რა დაშავდება, რომ გადავიწერო?
ახალგაზრდების შეკითხვები
რა დაშავდება, რომ გადავიწერო?
„ყველამ იცის, რომ მზამზარეული პასუხების გადაწერა არასწორია, მაგრამ ადვილია“ (17 წლის ჯიმი).
გქონია ოდესმე სკოლაში იმის ცდუნება, რომ სა კონტროლოს დროს თანაკლასელის რვეულში ჩაგეჭვრიტა? თუ დიახ, შენ გამონაკლისი არა ხარ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, ჯენა, აღნიშნავს, რომ ბევრი მისი თანაკლასელი არ თაკილობს ასეთ გაიძვერულ საქციელს. „ისინი ტრაბახობენ ამით, — ამბობს ჯენა, — და უცნაურადაც კი გთვლიან, თუ მათსავით არ იქცევი!“.
შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, იმ მოზარდების 80–მა პროცენტმა, რომლებიც ყველაზე მაღალ ნიშნებს იღებდნენ თავიანთ კლასში, აღიარეს, რომ იტყუებოდნენ; ხოლო ასეთი „წარჩინებული მოსწავლეების“ 95 პროცენტი არასდროს გამოუჭერიათ ტყუილში. საშუალო სკოლის 20 000–ზე მეტი მოსწავლის გამოკითხვის შედეგად „ჯოუზეფსონის სახელობის ეთიკის ინსტიტუტის“ თანამშრომლებმა დაასკვნეს: „მოსწავლეები სულ უფრო და უფრო უპატიოსნოები ხდებიან“. პედაგოგები გაოგნებული არიან იმ ფაქტის გამო, რომ სიცრუემ ასე ღრმად გაიდგა ფესვები. ერთ–ერთი სკოლის დირექტორმა, გარი ნილსმა, თქვა: „იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც დღესდღეობით არ იტყუებიან, ძალიან მცირეა“.
მშობლების უმეტესობა თავისი შვილებისგან მოელის, რომ პატიოსნად ისწავლიან სკოლაში. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა თმობს თავის პატიოსნებას და იტყუება. რა ახალ მეთოდებს იყენებენ ისინი ამისთვის? რატომ იტყუება ზოგი ახალგაზრდა? რატომ უნდა აარიდო თავი ასეთ ქმედებას?
უახლესი ტექნიკური მოწყობილობებით სარგებლობა
თანამედროვე გაიძვერები მრავალ უპატიოსნო მეთოდს იყენებენ. სინამდვილეში, საშინაო დავალების გადაწერა ან შპარგალკის გამოყენება უმნიშვნელო ჩანს იმ უპატიოსნო მეთოდებთან, როდესაც უახლეს ტექნიკურ მოწყობილობებს იყენებენ. ამ მიზნით სარგებლობენ პეიჯერებით, რომელთა საშუალებითაც სხვაგან მყოფი ადამიანებისგან იღებენ პასუხებს გამოცდაზე დასმულ კითხვებზე; აგრეთვე წინასწარ დაპროგრამებული კალკულატორებით, რომლებშიც „დამატებითი“ ინფორმაციაა შეტანილი; ტანსაცმელში დამალული მინი-კამერებით, რომელთა საშუალებითაც დახმარებისთვის კითხვას უგზავნიან სხვაგან მყოფ ადამიანს; უახლესი მაღალეფექტური აპარატებით, რომელთა საშუალებითაც უხილავი ელექტრომაგნიტური გამოსხივების შედეგად საკლასო ოთახში მყოფ თანაკლასელებს გადასცემენ ინფორმაციას. იყენებენ ინტერნეტის საიტებსაც, სადაც მოცემულია სრული ანგარიში სასწავლებლებში განვლილ თითქმის ყველა საგნის მასალაზე!
პედაგოგები ცდილობენ, შეაჩერონ ეს შემაშფოთებელი ტენდენცია და გამოასწორონ ცუღლუტი მოსწავლეები, მაგრამ ამის მიღწევა არც ისე ადვილია. მიზეზი ის არის, რომ ყველა მოსწავლეს ან მასწავლებელს ერთნაირი შეხედულება არა აქვს გაიძვერობაზე. მაგალითად, როდესაც მოსწავლეების ჯგუფი რაღაცაზე ერთად მუშაობს, ამ დროს პატიოსანი თანამშრომლობისა და უპატიოსნო საიდუმლო შეთანხმებების ერთმანეთისგან
განსხვავება შეიძლება რთული იყოს. ამ ჯგუფში არიან ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა სარგებლობენ ამ ჯგუფური სამუშაოთი, რათა მთელი თავიანთი გასაკეთებელი საქმე სხვებს გადააბარონ. „ამ მოსწავლეებიდან ზოგი ძალიან ზარმაცია, ისინი არაფერს აკეთებენ! — აღშფოთებით ამბობს იუჯი, რომელიც კოლეჯში სწავლობს. — მაგრამ ისინი ისეთივე ნიშნებს იღებენ, როგორსაც კარგი მოსწავლეები. ჩემი აზრით, ეს გაიძვერობაა!“.რატომ იტყუებიან?
ერთი გამოკითხვის თანახმად, ბევრი მოსწავლე, ძირითადად, ცუდი მომზადების გამო იტყუება. სხვები კი სკოლაში არსებული ვითარების ან მშობლების მიერ წაყენებული მოთხოვნების გამო ასკვნიან, რომ სხვა არჩევანი არა აქვთ. „ჩემი მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია, — ამბობს 13 წლის სემი. — ისინი მეკითხებიან, რა ნიშანი მივიღე მათემატიკაში ან ინგლისურ ენაში, რასაც ვერ ვიტან!“.
ზოგს ტყუილისკენ ის უბიძგებს, რომ გაუთავებლად სთხოვენ კარგი ნიშნების მიღებას. წიგნში „ამერიკელ მოზარდთა პირადი ცხოვრება“ ნათქვამია: „დღევანდელ არამდგრად სისტემაში არსებობს იმის დიდი ცდუნება, რომ გულმოდგინე მომზადების გარეშე მიიღო კარგი ნიშნები, რაც ზოგჯერ უპატიოსნო გზით მიიღწევა“. ამ აზრს ბევრი მოსწავლე იზიარებს. ბოლოს და ბოლოს, არავის სურს საკონტროლოში ცუდი ნიშნის მიღება, რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებული გამოცდების წარუმატებლად ჩაბარებაზე. „ზოგს ძალიან ეშინია, რომ ჩაიჭრება, — ამბობს საშუალო სკოლის მოსწავლე, ჯიმი. — მაშინაც კი, თუ პასუხები ეცოდინებათ, მაინც ჩაიხედავენ სხვის ნაწერში მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნდნენ პასუხების სიზუსტეში“.
დღეს ბევრმა ისეთმა ადამიანმა, რომლებიც არაფრად აგდებენ პატიოსნებას, შეიძლება სხვებს უვნებლადაც კი მოაჩვენონ თავისი ქმედება. ზოგჯერ შესაძლოა ასეთი რამ აშკარად ხელსაყრელიც კი ჩანდეს. „გუშინ შევნიშნე, რომ ერთმა ახალგაზრდამ საკონტროლო გადაიწერა, — ამბობს 17 წლის გრეგი. — დღეს, როდესაც მასწავლებელმა უკან დაგვიბრუნა რვეულები, მან უფრო მაღალი შეფასება მიიღო, ვიდრე მე“. ბევრზე გავლენას ახდენს მოზარდებს შორის ფართოდ გავრცელებული ეს ცუდი ჩვევა. «ზოგი მოსწავლე ფიქრობს: „თუ ამას სხვები აკეთებენ, მეც უნდა გავაკეთო“», — ამბობს იუჯი. მაგრამ სწორია ასეთი თვალსაზრისი?
მავნე ჩვევა
არის განსხვავება მზამზარეული პასუხების გადაწერასა და ქურდობას შორის? ამართლებს ქურდობას ის ფაქტი, რომ ბევრი ქურდობს? „რასაკვირველია, არა“. შეიძლება დაეთანხმო ამ სიტყვებს და განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ გპარავენ ფულს! მზამზარეული პასუხების გადაწერით ისეთ რამეს ვისაკუთრებთ, რასაც არ ვიმსახურებთ — შესაძლოა ამ მიზნით პატიოსან ადამიანებსაც კი ვიყენებთ (ეფესელთა 4:28). „ამის გაკეთება ნამდვილად არ არის სწორი, — ამბობს ტამი, რომელმაც ახლახან დაამთავრა საშუალო სკოლა. — შენ ამბობ, რომ გესმის ესა თუ ის საგანი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამიტომ, გამოდის, რომ იტყუები“. ბიბლიაში, კერძოდ კოლასელთა 3:9–ში, პირდაპირ არის მითითებული: „ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ“.
სისტემატურად სხვებისგან გადაწერა შეიძლება ისეთ ცუდ ჩვევად იქცეს, რომ მისი თავიდან მოშორება ძალიან რთული გახდეს. „ცუღლუტი მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მაშინაც კი არ უნდა ისწავლონ, როცა გამოცდის წარმატებით ჩაბარება სურთ, — ამბობს ჯენა, — მათ სწორედ ცუღლუტობის იმედი აქვთ. მაგრამ, როდესაც ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ და სხვებზე დაიმედება მეტად აღარ შეუძლიათ, არ იციან, როგორ მოიქცნენ“.
ამ მხრივ, გალატელთა 6:7–ში მოცემული პრინციპი გამომაფხიზლებელია: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. სკოლაში გაიძვერული მოქმედების შედეგად შეიძლება სინდისმა შეგაწუხოს, უახლოესი მეგობრების ნდობა დაკარგო და სწავლის უგულებელყოფის გამო დაბალი აკადემიური მოსწრება გქონდეს. სიკვდილის გამომწვევი ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსად, ამ მანკიერებამ შეიძლება ღრმად გაიდგას ფესვები და ცხოვრების სხვა სფეროებშიც იჩინოს თავი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს შენთვის ყველაზე ძვირფას ურთიერთობებს. უდავოა, რომ ეს დიდ საშიშროებას შეუქნის შენს ურთიერთობას ღმერთთან, რომლისთვისაც მიუღებელია გაიძვერობა და ტყუილი (იგავები 11:1).
იგავები 12:19). ისინი თავიანთი ქმედებით უძველესი ქალაქის, იერუსალიმის, გარყვნილი მმართველების მსგავს პოზიციას იკავებენ: „სიცრუე გავიხადეთ თავშესაფარად და ტყუილში დავიმალეთ“ (ესაია 28:15). მაგრამ მატყუარა ვერ დამალავს ღვთისგან თავის ნამოქმედარს (ებრაელთა 4:13).
გაიძვერობაზე დაიმედებულნი თავს იტყუებენ (ნუ მოიტყუებით!
ახალგაზრდებს ხშირად ძალისხმევა და უნარი ესაჭიროებათ იმისათვის, რომ მოიტყუონ. მაგრამ მათთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, ეს ძალისხმევა და უნარი განათლების მისაღებად გამოეყენებინათ. 18 წლის აბი ასეთ აზრს გამოთქვამს: „თუ ისინი ისევე გულმოდგინედ ისწავლიან, როგორც ცუღლუტობენ, შესაძლოა მაღალი ნიშნებიც მიიღონ“.
უნდა აღინიშნოს, რომ გაიძვერულად მოქმედების ცდუნება შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს. მიუხედავად ამისა, თავი უნდა აარიდო ამ ზნეობრივად გაუმართლებელ „ხაფანგს“! (იგავები 2:10—15). როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? პირველ რიგში, გახსოვდეს, რატომ დადიხარ სკოლაში — შენი მიზანია, ისწავლო. მართალია, შეიძლება ფიქრობ, რომ ბევრს არაფერს შეგმატებს ზედმეტი ინფორმაციის მიღება, რომელიც შესაძლოა ვერასდროს გამოიყენო, მაგრამ სწავლის უგულებელყოფა ხელს შეგიშლის ახალი მასალის ათვისებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებაში. საფუძვლიანი ცოდნის მიღება შეუძლებელია ძალისხმევის გარეშე. ბიბლიაში ნათქვამია: „ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი“ (იგავები 23:23, სსგ). დიახ, სწავლასა და მომზადებას სერიოზულად უნდა მოეკიდო. „გაკვეთილი მთელი გულმოდგინებით მოამზადეთ, — გვირჩევს ჯიმი. — შედეგად, დარწმუნებული იქნებით, რომ შეძლებთ პასუხების გაცემას“.
ზოგჯერ შეიძლება არ იცოდე ყველა კითხვაზე პასუხი და ამის გამო შედარებით დაბალი შეფასება მიიღო. მიუხედავად ამისა, თუ არ დათმობ სწორ პრინციპებს, მიხვდები, რა ზომების მიღება გესაჭიროება გასაუმჯობესებლად (იგავები 21:5).
ზემოთ მოხსენიებული იუჯი იეჰოვას მოწმეა. ის გვიხსნის, როგორ იქცევა, როცა თანაკლასელები დაჟინებით სთხოვენ, უკარნახოს ან გადააწერინოს მათ სწორი პასუხები: „პირველ რიგში, მე მათ მოწმედ ვაცნობ თავს, რაც ძალიან მეხმარება, რადგან ისინი იეჰოვას მოწმეებს პატიოსან ხალხად იცნობენ. თუ ვინმე საკონტროლოს დროს სწორ პასუხს მთხოვს, უარს ვეუბნები და მოგვიანებით ვუხსნი, რატომ მოვიქეცი ასე“.
იუჯი ეთანხმება პავლე მოციქულის მიერ ებრაელებისადმი მიწერილ სიტყვებს: «გვსურს ყველაფერში კეთილად [„პატიოსნად“, აქ] ვიქცეოდეთ» (ებრაელთა 13:18). როდესაც მაღალი ნორმების მტკიცედ დაცვით პატიოსნებას ინარჩუნებ და სხვისგან არ იწერ, შენ მიერ მიღებულ კარგ ნიშნებს ნამდვილ ფასს სძენ. შენ შეგიძლია ერთ–ერთი საუკეთესო საჩუქარი მოუტანო სკოლიდან მშობლებს — ეს არის შენი ქრისტიანული სიწმინდე (3 იოანე 4). უფრო მეტიც, სინდისი სუფთა გექნება და იმის ცოდნა, რომ იეჰოვას გული გაუხარე, უზომო სიხარულს მოგიტანს (იგავები 27:11).
ამიტომ, რამდენად მიღებულიც უნდა იყოს გაიძვერულად მოქმედება, მოერიდე მას! ასეთი მოქმედებით კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებ სხვებთან და, რაც ყველაზე მთავარია, სიმართლის მოყვარულ ღმერთთან, იეჰოვასთან (ფსალმუნები 10:7; 30:6).
[ჩანართი 21 გვერდზე]
ცუღლუტი მოსწავლე ხშირად ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში ქურდობს.
[ჩანართი 21 გვერდზე]
მზამზარეული პასუხების გადაწერას ხშირად უფრო სერიოზული უპატიოსნო ქმედებები მოჰყვება.
[ჩანართი 22 გვერდზე]
მატყუარა ვერ დამალავს ღვთისგან თავის ნამოქმედარს.
[სურათი 22 გვერდზე]
გაკვეთილის საფუძვლიანად მომზადება საკუთარ თავში დაგარწმუნებს.