დაუვიწყარი ღია კარის დღე
დაუვიწყარი ღია კარის დღე
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის გერმანიიდან
„გადასარევია! ეს მართლაც შესანიშნავი იყო!“. „გმადლობთ ასეთი სასიამოვნო მიღებისა და მშვენიერი გამოფენებისთვის. ნამდვილად განვიტვირთეთ“. რამ აღძრა მნახველები, რომ ასეთი სამადლობელი სიტყვები გამოეთქვათ? ღია კარის დღემ, რომელიც იეჰოვას მოწმეთა გერმანიის ფილიალმა დასვენების დღეებში მოაწყო. სამი დღის განმავლობაში, 24—26 მაისს, პარასკევიდან კვირის ჩათვლით, ზელტერსში (ტაუნუსი, გერმანია) არსებული ფილიალის შენობათა კომპლექსის კარი ღია იყო სტუმრებისთვის, რომლებიც გერმანიის ფილიალის 1 000-ზე მეტ მოხალისე მსახურთან ერთად ამ ფილიალის 100 წლისთავის აღსანიშნავად მიიწვიეს.
ფილიალის მეზობლად არსებული იეჰოვას მოწმეთა კრებები გულმოდგინედ ჩაებნენ სტუმრების დასაპატიჟებლად გამიზნულ სპეციალურ კამპანიაში. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენამდე ორი კვირით ადრე ხალხს 100 000-ზე მეტი მოსაწვევი ბარათი გადასცეს ან სახლში დაუტოვეს. კამპანიამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო, როდესაც ამ ღონისძიების შესახებ სპეციალური განცხადებები გაკეთდა, გაზეთებში ვრცელი სტატიები დაიბეჭდა და რადიოთიც გადაიცა ინფორმაცია. ფილიალის მომმარაგებლებსა და ოფიციალურ პირებს პერსონალური მოსაწვევი ბარათები გადასცეს. მოწვევას მთლიანობაში 7 000-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა; აქედან უმრავლესობა არ იყო იეჰოვას მოწმე.
სტუმრებმა დაათვალიერეს ტიპოგრაფია, საამკინძაო საამქრო, გზავნილთა განყოფილება, სახელოსნოები და სამრეცხაო, აგრეთვე ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ზოგი განყოფილება. გამოფენების მეშვეობით ხალხმა შეიტყო, თუ რა მტკიცედ იცავდნენ იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ პრინციპებს გერმანიაში ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების დროს. ბიბლიების გამოფენაზე, სადაც 700-ზე მეტი ექსპონატი იყო წარმოდგენილი, ყურადღება მახვილდებოდა ბიბლიებში ღვთის სახელის — იეჰოვას — გამოყენებაზე. შეუძლებელია ყველა იმ სამადლობელი სიტყვის გამეორება, რაც მნახველებმა წარმოთქვეს; აქ მხოლოდ ზოგიერთს მოვიხსენიებთ.
„ყველანი დიდ სითბოს ავლენთ. სისუფთავისგან ყველაფერი ბრწყინავს. ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს, და გარემო საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ვფიქრობთ, რომ თქვენი სითბო თან გაგვყვება“ (ხანდაზმული წყვილი).
„გმადლობთ მასპინძლობისა და იმ ყურადღებისთვის, რომელიც ჩვენ მიმართ გამოავლინეთ. ძალიან კმაყოფილი დავრჩით და კვლავაც სიამოვნებით გეწვევით. აქ მართლაც რომ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს!“ (ჩანაწერი შთაბეჭდილებების წიგნიდან, რომელიც დატოვა ჯგუფმა მინის ტექნოლოგიის კოლეჯიდან).
„დიდი მადლობა ასეთი გულთბილი მიღებისთვის. თქვენთან სტუმრობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გვინდა შევაქოთ სამრეცხაოსა და ქიმწმენდაში მომუშავეები, რადგან პირველად ვნახეთ ასეთი სუფთა და მოწესრიგებული კომპლექსი“ (სარეცხი საშუალებებითა და სამრეცხაო ტექნიკით მომმარაგებელი კომპანიის წარმომადგენლის მიერ ელფოსტით გამოგზავნილი წერილი).
ევა, რომელიც ექსკურსიას ატარებდა, იხსენებს: «ექსკურსიების დროს თითქმის ყოველ ჯგუფში იყვნენ ისეთები, რომლებიც საცხოვრებელ ოთახებთან დაკავშირებით ამბობდნენ: „ცოტაც და, მოვკიდებთ ხელს ჩვენს ჩემოდნებს და აქ გადმოვსახლდებით!“».
როდესაც ინვალიდის სავარძელში მჯდომი ერთი ქალი კომპლექსის ესკიზებს ათვალიერებდა, ფილიალში მომსახურე ერთ-ერთმა მოხალისემ
მას დახმარება შესთავაზა, რაზეც ქალმა უარი განაცხადა, შემდეგ კი დასძინა, რომ შენობაში უკვე ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და უჭირდა ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა. ჩვეულებრივ, ის საწოლსაა მიჯაჭვული და ახლა უკვე ძლიერი ტკივილი აწუხებდა, მაგრამ ქალმა თქვა: „კი შემიძლია სახლში წავიდე და დავწვე, მაგრამ ღია კარის დღე ხომ მხოლოდ ერთხელაა! — თან დასძინა: — ყველაფერი ძალიან საინტერესოა; მინდა დავრწმუნდე, რომ არაფერი გამოვტოვე!“.ხუთი წლის გეორგს ჰკითხეს, რა მოეწონა ყველაზე მეტად. როტაციული საბეჭდი დაზგებით აღტაცებულმა ბიჭუნამ წამოიძახა: „ქაღალდის რულონები! ერთი ბოლოდან ჩადებული ქაღალდები მეორე ბოლოდან უკვე გაზეთებივით გამოდიოდა. ძალიან მაგარი იყო!“.
ერთ მოწმეს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა. მისი ქმარი, რომელიც მის რელიგიურ მრწამსს არ იზიარებდა და მხოლოდ ერთხელ დაესწრო ქრისტიანულ შეხვედრას, დასთანხმდა, შაბათს მასთან ერთად წასულიყო ღია კარის დღეზე. კვირას, კრების შეხვედრიდან შინ დაბრუნებულ ცოლს ქმარი გამოწყობილი დახვდა. „რა ხდება?“ — ჰკითხა ცოლმა. „გუშინ ვერ მოვასწარი
ყველაფრის ნახვა, — უპასუხა მან. — მოემზადე, ზელტერსში წავიდეთ. მინდა უფრო კარგად დავათვალიერო ყველაფერი“.ბიბლიების გამოფენაზე ერთმა ხანდაზმულმა ელეგანტურმა ქალმა მორიდებით იკითხა, თუ შეიძლებოდა, რომ ტელეფონით ესარგებლა, რადგან სასწრაფო საქმე ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, მისი ქმარი ძველი წიგნების აღდგენაზე მომუშავე მკინძავი ყოფილა. ეს ქალბატონი და მისი მეუღლე წიგნების მოყვარულთა წრეში ტრიალებდნენ, სადაც სხვებთან ერთად ხვდებოდნენ პროტესტანტ მოძღვარს, რომელიც ბიბლიების თავგადაკლული კოლექციონერი იყო. ამ ქალბატონს სწორედ რომ მასთან სურდა დარეკვა; და რაკი ის კაცი სახლში არ დახვდა, ავტომოპასუხეზე შემდეგი შეტყობინება დაუტოვა: „თუ შესაძლებელია, დღესვე მობრძანდით აქ. დარწმუნებული ვარ, ამის მსგავსი კოლექცია არასდროს გინახავთ. არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა!“.
ახლომდებარე ქალაქ ლიმბურგიდან ბავშვიანი წყვილი ჩამოვიდა. მათ არასდროს სმენოდათ იეჰოვას მოწმეების შესახებ მანამ, სანამ მოწმეები სახლში მიაკითხავდნენ და მოსაწვევს გადასცემდნენ. წყვილმა გადაწყვიტა, ჩამოსულიყო და ზელტერსის დიდი კომპლექსი დაეთვალიერებინა. მათ დახვდნენ გერმანიის ფილიალის მოხალისე თანამშრომლები, მარლონი და ლაილა, რომლებმაც ბევრი რამ აუხსნეს იეჰოვას მოწმეებისა და ფილიალის ცხოვრების შესახებ. ნანახმა და მოსმენილმა ამ ოჯახზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სურვილი გაუჩნდათ, ბიბლიის რეგულარული საშინაო შესწავლა დაეწყოთ.
„აქ ნამდვილად ძალიან ვისიამოვნე და საინტერესოც ბევრი ვნახე. ტიპოგრაფიას მხოლოდ შევავლე თვალი, მაგრამ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თქვენ შესანიშნავი, მეგობრული ადამიანები ხართ, რასაც ძალიან ვაფასებ“ (12 წლის შტეფანის ჩანაწერი შთაბეჭდილებების წიგნიდან).
მეზობელი დაბიდან ჩამოსულმა ქალმა თქვა: „რაღაც მინდა გითხრათ. მე მუსლიმანი ვარ, მაგრამ აქაურობის ნახვა ყოველთვის მაინტერესებდა. ძალიან სასიამოვნო ადამიანები ხართ და თქვენთან ურთიერთობა ადვილია. ასევე ძალიან გულთბილად გვიღებთ [უცხოელებს] და ინტერესს ავლენთ ხალხისადმი. ეს საოცარია! ხვალ აქ ქმართან ერთად მოვალ“. შთაბეჭდილებების წიგნში ამ ქალბატონმა ჩაწერა: „შესანიშნავი იყო! თავი სამოთხეში მეგონა“.
ერთ-ერთი შიდა ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც ხალხი მანქანების სადგომიდან შესასვლელებამდე გადაჰყავდა, ყური მოჰკრა, როგორ ეუბნებოდა ერთი მგზავრი მეორეს: „რა გულთბილად გვხვდებიან! წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე, თუ რა კეთდებოდა აქ. მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ გამეგო, რას აკეთებს აქ ეს ხალხი. დააკვირდით მათ სამაგალითო ქცევებს. უეჭველია, ეს მათი რელიგიური აღზრდა-განათლების შედეგია“.
ღია კარის დღის დახურვიდან ორი საათის შემდეგ ერთი მამაკაცი ადმინისტრაციული შენობის ეზოში ბოლთას სცემდა. ის ძალიან ჩაფიქრებული ჩანდა და წამდაუწუმ შენობისკენ იყურებოდა. შემდეგ ფილიალის ერთ თანამშრომელს მიუახლოვდა და უთხრა: „აშკარაა, რომ ყველაფერი სიყვარულითაა გაკეთებული. მე არა ვარ იეჰოვას მოწმე, მაგრამ გისურვებთ, რომ იეჰოვამ გაკურთხოთ“.
ერთ-ერთმა მოწმემ ასეთი შინაარსის წერილი მისწერა ფილიალს: „ამ მოკლე ბარათით მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ძალ-ღონე არ დაიშურეთ, რომ ღია კარის დღეებს რაც შეიძლება სასიამოვნოდ ჩაევლოთ. . . ნანახმა რეალური წარმოდგენა შეგვიქმნა იმ დროზე, როდესაც მთელი კაცობრიობა გაერთიანებულად იცხოვრებს! . . ღია კარის ამ დღეებმა ნამდვილად დიდება მოუტანა ჩვენს ღმერთს, იეჰოვას“ (სანდრა).
[სურათი 13 გვერდზე]
შიდა ავტობუსით ემსახურებოდნენ ხანდაზმულებსა და ავადმყოფებს, აგრეთვე დაღლილებს.
[სურათი 13 გვერდზე]
გამოფენა, სადაც წარსულში გამოყენებული ქადაგების მეთოდებია ნაჩვენები.
[სურათი 13 გვერდზე]
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღია კარის დღეზე.
[სურათი 14 გვერდზე]
ფილიალში მომსახურე მოხალისე მარტივად ხსნის ტექნოლოგიას.
[სურათი 14 გვერდზე]
ბიბლიების გამოფენა.