მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
გეოდეზიური სამუშაოები ძალიან მომეწონა სტატია „გეოდეზიური სამუშაოები — რისთვის არის საჭირო?“ (8 ივნისი, 2002). მე და ჩემი ქმარი ფლორიდის შტატში საგზაო მშენებლობის ინსპექტორები ვართ. გეოდეზიური სამუშაოების შესრულება ყოველდღიურად გვიწევს. ძალიან საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ მიეცა დასაბამი ამ საქმიანობას. ბიბლიაში, კერძოდ იგავების 22:28-ში, ჩაწერილ სიტყვებზე ყურადღების გამახვილებამ კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა მონათხრობი. თუმცა მესმის, რომ თანდართული სურათები, უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის არის მოცემული, მინდა დაჟინებით ვთხოვო ყველა გეოდეზისტს, რომ უსაფრთხოების მიზნით სპეციალური ჟილეტი და სხვა დამცავი აღჭურვილობა ატარონ, რაც გააადვილებს მათ დანახვას. ისინი ხომ ხშირად გზის პირას, მოძრავი ტრანსპორტისკენ ზურგშექცევით, მუშაობენ. დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციული სტატიისთვის.
კ. ს. (შეერთებული შტატები).
ომი ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა მას შემდეგ, რაც წავიკითხე სტატია „იწონებს ღმერთი ომს?“, რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 მაისი, 2002). ეს თემა იმიტომ მაინტერესებდა, რომ იეჰოვას მოწმე ვარ და სამქადაგებლო მსახურებისას მეკითხებოდნენ, რატომ ომობდა ასე ხშირად ძველი ისრაელი ერი. ვცდილობდი, მათთვის ამეხსნა ამის მიზეზი, მაგრამ არ მქონდა საკმარისი ინფორმაცია. ეს სტატია ძალიან უბრალო და დამაჯერებელი იყო! მე ამოვიწერე ყველა მნიშვნელოვანი აზრი, რათა ნებისმიერ დროს შევძლო მათი გამოყენება. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ასეთი სტატიები!
ვ. შ. (რუსეთი).
მეორე მსოფლიო ომის დროს მძიმე ტანკს ვმართავდი. ერთ დილას, მას შემდეგ, რაც ჩვენმა განაყოფმა სტრატეგიული ადგილმდებარეობის მაღლობი აიღო, მინდორში სამსხვერპლო აღმართეს. მახსოვს, როგორ დაიჩოქეს ტანკისტთა სამი ეკიპაჟის წევრებმა სამსხვერპლოს წინაშე და როგორ დალოცა ისინი მღვდელმა. ცოტა ხანში მოწინააღმდეგე მხარე კონტრშეტევაზე გადმოვიდა, რის შედეგადაც ტანკისტთა სამივე ეკიპაჟი განადგურდა. მე და ჩემი ცოლი 1957 წელს იეჰოვას მოწმეები გავხდით. მაშინ ჩვენ უკვე გვესმოდა, რომ ღმერთი ამ ომში არც ერთი მხარის პოზიციას არ იკავებდა. იმ დროიდან მოყოლებული ჩვენ სულიერ ბრძოლას ვეწევით და ზუსტად ვიცით, ვის მხარეს არის ღმერთი.
ფ. ს. (ახალი ზელანდია).
სამების დოგმატი დიდი მადლობა სტატიისთვის „შემწყნარებელი სამეფო შეუწყნარებლობის ეპოქაში“ (8 ივლისი, 2002). აღფრთოვანებული დავრჩი, როდესაც წავიკითხე, როგორ უჭერდა დებატებში მხარს მეფე სიგიზმუნდი ანტიტრინიტარიებს და როგორ ცნეს კანონიერად უნიტარიების ეკლესია. არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ფერენც დავიდის მიერ სამების დოგმატის წინააღმდეგ მოყვანილმა დამაჯერებელმა არგუმენტებმა. ამან პავლე მოციქულის გამბედაობა გამახსენა. საერთოდ, დიდად არ მაინტერესებს ისეთი სტატიები, რომლებშიც ბევრი ისტორიული ფაქტია მოყვანილი, მაგრამ ვცდილობ, თვალსაწიერი გავიფართოვო და ყველაფერი, რასაც „ერთგული და გონიერი მონა“ გვთავაზობს ჩვენს ჟურნალებში, სიამოვნებით წავიკითხო (მათე 24:45—47). ეს ძალიან კარგად დაწერილი და საფუძვლიანად გამოკვლეული სტატია იყო და მართლაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე.
მ. კ. (შეერთებული შტატები).
წავიკითხე თქვენ მიერ გამოცემული საინტერესო სტატია, რომელშიც სამების დოგმატის გასაბათილებლად დამაჯერებელი მტკიცებებია მოყვანილი. ამ თემაზე ამჟამად ჩვენს ეკლესიაშიც ვმსჯელობთ. უკვე დიდი ხანია, დარწმუნებული ვარ, რომ სამების დოგმატი არასწორია და მსურს, შევუკვეთო ამ ჟურნალის 15 ეგზემპლარი გასავრცელებლად.
ა. ო. (გერმანია).
ახალგაზრდა მკითხველის წერილი მე ცხრა წლის ვარ და მეოთხე კლასში ვსწავლობ. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ შესანიშნავი სტატიებისთვის, რომლებსაც თქვენს ჟურნალებში აქვეყნებთ. ჩემთვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო სტატიათა სერია, სახელწოდებით „პოპულარული დღესასწაულები — იმალება თუ არა მათში რაიმე საშიშროება?“ (8 ოქტომბერი, 2001). ჟურნალი ინგლისური ენის მასწავლებელს მივეცი; მან კი ქვესათაურიდან „რელიგიური მეტოქეობა“ აღებული მასალა საკლასო სამუშაოსთვის გამოიყენა. ის ძალიან კმაყოფილი იყო სტატიის შინაარსობრივი სიზუსტით. დიდი მადლობა ყველა იმ თემისთვის, რომლებსაც ჩვენი გამხნევებისა და დაცვის მიზნით წერთ.
ნ. რ. (იტალია).
მადლიერება ძალიან მომწონს თქვენ მიერ სხვადასხვა თემაზე გამოქვეყნებული საინტერესო სტატიები, მაგალითად ცხოველებზე. ოჯახში მხოლოდ მე ვარ იეჰოვას მოწმე და ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არ აინტერესებს ჩვენი საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული რელიგიური ხასიათის ლიტერატურა. მაგრამ ასეთი სტატიები ძალიან საინტერესო წასაკითხია და მათში ისეთი სახითაა აღწერილი ჩვენი შემოქმედი, რომ სიამოვნებით კითხულობენ ისინიც კი, რომლებიც არ არიან მოწმეები. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი საქმიანობისთვის და თქვენ მიერ გამოცემული ასეთი კარგი ჟურნალებისთვის.
ტ. კ. (შეერთებული შტატები).