რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
სატელეფონო ძიძები
მადრიდში მცხოვრებმა დაუქორწინებელმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც ნოყიერი და გემრიელი საკვები უყვართ, მაგრამ მოუცლელობის გამო არც დრო და არც სურვილი აქვთ მის მოსამზადებლად, უჩვეულო და მეტად ორიგინალური გამოსავალი იპოვეს. ისინი ინტერნეტის საშუალებით „სატელეფონო ძიძებს“ ქირაობენ, — ნათქვამია ესპანურ გაზეთ „პაისში“. კვირაში ორჯერ ეს დაქირავებული ძიძები მათ რამდენიმე დღის სამყოფ ჯანსაღ, სახლში დამზადებულ საკვებს უგზავნიან ტაქსით. ამ საჭმელში შედის თევზი, მაკარონი, ბოსტნეული, პარკოსნები, ხორცი, ხილი და რძის პროდუქტები. „ძიძები“ ტელეფონით უკავშირდებიან თითოეულ ახალ „შვილობილს“, რათა გაიგონ, რა აქვთ მაცივარში, რა მოსწონთ და რას საჭიროებენ. გარდა ამისა, ისინი ოფისების დაკვეთით ყოველდღიურად ოთხი ან უფრო მეტი ადამიანისთვის ამზადებენ საჭმელს და მათ მომსახურებაში შაბათ-კვირის განსაკუთრებული მენიუც შედის.
ტუბერკულოზი დღემდე მძვინვარებს
როგორც ბუენოს-აირესში გამომავალი გაზეთი „კლარინი“ იუწყება, ჯერ კიდევ შორს არის ის დრო, როცა ტუბერკულოზი ძირფესვიანად იქნება აღმოფხვრილი; განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა საკმაოდ ღარიბია. არგენტინაში „ყოველწლიურად 14 000 ადამიანი ავადდება ამ სენით, — ნათქვამია ამავე გაზეთში. — ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობის თანახმად, ამ დაავადების შედეგად კვლავინდებურად დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი კვდება ყოველწლიურად“. თუმცა ტუბერკულოზს ხშირად საკვების ნაკლებობა და სიღარიბე უწყობს ხელს, ის ადვილად შეიძლება გადაედოს ყველას. „ტუბერკულოზი ძალიან ადვილად გადამდები დაავადებაა და შესაძლოა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შეეყაროს“, — აღნიშნავს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტების დამნერგავი, ხულიო გონსალეს მონტანერი. როგორც ის განმარტავს, ადამიანი შეიძლება თვითმფრინავში, გარშემო მყოფებისგან ან სამსახურშიც კი დაინფიცირდეს.
პირველი კანონი შუქური დაბინძურების წინააღმდეგ
როგორც გერმანულ გაზეთ „ბერლინერ მორგენპოსტშია“ ნათქვამი, ჩეხეთმა პირველმა მიიღო კანონი შუქური დაბინძურების წინააღმდეგ. კანონი, რომელსაც ეწოდა „წესდება ატმოსფეროს დაცვის შესახებ“, 2002 წლის 1 ივნისს შევიდა ძალაში. ამ კანონს არა მხოლოდ ასტრონომებმა დაუჭირეს მხარი, არამედ, საერთოდ, მოსახლეობამაც. კანონის მიხედვით შუქურ დაბინძურებად ჩაითვლება „ნებისმიერი სახის ხელოვნური განათება, რომელიც მისთვის განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, სხვა ადგილებშიც ვრცელდება; განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სინათლის ნაკადი ჰორიზონტის ზემოთ არის მიმართული“. სახელმწიფომ ქვეყნის მოქალაქეები და ორგანიზაციები დაავალდებულა, რომ სპეციალური შუქფარების საშუალებით შეამცირონ არასაჭირო სინათლის ნაკადი, რის გამოც შეუძლებელია ღამის ცის დანახვა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1 ივნისამდე ასეთი შუქფარების წყალობით ქალაქ ბრნოს ცენტრში საგრძნობლად შემცირდა არასასურველი სინათლის ნაკადი. როგორც ჩეხი ასტრონომი იან ჰოულანი ამბობს, „მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა“.
ფართოდ გავრცელებული გაუნათლებლობა
რამდენად კარგად არიან განათლებული დღესდღეობით მოსწავლეები? „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ 32 ქვეყნის 265 000 საშუალო სკოლის 15 წლის ასაკის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარა, რათა გამოერკვია, „სავალდებულო განათლების მიღების ბოლოს, ჰქონდათ თუ არა მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ყოფნისთვის საჭირო ცოდნა და უნარი“. ტესტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოწაფეთა 6 პროცენტის კითხვის უნარი „დასაშვებ დონეზე“ დაბალი იყო. სხვა 12 პროცენტს კი მხოლოდ „უმარტივესი დავალებების შესრულება შეეძლო; მაგალითად, ტექსტში რაიმე კონკრეტული მონაკვეთის მიგნება ან მისი მთავარი თემის ამოცნობა“. როგორც გაირკვა, ამ ქვეყნებში გოგონების განათლების დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ბიჭების. ფინელი მოსწავლეები საუკეთესოდ კითხულობდნენ მაშინ, როცა იაპონელი და კორეელი მოსწავლეები ყველაზე კარგად მეცნიერულ დარგებსა და მათემატიკაში ერკვეოდნენ. ამ გამოკვლევის თანახმად, „28 ქვეყნიდან 20–ში თითქმის ყოველ მეოთხე მოსწავლეს არ სურს სკოლაში სიარული“.