არსებობს მიუტევებელი ცოდვა?
ბიბლიის თვალსაზრისი
არსებობს მიუტევებელი ცოდვა?
არსებობს სიკვდილზე უფრო დიდი სასჯელი? დიახ, ეს არის სიკვდილი აღდგომის იმედის გარეშე, რასაც ადამიანი მიუტევებელი ცოდვის ჩადენის შემთხვევაში იმსახურებს. იესომ აღნიშნა, რომ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც „არ მიეტევებათ“ ადამიანებს (მათე 12:31).
მაგრამ ბიბლიაში ღმერთი მიმტევებელ პიროვნებად არის დახასიათებული. თუმცა ადამიანს შეიძლება წყენის გულში ჩარჩენა და მიუტევებლობა ახასიათებდეს, ღმერთი „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7—9). სინამდვილეში, ღმერთმა თავისი საყვარელი ძის დედამიწაზე გამოგზავნით უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რათა ადამიანებისთვის თავისთან შერიგების საშუალება მიეცა. ეს მსხვერპლი იმდენად ძვირფასი იყო, რომ მისი მეშვეობით გახდა შესაძლებელი ჩვენი ცოდვებისაგან განწმენდა (იოანე 3:16, 17; საქმეები 3:19; 1 იოანე 2:1, 2).
ღმერთი თავის დროზე უამრავ ისეთ ადამიანს აღადგენს, რომლებმაც სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს, მაგრამ მეტად აღარ აგებენ პასუხს თავიანთ წარსულზე (საქმეები 24:15; რომაელთა 6:23). ფაქტობრივად, როგორც იესომ თქვა, მიუტევებელი ცოდვის გარდა „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს“ (მათე 12:31). მაგრამ შეიძლება გაიკვირვოთ: „განა ისეთი რა საშინელება უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, რომ ღმერთმა არ აპატიოს?“.
როდესაც ცოდვის ჩამდენი არ ინანიებს
იესოს ზემოთ მოყვანილი გაფრთხილება „სულიწმიდის [შეგნებულად] გმობას“ ეხება. როგორც მან დასძინა, ასეთ ცოდვას არანაირი გამართლება არ ექნება „არც ამ წუთისოფლად, არც მომავალში“ (მათე 12:31, 32). ასეთი ცოდვის ჩამდენი არ აღდგება.
რა არის სულიწმიდის გმობა? ასეთი რამ გულიდან იღებს სათავეს და მტრული დამოკიდებულებისა და ბოროტი განზრახვის მაჩვენებელია. ამ ცოდვას ის უფრო ამძიმებს, რომ ადამიანი შეგნებულად მიდის ღვთის სულიწმიდის წინააღმდეგ. მაგალითისთვის, ზოგ ქვეყანაში, დადგენილი კანონის თანახმად, მკვლელობას ორ ჯგუფად ყოფენ იმის საფუძველზე, თუ როგორ იქნა ჩადენილი ეს ბოროტმოქმედება — წინასწარი განზრახვით თუ განუზრახველად; თუ მკვლელობა წინასწარი განზრახვით არის ჩადენილი, ამ შემთხვევაში სასჯელის უმაღლეს ზომას (სიკვდილით დასჯას) მიმართავენ.
1 ტიმოთე 1:13). სულიწმიდის წინააღმდეგ ცოდვა არის შეგნებული წინააღმდეგობა, რაც იმდენად გაბოროტებული გულიდან მომდინარეობს, რომ ასეთი გულის შეცვლა უკვე შეუძლებელია.
პავლე მოციქული „უწინ მგმობელი“ იყო, მაგრამ მან ასეთი რამ თქვა: „შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით ვაკეთებდი“ (როგორც ჩანს, პავლე სწორედ ასეთი სახის ცოდვაზე მიუთითებდა, როდესაც წერდა: „შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, გემო უნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს, და მერე დაცემულნი კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად“ (ებრაელთა 6:4—6). მოციქულმა აგრეთვე თქვა: «თუ ჩვენ მას აქეთ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შემეცნება, კვლავ ნებსით [„შეგნებულად“, აქ] ვცოდავთ, აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის» (ებრაელთა 10:26).
იესომ მის დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები არასწორი ქმედების გამო გააფრთხილა მიუტევებელი ცოდვის ჩადენის საშიშროების შესახებ. მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს ამ გაფრთხილებას და მოაკვლევინეს კიდეც იესო. მოგვიანებით ამ რელიგიურმა წინამძღოლებმა შეიტყვეს აშკარად მომხდარი ფაქტის — სულიწმიდის საშუალებით მოხდენილი სასწაულის — შესახებ. მათ აცნობეს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა, რის შემდეგაც ვეღარ უარყოფდნენ, რომ იესო მართლაც ქრისტე იყო! მიუხედავად ამისა, ეს წინამძღოლები ბოროტგანზახულად წავიდნენ სულიწმიდის წინააღმდეგ; მათ რომაელი ჯარისკაცები მოისყიდეს იმ მიზნით, რომ იესოს აღდგომის შესახებ სიცრუე გაევრცელებინათ (მათე 28:11—15).
გაფრთხილება ჭეშმარიტ ქრისტიანთა საყურადღებოდ
რატომ აქცევენ ჭეშმარიტი ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას მიუტევებელი ცოდვის ჩადენის საშიშროებასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას? მიზეზი ის არის, რომ თუმცა ღვთისა და მისი სულის მოქმედების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გაგვაჩნია, შეიძლება გული გაგვიბოროტდეს (ებრაელთა 3:12). ამიტომ დიდი სიფთხილე უნდა გამოვიჩინოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი რამ არასოდეს დაგვემართება. მოდი განვიხილოთ იუდა ისკარიოტელის შემთხვევა. ის ერთ დროს იესოს ერთგული მიმდევარი და ერთ–ერთი მოციქულთაგანი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას კარგი პიროვნული თვისებები უნდა ჰქონოდა. მაგრამ რაღაც მომენტში მან გასაქანი მისცა ბოროტ ფიქრებსა და სურვილებს, რამაც, საბოლოოდ, შთანთქა ის. იმ პერიოდში, როდესაც იესოს მიერ მოხდენილ დაუჯერებელ სასწაულებს საკუთარი თვალით ხედავდა, იუდა ფულს იპარავდა. მოგვიანებით კი ფულის გულისთვის წინასწარგანზრახვით გასცა ღვთის ძე.
ზოგი, ვინც უწინ ერთგული ქრისტიანი იყო, შეგნებულად განდგა ღვთისგან. შესაძლოა ამის მიზეზი გულისწყრომა, სიამაყე ან სიხარბე გახდა. დღეს ეს განდგომილები ღვთის სულის წინააღმდეგ მიდიან. ისინი შეგნებულად ეწინააღმდეგებიან იმას, რაც აშკარად განხორციელდა სულიწმიდის საშუალებით. ჩაიდინეს ამ ადამიანებმა მიუტევებელი ცოდვა? ამას, საბოლოოდ, მხოლოდ იეჰოვა გადაწყვეტს (რომაელთა 14:12).
სხვების განსჯის ნაცვლად, თავად უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ ჩავიდინოთ ფარული ცოდვები, რომლებსაც თანდათანობით ჩვენი გულების გაქვავება შეუძლია (ეფესელთა 4:30). გვამშვიდებს იმის ცოდნა, რომ მაშინაც კი, თუ სერიოზულ ცოდვებს ჩავდივართ, მაგრამ ვინანიებთ, იეჰოვა მრავალგზის გვაპატიებს (ესაია 1:18, 19).
[სურათი 28, 29 გვერდებზე]
ზოგმა ფარისეველმა მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა.