არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვუყურო ვიდეოკლიპებს?

ვუყურო ვიდეოკლიპებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

ვუყურო ვიდეოკლიპებს?

„კლიპები მშვენიერი რამეა. ზოგი პატარა ფილმს ჰგავს და საინტერესო ამბავს მოგვითხრობს. კლიპების ქორეოგრაფიაც ძალიან მომწონს“ (კეისი).

„კლიპები საუკეთესო საშუალებაა ახალ მუსიკალურ ნაწარმოებთან გასაცნობად. ისინი რომ არა, მხოლოდ პოპულარული ჰიტები გვეცოდინებოდა. გარდა ამისა, ვიდეოკლიპები შეიძლება კარგი სალაპარაკო თემაც იყოს“ (ჯოში).

„კლიპის დეტალები ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავ, ვინ მღერის, რა აცვია და როგორ თამაშობს. ეს ყველაფერი, ერთად აღებული მეხმარება უკეთ გავიგო სიმღერის ტექსტი“ (კიმბერლი).

„მინდა ვნახო, ამჯერად რის წარმოდგენას აპირებს ჩემი საყვარელი ჯგუფი. მიყვარს სპეცეფექტები. ზოგი კლიპი ნამდვილად კომიკურია, თუმცაღა სიფრთხილე აუცილებელია“ (სემი).

შეიძლება შენც გიყვარს ვიდეოკლიპების ყურება. როდესაც ისინი პირველად გამოჩნდა ტელევიზორის ეკრანზე, შედარებით იაფფასიან პროდუქციად ითვლებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ კლიპები მოდიდან ადვილად არ გადადიოდა და ვიდეოკასეტებიც უზარმაზარი რაოდენობით იყიდებოდა, სწრაფად მოხდა კლიპების დახვეწა და მხატვრულად და ტექნიკურად მათი უფრო მაღალ დონეზე გაფორმება. დღესდღეობით ვიდეოკლიპები მუსიკის სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია და განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს. ზოგ ქვეყანაში სპეციალური სატელევიზიო არხებიც კი არსებობს, რომლებიც მთლიანად მუსიკალურ კლიპებს ეთმობა.

მაგრამ, სემის მსგავსად, რატომ ფიქრობს ზოგი ახალგაზრდა, რომ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა? რამდენად რეალურია, რომ ზოგმა კლიპმა საზიანოდ იმოქმედოს შენზე? მაგალითად, გარყვნას შენი აზროვნება, გააუფასუროს ზნეობრივი ნორმები ან ჩრდილი მიაყენოს შემოქმედთან შენს ურთიერთობას? ეს კითხვები შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოს, მაგრამ აბა, დაფიქრდი: ტბაში ან ზღვაში ცურვისას რომ დაგენახა გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც საშიშროებაზე მიგანიშნებდა, ნუთუ არ მიაქცევდი მას ყურადღებას? ცხადია, მიაქცევდი. ამიტომ, შენი მხრიდან გონივრული იქნებოდა, კლიპებთან დაკავშირებული ზოგი გაფრთხილებაც გაგეთვალისწინებინა.

სახიფათო ზონა

პირველ რიგში, უნდა აღიარო, რომ რასაც უყურებ ან ისმენ, მოქმედებს შენზე! ბიბლია ამბობს, რომ ისრაელის პირველი მეფე, საული, მუსიკას დასამშვიდებლად უსმენდა (1 მეფეთა 16:14—23). შეიძლება, რომ მუსიკამ უარყოფითადაც იმოქმედოს ადამიანზე? წიგნში „როკნროლი — ისტორია და სტილი“ აღნიშნულია: «არავის შეუძლია თქვას, რომ მუსიკა ხან მოქმედებს ადამიანზე და ხან არა. თუ ვიტყვით, რომ როკ–მუსიკა დადებითად მოქმედებს (რაც სინამდვილეა), ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მას ადამიანზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია (და ესეც სინამდვილეა). ის, ვინც ამაყად აცხადებს: „მე ვუსმენ მუსიკას, მაგრამ ის არ მოქმედებს ჩემზე“, ან ზედმეტად მიამიტია, ან მწარედ მოტყუებული».

ბიბლია არაერთხელ აღნიშნავს, რომ თვალით დანახული გავლენას ახდენს ჩვენს ფიქრებსა და ემოციებზე (იგავები 27:20; 1 იოანე 2:16). ამიტომაც, კლიპების რეჟისორები მუსიკას ძლიერ მხატვრულ ეფექტებს უმატებენ, რაც საოცრად ზრდის მუსიკის ზემოქმედებას მსმენელზე. რომელია ის ეფექტები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, კლიპის დამდგმელები მიმართავენ?

ერთი გამოკვლევის თანახმად, როკ–მუსიკის ვიდეოკლიპების დაახლოებით 57 პროცენტი ძალადობას ასახავს, 76 პროცენტამდე კი — სექსუალურ უზნეობას. ახლახან ჩატარებული სხვა გამოკვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ კლიპების 75 პროცენტში ასახულია სექსუალური სცენები, ხოლო 50 პროცენტზე მეტში — ქალებზე ძალადობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, განა სერიოზულ ზიანს არ მოგაყენებს ასეთი კადრების ყურება? როგორც ერთ ჟურნალში აღინიშნებოდა, ექსპერიმენტული გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მუსიკალური ვიდეოკლიპების ყურების შედეგად მოზარდებმა შეიძლება სავსებით დასაშვებად მიიჩნიონ ადრეულ ასაკში სქესობრივი კავშირის დამყარება ან თვალი დახუჭონ ისეთ სქესობრივ ურთიერთობაზე, რომელსაც გარკვეული რისკი ახლავს“. არავინ უარყოფს იმას, რომ მუსიკოსები ცდილობენ შთაბეჭდილებების ტყვეობაში მოაქციონ თავიანთი წინამორბედები და თანატოლები, რის გამოც კლიპები უფრო და უფრო მხატვრული ხდება.

განათლების დარგში მომუშავე ერთმა სპეციალისტმა შენიშნა: „ბევრი ამტკიცებს, რომ იმ მუსიკის გავლენა, რომელსაც წინა თაობები ისმენდნენ, არაფრით განსხვავდება დღევანდელი კლიპების გავლენისგან. . . თუმცაღა, დღევანდელ მომღერალთა უმრავლესობა არაფერზე იხევს უკან და ვიდეოჩანაწერების რეალიზაციის გაზრდისთვის მოურიდებლად ბილწსიტყვაობს და ივიწყებს წესიერებისა და ეთიკის ნორმებს“. მათი მისამართით, ვინც ვიდეოკლიპებს უყურებს, ჟურნალ „ჩიკაგოში“ ნათქვამია: „ისინი განუწყვეტლივ იბომბებიან თავსმოხვეული შენიღბული პორნოგრაფიით“.

ამავე ჟურნალში აღწერილი იყო მუსიკალური კლიპი, რომელშიც „ახალგაზრდა მამაკაცი რესტორნის დახლთან ზის და თავს ოდნავ ხრის უკან; კისერზე უზარმაზარი ჭრილობა უჩნდება და მისი თავი ძირს ვარდება“. სხვა კლიპში მამაკაცი სისხლიან სტრიპტიზს აჩვენებდა, რომლის დროსაც საკუთარ ხორცსა და კუნთებს იგლეჯდა. სტატიაში სხვა ბევრად უფრო აღმაშფოთებელი სურათებიც იყო აღწერილი.

ზოგმა შეიძლება აინუნშიც არ ჩააგდოს ეს ფაქტები და თქვას, რომ აქ უკიდურესი სცენებია აღწერილი და, კლიპების უმეტესობა არ არის ასეთი ცუდი. სხვები შეიძლება იმასაც კი ამტკიცებენ, რომ პირადად ისინი ვიდეოკლიპებში ამაშფოთებელსა და საზიზღარს ვერაფერს ნახულობენ. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლიპების ხშირმა ყურებამ ეს ადამიანები უგრძნობები გახადა? კეისი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, აღიარებს: „თუ დროზე არ შეწყვიტე მათი ყურება, ის, რაც თავდაპირველად აღმაშფოთებლად მიგაჩნდა, დროთა განმავლობაში ჩვეულებრივი გახდება. ქვეცნობიერად უფრო შემაშფოთებელ კადრებს უყურებ და ყოველგვარი რეაქციის გარეშე იღებ იმას, რაც უწინ თავზარს გცემდა“.

რა მოჰყვება ამას შედეგად? შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება ზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ჩვენს გონებაზე ასე ადვილად შეიძლება იმოქმედოს უარყოფითმა გავლენამ, ბიბლია მოგვიწოდებს: „დაიცავი გონიერება და განსჯა“ (იგავები 3:21; 5:2). მეორე მხრივ, შეიძლება იეჰოვა ღმერთთან შენს ურთიერთობას შეექმნას საფრთხე. განა ეს ურთიერთობა შენთვის ყველაზე ძვირფასი არ არის? სწორედ ამიტომ არის საჭირო, გაუფრთხილდე ამ მეგობრობას და თავი აარიდო ნებისმიერი სახის უხამს გართობას. როგორ?

დაიცავი საკუთარი თავი

პირველ რიგში, აღიარე, რომ არასწორია ისეთი სცენების ყურება, რომლებსაც ბიბლია აშკარად გმობს (ფსალმუნები 10:5; გალატელთა 5:19—21; გამოცხადება 21:8). როდესაც ვიდეოკლიპი იმას განადიდებს, რაც წმიდებს არ შეშვენით, უნდა შეწყვიტო მისი ყურება (ეფესელთა 5:3, 4). ცხადია, ტელევიზორის სხვა არხზე გადართვა ან საერთოდ გამორთვა შეიძლება არც ისე იოლი იყოს, როცა ამაღელვებელი ვიდეოკლიპი გადის. ამიტომ, ამ დროს საჭიროა, ფსალმუნმომღერლის მსგავსად ილოცო: „მოარიდე თვალი ჩემი ამაოების ცქერას“ (ფსალმუნები 118:37).

შეიძლება ადვილად აღწევ თავს ისეთი უკიდურესად აღმაშფოთებელი ვიდეოკლიპების ყურებას, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. და მაინც, ზოგ კლიპში შეიძლება ძნელად შეამჩნიო სექსუალური აღვირახსნილობის ამსახველი კადრები. ასეთმა კადრებმა შეიძლება მომენტალურად გაიელვოს. ოსტატურად შერწყმული გამოსახულებები და სიმღერის ტექსტი შეიძლება რეკლამას უკეთებდეს უზნეო თვალსაზრისს ისე, რომ გარკვევით არც არაფერი იყოს წარმოთქმული და ნაჩვენები. თუ რომელიმე კლიპის ყურების გამო თავს ოდნავ მაინც დამნაშავედ გრძნობ, ესე იგი, ის რაღაცით საზიანო და ქრისტიანისთვის შეუფერებელი ყოფილა. მაშ, როგორ შეიძლება გაარჩიო, რას უყურო და რას — არა, როდესაც ბოლომდე არ ჩანს, მისაღებია თუ არა ესა თუ ის კლიპი ქრისტიანისთვის?

რასაკვირველია, უყურებ თუ არა მუსიკალურ კლიპებს, უნდა გადაწყვიტოთ შენ და შენმა მშობლებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რას შეგიძლია უყურო და რას — არა (ეფესელთა 6:1, 2). იმ შემთხვევაში თუ მშობლები ნებას გრთავენ, უყურო ვიდეოკლიპებს, საჭიროა, ღვთის ხელმძღვანელობა ეძებო და საკუთარ ჭკუას არ დაენდო. ებრაელთა 5:14 მოგვიწოდებს, ‘გავიწაფოთ გრძნობები [„აღქმის უნარი“, აქ] კეთილისა და ბოროტის გასარჩევად’. ჩვენი აღქმის უნარი ბიბლიური პრინციპების სწავლის შედეგად იწაფება. ეს პრინციპები გვეხმარება, იეჰოვას თვალსაზრისიდან გამომდინარე გავარჩიოთ, რა არის კარგი და რა — ცუდი. მათზე დაფიქრებით ამოიცნობ, რა არის სახიფათო შენი სულიერი ჯანმრთელობისთვის მაშინაც კი, თუ კონკრეტულად არ არის მინიშნებული, რომელი ბიბლიური პრინციპით იხელმძღვანელო.

კონკრეტულად რომელი ბიბლიური პრინციპებით შეგიძლია იხელმძღვანელო ვიდეოკლიპების ყურებასთან დაკავშირებით? ეს საკითხი მომდევნო ნომერში იქნება განხილული.

[ჩანართი 23 გვერდზე]

«ის, ვინც ამაყად აცხადებს: „მე ვუსმენ მუსიკას, მაგრამ ის არ მოქმედებს ჩემზე“, ან ზედმეტად მიამიტია, ან მწარედ მოტყუებული».

[სურათები 24 გვერდზე]

მართლა შეიძლება, რომ საზიანო კლიპმა შენზე არ იმოქმედოს?