არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ბარბაროსული დანაშაული“

„ბარბაროსული დანაშაული“

„ბარბაროსული დანაშაული“

მარიამ * 14 წლის ასაკში დაიწყო მეძაობა. ამ სისაძაგლისკენ მას უბიძგა საკუთარმა დედამ, რომელიც ეუბნებოდა, რომ ლამაზი იყო და მამაკაცებს ძალიან მოეწონებოდათ. იმასაც ეუბნებოდა, რომ ბევრ ფულს იშოვიდა. საღამოობით დედას მარია მიჰყავდა სასტუმროში, სადაც ისინი მამაკაცებს ხვდებოდნენ. დედა იქვე ახლოს რჩებოდა და „კლიენტებისგან“ ფულს იღებდა. ყოველღამე მარიას სამ-ოთხ მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი.

მარიას სახლისგან არც ისე შორს მცხოვრებ 13 წლის კარინასაც აიძულეს პროსტიტუციის დაწყება. მათ დასახლებაში მცხოვრები სხვა მრავალი ღატაკი ოჯახის მსგავსად, რომლებიც შაქრის ლერწმის პლანტაციებში მუშაობდნენ, ოჯახმა კარინასაც უბიძგა, სხეულით ვაჭრობა დაეწყო, რათა ცოტა წელში გამართულიყვნენ. სხვაგან მცხოვრებმა ესტელამ ადრეულ ასაკში მიატოვა სკოლა ისე, რომ წერა-კითხვაც კი არ იცოდა და ქუჩაში მეძაობა დაიწყო. დეიზი დაახლოებით ექვსი წლის იყო, როდესაც ერთ-ერთმა უფროსმა ძმამ სექსუალურად შეურაცხყო; ამ შემთხვევის შემდეგ ის ხშირად გამხდარა სისხლის აღრევის მსხვერპლი. 14 წლის ასაკში დეიზი მეძავი გახდა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვთა პროსტიტუცია შემაშფოთებელ სახეს იძენს, რასაც თან სდევს ტრაგიკული შედეგები. ხშირ შემთხვევაში, ის ბავშვები, რომლებიც დროდადრო ან განუწყვეტლივ მეძაობენ, დანაშაულსაც სჩადიან და ნარკოტიკებსაც იღებენ. ბევრ მათგანს ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული და თავს უღირსად თვლის, რადგან, ფაქტობრივად, ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავს, რომ ასეთ აუტანელ ცხოვრებას თავი დააღწიოს.

გავლენიან პირებს ესმით, რა საშინელი შედეგები მოსდევს ბავშვთა პროსტიტუციას. ბრაზილიის ექს-პრეზიდენტმა ფერნანდუ ენრიკე კარდოზუმ მართებულად განაცხადა: „ბავშვთა პროსტიტუცია ბარბაროსული დანაშაულია“. ბრაზილიაში გამომავალ ერთ გაზეთში კი ამ პრობლემის შესახებ საყურადღებო რამ ითქვა: «იმ ქვეყნებში, სადაც [ბავშვთა პროსტიტუციაა] გავრცელებული და სადაც მასზე არათუ თვალს ხუჭავენ, არამედ იწონებენ კიდეც იმის გამო, რომ [დიდი მოგება] მოაქვს, ყოველდღიურად იმკიან ამ „საქმიანობის“ თანმდევ დამღუპველ შედეგებს. ნებისმიერ ფინანსურ მოგებას, რომლის მოტანაც მას შეუძლია, აბათილებს მის მიერ უცილობლად გამოწვეული პირადი, ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედია».

ზოგი ადამიანის კეთილშობილური მისწრაფებების მიუხედავად, რომლებიც ბავშვთა პროსტიტუციის შეჩერებისკენაა მიმართული, ეს პრობლემა უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. რა არის ამ შემაძრწუნებელი სიტუაციის მიზეზი? რატომ არის, რომ ბევრი თვალს ხუჭავს ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე ან ხელსაც კი უწყობს მას?

[სქოლიო]

^ აბზ. 2 სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 3 გვერდზე]

„ბავშვთა პროსტიტუცია ბარბაროსული დანაშაულია“ (ბრაზილიის ექს-პრეზიდენტი ფერნანდუ ენრიკე კარდოზუ).

[ჩანართი 4 გვერდზე]

„სექსუალური ექსპლუატაციის ნებისმიერი ფორმა შეუთავსებელია ადამიანურ ღირსებასთან და ამიტომაც, ადამიანის ასაკის, სქესის, რასობრივი და ეთნიკური წარმოშობისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, არღვევს მის ძირითად უფლებებს“ („იუნესკო სორსიზი“).