ღიმილის ძალა
ღიმილის ძალა
თუმცა ის წამიერია, შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე დაგამახსოვრდეს. ის ძალიან ძვირფასია, მაგრამ არავინ არის იმდენად ღარიბი, რომ სხვისთვის მისი მიცემა ვერ შეძლოს ან იმდენად მდიდარი, რომ მას არ საჭიროებდეს. რა გვაქვს მხედველობაში? — ღიმილი.
ღიმილი კუნთოვანი ქსოვილების შეკუმშვის შედეგია; ამ დროს ადამიანს თვალები უბრწყინდება და კმაყოფილების ნიშნად ტუჩის კუთხეები ოდნავ მაღლა ეწევა. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალდაბადებული ბავშვიც იღიმება, რაც, რასაკვირველია, უზომოდ ახარებს მის ახალბედა მშობლებს. ამ ადრეულ ასაკში ბავშვის ღიმილი რეფლექსური ანუ უნებლიეა. სპეციალისტები ხსნიან, რომ ხშირად ადამიანი ასეთნაირად ძილის დროს იღიმება, როცა სიზმარს ხედავს და, როგორც ჩანს, ეს პროცესი შინაგან განცდებთან და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. ზრდასრულ ადამიანებსაც კი შეიძლება გვახასიათებდეს რეფლექსური ღიმილი საკვების მიღების შემდეგ ან მუსიკის მოსმენის დროს.
ახალშობილი დაახლოებით ექვს კვირაში იწყებს ღიმილით რეაგირებას სხვების დანახვაზე ან ხმაზე. მეგობრული ღიმილი ყველას, დიდსა თუ პატარას, გვახალისებს. ამბობენ, რომ ასეთი ღიმილი კარგად მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ლოგოპედები მირტა მანო და რუბენ დელაურო, რომლებიც სამკურნალო დაწესებულების, სახელწოდებით „სიცილი და ჯანმრთელობა“, ხელმძღვანელები არიან, ამბობენ, რომ თვით უბრალო გაღიმების შედეგადაც კი წარმოიქმნება ელექტრული იმპულსი, რომელიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვალზე, ჰიპოფიზზე, ახდენს გავლენას. ეს ჯირკვალი კი, თავის მხრივ, ტვინში გამოიმუშავებს ქიმიურ ნივთიერებას, ენდორფინს, რის შედეგადაც კარგ ხასიათზე ვდგებით“.
ღიმილი სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი: მას სხვებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. გულთბილი გაღიმება, იქნება ეს მისალმების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების ნიშნად, უსიტყვოდ გამოხატავს ჩვენს გრძნობებს. ზოგჯერ ფოტოსურათზე აღბეჭდილი ბავშვის მიმზიდველი ღიმილის დანახვაც კი ღიმილს გვგვრის.
სხვების მეგობრულმა ღიმილმა შეიძლება დაგვამშვიდოს და მოგვცეს იმის ძალა, რომ თავი გავართვათ გულგატეხილობასა და სხვადასხვა სირთულეს. ბიბლია გვირჩევს: „ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება“ (იგავები 3:27). დიახ, უბრალო გაღიმებით შეგვიძლია სარგებლობა მოვუტანოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. მოდი გავახაროთ სხვები ამ უძვირფასესი საჩუქრით — გულთბილი ღიმილით!