ამერიკაში გახდა ბიბლიის მკვლევარი და დაბრუნდა იმ მხარეში, რომელიც ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შევიდა, იყო მიხალ შალატაც. ის ახლომდებარე სოფელ სეჩოვცეში დაბრუნდა, სადაც უწინ ცხოვრობდა, და ჩეხოსლოვაკიაში სამქადაგებლო მსახურებას გაუწია ორგანიზება. ეს ძმა თან გამიყოლიებდა ხოლმე, როდესაც სხვადასხვა მხარეში მიდიოდა საქადაგოდ. 1924 წელს, როდესაც 13 წლის ვიყავი, ვთხოვე, რომ მოვენათლე. თუმცა დედაჩემი თვლიდა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ვიყავი ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად, დავარწმუნე, რომ ეს მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. ასე რომ, ივლისში მდინარე ონდავასთან ჩატარებულ ერთდღიან კონგრესზე იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად ამავე მდინარეში მოვინათლე.

ფასდაუდებელი მსახურება

ერთხელ, როდესაც 17 წლის ვიყავი, შევიტყვე, რომ დაკრძალვა უნდა ყოფილიყო იმ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც ვქადაგებდი. იმ დროს ბიბლიის მკვლევარები პირველად უწევდნენ ორგანიზებას დაკრძალვის ცერემონიას ამ მხარეში. ჩასვლისთანავე, სანამ მომხსენებლამდე მივაღწევდი, სოფელში მცხოვრებ ცნობისმოყვარე ხალხში მომიხდა გზის გაკაფვა. მომხსენებელი ძმა მომიბრუნდა და მითხრა: „მე პირველი დავიწყებ, შემდეგ კი შენ განაგრძობ“.

ჩემი მოხსენება 1 პეტრეს 4:7-ზე დავაფუძნე, სადაც ვკითხულობთ: „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია“. ბიბლიის გამოყენებით მსმენელებს დავანახვე, რომ თვით ტანჯვასა და სიკვდილსაც მალე მოეღებოდა ბოლო და ვისაუბრე აღდგომის იმედის შესახებ (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მიუხედავად იმისა, რომ უფრო ახალგაზრდად გამოვიყურებოდი, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი (ან იქნებ სწორედ ჩემი ახალგაზრდული შესახედაობის გამო), ყველამ ყურადღებით მომისმინა.

1931 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ძალიან ამაღელვებელი ინფორმაცია წავიკითხეთ; მასში ახსნილი იყო, რომ ჩვენ მეტად აღარ ვიქნებოდით ბიბლიის მკვლევარებად ან სხვა მსგავსი სახელით ცნობილი. ამიერიდან ჩვენ გვერქმეოდა იეჰოვას მოწმეები. ამ სიახლის წაკითხვის შემდეგ ჩვენს მხარეში მცხოვრებმა ბიბლიის მკვლევარებმა სპეციალური შეხვედრა მოაწყვეს. სოფელ პოზდიშოვცეში ბიბლიის დაახლოებით 100 მკვლევარი შეიკრიბა. მე წილად მხვდა პატივი, გამოვსულიყავი მოხსენებით „ახალი სახელი“, რომელიც დაფუძნებული იყო ზემოთ ნახსენებ „საგუშაგო კოშკის“ სტატიაზე.

ყველა დამსწრემ დიდი სიხარულით ასწია ხელი, როდესაც შევეკითხე, სურდათ თუ არა იმავე რეზოლუციის მიღება, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეებში მცხოვრებმა თანამორწმუნეებმა მიიღეს. შემდეგ ჩვენ ტელეგრამა გავგზავნეთ ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებულ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში. იქ ეწერა: „ჩვენ, დღევანდელ დღეს პოზდიშოვცეში ერთად შეკრებილი იეჰოვას მოწმეები, ვეთანხმებით „საგუშაგო კოშკში“ ახალ სახელთან დაკავშირებით მოცემულ ახსნა-განმარტებას; ჩვენ თანახმა ვართ, მივიღოთ ეს ახალი სახელი — იეჰოვას მოწმეები“.

სლოვაკეთისა და იმიერკარპატეთის ვრცელი რეგიონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შედიოდა, ჩვენი ქრისტიანული მსახურებისთვის ნაყოფიერ ტერიტორიად იქცა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე საქადაგოდ ფეხით დავდიოდით და აგრეთვე მატარებლით, ავტობუსითა და ველოსიპედებით ვსარგებლობდით. იმ პერიოდში გამოუშვეს გახმოვანებული შემოქმედების ფოტოდრამა მოძრავი კადრებითა და ფერადი სლაიდებით, რომლის პრეზენტაციაც ბევრ ქალაქში შედგა. ყოველი ჩვენების შემდეგ დაინტერესებული ადამიანების მისამართებს ვაგროვებდით. პირადად მე უამრავი ასეთი მისამართი მომცეს და მთხოვეს, ორგანიზება გამეწია, რომ ამ დაინტერესებულებისთვის იეჰოვას მოწმეებს მიეკითხებინათ. რამდენიმე ქალაქში დავიქირავეთ დარბაზები, სადაც ამ ფოტოდრამის ჩვენების შემდეგ სპეციალური მოხსენებით გამოვედი.

1930-იან წლებში წილად მხვდა ბედნიერება, დედაქალაქ პრაღაში გამართულ დიდ კონგრესებს დავსწრებოდი. 1932 წელს კი ჩეხოსლოვაკიაში პირველად ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი. ჩვენ ვარიეტეს თეატრში შევიკრიბეთ. დაახლოებით 1 500 დამსწრე განსაკუთრებული ინტერესით ისმენდა საჯარო მოხსენებას, სათაურით „ევროპა კრახის წინაშე“. მომდევნო საერთაშორისო კონგრესი 1937 წელს ჩატარდა პრაღაში, რომელზეც მეც გამოვედი მოხსენებით. ამ კონგრესს ევროპის მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატი ესწრებოდა და თითოეულმა დროული გამხნევება მივიღეთ, რათა გავმკლავებოდით იმ გამოცდებს, რომლებიც ძალიან მალე, მეორე მსოფლიო ომის დროს დაგვატყდებოდა თავს.

ქორწინება და მკაცრი განსაცდელები

მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიაში დავბრუნდით, მე და დედა სამქადაგებლო საქმიანობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ახლომდებარე სოფელ პოზდიშოვცეში მცხოვრებ თანამორწმუნეებთან. იქ ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა მიმზიდველმა გოგონამ, ანა როხალოვამ. როდესაც ცოტა წამოვიზარდეთ, მივხვდით, რომ ჩვენი გრძნობები აღემატებოდა ქრისტიანულ და-ძმურ სიყვარულს. 1937 წელს დავქორწინდით. იმ დროიდან მოყოლებული ანა ყოველთვის მხარში მედგა — თვით იმ მძიმე დროშიც კი, რომელიც მალე დადგა (2 ტიმოთე 4:2, აქ).

ჩვენი ქორწინებიდან ცოტა ხანში ცხადი გახდა, რომ ევროპა მეორე მსოფლიო ომისთვის ემზადებოდა. 1938 წლის ნოემბრისთვის იმიერკარპატეთისა და სლოვაკეთის სამხრეთი რეგიონები უნგრეთმა დაიპყრო, რომელიც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო. უნგრეთის პოლიციამ ჩვენი შეხვედრები აკრძალა, რის გამოც პოლიცია რეგულარულად გვაკონტროლებდა.

1939 წლის სექტემბერში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე, სოფელ ზაჰორიდან რამდენიმე ქალი და მამაკაცი დაგვაპატიმრეს და ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ქალაქ მუკაჩევოში, ერთ ძველ ციხე-სიმაგრეში მოგვათავსეს. იქ იმიერკარპატეთის კრებებიდან ბევრ თანამორწმუნეს შევხვდით. სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაკითხვებს გვიწყობდნენ და ხშირად გვცემდნენ, რის შემდეგაც სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარგვადგინეს. ყველას მხოლოდ ერთი კითხვა დაგვისვეს: „მზად ხართ, იბრძოლოთ უნგრეთისთვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ?“. რადგან ყველამ უარი ვთქვით, განაჩენი გამოგვიტანეს და საბოლოოდ ბუდაპეშტის ციხეში გაგვაგზავნეს, რომელიც მორგიტის პროსპექტზე, 85 ნომერში მდებარეობდა.

პატიმრებს საკმარისი საკვები არ გვქონდა. მალე ციხეში დაავადებები გავრცელდა, რის შედეგადაც ბევრი პატიმარი კვდებოდა. როგორი გულის ამაჩუყებელი იყო, როცა ჩემი მეუღლე ამხელა გზაზე ჩემს სანახავად ჩამოვიდა ზაჰორიდან! თუმცა სულ რაღაც ხუთი წუთი ვისაუბრეთ და გისოსებიც გვაშორებდა, მადლობელი ვიყავი იეჰოვასი ასეთი ერთგული მეუღლისთვის *.

ციხიდან შრომა-გასწორების კოლონიაში

ციხიდან პირდაპირ უნგრეთის ქალაქ იასბერენში გადამიყვანეს, სადაც უკვე იეჰოვას დაახლოებით 160 მოწმე იმყოფებოდა. იქ ყოფნის დროს ერთმა უნგრელმა ოფიცერმა უნგრეთის მთავრობის სახელით საბოლოოდ შემოგვთავაზა: „ვინც მზად არის, ჯარში იმსახუროს, ერთი ნაბიჯით წინ!“. ყველამ უარი განვაცხადეთ. ოფიცერმა თქვა: „თუმცა არ ვიზიარებ თქვენს შეხედულებას, გაოცებული ვარ, რომ ასეთი მტკიცე პოზიცია გიკავიათ და თქვენი რწმენის ერთგული რჩებით“.

რამდენიმე დღის შემდეგ აგვიყვანეს გემზე, რომელსაც მდინარე დუნაით იუგოსლავიის ქალაქ ბორთან ახლოს მდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში უნდა ჩავეყვანეთ. გემზე ყოფნისას ჯარისკაცებმა და მათმა მეთაურმა არაერთხელ სცადეს ჩვენი კომპრომისზე წაყვანა. მეთაურის ბრძანებით ჯარისკაცები კონდახებით გვცემდნენ, სამხედრო ჩექმებით წიხლებს გვირტყამდნენ და კიდევ სხვა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს საწამებლად.

როდესაც ქალაქ ბორის შრომა-გასწორების კოლონიის ზედამხედველს, პოდპოლკოვნიკ ანდრაშ ბოლოგს მიგვაბარეს, მან გვითხრა: „თუ მართალია ის, რაც თქვენზე მითხრეს, მალე მოკვდებით“. მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავრობის მოხელეების მიერ გამოგზავნილი ბეჭედდასმული ცნობა წაიკითხა, პატივისცემით დაგვიწყო მოპყრობა. ბოლოგმა გარკვეულწილად თავისუფლად გადაადგილების უფლება მოგვცა და იმის ნებაც კი დაგვრთო, რომ ჩვენთვის ცალკე საცხოვრებელი ბარაკი აგვეშენებინა. თუმცა საკვების უკმარისობა იყო, რამდენადაც საკუთარი სამზარეულო გვქონდა, საჭმელი ყველას ერთნაირად უნაწილდებოდა.

1944 წლის მარტში გერმანიამ უნგრეთის ოკუპაცია დაიწყო. იმ პერიოდში ბოლოგის ადგილი ნაცისტების მომხრე ზედამხედველმა, სახელად ედე მორანიმ, დაიკავა. მან მკაცრი წესრიგი დაამყარა, თითქმის ისეთივე, როგორიც საკონცენტრაციო ბანაკებში იყო. მაგრამ მალე საბჭოთა ჯარები მოუახლოვდნენ ამ ტერიტორიას, რის გამოც ბორის კოლონიის ევაკუირება მოახდინეს. გზაში საკუთარი თვალით ვიხილეთ ებრაელების ხოცვა-ჟლეტა ჩერვენკაში. სასწაული იყო, რომ ჩვენ დაგვინდეს.

როდესაც უნგრეთ-ავსტრიის საზღვარს მივუახლოვდით, გვიბრძანეს, რომ სპეციალური სანგრები გაგვეკეთებინა ტყვიამფრქვევებისთვის. ჩვენ ავუხსენით, რომ ჩვენი პატიმრობის მიზეზი სწორედ სამხედრო სამსახურში მონაწილეობაზე უარის თქმა იყო. რადგან თავში ვიდექი, უნგრელმა ოფიცერმა ხელი მტაცა და ცემა დამიწყო. „მოგკლავ! — მიყვიროდა ის. — თუ არ იმუშავებ, სხვებიც შენს ცუდ მაგალითს მიჰყვებიან!“. ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელს, ხანდაზმულ მოწმეს, ანდრაშ ბარტას რომ არ მოეკრიფა გამბედაობა და არ ჩარეულიყო, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი *.

რამდენიმე კვირაში ომი დამთავრდა და ჩვენ სახლებისკენ ავიღეთ გეზი. სხვა პატიმრებმა, რომლებიც უფრო ადრე გაათავისუფლეს ბორის კოლონიიდან, ხალხს აცნობეს, რომ ჩვენ ყველანი, ჩერვენკაში გადაყვანილები, დაგვხოცეს. ამიტომ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჩემი ცოლი საკუთარ თავს ქვრივად მიიჩნევდა. რამხელა სიურპრიზი იყო მისთვის, როცა ერთ დღესაც კარის ზღურბლზე დამინახა! წლების განშორების შემდეგ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ორივეს სიხარულის ცრემლები წამოგვცვივდა.

მსახურების განახლება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სლოვაკეთი კვლავ გაერთიანდა ჩეხეთთან და ერთიანი სახელმწიფო, ჩეხოსლოვაკია, ჩამოყალიბდა. მაგრამ იმიერკარპატეთი, რომლის დიდი ნაწილიც ომამდე ჩეხოსლოვაკიის მფლობელობაში იყო, სსრკ-ში შემავალი უკრაინის ნაწილი გახდა. 1945 წელს მე და მიხალ მოსკალი ბრატისლავაში (ამჟამად სლოვაკეთის დედაქალაქი) გავემგზავრეთ, სადაც პასუხისმგებელ ძმებს შევხვდით, რათა სამქადაგებლო მსახურების განახლებაზე გვეზრუნა. თუმცა ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტულები ვიყავით, ერთი სული გვქონდა, გაგვეგრძელებინა ჩვენი დავალების შესრულება — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 24:14; 28:18—20).

ომის შემდეგ ჩატარებულმა კონგრესებმა დიდად შეუწყო ხელი ჩვენი მსახურების წინ წაწევას. 1946 წლის სექტემბერში მთელი ქვეყნის კრებებისთვის პირველი კონგრესი ქალაქ ბრნოში ჩატარდა. მე წილად მხვდა პატივი, გამოვსულიყავი მოხსენებით „მკა — წუთისოფლის აღსასრული“.

1947 წელს ქალაქ ბრნოში კიდევ ერთი კონგრესი ჩატარდა ქვეყნის ყველა კრებისთვის. ამ კონგრესზე გამამხნევებელი მოხსენებებით გამოვიდნენ ბრუკლინში არსებულ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოდან ჩამოსული ძმები — ნეითან ნორი, მილტონ ჰენშელი და ჰეიდენ კოვინგტონი. მოხსენებების თარგმნა მე დამავალეს. თუმცა იმ დროს ჩეხოსლოვაკიაში სამეფოს დაახლოებით 1 400 მაუწყებელი ვიყავით, საჯარო მოხსენებას 2 300 ადამიანი დაესწრო.

კომუნისტების მიერ შევიწროებულნი

1948 წელს ქვეყანას სათავეში კომუნისტები ჩაუდგნენ და მალე ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალეს. აკრძალვამ 40 წელი გასტანა. 1952 წელს ბევრი ჩვენგანი, რომლებსაც მთავრობის მოხელეები ხელმძღვანელებად გვთვლიდნენ, ციხეში ჩაგვსვეს. უმეტესობა ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულეს, ხოლო რამდენიმეს სახელმწიფოს ღალატში დაგვდეს ბრალი. მე დამაპატიმრეს და წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაკითხვებს მიწყობდნენ. როდესაც ვკითხე, რაში ვლინდებოდა, რომ მოღალატე ვიყავი, მოსამართლემ მითხრა: „შენ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებ და ამბობ, რომ ის იმმართველებს მთელ მსოფლიოში, რომელშიც ჩეხოსლოვაკიაც შედის“.

„თუ ასეა, — მივუგე მე, — მაშინ თქვენ ყველა მოღალატედ უნდა მიიჩნიოთ, ვინც უფლის ლოცვას წარმოთქვამს და ‘ღვთის სამეფოს მოსვლას ითხოვს’“. მაინც ხუთწელიწად-ნახევარი მომისაჯეს და ჩეხოსლოვაკიის ქალაქ იახიმოვის ავად სახსენებელ კომუნისტურ ციხეში გამაგზავნეს.

პატიმრობის ვადის უდიდესი ნაწილის მოხდის შემდეგ გამათავისუფლეს. ჩემი მეუღლე ანა ერთგულად მედგა მხარში წერილებითა თუ მონახულებებით და, ამავდროულად, ჩვენს ქალიშვილს, მარიას ზრდიდა. საბოლოოდ, ჩვენი ოჯახი გაერთიანდა და განვაახლეთ ქრისტიანული მსახურება, რომელსაც ფარულად ვახორციელებდით.

იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული ბედნიერი ცხოვრება

გასულ 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა ვითარებაში — უმეტესწილად კომუნისტური რეჟიმის პირობებში — მსახურობდნენ ჩვენს ქვეყანაში. თუმცა მოვხუცდი და ფიზიკურად დავუძლურდი, ჯერ კიდევ შემწევს იმის ძალა, რომ ქრისტიან უხუცესად ვიმსახურო ზაჰორში ისეთი ერთგული ძმების მხარდამხარ, როგორიცაა დღესდღეობით 98 წლის იან კორპა-ონდო *. ჩემი ძვირფასი მეუღლე, რომელიც მართლაც რომ იეჰოვას საჩუქარი იყო, 1996 წელს გარდაიცვალა.

ჯერ კიდევ მკაფიოდ მახსოვს 1924 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „გზა სამოთხისკენ“ (გვერდები 228—231) აღწერილი წარმოსახვითი სურათი. მკითხველს საკუთარი თავი სამოთხეში უნდა წარმოედგინა, სადაც ყურს მოჰკრავდა ორი მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის საუბარს. მათ აინტერესებდათ, ამჟამად სად იმყოფებოდნენ და არმაგედონგადატანილ ადამიანს ეძლეოდა შესანიშნავი შესაძლებლობა, აეხსნა მათთვის, რომ ისინი სამოთხეში საცხოვრებლად იყვნენ აღდგენილები (ლუკა 23:43). თუ არმაგედონს გადავიტან, მსურს, რომ მკვდრეთით აღმდგარ ჩემს მეუღლეს, დედაჩემსა და სხვა საყვარელ ადამიანებს მეც მსგავსადვე ავუხსნა, სად იმყოფებიან. მაგრამ, თუ არმაგედონამდე მოვკვდები, არა უშავს, ძალიან გამიხარდება, როცა ახალ ქვეყნიერებაში ვინმე სხვა მომიყვება ჩემი სიკვდილის შემდეგ მომხდარ ამბებს.

ამჟამად კვლავ მთელი გულით ვაფასებ, რომ სამყაროს უზენაეს უფალთან საუბრისა და მასთან დაახლოების უნიკალური და უსაზღვრო მოწიწების მომგვრელი შესაძლებლობა მაქვს. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძო მოციქულ პავლეს სიტყვების თანახმად ცხოვრება, რომლებიც ჩაწერილია რომაელთა 14:8-ში: „თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 22 იხილეთ ანდრეი ხანაკის ბიოგრაფია 2002 წლის 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 19—24 (რუს.). ბიოგრაფიაში მოთხრობილია ამ ციხეში არსებული მდგომარეობისა და ქალაქ ჩერვენკაში განვითარებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქვემოთ იქნება მოხსენიებული.

^ აბზ. 28 თუ გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ ანდრაშ ბარტას შესახებ, იხილეთ 1993 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 11 (რუს.).

^ აბზ. 39 იხილეთ ამ ძმის ბიოგრაფია 1998 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 24—28.

[სურათი 21 გვერდზე]

მე და ანა ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ.

[სურათები 22 გვერდზე]

ნეითან ნორთან ერთად 1947 წელს ბრნოში გამართულ კონგრესზე.