რწმენის გამოცდა ნაცისტურ ევროპაში
რწმენის გამოცდა ნაცისტურ ევროპაში
მოგვითხრო ანტონ ლეტონიამ
1938 წლის 12 მარტს ჰიტლერის საჯარისო შენაერთებმა ავსტრიის საზღვარი გადმოლახეს. რადიოდან სამხედრო მარშისა და პოლიტიკური ლოზუნგების ნაკადი იღვრებოდა. ჩემს სამშობლოში, ავსტრიაში, პატრიოტიზმის ტალღა აგორდა.
ჰიტლერული რეჟიმის დამყარებას ავსტრიელი ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მისი „ათასწლიანი რაიხი“ ბოლოს მოუღებდა სიღარიბესა და უმუშევრობას. თვით კათოლიკე მღვდლებიც კი, რომლებიც მთელ ქვეყანაში გავრცელებულმა პატრიოტულმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო, უარს არ ამბობდნენ ჰიტლერული სალმის მიცემაზე.
იმ დროს მხოლოდ 19 წლის ვიყავი, მაგრამ ჰიტლერის დაპირებებმა გონება მაინც ვერ დამიბნელა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანთა ვერანაირი მთავრობა ვერ გადაჭრიდა კაცობრიობის პრობლემებს.
ვიგებ ბიბლიურ ჭეშმარიტებას
დავიბადე 1919 წლის 19 აპრილს ავსტრიის ქალაქ დონავიცში. მე მესამე და ნაბოლარა შვილი ვიყავი. მამაჩემი ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა. იგი გამრჯე კაცი იყო. 1923 წელს მან საფრანგეთში გადაგვიყვანა საცხოვრებლად და სამუშაო მაღაროელთა ქალაქ ლიევენში იშოვა. მამას თავისი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და რელიგიას ეჭვის თვალით უყურებდა. დედა კი, პირიქით, ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო. მან შვილებს ღვთისადმი რწმენა ჩაგვინერგა და ყოველ საღამოს ჩვენთან ერთად ლოცულობდა. ბოლოს, რელიგიისადმი მამაჩემის უნდობლობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ დედას ეკლესიაში სიარული აუკრძალა.
20-იანი წლების მიწურულს წარმოშობით იუგოსლავიელი ახალგაზრდა, ვინთსენც პლატაისი, გავიცანით. მას ჩვენ ვინკო შევარქვით. ვინკოს ბიბლიის მკვლევარებთან (ასე იყვნენ ცნობილი იეჰოვას მოწმეები იმხანად) ჰქონდა ურთიერთობა. მალე ბიბლიის ერთმა მკვლევარმა დაიწყო სახლში ჩვენი მონახულება. რადგან მამას დედაჩემისთვის აკრძალული ჰქონდა ეკლესიაში სიარული, დედამ ვინკოს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ღვთის თაყვანისცემა სახლში. მან ამოუკითხა საქმეების 17:24, სადაც წერია: „[ღმერთი] ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“, და განმარტა, რომ თაყვანისსაცემად სახლი სწორედ რომ შესაფერისი ადგილი იყო. დედა კმაყოფილი დარჩა და იმ დროიდან მოყოლებული ესწრებოდა შეხვედრებს, რომლებიც ბიბლიის მკვლევართა სახლებში ტარდებოდა.
მამა მოითხოვდა, რომ მას ამ — როგორც თვითონ უწოდებდა — სისულელეებისთვის თავი დაენებებინა. თანაც დაჟინებული ჰქონდა, რომ კვირაობით ყველანი მესას დავსწრებოდით — ოღონდ კი ხელი შეეშალა ჩვენთვის ბიბლიის მკვლევარებთან ურთიერთობაში. რადგან დედას წარბიც არ შეუხრია და უარს ამბობდა წასვლაზე, მამამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, იძულებული გავეხადე, რომ მღვდლის დამხმარედ მემსახურა. თუმცა მამაჩემის სურვილებს პატივისცემით ეკიდებოდა, დედა მაინც განაგრძობდა ჩემს გულსა და გონებაში ბიბლიური პრინციპების ჩათესვას და კვლავაც დავყავდი ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებზე.
1928 წელს, ვინკო და ჩემი და ჟოზეფინა — ანუ პეპი, როგორც ჩვენ შევარქვით — იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლნენ. მოგვიანებით კი დაქორწინდნენ და მომდევნო წელს ქალაქ ლიევენში ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ფინი დაარქვეს. სამი წლის შემდეგ მათ სრული დროით მსახურების დაწყება სთხოვეს იუგოსლავიაში, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა შეზღუდული იყო. უამრავი სიძნელის მიუხედავად, მათ არ განელებიათ სიხარული და ენთუზიაზმი იეჰოვას მსახურებაში. მათი კარგი მაგალითის შემხედვარეს, მეც გამიჩნდა სურვილი, სრული დროით მსახურება დამეწყო.
სულიერი ზრდა
სამწუხაროდ, მშობლებს შორის არსებული უთანხმოება იმით დასრულდა, რომ 1932 წელს ისინი გაიყარნენ. მე და დედაჩემი ავსტრიაში დავბრუნდით, ჩემი უფროსი ძმა ვილჰელმი (ვილი) კი საფრანგეთში დარჩა. ამის შემდეგ მამასთან თითქმის აღარ მქონია ურთიერთობა. იგი სიკვდილამდე ცუდად იყო განწყობილი ჩვენდამი.
მე და დედა ავსტრიის ერთ სოფელში, გამლიცში, დავსახლდით. რადგან ახლომახლო კრებები არ იყო, იგი რეგულარულად არჩევდა ჩემთან ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს. საბედნიეროდ, ქალაქ გრაციდან თვეში ორჯერ ედუარდ ვოჰინცი გვაკითხავდა, რათა სულიერად გავემხნევებინეთ. ამ მანძილის გადასალახავად, მხოლოდ ერთი მიმართულებით მას 100 კილომეტრის გავლა უხდებოდა ველოსიპედით.
ჰიტლერის ტირანული მმართველობის დამყარებისთანავე, 1938 წელს, ძმა ვოჰინცი დააპატიმრეს. უზომოდ დავმწუხრდით, როცა გავიგეთ, რომ იგი გაზის კამერაში მოკლეს ეგრეთ წოდებულ ევთანასიის ინსტიტუტში, ქალაქ ლინცში. მისმა საოცარმა რწმენამ ძალები შეგვმატა, რომ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება გაგვეგრძელებინა.
საბედისწერო 1938 წელი
ავსტრიაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა 1935 წლიდან იყო აკრძალული. 1938 წელს, როდესაც ჰიტლერის ჯარი შემოვიდა, ჩვენი მსახურება ძალიან სახიფათო გახდა. მეზობლებმა იცოდნენ, მე და დედაჩემი რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხალხს თვალში არ მოვხვედროდით. ღამით ფარდულში ვიძინებდი, რათა ნაცისტებს იოლად არ ჩავვარდნოდი ხელში.
1938 წლის დასაწყისისთვის საშუალო განათლების მიღება დავამთავრე და ფურნეში დავიწყე მუშაობა. მე უარს ვამბობდი „ჰაილ ჰიტლერ!“-ის თქმაზე და ახალგაზრდა ჰიტლერელთა ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რის გამოც სამუშაოდან დამითხოვეს. მიუხედავად ამისა, უფრო მეტი შემართებით გადავწყვიტე, რომ იეჰოვა ღმერთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოვნათლულიყავი.
მე და დედა 1938 წლის 8 აპრილს მოვინათლეთ. შვიდ სხვა ჩვენიანთან ერთად ტყეში განმარტოებულ ქოხში შევიკრიბეთ ღამით. მოსანათლავებისთვის წარმოთქმული მოხსენების შემდეგ, ვიწრო ორღობის გავლით, ათწუთიანი შუალედებით, სათითაოდ გავიკრიფეთ სამრეცხაოში, სადაც ბეტონის პატარა აუზში მოვინათლეთ.
1938 წლის 10 აპრილს ჩატარდა მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელსაც ავსტრიის გერმანიასთან შეერთების საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მთელი ქვეყანა მოფენილი იყო პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „ხმა მიეცით ჰიტლერს!“. მე და დედაჩემს არ მოგვეთხოვებოდა კენჭისყრაში მონაწილეობა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საფრანგეთში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გვქონდა — საინტერესოა, რომ მოგვიანებით სწორედ ამ გარემოებამ შემინარჩუნა სიცოცხლე. სამხრეთ ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში მცხოვრებ ფრანც განსტერს ჩვენთვის რეგულარულად მოჰქონდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ნომრები. აი, ამგვარად ვიღებდით სულიერ ძალებს ღვთის სიტყვიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.
ჩემი ძმა ვილი
ვილის, რომელიც ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო, ყოველგვარი კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი ჩემთან და დედაჩემთან მას შემდეგ, რაც ცხრა წელზე მეტი ხნის წინათ საფრანგეთი დავტოვეთ. თუმცა დედა ბავშვობიდან
ასწავლიდა ბიბლიურ პრინციპებს, იგი თავს იტყუებდა და სჯეროდა, რომ ჰიტლერის პოლიტიკური პროგრამა ხალხს დიდებულ მომავალს მოუტანდა. 1940 წლის მაისში, უკანონო ფაშისტური მოღვაწეობის გამო საფრანგეთის სასამართლომ ვილის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ საფრანგეთში გერმანიის ჯარი შემოიჭრა და იგი მალევე გაათავისუფლეს. ამ შემთხვევის დროს მან ღია ბარათი გამოგვიგზავნა პარიზიდან. გაგვიხარდა, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ თავზარი დაგვცა იმის გაგებამ, თუ ვინ გამხდარიყო!რადგან ესესელებთან (ჰიტლერის ელიტური დაცვა) კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვილი ომის დროს ხშირად ახერხებდა ჩვენს მონახულებას. იგი აღტაცებული იყო ჰიტლერის სამხედრო წარმატებებით. თითქმის ყოველი ცდა ჩემი მხრიდან, რომ მასში ბიბლიური იმედისადმი ინტერესი გამეღვივებინა, ერთი და იმავეთი მთავრდებოდა; „უაზრობაა! შენ რა, ვერ ხედავ ჰიტლერის ელვისებური ომის შედეგებს. გერმანელები მალე მთელ მსოფლიოს დაეპატრონებიან!“ — მეუბნებოდა ის.
1942 წლის თებერვალში, როცა ვილი კვლავ გვესტუმრა ერთ-ერთი შვებულების დროს, მას ვაჩუქე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი, სათაურით „მტრები“, ჩემდა გასაკვირად, ვილიმ ეს წიგნი თავაუღებლად წაიკითხა. მას გონება გაუნათდა და მიხვდა, რომ ჰიტლერული რეჟიმის კრახი გარდაუვალი იყო. დარწმუნდა, რომ არაადამიანურ პოლიტიკურ სისტემას უჭერდა მხარს და მტკიცედ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოესწორებინა თავისი შეცდომა.
ვილის ერთგულება ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი
როდესაც ვილიმ მომდევნო თვეს მოგვინახულა, იგი სულ მთლად შეცვლილიყო. მან მითხრა:
— ანტონ, ცუდ გზას ვადგავარ!
— ვილი, მგონი გვიან მიხვდი ამას, — მივუგე მე.
— არა მგონია, ძალიან გვიან იყოს, — მიპასუხა მან, — ბიბლია ხომ ამბობს, რომ სანამ ცოცხალი ხარ, უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! (ეკლესიასტე 9:10).
— კი მაგრამ, კონკრეტულად რის გაკეთება გაქვს გადაწყვეტილი?
— ჯარს უნდა დავანებო თავი, ფაშისტებს ჩამოვშორდები, მერე კი ვნახოთ, რა მოხდება.
ჩვენგან იგი დაუყოვნებლივ ზაგრებში (იუგოსლავია) გაემგზავრა, რათა კიდევ ერთხელ მოენახულებინა ჩვენი და პეპი. გარკვეული ხნის განმავლობაში ვილი მოწმეების შეხვედრებს ესწრებოდა, რომელთა ჩატარებაც იქ ოფიციალურად იყო აკრძალული. შემდეგ კი მალულად მოინათლა. გზასაცდენილი შვილი, როგორც იქნა, დაგვიბრუნდა (ლუკა 15:11—24).
საფრანგეთში მყოფ ფაშისტებს რომ დამალვოდა, ვილი შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთას შეეცადა, მაგრამ იგი გერმანიის სამხედრო პოლიციამ დააპატიმრა. ვილი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა ბერლინში და 1942 წლის 27 ივლისს დეზერტირობის გამო სიკვდილი მიუსაჯეს. მე ნება დამრთეს, ბერლინ-ტეგელის სამხედრო საპატიმროში მომენახულებინა ის. ერთ პატარა ოთახში შემიძღვნენ. მალე ვილიც შემოიყვანეს, რომელიც მცველზე ჯაჭვით იყო მიბმული. ამ მდგომარეობაში რომ დავინახე, ცრემლები წამომცვივდა. ნება არ დაგვრთეს, ერთმანეთს გადავხვეოდით და გამოსამშვიდობებლად მხოლოდ 20 წუთი მოგვცეს.
ვილიმ ცრემლები შემამჩნია სახეზე და მითხრა: „ანტონ, რატომ ტირი? პირიქით, უნდა გიხაროდეს. იცი, რა მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ხელახლა მაპოვნინა ჭეშმარიტება! ჰიტლერისთვის რომ მოვმკვდარიყავი, არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა, მაგრამ იეჰოვას გულისთვის სიცოცხლის გაღება იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად აღვდგები და ისევ ვნახავთ ერთმანეთს!“.
გამოსათხოვარ წერილში ვილი გვწერდა: „ჩვენი საყვარელი ღმერთი, რომელსაც ვემსახურები, მაძლევს ყველაფერს, რაც მჭირდება და მჯერა, ბოლომდე მხარში ამომიდგება. ასე რომ, ყველაფერს ბოლომდე გავუძლებ და გავიმარჯვებ. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ იმაში, რომ არაფერს ვნანობ და ბოლომდე შევინარჩუნე სიმტკიცე უფალში“.
მომდევნო დღეს, 1942 წლის 2 სექტემბერს, ვილი ბერლინთან ახლოს, ბრანდენბურგის საპატიმროში დასაჯეს სიკვდილით. იგი 27 წლის იყო. თავისი სიმტკიცით მან დაადასტურა ფილიპელთა 4:13-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“.
ვინკო სიკვდილამდე ერთგული რჩება
გერმანიის ჯარი იუგოსლავიაში 1941 წელს შევიდა. პეპი, მისი ქმარი ვინკო და მათი 12 წლის გოგონა ფინი იძულებული გახდნენ, სახლში, ავსტრიაში, დაბრუნებულიყვნენ. იმ დროისთვის იეჰოვას ავსტრიელ
მოწმეთა უმრავლესობა ციხეებში ან საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა. რადგან მოქალაქეობა არ ჰქონდათ — ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ იყვნენ გერმანიის მოქალაქეები — მათ იძულებითი მუშაობა მიუსაჯეს სამხრეთ ავსტრიის ერთ მეურნეობაში, ჩვენი სახლიდან არც ისე შორს.მოგვიანებით, 1943 წლის 26 აგვისტოს, გესტაპომ (ფაშისტების საიდუმლო პოლიცია) ვინკო დააპატიმრა. როდესაც ფინი მამასთან გამომშვიდობებას შეეცადა, პოლიციის უფროსმა ისე ძლიერ გაარტყა, რომ ოთახის მეორე ბოლოში გადაისროლა. გესტაპოელები ვინკოს ხშირად უწყობდნენ დაკითხვას და არაადამიანურად სცემდნენ, ბოლოს კი მიუნხენის შტადელხაიმის ციხეში გადაიყვანეს.
1943 წლის 6 ოქტომბერს პოლიციამ სამსახურში დამაპატიმრა და მეც შტადელხაიმის ციხეში ჩამსვეს, სადაც ვინკო იმყოფებოდა. რადგან ფრანგული კარგად ვიცოდი, თარჯიმნად მიყენებდნენ ფრანგ სამხედრო ტყვეებთან სასაუბროდ. ციხის ეზოში გასეირნებების დროს საშუალება მეძლეოდა, ვინკოსთვის ახალი ამბები მომეყოლა.
ბოლოს ვინკოს სიკვდილი მიუსაჯეს. მას ბრალად დასდეს იეჰოვას მოწმეების მომარაგება ბიბლიური ლიტერატურით და ფინანსური დახმარების გაწევა იეჰოვას მოწმე ქალებისთვის, რომელთა ქმრები საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდნენ. იგი ბერლინის მახლობლად, იმავე საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც ვილი დასაჯეს სიკვდილით. ამ ციხეში 1944 წლის 9 ოქტომბერს მას თავი მოჰკვეთეს.
ვინკოს ბოლო შეხვედრა თავის ოჯახთან გულსაკლავი სანახაობა იყო. ცოლსა და ქალიშვილს ის ბორკილდადებული და ნაცემი დახვდათ და რადგან შებორკილი იყო, ვერც კი გადაეხვია მათ. ფინი 14 წლის იყო, როდესაც საბოლოოდ ნახა მამა. მას კვლავაც ახსოვს მისი უკანასკნელი სიტყვები: „დედაშენს მიმიხედე, ფინი!“.
მამის სიკვდილის შემდეგ ფინი დედამისს ჩამოაშორეს და მიაბარეს ფაშისტების ოჯახს, რომელსაც გოგონა უნდა „გამოესწორებინა“. ხშირად მას შეუბრალებლად სცემდნენ. როდესაც ავსტრიაში საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ, მათ დახვრიტეს გერმანელების ეს ოჯახი, რომელიც ასე სასტიკად ეპყრობოდა ფინის. საბჭოელებმა ისინი გამოუსწორებელ ფაშისტებად მიიჩნიეს.
ომის დამთავრების შემდეგ ჩემმა დამ სრული დროით მსახურება განაგრძო. იგი გარდაცვალებამდე (1998 წლამდე) თავისი მეორე ქმრის, ჰანს ფიორსტერის, მხარდამხარ მსახურობდა შვეიცარიაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში. ფინი მშობლების კვალს დაადგა და ამჟამად ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, ემსახურება შვეიცარიაში.
ნანატრი თავისუფლება!
1945 წლის დასაწყისში მიუნხენის სხვა შენობებთან ერთად ჩვენი ციხეც იბომბებოდა. ქალაქი ნანგრევებად იყო ქცეული. მას შემდეგ, რაც წელიწადნახევარი გავატარე ციხეში, როგორც იქნა დადგა დღე, როცა მოსამართლის წინაშე უნდა წარვმდგარიყავი. ეს იყო 1945 წლის 8 მაისამდე, ომის ოფიციალურად დამთავრებამდე ორი კვირით ადრე. სასამართლოზე მოსამართლემ მკითხა: „მზად ხართ სამხედრო სამსახურისთვის?“.
«პატიმარს არა აქვს უფლება, სამხედრო ფორმა ატაროს ან თქვას „ჰაილ ჰიტლერ!“», — ვუპასუხე მე. როდესაც მკითხეს, მსურდა თუ არა გერმანიის ჯარში მემსახურა, ვუთხარი: „გთხოვთ, ჯერ გასაწვევი დოკუმენტები გადმომცეთ და პასუხს მერე გეტყვით“.
რამდენიმე დღეში ომი დამთავრდა და მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი. ცოტა ხანში გრაცში წავედი, სადაც იეჰოვას მოწმეთა პატარა, 35 კაცისგან შემდგარი, კრება ჩამოყალიბდა. ახლა იმ მხარეში რვა კრებაა.
მოსიყვარულე დამხმარე
ომის დამთავრებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ შევხვდი ჰელენა დუნსტს — ახალგაზრდა მასწავლებელს, ნაცისტების პარტიის ყოფილ წევრს. იგი სრულიად იმედგაცრუებული იყო ნაცისტური პოლიტიკით. ჩვენი პირველი საუბრისას მან მკითხა:
— რაღა მარტო თქვენ იცით, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა, სხვებმა კი არაფერი იციან ამაზე?
— იმიტომ, რომ უმეტესობა ბიბლიას არ იკვლევს, — ვუპასუხე მე, შემდეგ ღვთის სახელი ვაჩვენე ბიბლიაში.
— თუ ბიბლიაში წერია, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა, მაშინ ეს ყველას უნდა შევატყობინოთ! — წამოიძახა მან. ჰელენამ ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება დაიწყო და ერთი წლის შემდეგ იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. 1948 წლის 5 ივნისს ჩვენ დავქორწინდით.
1953 წლის 1 აპრილს სრული დროით მსახურება დავიწყეთ. ერთ მშვენიერ დღეს კი „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 31-ე კლასში მიგვიწვიეს. სკოლა ნიუ-იორკის შტატში, საუთ-ლანსინგში მდებარეობდა. დიდი სიხარული მოგვიტანა 64 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებთან გულთბილმა ურთიერთობამ.
სკოლის დამთავრების შემდეგ კვლავ ავსტრიაში დაგვნიშნეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი დავალება ის იყო, რომ კრებები მოგვენახულებინა და სულიერად გაგვეძლიერებინა. შემდეგ ლუქსემბურგში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიგვიწვიეს. მოგვიანებით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ფილიალში გვთხოვეს გადასვლა მსახურების გასაგრძელებლად. 1972 წელს, იქ მსახურებისას, სერბულ-ხორვატული ენის შესწავლა დავიწყეთ, რათა იუგოსლავიიდან ვენაში იმიგრირებული მუშებისთვის გვექადაგა. ამჟამად ვენაში რვა სერბულ-ხორვატული კრებაა, რომლებიც ევროპის თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებისგან შედგება.
2001 წლის 27 აგვისტოს ჰელენამ სიკვდილის ძილით დაიძინა. იგი საიმედო, ძალიან ძვირფასი დამხმარე და ცხოვრების თანამგზავრი იყო ჩვენი ქორწინების 53 ბედნიერი წლის განმავლობაში. აღდგომის იმედი ახლა უფრო სათუთი და ძვირფასი გახდა ჩემთვის.
კმაყოფილი ვარ ღვთის სიყვარულით
მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიებისა, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ავსტრიის ფილიალში ვმსახურობ. ახლახან წილად მხვდა პატივი, პირადი ცხოვრებიდან გამეხსენებინა შემთხვევები ავსტრიაში მოწყობილ გამოფენაზე, რომელსაც „ნაცისტური რეჟიმის დავიწყებული მსხვერპლი“ უწოდეს. 1997 წლიდან მოყოლებული გამოფენამ ავსტრიის 70 ქალაქი თუ დაბა შემოიარა. ამ ღონისძიების დროს, ნაცისტური ციხეებისა და საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებაგამოვლილ თვითმხილველებს საშუალება მისცეს, ნაცისტური თავდასხმების პირისპირ ჭეშმარიტი ქრისტიანების მიერ გამოვლენილი რწმენისა და გამბედაობის შესახებ მოეთხროთ.
დიდ ბედნიერებად მიმაჩნია, რომ პირადად ვიცნობდი ამ ერთგულ ქრისტიანებს. მათ ღირსეულად დაამტკიცეს რომაელთა 8:38, 39-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“.
[სურათი 12 გვერდზე]
ჩვენი ოჯახი 1930 წელს (მარცხნიდან მარჯვნივ): მე, პეპი, მამა, ვილი, დედა და ვინკო.
[სურათი 13 გვერდზე]
ჩემი ძმა ვილი სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე.
[სურათი 14 გვერდზე]
მე და ვინკო მიუნხენის შტადელხაიმის ციხეში ვისხედით.
[სურათები 14 გვერდზე]
ვინკოს ქალიშვილი, ფინი, რომელიც ფაშისტების სასტიკ ოჯახს მიაბარეს; იგი დღემდე ერთგულად ემსახურება ღმერთს.
[სურათი 15 გვერდზე]
ჰელენა ძვირფასი მეგობარი და დამხმარე იყო ჩვენი ქორწინების 53 წლის განმავლობაში.
[სურათი 15 გვერდზე]
ვსაუბრობ გამოფენაზე „ნაცისტური რეჟიმის დავიწყებული მსხვერპლი“.