არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცეცხლოვანბუმბულიანი მოცეკვავეები

ცეცხლოვანბუმბულიანი მოცეკვავეები

ცეცხლოვანბუმბულიანი მოცეკვავეები

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის კენიიდან

ათასობით ხმა სწვდება ყურს. დაშორებული ტბის ზედაპირიდან გაუთავებელი, ცოცხალი ჟრიამული მოისმის. კამკამა, ზურმუხტისებრ მწვანე წყლებში ათასობით ვარდისფერი ფრინველი დააბიჯებს, ცას კი მათი მოხდენილი ლივლივი ამშვენებს. ამ სრიალის დროს ისინი ზემოდან დასტრიალებენ წყალს და ჰაერის ცემისას თავიანთ გრძელ, თხელ ფრთებზე მოხატულ ხასხასა მუქწითელ ლაქებს გვიჩვენებენ. ასეთ კაშკაშა სამოსში გამოწყობილი ფრინველთა გუნდი ნამდვილად თვალწარმტაცი სანახავია! და ალბათ, ეს არის პლანეტის ფრინველთა სამყაროს ერთ–ერთი უდიდესი საოცრება — აფრიკის რიფტ–ველში მობინადრე ვარდისფერი ფლამინგოები.

გრძელფეხება გრაცია

უხსოვარი დროიდანვე ფლამინგო თავისი საოცრად ლამაზი და დახვეწილი ფორმით ხიბლავდა მნახველებს. ამ გრძელკისერა არსების მსგავსი გამოსახულება ქვაზეც იქნა ამოტვიფრული, რის ხილვაც ეგვიპტურ იეროგლიფებში შეიძლება. ფრინველის იერი იმდენად უჩვეულო იყო და ისეთ აღტაცებას იწვევდა, რომ ეგვიპტელები მას გასულიერებულ ღვთაება რად მიიჩნევდნენ და ეთაყვანებოდნენ. ფლამინგოს ნატიფი, მორკალული ყელი და წვრილი, გრაციოზული ფეხები გამოქვაბულებში აღმოჩენილ პრიმიტიულ ნახატებშიც გვხვდება.

დღესდღეობით, აფრიკის, კარიბის კუნძულების, ევრაზიისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ფლამინგოს ოთხი სახეობის ნახვა შეიძლება. სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე ტანმორჩილია მცირე ფლამინგო. ის ძალიან ლამაზადაა შეფერილი: აქვს მუქი ვარდისფერი ბუმბული და ხასხასა წითელი ფეხები. წითელი ფლამინგო ზომით ორჯერ აღემატება მცირე ფლამინგოს და სიმაღლეში 140 სმ–ს აღწევს. ყველა ფლამინგოს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს — ნისკარტი, რომელიც შუაში კოხტად იხრება და სანახავად სასიამოვნო ფორმას ქმნის.

როდესაც ფლამინგო გაფრენისთვის ემზადება, ის მოხდენილად აბარტყუნებს ფრთებს და სანამ აფრენისთვის საჭირო მომენტს დაიჭერს, თავისი სხარტი ფეხებით წყალზე დარბის. აფრენის შემდეგ კი, წინ გაწეული გრძელი კისრითა და თავით, ასევე ჰაერში გაუნძრევლად გაჩერებული უკან გაშვერილი ფეხებით, ლამაზად ლივლივებს ცაში. როგორც ვარაუდობენ, აფრიკის რიფტ–ველში ოთხი მილიონი ფლამინგო ბინადრობს.

დახვეწილი ფრინველი „დასახვეწ“ გარემოში

რიფტ–ველის „მკვიდრი“ ურიცხვი ფლამინგო მთელ რიგ მლაშე ტბებზე ბინადრობს. ეს ტბები მართლაც რომ უნიკალურია: ქიმიური შედგენილობით წყალი იმდენად მდიდარია ნატრიუმის კარბონატით, რომ შეხებისას კანს ოდნავ გიწვავს და ისეთ გრძნობას გიჩენს, თითქოს ის ზეთოვანია. ამ ტბების გარშემო ტემპერატურამ ცელსიუსის სკალის მიხედვით 65 გრადუსსაც კი შეიძლება მიაღწიოს. გოგირდისა და მარილიანი წყლის მძაფრი სუნი პირდაპირ მობუყბუყე წყლიდან ამოდის და ცხელ ჰაერს ჟღენთს. წყლის შემადგენლობაში შემავალი ტუტე ნაერთები და მარილები იმდენად კონცენტრირებულია, რომ კრისტალდება და ნაპირის გასწვრივ მკვრივი, თეთრი ნალექის ზოლს ქმნის.

ცოცხალი არსებებიდან ცოტას თუ შეუძლია ასეთ მწვავე კაუსტიკურ წყალში ცხოვრება, მაგრამ ზოგმა პაწაწინა ქმნილებამ მაინც მოახერხა ამ გარემოში „მყუდრო ბინის“ პოვნა — ესაა მიკროსკოპული მოლურჯო–მომწვანო წყალმცენარეები. ცხელი, ტროპიკული მზე ათბობს ტუტე წყლებს, რითაც წყალმცენარეების ზრდისა და გამრავლებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. წყალმცენარეები იმდენად კონცენტრირებულია, რომ ტბას მწვანედ ღებავს. ნატიფ ყელსაბამში ჩამაგრებული ზურმუხტების მსგავსად, ეს ჩამწკრივებული მლაშე ტბები საოცრად ამშვენებენ რიფტ–ველის მთელ გაყოლებაზე გადაჭიმულ მთა–ველებს.

საოცარია, რომ ისეთ დახვეწილ ქმნილებას, როგორიცაა ფლამინგო, ასეთ მკაცრ და არახელსაყრელ პირობებში შეუძლია არსებობა. უფრო მეტიც, ფლამინგო არათუ არსებობს, შესანიშნავადაც კი გრძნობს აქ თავს. მისი გრძელი და წვრილი ფეხები კარგად უძლებს მწვავე კაუსტიკურ წყლებს, ხოლო აპკიანი „ტერფები“ ჭაობიან მლაშობში ჩაფლობისგან იცავს. მცირე ფლამინგო საუცხოოდაა აღჭურვილი ასეთი მკაცრი გარემოსთვის. მისი ნისკარტი შეიცავს პაწაწინა რქოვან ფირფიტებს, რომელთა მეშვეობითაც ის ფილტრავს წყალს და ნისკარტის შიგნით იტოვებს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებიც წყლის ზედაპირიდან 5—7 სანტიმეტრის სიღრმეზე ფუთფუთებენ. „წასახემსებლად“ მომზადებული ფლამინგო წყალქვეშ ყოფს ნისკარტს და უკუღმა აყირავებს მას. ფლამინგო დგუშისებრი ენის მეშვეობით ქაჩავს წყალს და შემდეგ პაწაწინა რქოვან ფირფიტებში უშვებს, სადაც ის იფილტრება, ფრინველს კი, მიკროსკოპული ორგანიზმების ჩარჩენის წყალობით, „პირის ჩატკბარუნების“ საშუალება ეძლევა.

„ტრფობის“ საუცხოო რიტუალი

როდესაც მზე დილით ტბის ნეფრიტისფერ წყლებზე ამოდის, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვეება ფარდა იხდებაო. ოქროსფერ შუქზე, თვალწინ იშლება ტბის ზედაპირზე ცეცხლის ალივით აკაშკაშებული ფლამინგოების უშველებელი კოლონია. ფრინველები ერთმანეთის გვერდიგვერდ მჭიდროდ არიან ჩამწკრივებული. ყელმოღერებული „შეყვარებული გვრიტები“ ჯგუფ–ჯგუფად დადიან და ნისკარტებს აქეთ–იქით იქნევენ.

როდესაც ფრინველთა გუნდები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით „ცერემონიალური მარშით“ მიაბიჯებენ, მათ ფაქიზ ბუმბულებზე მზე ირეკლება, რაც ალისფერ–ვარდისფერის უმშვენიერეს მოზაიკას ქმნის. ხტუნვა–ცეკვის დროს, ერთმანეთის ტრფიალში, ჩვენი გმირები ფართოდ შლიან ფრთებს და მუქწითელ ბუმბულებს ამზეურებენ. თავიანთი ცოცხალი ფერების წარმოდგენითა და პრანჭვით ისინი დარბიან წყალზე, ცაში იჭრებიან, შემდეგ კი ისევ ძირს ეშვებიან და ყველაფერს თავიდან იწყებენ. ფლამინგოები იმდენად მჭიდროდ არიან ჩამწკრივებული, რომ ცალკეულ ფრინველს მანამ არ შეუძლია აფრენა, სანამ მის წინ მდგომები არ აფრინდებიან. თავიანთი გაუთავებელი აღგზნებული ჟრიამულით ისინი გამაყრუებელ ხმაურს იწვევენ.

შემდეგ, ჩამოწოლილ წყვდიადში, ფრინველები მოულოდნელად ერთიანად იჭრებიან ჰაერში და შორს მიფრინავენ. ცაში ისინი გრძელ ზოლებად ან კუთხური ფორმით ლივლივებენ და ასობით კილომეტრზე ფრენენ მანამ, სანამ მიაღწევენ დანიშნულების ადგილს — მლაშე ტბებს, რომლებიც ბუდობისა და მართვეების გაზრდისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. უცნაურია, მაგრამ ეს მიგრაცია ემთხვევა იმ ფლამინგოების გადაფრენას, რომლებიც რიფტ–ველის სხვა მხარეს მდებარე მლაშე ტბებზე ბინადრობენ.

საოცარი გარდაქმნა

ფლამინგოები მივარდნილ და მიუდგომელ მლაშობებზე იკეთებენ ბუდეებს. ასეთი განცალკევება მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაბუდებული კოლონიები უაღრესად მგრძნობიარენი არიან. თუ მშობლების მყუდროება რაღაცამ დაარღვია, მათ შეიძლება საერთოდ მიატოვონ კვერცხები და აღარასოდეს დაბრუნდნენ.

დაბუდებულ კოლონიაში სიცოცხლე ჩქეფს. მშობლები დიდი აღტყინებით იწყებენ „მშენებლობას“. ისინი ხრიან გრძელ კისრებს და თავიანთი ნისკარტებით ხვეტენ ლაფს, სკინტლსა და ცოტაოდენ ბუმბულს, და ამ „სამშენებლო მასალით“ აკეთებენ კონუსის ფორმის ბორცვს, რომლის სიმაღლე დაახლოებით 40 სანტიმეტრია. ზემოთ ის ოდნავ ჩაღრმავებულია, რაც კვერცხს თხელ, ტუტე წყალში ჩაგორებისგან იცავს. ცოტა ხანში ასიათასობით მართვე იჩეკება. უამრავი მზრუნველი მშობელი ერთობ დამქანცველი საქმითაა დაკავებული და გაუმაძღარი შვილების გამოსაკვებად ხან ბუდისკენ მიიჩქარის და ხან იქიდან მოფრინავს.

შემდგომში, როდესაც მართვეები უკვე საკმაოდ წამოიზრდებიან, რომ დამოუკიდებლად შეძლონ „სეირნობა“, მშობლები მოულოდნელად ტოვებენ თავიანთ პატარას და ფრენა–ფრენით მიეშურებიან ტბის სხვა მხარეს, სადაც მოლურჯო–მომწვანო წყალმცენარეები უფრო უხვად გაუმასპინძლდებიან. აქ, შვილების მოთხოვნებისგან შორს, ისინი გამოიკვებებიან და ძალებს აღიდგენენ. მართვეების უშველებელ გუნდს კი რამდენიმე დარჩენილი „უფროსი“ ფრინველი ერთად უყრის თავს და ამ „ბაგა–ბაღს“ მეთვალყურეობს. ეს ფხიზელი და ყურადღებიანი „ძიძები“ სველ მლაშობებთან კრებენ ხმაურიან პატარებს, სანამ ისინი თავიანთ მშობლებს არ შეუერთდებიან. საოცარია, რომ მთელ ამ არეულობაში, მშობლები ცნობენ თავიანთ პატარებს და განაგრძობენ მათზე ზრუნვას.

პატარები ძალიან მოუქნელები არიან და მათი შემხედვარე, ვერც კი იფიქრებ, რომ ასეთი დიდებული და მშვენიერი მშობლების „შთამომავლები“ არიან. მართვეების ფეხები და კისერი მოკლეა, ნისკარტი — სწორი, ხოლო ბუმბულები სადა თეთრი ფერისაა. გარკვეული დროის შემდეგ მოკლე ფეხები ეზრდებათ, კისერი უგრძელდებათ და ერკალებათ, ნისკარტი კი დაბლა ეხრებათ, რაც განუმეორებელ კუთხოვან ფორმას ქმნის, რომლითაც ასე გამოირჩევიან ფლამინგოები. მოუქნელი მართვეები ორ–სამ წელიწადში მშვენიერ ცეცხლოვანბუმბულიან ფლამინგოებად იქცევიან. მაშინ ისინი მოძებნიან წყვილს და შეურთდებიან ფლამინგოთა დიდ ვარდისფერ გუნდებს, რომლებიც ასე საოცრად ამშვენებენ რიფტ–ველის მლაშე ტბებს.

ფლამინგოს გრაცია და სილამაზე გენიალური ჩანაფიქრის განსაცვიფრებელ მაგალითს წარმოგვიდგენს. ველურ ბუნებაში მობინადრე ამ არსების მშვენიერება დიდ სიამოვნებას გვანიჭებს; უფრო მეტიც — ის აძლიერებს ჩვენს მადლიერებასა და სიყვარულს მისი დიდებული შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის მიმართ.

[სურათი 17 გვერდზე]

წითელი ფლამინგოები

[სურათი 17 გვერდზე]

მცირე ფლამინგოები

[სურათები 18 გვერდზე]

მართვეების შემხედვარე ვერც კი იფიქრებ, რომ ისინი ასეთი დიდებული და მშვენიერი მშობლების „შთამომავლები“ არიან.